საინფორმაციო ბრიფინგი ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2020 14:05

საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივით, საარჩევნო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე www.cesko.ge განახლდა ბანერი „საარჩევნო რუკა“, სადაც ეტლით მოსარგებლე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სხვა ინფორმაციასთან ერთად, უკვე შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ შესაბამისი ფოტოსურათებით და სურვილის შემთხვევაში, თავად აირჩიოს, თუ რომელ საარჩევნო უბანზე სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ცესკოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 1 118 საარჩევნო უბნის შესახებ.

როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისია წლებია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნასა და  არჩევნებში მათ მონაწილეობას.

„შეგახსენებთ, რომ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, ცესკოში შექმნილმა შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებზე მომუშავე სპეციალურმა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციები შედიან, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი. აღნიშნული პროექტის საფუძველზე საარჩევნო კანონმდებლობაში ახალი რეგულაციები შევიდა, რაც ეტლით მოსარგებლე პირებს არჩევნებში მონაწილეობისთვის უკეთეს გარემოს და შესაძლებლობას უქმნის. კერძოდ, ახალი რეგულაციის თანახმად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (25 ოქტომბერი) უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას ზეპირი ან წერილობითი განცხადებით“,-განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი, რომელიც მოითხოვს ადაპტირებულ უბანზე ხმის მიცემას, შეიყვანება იმ უბნის სპეციალურ სიაში, ხოლო როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, ისე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვან ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი.

„ვინაიდან წელს პირველად, პარლამენტის არჩევნებზე იქნება შესაძლებელი ამ უფლების გამოყენება, ცესკო მიმართავს ეტლით მოსარგებლე პირებს ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საარჩევნო რუკით, შეარჩიონ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი საარჩევნო უბანი და ინფორმაცია დროულად მიაწოდონ შესაბამის საარჩევნო კომისიას, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს“,-განაცხადა პრეს-სპიკერმა ბრიფინგის დასასრულს.

წაკითხულია 113 ჯერ

Related items

  • ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა

    ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა. გადასატანი ყუთის მეშვეობით 31 ოქტომბრის არჩევნებში  სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ამომრჩეველთა სპეციალური სიების მიხედვით თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 695-ს, ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების (მათ შორის სამედიცინო პერსონალი) რაოდენობა 7 150-ს შეადგენს.

    რაც შეეხება სპეციალური ჯგუფების წევრებს, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, ასევე საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც პროცესს დააკვირდებიან და იმავდროულად მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას, მათი რაოდენობა 1917-ია.

    აღსანიშნავია, რომ 30 ოქტომბერს თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები მიიღებენ ტექსტურ შეტყობინებას, იმის თაობაზე, რომ 31 ოქტომბერს ისინი არჩევნებში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ მონაწილეობას. 

    სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 127 საარჩევნო სპეციალური უბანი ამომრჩევლებს 311 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება.

    გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს  9 940-მა მოქალაქემ მომართა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იმყოფებიან თვითიზოლაციაში.

    თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომელთა მოთხოვნა შეესაბამებოდა გადასატანი ყუთით მომსახურების კრიტერიუმებს, სპეციალური უბნებისა და მისამართების მიხედვით გადანაწილდნენ. ცესკოს განკარგულებით დამტკიცდა ამომრჩეველთა სპეციალური სიები და აღნიშნული ამომრჩევლების რაოდენობის შესაბამისად დაიბეჭდება ბიულეტენები, რომლებიც კენჭისყრის დღემდე  საქართველოს მასშტაბით ყველა სპეციალურ უბანს მიეწოდება.

    აღსანიშნავია, რომ თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში დარეკვის და გადასატანი ყუთის მოთხოვნის შესაძლებლობა ჰქონდათ 24 ოქტომბრიდან  27 ოქტომბრის 18:00 საათამდე. 24 ოქტომბრიდან ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობდა და მოქალაქეების მოთხოვნებს 25 ოპერატორი აფიქსირებდა.

    ამასთან, ამომრჩევლების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოა სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით, ასევე შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 14 431 ამომრჩეველს, რომელთაც მითითებული ჰქონდათ საკონტაქტო ინფორმაცია, ცესკომ გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინებები და მოუწოდა დაეფიქსირებინათ გადასატანი ყუთის მოთხოვნა; ხოლო  სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ მოქალაქეებს დაურიგდათ საინფორმაციო ფლაერები მათი არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.

     

  • საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღეს

    ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 31 ოქტომბერს 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს.

    31 ოქტომბრის 07:00 საათიდან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი. შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.


    საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:


    08:30 სთ

    10:30 სთ

    12:30 სთ

    15:30 სთ

    17:30 სთ

    20:30 სთ

     

    განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

     

  • არჩევნები უსაფრთხოა! - ცესკოს თავმჯდომარემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა

    2020 წლის 31 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე მეათე მოწვევის პარლამენტს ავირჩევთ.

    განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა პანდემიის პირობებშიც კი, რადგან ჩვენ ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უპასუხა ყველა იმ გამოწვევას, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ამომრჩევლებმა არჩევანი თავისუფალ, გამჭვირვალე და უსაფრთხო გარემოში გააკეთონ.

    31 ოქტომბერს, კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას.

    ასევე აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანში ყოფნა მხოლოდ ცოტა ხნით უწევთ, რაც აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ არის რისკის მატარებელი.

    31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3657 საარჩევნო უბანი. მინდა აღვნიშნო, რომ ამ უბნებზე საარჩევნო პროცესი განხორციელდება დამოუკიდებლად და არ ექნება შეხება იმ საარჩევნო ღონისძიებებთან, რომელიც უზრუნველყოფს პანდემიის რისკ-ჯგუფის ამომრჩევლების მომსახურებას. შეგახსენებთ, რომ იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. ასეთ უბნებზე ხმის მიცემის უზრუნველყოფა და შედეგების დათვლა მოხდება ცალკე, სპეციალური ჯგუფის მიერ.

    ყველას გვახსოვდეს, რომ ამომრჩევლების ნება გადამწყვეტია და მათი არჩევანი კანონია! შესაბამისად, მინდა ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო აქტიურობისკენ და ვუთხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობა უსაფრთხოა მათი ჯანმრთელობისთვის!

     

  • ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის თამარ ჟვანიასგან მიიღო ამომწურავი  ინფორმაცია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხებისა და საარჩევნო ღონისძიებების შესახებ. თამარ ჟვანიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ასევე, არჩევნების ორგანიზების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

     პრეზიდენტი დაინტერესდა, თუ რა კონკრეტული მექანიზმები იქნება გამოყენებული არჩევნების დღეს, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ამომრჩეველთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

    თამარ ჟვანიამ ადმინისტრაციას დეტალურად განუმარტა პროცედურები იმის შესახებ, თუ როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები. საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ხაზგასმით იქნა აღნიშნული არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების დაცვის მნიშვნელობა.

    ცესკოს თავმჯდომარემ ასევე მიაწოდა ინფორმაცია, ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობით შემუშავებული პროტოკოლის შესახებ, რომლის საფუძველზეც იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს ექნებათ შესაძლებლობა განახორციელონ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და მიიღონ 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა. თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ მათი მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოა.

    ცესკოს თავმჯდომარემ ასევე დეტალურად განმარტა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებები. მან აღნიშნა, რომ ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე მიღებული დადგენილებების მიხედვით, განისაზღვრა როგორც კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, ისე კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის აუცილებელი რეგულაციები, რაც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფს. ამ განსაზღვრული რეგულაციების დაცვის შემთხვევაში არჩევნებზე მისვლა უსაფრთხო იქნება.

    აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ცესკოს თავმჯდომარეს შორის კომუნიკაცია რამდენჯერმე შედგა.

  • განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საარჩევნო გარემოს დაზიანების მცდელობასთან დაკავშირებით

    ბოლო დღეების განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საარჩევნო გარემოს დაზიანების მიზნით. კერძოდ, დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლით, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლას და დისკრედიტაციას.

    გაცნობებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში.

    სწორედ აღნიშნული უფლების რეალიზების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა და დადგენილებით მიიღო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები. დადგენილების შემუშავების პროცესი გამჭვირვალედ, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით მიმდინარეობდა და მისაღებ გადაწყვეტილებაზე მხოლოდ 3-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა შენიშვნები, რომელთა დიდი ნაწილი აისახა საბოლოო გადაწყვეტილებაში.

    დადგენილების თანახმად, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მიეცათ შესაძლებლობა, ესარგებლათ გადასატანი საარჩევნო ყუთით, იმ შემთხვევაში თუ ისინი იქნებოდნენ შესაბამისი უწყების მიერ მოწოდებულ სიებში და იმავდროულად კენჭისყრის დღისთვის იქნებოდნენ თვითიზოლაციაში. აღსანიშნავია, რომ ცესკოს გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის, გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა, 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე, ხოლო მოქალაქეთა აქტიური მომართვიანობის გამო, სატელეფონო- საინფორმაციო ცენტრი ზარებს იღებდა 18:00 საათამდე. გამოყენებულ იქნა ყველა ის საინფორმაციო საშუალება, რომლითაც ცესკომ უზრუნველყო ამომრჩევლების მაქსიმალური ინფორმირება, მაგრამ მიუხედავად ამ დაუღალავი შრომისა და საქმიანობისა, არ წყდება ამ საკითხთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლა და ამას აქვს კამპანიური ხელშეშლის სახე.

    მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც არჩევნებამდე პრაქტიკულად 3 დღე არის დარჩენილი და საარჩევნო კომისიები 24 საათიან რეჟიმში ჩართული ვართ არჩევნების ორგანიზებაში, ადმინისტრირებაში და გვიწევს უამრავი ლოგისტიკური თუ სხვა პროცესის კოორდინირება, მათ შორის პანდემიით გამოწვეულის, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი კონკრეტული დღის წესრიგის მქონე სუბიექტების მიერ დაგეგმილი აქტივობები არის მცდელობა განხორციელდეს ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მოხდეს მისი დისკრედიტაცია და ხელი შეეშალოს მის საქმიანობას.

    ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, ყველა ჩართულ მხარეს ვინც მიუკერძოებლობის პრინციპის, პროფესიული სტანდარტისა და ეთიკის ნორმების დაცვით ახორციელებენ საკუთარ საქმიანობას, აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას, და აგვარიდებს არაზუსტი, საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში.

    ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში ცესკოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს ცესკომ შესთავაზა სამუშაო რეჟიმში შეხვედრა, თუმცა მათ შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური