ჩეხეთის განვითარების სააგენტო განაგრძობს ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერას ახალი ინიციატივის ”Tied Financial Donation”-ის ამოქმედებით
თბილისი, 17 სექტემბერი, 2020. ჩეხეთის განვითარების სააგენტო განაგრძობს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერას ახალი ინიციატივის, ”Tied Financial Donation”-ის ამოქმედებით. რესპუბლიკური საავადმყოფოები ბათუმსა და რუხში პირველი ბენეფიციარები არიან და ჩეხურ სამედიცინო აპარატებს მიიღებენ.
დღეს ხელშეკრულებას ხელი მიოაწერეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს სახელით, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი გვაზავამ და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენელმა, რითაც ახალ თანამშრომლობას საძირკველი ჩაეყარა.
ორივე საავადმყოფო ახლადაშენებულია და ნაწილობრივად დაიწყეს ფუნქციონირება ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელების შემდეგ. თუმცა, ყველა განყოფილებას არ აქვს საჭირო აღჭურვილობა. დახმარება მიზნად ისახავს ორივე საავადმყოფოს თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას მათ მიერ გაწეული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზეა გათვლილი. პირველად მის ისტორიაში საავადმყოფო მოქალაქეებს სამეანო და პედიატრიულ სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს და საამისოდ ჩეხური პროდუქციის გამოყენებაა გათვალისწინებული. ამასთანავე, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო გათვლილია 220 საწოლზე და ახალი აღჭურვილობის მიღებით ქირურგიული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გაუმჯობესება მოხდება.
ახალი თანამშრომლობა ასევე მოიცავს ტრენინგებს საავადმყოფოების პერსონალისთვის, რომელსაც ჩეხი პროფესიონალები უზრუნველყოფენ. ისინი საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ პერსონალს და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას გაამარტივებენ. ჩეხეთის რესპუბლიკა მომავალშიც გააგრძელებს ორივე საავადმყოფოსთვის დახმარების გაწევას.
ახალი აღჭურვილობის მიწოდება ორ ეტაპად განხორციელდება 2020 წლის ბოლომდე. საერთო ღირებულება 371 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 186 000 ევროს, ხოლო რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფო 185 000 ევროს მიიღებს.