თბილისში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020 16:25

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.

მათი ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერასმა, რომელიც ვიდეომიმართვით ჩაერთო საბჭოს სხდომის გახსნის ღონისძიებაში.

UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის დელეგატებს შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი

UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა. სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ტარდება. გარდა იმისა, რომ ღონისძიება აღნიშნული ცენტრისა და ქართველი ეპიდემიოლოგიების სრული ჩართულობითა და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გაიმართება, ჩარტერს, რომლითაც საქართველოში წარმომადგენლობითი დელეგაციები ჩამოვიდნენ, 4 ეპიდემიოლოგი ჩამოყვა.

ღონისძიების მონაწილეებმა, რომლებსაც საქართველოში გამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარებული ჰქონდათ 72 საათის ვალიდურობის PCR ტესტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული პროტოკოლის შესაბამისად, საზღვარზე წარმოადგინეს ტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტაციას.

ღონისძიების მონაწილე სხვა პირებს, რომლებმაც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას სასაზღვრო - გამშვებ პუნქტში ვერ შეძლეს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული პროტოკოლის შესაბამისად ტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, საქართველოში ტესტირება ჩაუტარდათ და ტესტის პასუხების მიღებამდე ისინი იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

UNWTO აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს ესპანეთის ქალაქ მადრიდში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს, სადაც ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ 2020 წელს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილად მადრიდის ნაცვლად თბილისი შეარჩია, რითაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე, საბჭო ამ ტიპის სხდომებს მხოლოდ მადრიდში ატარებდა.

საქართველოში UNWTO-ის მაღალი რანგის შეხვედრის გამართვა ჯერ კიდევ პანდემიამდე გადაწყდა. თავდაპირველად, ღონისძიება 2020 წლის ივნისში უნდა ჩატარებულიყო. ადგილზე არსებული ვითარების შესასწავლად საქართველოში ჩამოვიდნენ ორგანიზაციის თანამშრომლები ინსპექტირების მიზნით, რომლებმაც დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს მზაობას, ემასპინძლა მაღალი რანგის წარმომადგენლობითი შეხვედრისთვის. ინსპექტირებისას შეფასდა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პროდუქტების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. თუმცა პანდემიის გამო, აღნიშნული ღონისძიების ჩატარების თარიღი გადაიდო. 

მასპინძელი ქვეყნის ხელახალი შერჩევისას საქართველოს სასარგებლოდ იმუშავა იმ ფაქტორმა, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა.

ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მართვის კუთხით საქართველოს წარმატებული გამოცდილება აღიარებულია მსოფლიო მასშტაბით. ამ მხრივ, მაღალი დონის შეხვედრის მასპინძლობა კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას ისეთ ქვეყნად, რომელსაც უსაფრთხოდ, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით, შეუძლია, ნებისმიერი მაღალი რანგის ღონისძიებას უმასპინძლოს.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მომავალი ორიენტირები სწორედ საქართველოში გაირკვევა.

წაკითხულია 132 ჯერ

Related items

  • გიორგი გახარია მაიკლ პომპეოს ვიზიტზე - ეს კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს ვიზიტს, რომელიც 17-18 ნოემბერს შედგება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოეხმაურა.

    მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, დღეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის და იმ დონის, რომელიც ისტორიულად ჯერ არ ყოფილა.

    „რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ამ შეხვედრის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ საკითხებს. რა თქმა უნდა, ჩვენ, პირველ რიგში, განვიხილავთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომ პროცესს, ეკონომიკურ საკითხებს, უსაფრთხოებას. ეს ყველაფერი არის ის თემები, რომლებზეც ჩვენ  ვემზადებით სასაუბროდ  და რომლებიც შემოთავაზებული იყო სასაუბროდ ჩვენი კოლეგების მხრიდან. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ქვეყნის, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, ეს არის საქართველოს მეგობრის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ვიზიტმა კიდევ უფრო გააღრმაოს, დღეს  ისედაც მაღალ ნიშნულზე მყოფი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სა და საქართველოს შორის, განსაკუთრებით, დღეს რეგიონისთვის  იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიც არის, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე  პროცესები, რაც ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაზეც, უსაფრთხოებაზეც და მომავალზეც სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს.

    ამიტომ, მიუხედავად კოვიდისა, გლობალური პანდემიისა, მიუხედავად ყველა იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ, ჩვენ ახლა სრულად კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ამ ვიზიტის მოსამზადებლად", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

  • ილჰამ ალიევმა გიორგი გახარიას საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა

    აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.

    ილჰამ ალიევსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

    საუბრისას ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • თბილისსა და იმერეთის რეგიონში ხვალიდან რესტორნები, ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე იმუშავებს

    თბილისსა და იმერეთის რეგიონში ხვალიდან რესტორნები, ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე იმუშავებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

    „ჩვენი ძირითადი სტრატეგია გახლავთ სწრაფი წერტილოვანი შეზღუდვები, რომელსაც უნდა ჰქონდეს სწრაფი შედეგი. იმ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში ხვალიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა  22:00 საათიდან შეიზღუდება. ეს მოგვცემს საშუალებას, ვირუსის გავრცელება შევანელოთ“, – განაცხადა გახარიამ.

    თუმცა პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ეს საკმარისი არ არის, ვინაიდან ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, მათ შორის მოქალაქეებს.

    „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, რომელიც გადანაწილებულია პირველ რიგში, მთავრობაზე, ხელისუფლებაზე, ორგანიზაციებსა და ჩვენს მოქალაქეებზე. სამწუხაროდ, რვა თვის შემდეგ, რაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, ვერავინ მოიგონა უფრო ეფექტური წამალი, ვიდრე პირბადე, დისტანცია და ხელების დაბანა. ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალებები, რითაც შეგვიძლია, საკუთარი თავი და ჩვენი ახლობლები დავიცვათ. ამიტომ მოგეხსენებათ, პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ შენობებში და ეპიდემიოლოგების უკიდურესი რეკომენდაციაა, რომ პირბადე ვატაროთ ღია სივრცეებშიც. ეს არ არის რთული. სულ ცოტა მომდევნო ერთი წელი პირბადე ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი იქნება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ორგანიზაციებს, დაიცვან ეს წესები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სავაჭრო ორგანიზაციებს და დაწესებულებებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

    საქართველოში დღეს კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

    წყარო: https://1tv.ge/news/tbilissa-da-imeretis-regionshi-khvalidan-restornebi-yvela-gasartobi-dawesebuleba-2200-saatamde-imushavebs/

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადება

    აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

    ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.
    კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის.

    მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს ორივე ქვეყანასთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან.
    ისტორიულად, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი მოქალაქეები, ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე, მთლიანად რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამასთან, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი მთლიანად სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ.

    ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

  • პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა ვარჰეიმ ბრიუსელში ხელი მოაწერეს 129 მილიონი ევროს მოცულობის საფინანსო შეთანხმებას

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID 19-ის გლობალური პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს და ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას.

    საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ევროკომისარმა ვარჰეიმ ხელი მოაწერეს 2 საფინანსო შეთანხმებას რომელთა საერთო ბიუჯეტი 129 მილიონ ევროს შეადგენს და რომლის მიზანია კორონავირუსის გავრცელების შედეგად, საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში „მდგრადობის კონტრაქტისა" და „ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების" დოკუმენტების ხელმოწერა თბილისისა და ბრიუსელის განსაკუთრებული პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

    ევროკომისარმა ხაზი გაუსვა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების, ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების გაძლიერებას. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ფიზიკური სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების მიმართულებით და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში.
    შეხვედრისას პრემიერმა ისაუბრა ევროპული სტანდარტების შესაბამისად საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და რეფორმებზე, რომლითაც ქვეყანა რეგიონული ლიდერია. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ახლახან განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას, რომლის შედეგად, ქვეყანა დემოკრატიული განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა.

    მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
    პრემიერ-მინისტრმა ოკუპაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების, არამედ მისი განვითარებისა და შესაძლებლობების 20%-ია ოკუპირებული. გიორგი გახარიამ ევროკავშირს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
    შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ახალი ინიციატივების განხორციელებისა და ასოცირებულ პარტნიორებთან მიმართებაში ორმხრივ ურთიერთობებზე მეტი კონცენტრაციის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანაა.
    პრემიერმა საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა საჯარო სამსახურის რეფორმის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ მიღწეულ პროგრესს და განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახური და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა საკანონმდებლო დონეზეც, რაც კარგი მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.

    ევროკომისიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, საქართველოს ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში ნატა საბანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი დაესწრნენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური