თბილისში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020 16:25

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.

მათი ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერასმა, რომელიც ვიდეომიმართვით ჩაერთო საბჭოს სხდომის გახსნის ღონისძიებაში.

UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის დელეგატებს შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი

UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა. სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ტარდება. გარდა იმისა, რომ ღონისძიება აღნიშნული ცენტრისა და ქართველი ეპიდემიოლოგიების სრული ჩართულობითა და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გაიმართება, ჩარტერს, რომლითაც საქართველოში წარმომადგენლობითი დელეგაციები ჩამოვიდნენ, 4 ეპიდემიოლოგი ჩამოყვა.

ღონისძიების მონაწილეებმა, რომლებსაც საქართველოში გამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარებული ჰქონდათ 72 საათის ვალიდურობის PCR ტესტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული პროტოკოლის შესაბამისად, საზღვარზე წარმოადგინეს ტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტაციას.

ღონისძიების მონაწილე სხვა პირებს, რომლებმაც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას სასაზღვრო - გამშვებ პუნქტში ვერ შეძლეს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული პროტოკოლის შესაბამისად ტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, საქართველოში ტესტირება ჩაუტარდათ და ტესტის პასუხების მიღებამდე ისინი იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

UNWTO აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს ესპანეთის ქალაქ მადრიდში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს, სადაც ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ 2020 წელს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილად მადრიდის ნაცვლად თბილისი შეარჩია, რითაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე, საბჭო ამ ტიპის სხდომებს მხოლოდ მადრიდში ატარებდა.

საქართველოში UNWTO-ის მაღალი რანგის შეხვედრის გამართვა ჯერ კიდევ პანდემიამდე გადაწყდა. თავდაპირველად, ღონისძიება 2020 წლის ივნისში უნდა ჩატარებულიყო. ადგილზე არსებული ვითარების შესასწავლად საქართველოში ჩამოვიდნენ ორგანიზაციის თანამშრომლები ინსპექტირების მიზნით, რომლებმაც დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს მზაობას, ემასპინძლა მაღალი რანგის წარმომადგენლობითი შეხვედრისთვის. ინსპექტირებისას შეფასდა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პროდუქტების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. თუმცა პანდემიის გამო, აღნიშნული ღონისძიების ჩატარების თარიღი გადაიდო. 

მასპინძელი ქვეყნის ხელახალი შერჩევისას საქართველოს სასარგებლოდ იმუშავა იმ ფაქტორმა, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა.

ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მართვის კუთხით საქართველოს წარმატებული გამოცდილება აღიარებულია მსოფლიო მასშტაბით. ამ მხრივ, მაღალი დონის შეხვედრის მასპინძლობა კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას ისეთ ქვეყნად, რომელსაც უსაფრთხოდ, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით, შეუძლია, ნებისმიერი მაღალი რანგის ღონისძიებას უმასპინძლოს.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მომავალი ორიენტირები სწორედ საქართველოში გაირკვევა.

წაკითხულია 230 ჯერ

Related items

  • შოვის კურორტის ინვესტორის და მმართველი კომპანიის განცხადება

    ვითხოვთ შეჩერდეს შოვის კურორტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი მიწების რეალიზაციის პროცესი, სანამ საბოლოოდ არ შეექმნა საფრთხე შოვის კურორტის ერთიანი კონცეფციით განვითარებას, ამის შესახებ ნათქვამია შოვის კურორტის ინვესტორის და მმართველი კომპანიის განცხადებაში, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.

    "2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდის კამპანია, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, შეიცავს, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვან ინიციატივას, რაც უკავშირდება თითოეული რეგიონის პოტენციალის სწორად გამოყენებას და ადგილობრივი ტურიზმის განვითარების მაქსიმალურ ხელშეწყობას სახელმწიფოს მხრიდან. ეს ნამდვილად დროული, ღირებული და ძალზედ მნიშვნელოვანი ინიციატივა და სწორი მიდგომაა, რაც არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას, არამედ რეგიონების ეკონომიკურ გაძლიერებას და შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეზეც აისახება პოზიტიურად. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია კონკრეტული პროექტების რეალიზაციაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების რეალური მხარდაჭერის არსებობა და პრობლემების კოორდინირებული მართვა.

    ჩვენ გვსურს ღიად ვისაუბროთ იმ ხელისშემშლელ გარემოებებზე, რაც წლების განმავლობაში აფერხებს პროექტის განვითარებას და დავაფიქსიროთ ყველა ის პრობლემა, რის გამოც პოპულარული და ცნობილი შოვის კურორტი ვერ ხდება თანამედროვე და მოთხოვნადი ტურისტული ადგილი როგორც ქართველების, ასევე უცხოელებისთვის. თუმცა არის საკითხები, რომლებიც დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვენ და ეს პირველ რიგში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის იმ ფართობების აუქციონზე გამოტანას ეხება, რომლებიც კურორტის ნაწილს წარმოადგენენ. თან საუბარია ისეთ მიწებზე, რომლებიც შოვის კურორტის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით სარეკრიაციო ზონაში შედიან, რითაც საფრთხე ექმნება ერთიან განაშენიანებას. ამასთან, იკვეთება კონკრეტული ინტერესები კონკრეტული მიწის ფართობებთან დაკავშირებით, რაც ასევე ცუდი არ არის და ჩვენ ამას არ ვეწინააღმდეგებით, უბრალოდ არსებობს რიგი პრობლემები, რომელთა მოგვარებაც შესაძლოა აღნიშნული მიწების რეალიზაციამ შეუძლებელი გახადოს.

    ამიტომ, მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეჩერდეს შოვში მიწის ფართობების რეალიზაციის აუქციონები სახელმწიფოს მხრიდან, სანამ არ მოხდება კურორტის გენერალური გეგმის დეტალების შეთანხმება, ყველა მონაწილე მხარის ჩართულობით და სანამ არ გადაწყდება, თუ რა გზით უნდა განვითარდეს შოვის კურორტი".

    დამატებითი ინფორმაცია შოვის კურორტის შესახებ

    2006 წელს ყაზახურმა საინვესტიციო ჯგუფმა შეიძინა კურორტ შოვის ტერიტორიაზე მდებარე კომპლექსი პანსიონატი „მამისონი", რომელიც კურორტის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა 2008 წლის ომისა და 2009 წლის ფინანსური კრიზისის გამო, პროექტის განხორციელება შეფერხდა და საქმიანობა 2016 წელს განახლდა.  უკვე ამ დროიდან ინვესტორისა და მმართველი კომპანიის მიერ განხორციელდა უაღრესად მნიშვნელოვანი მოსამზადებელი საქმიანობა, რაც უკავშირდებოდა შოვის თანამედროვე ევროპულ სამთო კურორტად ფორმირებას. მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის შედეგად მომზადდა შოვის კურორტის განვითარების ერთიანი გენერალური გეგმა ავსტრიული კომპანიის მიერ; სლოვაკი და გერმანელი სპეციალისტების მიერ მოხდა ადგილობრივი ბალნეოლოგიური რესურსების შესწავლა და საერთაშორისო სტანდარტებით შესაბამისი ანალიზი, შეიქმნა კურორტის გრძელვადიანი ბიზნესგეგმა საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ერნსტ ენდ იანგის" მონაწილეობით. შესაბამისად, არსებობს შოვის განვითარების გეგმა და ინვესტორის სურვილი, რომ დაიწყოს მშენებლობა და კურორტის აქტიური განვითარება მომზადებული გეგმების მიხედვით. ამ სურვილს კი ის ინვესტიცია მოწმობს, რაც დაიხარჯა კვლევებსა და განვითარების გეგმების მომზადებაზე. თუმცა, მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებებისა, წლებია პროექტი ფერხდება შემდეგი მიზეზების გამო:

    • შოვის კურორტის ინვესტორის მიერ მომზადებული კურორტის განვითარების გენგეგმა არ დამტკიცებულა ადგილობრივი ხელისუფლების, კერძოდ ონის საკრებულოს მიერ. პროცესი ჭიანურდება, რაც აფერხებს ინვესტიციების განხორციელებას და კურორტის განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების და საქმიანობის დაწყებას.
    • პარალელურად ადგილზე მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების მასობრივი რეგისტრაცია, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, აღინიშნება კანონის დარღვევა, ეს კი ახალ პრობლემას წარმოშობს კურორტის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განვითარების კუთხით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ გამოიყენონ შექმნილი ვითარება და ‘ხელი მოითბონ’ შოვის კურორტის განვითარებაზე.

    აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე წლებია პრემიერ-მინისტრების და ეკონომიკის მინისტრების სახელზე ვაგზავნით წერილებს, სადაც ვითხოვთ, შეიქმნას უწყებათაშორისო საკოორდინაციო ჯგუფი, სადაც შესაბამისი სამინისტროების თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც გაერთიანდებიან, რათა მოხდეს შოვის კურორტის, როგორც ცალკე მდგომი და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტის უფრო ეფექტიანად მართვა. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი მიდგომა თავიდან აგვაცილებს პროცესების გაჭიანურებას და კურორტის განვითარების საქმე აღარ შეფერხდება. ეს კი ნიშნავს, რომ ინვესტორი გააქტიურდება, დაიწყება მშენებლობა, რაც უკავშირდება ადგილობრივების დასაქმებას და შოვის კურორტი გაცილებით მეტ და მაღალშემოსავლიან ტურისტს მიიღებს ვიდრე დღეს, რაც ასევე გააძლიერებს ეკონომიკურად როგორც შოვს, ასევე რაჭას და მთლიანად საქართველოს.

  • მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახურ-ქართულ ეკომონიკურ გაერთიანებას საქმიანობაში მხარდაჭერა გამოუცხადა

    ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან მარიამ ქვრივიშვილთან ონლაინ შეხვედრა გამართეს.

    შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა პანდემიის პირობების გათვალისწინებით, ტურიზმის აღდგენის შესაძლებლობების განხილვას. ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარემ, გიორგი ჯახუტაშვალმამარიამ ქვრივიშვილს, რომელიც სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს ხელმძღვანელობს, გაერთიანების მიზნები და სამომავლო გეგმები წარუდგინა, რაც ყაზახეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის განვითარებისკენ და ქვეყანაში საინვესტიციო პოტენციალის ათვისებისკენ მიმართულ აქტივობებს უკავშირდება.

    მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტურიზმის სტრატეგიის განახლება და ახალ სტრატეგიაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად კვლავ რჩება კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და მათთან კომუნიკაციის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, იგეგმება დარგობრივ გაერთიანებებთან მჭიდრო თანამშრომლობა და სამუშაო პროცესებში მათი აქტიური ჩართვა.

    შეხვედრაზე გამოიკვეთა სისტემური ურთიერთთანამშრომლობის გზები, რაზედაც მხარეები სამუშაო რეჟიმში შეთანხმდებიან. დასასრულს, მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახურ-ქართულ ეკომონიკურ გაერთიანებას საქმიანობაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

    შეგახსენებთ, რომ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით დაფუძნდა. გაერთიანების მთავარ მისიას  ორ ქვეყანას შორის  ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და  ერთობლივი ღონისძიებების შექმნა წარმოადგენს, რომელიც ინვესტიციებზე,  ტურიზმსა და ქვეყნებს შორის  სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაზე იქნება ორიენტირებული. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს ბაზარზე ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი ბიზნესკომპანიები და კორპორაციები: „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „რომპეტროლი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“, ავიაკომპანია „Air Astana” და „GK logistics“. საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს სცდება. 

     

  • ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობენ ხელს

    ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მიმდინარე წელს ახალი პროექტი — “ევროკავშირი შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის” (EU4EMBLAS) — დაიწყეს. ინიციატივის მიზანი არსებული ეკოსისტემის დაცვის გაძლიერებაა. 
    EU4EMBLAS ემყარება პროექტის წინა ფაზებს, რომლების მეშვეობითაც უკვე შემუშავდა შავი ზღვის ეკოსისტემის მდგომარეობაზე არსებული ინფორმაციის მონაცემთა ბაზა. პროექტის ფარგლებშივე განხორციელდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები და კამპანიები, რომელთა მიზანიც იმის ჩვენება იყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა საზღვაო ნარჩენების შემცირების და გარემოსდაცვით საქმიანობაში.
    პროექტი EU4EMBLAS საქართველოსა და უკრაინას დაეხმარება, დაამკვიდრონ საზღვაო გარემოს მონიტორინგისა და შავი ზღვის ეკოსისტემის მდგომარეობის შესახებ არსებული მონაცემთა ანალიზისთვის საჭირო თანამედროვე სისტემები. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კვლავაც იქნება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა თაობის განათლება შავი ზღვის ეკოლოგიის საკითხებზე. 
    პროექტში ჩართული ძირითადი მხარეები არიან შავი ზღვის მონიტორინგში მონაწილე ეროვნული ინსტიტუტები, სამეცნიერო, კვლევითი და საგანმანათლებლო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება.

    მასალა მომზადებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში 

  • ბიძინა ივანიშვილის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ იგი არსად არ წასულა-კახა ოქრიაშვილი

    „ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი საგანგებო განცხადება არის შეშინებული, წაგებული ადამიანის  სასოწარკვეთილი წერილი. ამის შესახებ ნათქვამია პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერის კახა ოქრიაშვილის განცხადებაში, რომელიც მან დღეს გაავრცელა.

    განცხადებაში კერძოდ აღნიშნულია, რომ "გიორგი გახარიამ უღალატა საკუთარ გუნდს და ასევე, უღალატა ქვეყანას. გამოდის, რომ ვინც „ქართული ოცნების“ არასწორ და ქვეყნისთვის დამაზარალებელ პოლიტიკას ემიჯნება, ის ქვეყნის მტერია - ანუ, ბატონი ივანიშვილის წარმოდგენაში, ქვეყანა და ბიძინა ივანიშვილი ერთი და იგივეა ცნებაა.

    2012 წლიდან დღემდე, იმ ყველა წინასაარჩევნო ტყუილს, როგორიც იყო იაფი ფული, დენი, გაზი, საამური ცხოვრება და ა.შ. ბატონმა ივანიშვილმა კიდევ ერთი სიცრუე დაუმატა - მან თქვა, რომ 2011 წლიდან არ უკადრებია სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა. ეს სატელიტი ფსევდოპარტიებია: „მოქალაქე“, „გირჩი“, „პატრიოტთა ალიანსის“ განაყარი „ევროპელი სოციალისტები“ და ასევე, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები ე.წ. შარლ მიშელის სახელობის ახლადშექმნილ ფრაქციასთან დაკავშირებითაც.

    ეს განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რონ ბატონი ივანიშვილი არსად წასულა. იგი აკონტროლებს სასამართლოს, პროკურატურას, სუს-ს და მათი მეშვეობით, ცდილობს მალულად შეინარჩუნოს ძალაუფლება“, - აცხადებს კ. ოქრიაშვილი.

     კახა ოქრიაშვილი, პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი

     

  • პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარის ბ. ივანიშვილის განცხადება

    პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარე მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
    "როგორც საზოგადოებას მოეხსენება, პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ არ გამიკეთებია არცერთი პირდაპირი თუ ირიბი განცხადება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. მაშინაც კი, როდესაც მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფო და ხელისუფლება სერიოზული პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დადგა, არ გამომიხატავს ჩემი პოზიცია, რათა ვინმესთვის ჩემი პოლიტიკური ინტერესის შესახებ სპეკულირების საბაბიც კი არ მიმეცა.
    პოლიტიკიდან გასვლის ფონზე, ბუნებრივია, არ შემიწყვეტია ურთიერთობა საზოგადოების წარმომადგენლებთან. ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან, ნაცნობებისგან ვიღებ ინფორმაციას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. მათგან შევიტყვე მოარული თუ შეგნებულად გავრცელებული ხმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია. რადგან ვხედავ მცდელობას, პოლიტიკიდან გასვლის მიუხედავად, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ჩემი სახელი კვლავაც ქართულ პოლიტიკას დაუკავშირონ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას მივცე მცირე განმარტება ამ თემასთან დაკავშირებით.
    საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა საქართველოში წლების მანძილზე ფართოდ დანერგილი მანკიერი პრაქტიკა იყო. თუმცა, ამგვარი რამ ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა და 2011 წლიდან პოლიტიკიდან ჩემს საბოლოოდ გასვლამდე ქართული საზოგადოებისთვის არცერთი ფსევდოპარტიის შექმნა არ მიკადრებია. მით უფრო გამორიცხულია, ამგვარი რამ საკუთარ თავს ან საზოგადოებას პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ვაკადრო.
    გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა თავისთავად არასწორი მოვლენაა, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა ჩემთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. მთელი ამ წლების მანძილზე, ქართულ პოლიტიკაში უამრავი პოლიტიკური გადაცდომის მომსწრე გავხდით და მეგონა, რომ ამ თვალსაზრისით, აღარაფერი და ვეღარავინ გამაოცებდა. თუმცა, რაც გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა, ამ ფონზეც კი, გაკვირვებას იწვევს.
    მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირმა სრულიად გაუგებარ დროს, ყოვლად გაუგონარი მიზეზით დატოვა თანამდებობა - იგი გადადგა იმ მიზეზით, რომ არ სურდა კანონის უზენაესობის დაცვა და კანონის აღსრულება, რისკენაც მას მთელი პოლიტიკური გუნდი მოუწოდებდა. ის ითხოვდა კანონის აღსრულების ორი დღით გადავადებას, რის შესახებაც ჩვენ დღემდე ვერავითარი დამაჯერებელი განმარტება ვერ მოვისმინეთ. გახარიას ეს პოზიცია მით უფრო გაუგებარი იყო იმ ფონზე, რომ რამდენიმე დღით ადრე ის საკუთარი გუნდისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას დაჟინებით მოითხოვდა. უმაღლესი თანამდებობის პირის ამგვარ მოქმედებას, გაუგებრობის ხარისხით, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაშიც კი ძნელად შეიძლება მოეძებნოს ანალოგი.
    თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი. სამართლისა და კანონის უზენაესობა არის ნებისმიერი სახელმწიფოს ქვაკუთხედი. უპირველეს ყოვლისა, სწორედ კანონის უზენაესობის მიმართ დამოკიდებულებით უნდა შეფასდეს და გაიზომოს ნებისმიერი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო თანამდებობის პირის საქმიანობა და მოღვაწეობა. როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გამოდის და ამ საბაბით თანამდებობას ტოვებს, ამაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული ძნელი წარმოსადგენია. მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია.
    ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება იყო გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება. მის პარტიას არა აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად.
    ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია - ზოგი ჭირი მარგებელია. იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით დადგებოდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, როგორც ვხედავთ, მმართველი პარტიის ძლიერმა, პროგრესულმა და გამოცდილმა გუნდმა მარტივად შეძლო სირთულეების დაძლევა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ ორი წამყვანი სახელმწიფო თანამდებობის პირი შეიცვალა, სახელმწიფო აგრძელებს სტაბილურ ფუნქციონირებას.
    მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პარტია არ არის დამოკიდებული ცალკეულ პიროვნებებზე და იგი ძლიერია, როგორც ერთიანი გუნდი, რომელსაც უყვარს ქვეყანა, აქვს ღირებულებები და მყარად იცავს სახელმწიფო ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ სრული ანტიპოდია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, თავიდან ბოლომდე, მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე მის ერთპიროვნულ ლიდერზე არის დამოკიდებული. საკმარისია, ეს ლიდერი საჯარო სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტია მყისიერად ჩამოიშლება.
    ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩემთან ერთად და პოლიტიკიდან ჩემი გასვლით მიაღწია, სწორედ საქართველოში პიროვნების კულტისა და მესიანიზმის მანკიერი ტრადიციის დასრულებაა.
    ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემს მიერ დაფუძნებული პარტია მომავალშიც წარმატებით უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიმტკიცეს, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლისა და კანონის უზენაესობის დაცვას, რაც სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი პირობაა" - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური