ცესკომ პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 სექტემბერი 2020 19:00

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა და დღეს დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი.

დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც უნდა მიიღონ ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა და რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა და ჩართულმა მხარეებმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ,  ცესკოს ინიციატივით შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის სამუშაო ჯგუფის წევრებს კონსტრუქციული მუშაობისთვის. ამასთან, სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას პანდემიასთან დაკავშირებული რისკჯგუფების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, რეგულირდება არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.

კენჭისყრის შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები, ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ  და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან იქნება განთავსებული დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხშირად შეხებადი ზედაპირების სათანადო წესით დეზინფექციას და საარჩევნო უბნების შეძლებისდაგვარად ბუნებრივ ვენტილაციას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფარული კენჭისყრის კაბინები ისე იქნება მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი.

რაც შეეხება ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის შენობაში შესვლის წესებს:

ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება პირბადე, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით.

ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, უწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად.  თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.

ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარს განათავსებს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვებს საარჩევნო უბანს.

დადგენილება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში სანიტარულ-ჰიგიენური წესების შესახებ ყველასათვის ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია კი იმისათვის, რომ ამომრჩევლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დადგენილებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების შესახებ, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას გეგმავს.

ცესკო აგრძელებს საქმიანობას პანდემიის პირობებში არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისთვის და კენჭისყრის დღეს ყველასათვის უზრუნველყოფს თავისუფალ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს.

 

წაკითხულია 159 ჯერ

Related items

  • ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 2 მილიონს გადააჭარბა

    ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 2 მილიონ 278 ათას 600-ს, ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა 104 მილიონ 911 ათასს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა 76 მილიონ 653 ათასს მიაღწია.  ამის თაობაზე ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რიცხვი 2580-ით 461 ათას 930-მდე, ხოლო შემთხვევათა 69 ათას 489-ით 27 მილიონი 105 ათასი 457-მდე გაიზარდა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, ექიმმა როშელ ვალენსკიმ განაცხადა, რომ სკოლებში შეიძლება პირისპირი სწავლება დაიწყოს მაშინაც კი, თუ მასწავლებლებს არ ექნებათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული.

    იტალიაში ბოლო 24 საათში ეპიდემიის გამო გარდაცვლილთა რიცხვი 477-ით 89 820-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რიცხვი კი 13 ათას 189-ით გაიზარდა და 2 მილიონ 583 ათას 790-ს მიაღწია.

    დიდ ბრიტანეთში ვირუსის გამო ბოლო 24 საათის განმავლობაში 322 ადამიანი გარდაიცვალა და 19 ათას 202 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

    საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ -19-ის გამო 357 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც მთლიანმა რიცხვმა 77 ათას 595 შეადგინა. ერთ დღეში 26 ათას 362 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რიცხვი 3 მილიონ 251 ათას 160-მდე გაიზარდა.

    ესპანეთში კოვიდ -19 – ით ბოლო 24 საათის განმავლობაში 565 ადამიანი გარდაიცვალა. იმავე პერიოდში 31 ათას 596 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

    საქართველოში კი ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ით დაავადების ახალი 583 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 ადამიანი, 671 გამოჯანმრთელდა.

  • კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP-მ ევროპა დონა საქართველოს ბენეფიციარებს კოვიდ ტესტები გადასცა

    #ვერთიანდებით გამარჯვებისთვის

    კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP-მ ევროპა დონა საქართველოს კოვიდსტუაციიდან გამომდინარე ყველაზე აქტუალური - ანტიგენზე დაფუძნებული კოვიდ ტესტები, ანტისეპტიკური საშუალებები და სამედიცინო ნიღბები გადასცა.  

    PSP-სა და ევროპა დონა საქართველოს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა პროექტებს მოიცავს, მათ შორის ჰერცეპტინის პროგრამის ბენეფიციართა მხარდაჭერასა და „არტ-თერაპიის“ პროექტს. კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, PSP-მ ევროპა დონა ჯორჯიას საჩუქრები გადასცა, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული კოვიდ ტესტები, რაც ორგანიზაციის ბენეფიციარებს საშუალებას მისცემს საჭიროებისამებრ ვირუსით დაინფიცირების მონიტორინგი თავად განახორციელონ. 

    „კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს PSP ევროპა დონა საქართველოსთან სტუმრობით აღნიშნავს. ევროპა დონა საქართველოს ათეულობით ბენეფიციარის ვირუსის მონიტორინგისთვის ჩვენ გადავეცით ანტიგენზე დაფუძნებული კოვიდ ტესტები, ამასთან, სამედიცინო ნიღბები და ანტისეპტიკური გელები, რაც უკვე ერთი წელია, ყველა ჩვენთაგანის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ჩვენ ვერთიანდებით გამარჯვებისთვის - ეს არის PSP-სა და ევროპა დონა საქართველოს ერთობლივი პროექტების მოტო“ - აცხადებენ PSP-ში.    

    4 თებერვალი კიბოს კონტროლის საერთაშორისო გაერთიანების მიერ დაარსებული კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ამ გლობალური კამპანიით ორგანიზაციამ მოუწოდა მსოფლიოს გაერთიანდნენ კიბოს დაავადების, მათ შორის პრევენციის შესახებ საზოგადოებრივი განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

    კომპანია PSP-ს ადმინისტრაციის პრეს-რელიზი

  • დადასტურდა, რომ ე.წ. დისბალანსზე განცხადების გაკეთებისას ISFED-მა საოქმო მონაცემები სრულად არ გაითვალისწინა

    „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) დღეს გავრცელებული ინფორმაციით დაადასტურა, რომ მათ მიერ ე.წ. მეტობით დისბალანსების შესახებ არჩევნების შემდეგ გავრცელებული განცხადება იყო მეორე, არასწორად გავრცელებული და დაუსაბუთებელი ინფორმაცია, რომელიც პარალელური დათვლის მეთოდოლოგიას ეყრდნობოდა. სამწუხაროა, რომ არჩევნების პერიოდში ამ დაუზუსტებელი (არასწორი განმარტებებით) მონაცემების გავრცელებამ საზოგადოებაში არასწორი აღქმაც გამოიწვია და შეიძლება ითქვას საზოგადობის ნაწილი შეცდომაშიც შეიყვანა.

    დღეს უკვე, 8 პროცენტიან დისბალანსზე საუბრისას „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ ეყრდნობოდა მხოლოდ პირველად შედგენილ ოქმებს და არ ჰქონდა გათვალისწინებული შესწორების ოქმები, რომელიც დგება კანონმდებლობის საფუძველზე და შემაჯამებელი ოქმის განუყოფელი ნაწილია.

    ამასთან დაკავშირებით, ცესკომ, საჯარო განცხადების გარდა, 22  იანვარს მიმართა ორგანიზაციას ოფიციალური წერილით და მოითხოვა კიდეც დამატებითი განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაციამ თავად შესთავაზა ორგანიზაციას დაზუსტება იმისა, დათვლის პროცესში გათვალისწინებული იყო თუ არა შესწორების ოქმები. როგორც დღევანდელი მათი განცხადებიდან იკვეთება ე.წ. 8 პროცენტიანი დისბალანსი არ ეფუძნებოდა ერთიან საოქმო მონაცემებს ანუ მათ არ ჰქონდათ შესწორების ოქმები გათვალისწინებული ამ მონაცემების დამუშავებისას. აღნიშნული სახით არასრული, დაუზუსტებელი და შესაბამისად, არასწორი ინფორმაციის გავრცელება ნამდვილად ეწინააღმდეგება პროფესიულ სტანდარტებს და უკვე მეორედ ტოვებს კითხვის ნიშნებს ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგებიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიერ აქამდე გავრცელებულ განცხადებებთან მიმართებაში.

    შეგახსენებთ, რომ ცესკომ ჯერ კიდევ 16 დეკემბერს გააკეთა განცხადება, რომ კომისიის მიერ დამუშავებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარმოდგენილი მონაცემები რადიკალურად განსხვავდება და არსებითად აცდენილია ცესკოს მიერ საუბნო შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე დამუშავებულ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს.  

    უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სამართლებრივი პროცედურის შემდეგ, ე.წ დისბალანსი, რომელიც უკავშირდება ბიულეტენების მეტობას არჩევნებში მონაწილეთა  რაოდენობასთან მიმართებაში, საბოლოო მონაცემების მიხედვით საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების მხოლოდ 19 შემაჯამებელ ოქმში -  0,52%-ში ფიქსირდება.

    მისასალმებელია, რომ „სამართლიანი არჩევნები“ მზად არის ითანამშრომლოს ცესკოსთან, შეხვდეს და დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მზად არის კონსტრუქციულ გარემოში თანამშრომლობისთვის, იქნება ეს შესწორების ოქმებისა და ახსნა-განმარტებების შედგენის პროცესთან, შესაბამის პროცედურულ/საკანონმდებლო საკითხებთან, თუ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად, ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში. 

  • ბერდია სიჭინავა - გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 311 პირი

    ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
    მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 25 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
    „ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 868 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 686 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 182 PCR ტესტით.
    ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 253 816-ს.
    ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 311 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 243 396-მდე.
    სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 071 პირი ემსხვერპლა.
    დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 44, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 19, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32, კახეთი - 26, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
    ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 323, საიდანაც: 3 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 623, აჭარაში - 226, იმერეთში - 611. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 706 პირი, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 55, იმერეთში - 171. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი, მათგან თბილისში - 145, აჭარაში - 1, იმერეთში - 25. 402 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 203 - თბილისში, 131 - აჭარაში, 20 - იმერეთში. 3 698 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
    საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 515 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 205, აჭარაში - 107, ხოლო იმერეთში - 9.
    სულ 6 ოქტომბრიდან - 24 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 21 871 პირი.
    ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 709 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 364 პირი, აჭარაში - 1 125, იმერეთში - 1 846", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

  • ბერდია სიჭინავა - ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა

    ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
    მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 14 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.
    „ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 554 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 3 490 PCR ტესტით.
    ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 191 063-ს.
    ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 498 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 161 681-მდე.
    სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 839 პირი ემსხვერპლა.
    დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარა - 212, იმერეთი - 147, ქვემო ქართლი - 168, შიდა ქართლი - 48, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 74, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
    ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 517, საიდანაც, 6 912 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 977, აჭარაში - 866, იმერეთში - 1 419. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 087 პირი, მათ შორის, თბილისში - 518, აჭარაში - 150, იმერეთში - 239. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 465 პირი, მათგან თბილისში-222, აჭარაში - 82, იმერეთში - 52. 2 886 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 951 - თბილისში, 1 332 - აჭარაში, 288 - იმერეთში. 17 719 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
    საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 986 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 290, აჭარაში - 146, ხოლო იმერეთში - 15.
    სულ 6 ოქტომბრიდან - 14 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია-20 352 პირი.
    ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 685 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 908 პირი, აჭარაში - 8 667, იმერეთში - 6 319", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.


    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური