ლაშა დარსალია საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ლი იანს შეხვდა
2020 წლის 14 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიასა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ლი იანს შორის. ამის შესახებ საგარეოს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი იტყობინება.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის გაღრმავების იმედი როგორც მრავალხრივ, ასევე ორმხრივ დონზე.
Related items
-
ჩინურ ვაქცინა „სინოფარმს“ უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ძალიან მაღალი დონე გააჩნია - აცხადებს ჩინეთის ელჩი
ჩინურ ვაქცინა „სინოფარმს“ უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ძალიან მაღალი დონე გააჩნია. ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჩინეთის ელჩმა საქართველოში ლი იენმა განაცხადა. პრესს-კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი.
როგორც ელჩმა ვაქცინის წარდგენისას ბრიფინგზე განაცხადა, „სინოფარმის“ ვაქცინა ტრადიციული და სანდო მეთოდითაა წარმოებული და მისი უსაფრთოხება საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდანაა აღიარებული.
„ჩვენ საქართველოს მივაწოდეთ კომპანია „სინოფარმის“ მიერ წარმოებული ვაქცინა, რომელიც ტრადიციული, სანდო, ვირუსის ინაქტივირების მეთოდით არის დამზადებული. ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დონე ძალიან მაღალია. ეს ვაქცინა ამ მომენტისთვის არა მხოლოდ ჩინეთში გამოიყენება ფართოდ, არამედ მისი ექსპორტი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. მსოფლიოში გამოყენებულია 100 მლნ-ზე მეტი დოზა, - აღნიშნა ჩინელმა დიპლომატმა.
მისივე თქმით, ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდანაა აღიარებული და მოწოდებული. ჩინური მხარე იმედოვნებს, რომ ჩინური ვაქცინა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს მიერ ეპიდემიის დამარცხების და ქართველის ხალხის სიცოცხლის, უსაფრთოხებისა და ჯანმრთელობის დაცვის საქმეში.
"შემდეგ ეტაპზე ჩინეთი მზადაა, გააგრძელოს ქართულ მხარესთან ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობა, მათ შორის ვაქცინების მიმართულებით. მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ ჩინური ვაქცინა საქართველოს კოვიდ 19- ის ეპიდემიის მალე დამარცხებაში და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარების და ნორმალური ცხოვრების რეჟიმის აღდგენაში დაეხმარება“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინა ვირუსის საწინაააღმდეგო იარაღი და სიცოცხლის გადარჩენის იმედია. „კოვიდ 19-ის გლობალური პანდემიის დაწყებიდან ჩინეთი და საქართველო მუდამ ეხმარებიან და მხარში უდგანან ერთმანეთს. როგორ იტყვიან, „მეგობარი გასაჭირში იცნობაო“.
ლი იენის სიტყვებით, ვაქცინა ვირუსის საწინაააღმდეგო იარაღი და სიცოცხლის გადარჩენის იმედია. ჩინეთი მსოფლიოში ვაქცინის კვლევის, განვითარების და წარმოების და ვაქცინების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის პირველი ეშელონი იყო. "ჩინური ვაქცინების ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალურ ომში უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს“, - დასძინა ჩინელმა დიპლომატმა.
თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ სანდოობაზე კითხვები არ არსებობს. როგორც მან ვაქცინის წარდგენისას აღნიშნა, საქართველოს ინტენსიური მიმოწერა აქვს ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომ ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ, დაიწყოს მსჯელობა, თუ როდის დაიწყება ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია საქართველოში.
„როგორც იცით, უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის აღიარებული „სინოფარმი“, რის საფუძველზეც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „სინოფარმი“ შეიძლება დაშვებული ყოფილიყო საქართველოს ბაზარზე. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი „სინოფარმის“ ვაქცინით. შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან ის ელოდება ავტორიზაციას. ამასთან დაკავშირებიოთ ჩვენ გვაქვს ინტენსიური მიმოწერა ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც საბჭოებთან მსჯელობის შემდეგ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია საქართველოში უკვე შესაძლებელი“, - განაცხადა ე. ტიკარაძემ.
ავთანდილ ოთინაშვილი
-
სიღარიბეზე გამარჯვების ბუკმა დაჰკრა და ახალი მოგზაურობა დაიწყო
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ლი იენი
ცოტა ხნის წინ, ჩინეთში სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა, სადაც პრეზიდენტმა სი ძინფინგმა საზეიმოდ განაცხადა, რომ ჩინეთმა სიღარიბის აღმოფხვრის ბრძოლაში სრული გამარჯვება მოიპოვა. ამჟამინდელი სტანდარტების თანახმად, 98.99 მილიონმა სოფლად მოსახლემ სიღარიბის ზღვარი გადალახა, 832 დაბამ და 128 000 სოფელმა სიღარიბეს თავი დააღწია და ამ სტატუსისგან განთავისუფლდა, რეგიონულ დონეზე სიღარიბის პრობლემა მოგვარდა და ჩინეთმა უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრის რთულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა. 1978 წელს რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის დაიწყების შემდეგ, ჩინეთში სულ 770 მილიონმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს, რაც ამავე პერიოდში გლობალურად სიღარიბისგან გათავისუფლებული მოსახლეობის 70% -ზე მეტს შეადგენს. ჩინეთმა თითქმის შეუძლებელი მისია ბოლომდე მიიყვანა. აბსოლუტური სიღარიბის აღმოფხვრა არა მხოლოდ ჩინეთისთვის არის დიდი მიღწევა, ეს მსოფლიოში სიღარიბის შემცირებისათვის კარგი მაგალითი და ამ საქმეში შეტანილი დიდი წვლილია.
სიღარიბის დაძლევა ჩინეთის კომუნისტური პარტიის დამსახურებაა, რომლის ძირითადი მიზანიც მუდამ ხალხის სამსახურში ყოფნაა. პარტია არასოდეს ივიწყებს მის თავდაპირველ მისწრაფებასა და მისიას და დაუღალავად იბრძვის ჩინელის ხალხის ბედნიერებისა და ერის აღორძინებისათვის. 2012 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-18 ყრილობის შემდეგ, ცენტრალურმა კომიტეტმა და ამხანაგმა სი ძინფინგმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ზომიერად დოვლათიანი საზოგადოების“ მშენებლობის პროცესში ერთი ღარიბი რეგიონი, ერთი ღარიბი ადამიანიც კი არ უნდა დარჩეს. ამისათვის მთელი პარტია, მთელი ქვეყანა, ყველა ეთნიკური ჯგუფი მობილიზდა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანი ძალისხმევით გაიმარჯვა.
საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ როდესაც ქვეყანაში ღარიბი მოსახლეობის რიცხვი მთლიანი მოსახლეობის 10% -ზე ნაკლებია, სიღარიბის დაძლევა "უმძიმეს ფაზაში" შედის. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე -18 ყრილობის შემდეგ, სიღარიბის აღმოფხვრის ბრძოლაში ჩინეთი მართლაც ამგვარი სირთულის წინაშე აღმოჩნდა. იმ დროისთვის ჩინეთში ჯერ კიდევ 98,99 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა. ერთად თავმოყრილი ღარიბი რეგიონები, მკაცრი ბუნებრივი პირობები, მთავარი სამრეწველო დარგებისა და სამუშაო ადგილების ნაკლებობა - ეს ის სიძნელეები და დაბრკოლებები იყო, რომელიც "ზომიერად დოვლათიანი საზოგადოების მშენებლობის" დიადი მიზნისა და დაპირების ასრულების გზაზე სიღარიბის დასაძლევად უნდა გადაელახა ქვეყანას.
სიღარიბის აღმოფხვრის მიზნით, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ზუსტი კონცეფცია წამოაყენა. იგი სიღარიბის დაძლევის ინოვაციურ მექანიზმს სათავეში ჩაუდგა და ისეთი კომპლექსური ღონისძიებები გაატარა, როგორიცაა წარმოების განვითარება, განსახლება, ეკოლოგიური ზარალის ანაზღაურება, განათლების განვითარება და სოციალური დაცვა. ჩინეთმა სრულად გამოიყენა სოციალისტური სისტემის პოლიტიკური უპირატესობები და დიდი საქმეების გასაკეთებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ერთ საჭადრაკო დაფაზე ძალების კონცენტრირება და კოორდინირება მოახდინა. აღმოსავლეთის განვითარებულმა რეგიონებმა ღარიბი ცენტრალური და დასავლეთის რეგიონების დახმარება დაიწყეს. მე-18 ყრილობის შემდეგ, ჩინეთმა თითქმის 1,6 ტრილიონი იუენის ინვესტიცია განახორციელა სიღარიბის დაძლევის ფონდებში. ყოველწლიურად საშუალოდ 10 მილიონი ადამიანი აღწევდა სიღარიბეს თავს, რითაც ჩინეთმა სიღარიბის აღმოფხვრის საქმეში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია და სიღარიბის დაძლევის მსოფლიო მატიანეს ბრწყინვალე თავი შეჰმატა.
ამავდროულად, ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა ფინიში არ არის. ჩინეთი კვლავ მსოფლიოში ყველაზე დიდი განვითარებადი ქვეყანაა. წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა დაუბალანსებელი და არასაკმარისი განვითარების პრობლემის გადასაჭრელად, ქალაქებისა და სოფლების განვითარებას შორის ჩამორჩენის შესამცირებლად, ადამიანების სრულად განსავითარებლად, მთელი ერის საერთო კეთიდლღეობის მისაღწევად. ჩინეთი ახლანდელი მიღწევებით სიამაყესა და თვითკმაყოფილებას არ მიეცემა, არ მოდუნდება და არ შეისვენებს. პირიქით, ხელსაყრელი მომენტით ისარგებლებს, მიღწეულს არ დასჯერდება და ბრძოლას გააგრძელებს. ჩინეთი განამტკიცებს და გააფართოებს სიღარიბის დაძლევით მიღწეულ შედეგებს და მათ სოფლის აღორძინებას ეფექტურად დაუკავშირებს, შეინარჩუნებს დახმარების პოლიტიკის საერთო სტაბილურობას, განამტკიცებს სიღარიბის დაძლევის მიღწევებს, რათა ხალხმა მიიღოს უფრო არსებითი სარგებელი, უზრუნველყოფილი ბედნიერება და მდგრადი უსაფრთხოება.
ჩინეთში უძველესი დროიდან არსებობდა ფილოსოფიური კონცეფცია, რომელიც "მთელ სამყაროს, როგორც ერთ საზოგადოებას" განიხილავდა, ასევე არსებობდა იდეა სიღარიბის დაძლევის შესახებ. მიზანს მივაღწიეთ და გვსურს სიკეთე სხვებსაც გავუნაწილოთ, ამიტომ მზად ვართ მსოფლიოს გავუზიაროთ სიღარიბის დაძლევის თეორია და პრაქტიკა და "ჩინური გამოცდილება". ჩინეთი გააგრძელებს სიღარიბის შემცირების საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობას, სიღარიბის აღმოფხვრის მიმართულებით საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარება განვითარებად ქვეყნებს და მსოფლიოში სიღარიბის შემცირების საქმეში ძალისხმევას არ დაიშურებს. ჩინეთი მზადაა სხვა ქვეყნებთან ითანამშრომლოს, რათა სტიმული მისცეს სიღარიბის შემცირების საერთაშორისო პროცესს, აქტიურად შეუწყოს ხელი გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მიხედვით სიღარიბის აღმოფხვრის მიზნის დროულად განხორციელებას და "საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" შექმნას, სადაც არ იქნება სიღარიბე და იქნება ერთობლივი განვითარება.
-
მთლიანი პასუხისმგებლობა გახელაძის საქმეზე რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რომელიც ცდილობს ამგვარი აგრესიით გადაფაროს საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერა - ლაშა დარსალია
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძისთვის 12 -წლიანი სასჯელის დაკისრებაზე ისაუბრა და ამ ნაბიჯს რუსეთის პროვოკაცია და ჰიბრიდული ომის ნაწილი უწოდა.
მისი თქმით, რუსეთი ამგვარ ნაბიჯებს სპონტანურად არ დგამს და მას თავისი კონკრეტული ამოცანები და გეგმა აქვს. „ვითარების მაქსიმალურად დაძაბვა და ესკალაცია არის სწორედ იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს და ამ ომს როგორც საგარეო-პოლიტიკური, ისე საშინაო განზომილება გააჩნია“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
როგორც ლაშა დარსალიამ დასძინა, რუსეთის საგარეო-პოლიტკური გზავნილი როგორც საქართველოს პარტნიორების, ისე შიდა საზოგადოებისთვის არის ის, რომ რაც არ უნდა დიდი იყოს რუსეთზე ზეწოლა, ის მაინც გააგრძელებს თავის დესტრუქციულ ნაბიჯებს. ამასთან, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ნიჰილიზმის დანერგვა და „იმ პროპაგანდისტული ეფექტის შექმნა, რომ თითქოსდა რუსეთი არის მოგებულ მხარეს, თითქოსდა რუსეთი არის ის, ვინც არ გადაიხდის არანაირ ფასს თავისი დესტრუქციული ქმედებებისთის.“
ლაშა დარსალიას თქმით, ამგვარი აგრესიით და სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობით, რუსეთი ცდილობს გადაფაროს საქართველოს მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და ის, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტი დღეს საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. როგორც მინისტრის მოადგილემ დასძინა, ამ მხარდაჭერას ადასტურებს ის ფაქტი, რომ „ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე რუსეთში ვიზიტისას საუბრობდა საქართველოს საკითხზე, ასევე სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ლავროვთან საუბრისას საუბრობდა საქართველოს საკითხზე. ასევე მინდა გაგახსენოთ ის 70-მდე რეზოლუცია, მოხსენებები, რომლებიც ბოლო დროს არის მიღებული, მათ შორის ადმიანის უფლებათა დარღვევებზე თავად ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, ერთის მხრივ, რუსეთის პასუხისმგებლობა ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიორიებზე რუსეთის ეფექტურ კონტროლზე და, მეორეს მხრივ, იქ მიმდინარე ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე, რაც ნიშნავს ეთნიკურ წმენდაზე რუსეთის პასუხისმგებლობას“ - განაცხადა დარსალიამ. მინისტრის მოადგილის ცალსახა განცხადებით, მთლიანი პასუხისმგებლობა გახელაძის საქმეზე რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტი
-
ჩინეთი გააგრძელებს საქართველოს დახმარებას და ჩინეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო განამტკიცებს-აცხადებს ჩინეთის ელჩი
კოვიდ-19-ის ეპიდემიის ფონზე სულ უფრო წარმატებით ვითარდება ჩინურ-ქართული ურთიერთობები. ამ საქმეში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას, ქალბატონ ელჩს ლი იენს. ჩვენ ვთხოვეთ მას ესაუბრა ჩინეთის პოლიტიკური ცხოვრების და ქართულ-ჩინური ურთიერთობების შესახებ, რაზეც ქალბატონი ლი იენი სიამოვნებით დაგვთანხმდა. გთავაზობთ ჩინეთის ელჩთან ექსკლუზიურ ინტერვიუს.
ქალბატონო ელჩო, ბოლო პერიოდში ჩინეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება. არის თუ არა ეპიდემიის განმეორების საშიშროება? რა საწინააღმდეგო ზომებს მიმართა ჩინეთის ხელისუფლებამ?
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ეპიდსიტუაცია ზოგადად ეფექტურად კონტროლდება, მძიმე გლობალური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, იმპორტირებული და სპორადული შემთხვევები გაიზარდა, ბოლო პერიოდში ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში ნაწილობრივ ისევ იჩინა ეპიდემიამ თავი, რაც ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის საჭირო სამუშაოების გრძელვადიან ხასიათსა და სირთულეებს ცხადყოფს. ჩინეთის მთავრობამ სწრაფი რეაგირება მოახდინა, მყისიერად გაზარდა საინსპექციო და ტესტირების მასშტაბები და პრევენციისა და კონტროლის სხვადასხვა ზომები გააძლიერა, რითაც ეპიდემიის გავრცელების შეჩერება მოკლე დროში მოხერხდა.
ჩინეთი პრაქტიკაში ამტკიცებს, რომ თანადგომითა და ძალების გაერთიანებით, მეცნიერული ღონისძიებების გატარებით, ეპიდემია კონტროლირებადი და განკურნებადია. ეს გლობალური პანდემიის პრევენციისა და კონტროლის საქმეში ნდობასა და სტიმულს აჩენს. ჩინეთი მტკიცედ განახორციელებს ეპიდემიის ნორმალიზებულ პრევენციასა და კონტროლს, გააგრძელებს "საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" კონცეფციის მხარდაჭერას, მსოფლიოს ხალხებთან ერთად იბრძოლებს ეპიდემიის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში საბოლოო გამარჯვების მალე მოპოვებას შეეცდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა ჩინეთში ახალი კორონავირუსის წარმოშობის წყაროსთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად. როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, მათი კვლევა შეფერხებულია, ჩინური მხარე როგორ ახსნის ამ ფაქტს?
14 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცამეტკაციანი ექსპერტთა ჯგუფი ქალაქ უხანში ჩავიდა, სადაც ისინი თოთხმეტდღიან კარანტინს გადიან. ჯანმოს ექსპერტები ჩინელ მეცნიერებთან კოვიდ-19-ის წყაროს საპოვნელად ერთობლივ სამეცნიერო კვლევას ჩაატარებენ, რათა მომავალში უკეთ მოხდეს რეაგირება და შესაძლო საზოგადოებრივი კრიზისის თავიდან აცილება. ჯანმოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების თქმით, ეს ექსპერტთა ჯგუფი სხვადასხვა ქვეყნის დარგის საუკეთესო ექსპერტებს აერთიანებს. მათი კვლევის მიზანს ვირუსის წარმოშობის გასაგებად მეცნიერული პასუხების მოძიება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და მომავალ შესაძლო პანდემიებზე რეაგირება წარმოადგენს.
კოვიდ 19-ის წარმოშობის წყაროს რაც შეეხება, ამ საკითხზე ჩინეთი ყოველთვის ღიად, გამჭვირვალედ და მაღალი პასუხისმგებლობით ახორციელებდა სამეცნიერო თანამშრომლობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. გასული წლის თებერვალსა და ივლისში, როდესაც ჩინეთი ქვეყნის შიგნით ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის მძიმე ამოცანის წინაშე იდგა, ჩინეთმა ორჯერ მიიწვია ჯანმოს ექსპერტები და მხარეებმა კოვიდ 19-ის გლობალური სამეცნიერო თანამშრომლობის გეგმის ჩინურ ნაწილზე ერთად იმუშავეს. ჩინელი ექსპერტები ხშირ კონტაქტში იყვნენ ჯანმოსა და საერთაშორისო ექსპერტებთან ვიდეო შეხვედრების, სემინარებისა და სხვა საშუალებებით, სადაც მეცნიერული სულისკვეთებით, ღიად აცნობდნენ ჩინური მხარის მიერ წარმოშობის წყაროს მოკვლევასთან დაკავშირებულ შედეგებს. ჩინეთი პატივს სცემს მეცნიერებას, პატივს სცემს ფაქტებს, მხარს უჭერს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, მეცნიერებმა და ეპიდემიოლოგებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩაატარონ სამეცნიერო კვლევა წყაროს მისაკვლევად, რათა რაც შეიძლება მალე გაირკვეს სიმართლე და მომავალში შესაძლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მსგავს კრიზისს უკეთ ვუპასუხოთ.
როგორ შეაფასებთ ამ ეტაპზე საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს?
ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის გატარებულმა მეცნიერულმა და ეფექტურმა ზომებმა დადებითი შედეგები გამოიღო და ბოლო დროს კოვიდ 19-ის გავრცელებამ სტაბილურად იკლო. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობის ძლიერი ხელმძღვანელობითა და საზოგადოების ფართო ჩართულობითა და ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო ეპიდემიას მალე დაამარცხებს, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აღდგება და ხალხი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.
ჩინეთი ქართულ მხარეს აქტიურად უზიარებს პრევენციისა და კონტროლის გამოცდილებას. ჩინეთმა საქართველოს სამედიცინო ნივთები და აღჭურვილობა არაერთხელ აჩუქა. ჩინეთი "საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" კონცეფციის მიხედვით მოქმედებს. შემდეგ ეტაპზე, ჩინეთი ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვადასხვა საშუალებით საქართველოს დახმარებას გააგრძელებს და ჩინეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
ესაუბრა გიორგი ოთინაშვილი
-
მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტ მალხაზ გულაშვილის ინტერვიუ ჩინეთის ელჩ ლი იენთან
1. ამ თვის დასაწყისში, ჩინური მხარის ორგანიზებით შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-3 გამოფენა ჩატარდა, რომელშიც ქართულმა მხარემ ასევე მესამედ მიიღო მონაწილეობა. გთხოვთ, მოკლედ მოგვიყვეთ ამ გამოფენის შესახებ. თქვენი აზრით, რა დადებითი მხარეები აქვს ქართული მხარის მასში მონაწილეობას? რამდენად დაინტერესდა ჩინური მხარე ქართული პროდუქციით და რა არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით ექსპორტი კიდევ უფრო გაიზარდოს?
- ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა დღეს მსოფლიოში ერთადერთი გამოფენაა, რომელიც იმპორტის თემაზე ტარდება. დღეს დაღმავალი მსოფლიო ეკონომიკის გამო წარმოქმნილი მზარდი ზეწოლის ფონზე, ჩინეთმა ამ გამოფენის ჩატარებით ნათლად აჩვენა, რომ იგი მზად არის მსოფლიოს გაუზიაროს ბაზრის შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას. წლევანდელ იმპორტის გამოფენაში ქვეყნებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა, სადაც მხარეებმა ჯამში 72,62 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის გარიგების განხორციელებაზე გამოხატეს ინტერესი, რაც წინა წელთან შედარებით 2.1% -ით მეტია. ჩინეთის უზარმაზარმა სამომხმარებლო ბაზარმა ქვეყნებს ახალი შესაძლებლობები და დივიდენდები მოუტანა. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც მან ჩინეთის გახსნილობის ღონისძიებების პოზიტიური პროგრესი შეაჯამა და ქვეყნებს რისკებისა და გამოწვევების ერთობლივად დაძლევისკენ, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გაძლიერებისკენ და მეტი გახსნილობისკენ მოუწოდა. მან ასევე ჩინეთის ყოველმხრივ გახსნილობის მისაღწევად შემდგომი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა და ჩინეთის სრულად გახსნილობისა და მომგებიანი თანამშრომლობის შესახებ მკაფიო გზავნილები გააკეთა.
წელს საქართველომ ზედიზედ მესამედ მიიღო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობა. ამ მნიშვნელოვანი პლატფორმის საშუალებით, ჩინელ მომხმარებლებში ქართული ღვინის, მინერალური წყლების, თაფლის, ჩირეულის და სხვა მაღალხარისხიანი პროდუქტების მიმართ ცნობადობა სულ უფრო მეტად მატულობს. ამავდროულად, ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების აქტიური როლის წყალობით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომებრში ჩინეთ-საქართველოს შორის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 992 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 13.9%-ით გაიზარდა. მათ შორის, საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით ექსპორტმა 419 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 180.8%-ით არის გაზრდილი. შედეგად, ჩინეთი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა გახდა. წელს კოვიდ-19 ეპიდემიის გამო, ქართული მხარე გამოფენაზე დასასწრებად ადგილზე ვერ ჩავიდა, მაგრამ ეკონომიკის მინისტრი, საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე, საქართველოს ელჩი ჩინეთში და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები, გამოფენის გახსნის ცერემონიას ონლაინ რეჟიმში დაესწრნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის მინისტრს, ქალბატონ თურნავას ახალი კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა და ბინაზე მკურნალობდა, მან გამოფენის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა დისტანციურად მაინც მიიღო. ეს სრულად ასახავს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მხარს უჭერს ქართული მხარე ამ გამოფენას. დარწმუნებული ვარ, გამოფენაში უწყვეტი მონაწილეობით, საქართველო ჩინელ ხალხს და მთელ მსოფლიოს უფრო სრულყოფილად აჩვენებს თავის უნიკალურ და მაღალხარისხიან პროდუქტს, რაც საქართველოს „ექსპორტზე ორიენტირებული" ეკონომიკური განვითარების პოტენციალის ასათვისებლად და „პოსტ-ეპიდემიის ეპოქაში" ეკონომიკის აღსადგენად მეტ შესაძლებლობას მისცემს.
2. ჩვენი ინფორმაციით, 15 ნოემბერს ჩინეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და ასეანის წევრ 10 ქვეყანას შორის „რეგიონული ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება" (RCEP) გაფორმდა. გთხოვთ, გაგვაცნოთ ამ ხელშეკრულების ძირითადი შინაარსი და მისი მნიშვნელობა.
- 15 ნოემბერს ჩინეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და ასეანის წევრ 10 ქვეყანას შორის „რეგიონული ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება" (RCEP) გაფორმდა. 15 წევრი ქვეყნის მოსახლეობა, ეკონომიკა და ვაჭრობა საერთო მოცულობით თითქმის მთელი მსოფლიოს მესამედია. ამ შეთანხმების გაფორმებას წინ რვაწლიანი მოლაპარაკებები უძღოდა. მისი ხელმოწერით თავისუფალი ვაჭრობის ახალი ზონა ოფიციალურად შეიქმნა, რომელსაც ყველაზე დიდი მოსახლეობა, ყველაზე ფართო ეკონომიკური და სავაჭრო მასშტაბები, შემადგენლობით ყველაზე მრავალფეროვანი სტრუქტურა და განვითარების ყველაზე მეტი პოტენციალი აქვს.
RCEP წევრ ქვეყნებში საბაჟო პროცედურების გამარტივებას, ეკონომიკური და სავაჭრო რეგულაციების ოპტიმიზაციას, რეგიონალური სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების ინტეგრაციას უწყობს ხელს და საბოლოოდ ნულოვანი ტარიფის მქონე სავაჭრო პროდუქციის რაოდენობა 90% -ს გადააჭარბებს. ექსპერტების ანგარიშით, 2050 წლისთვის RCEP-ის წევრი ქვეყნების მთლიანი მშპ 100 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. ამჟამინდელი გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ამ შეთანხმების ხელმოწერა მულტილატერალიზმისა და თავისუფალი ვაჭრობის გამარჯვებაა. იგი რეგიონის განვითარებასა და კეთილდღეობას და მსოფლიო ეკონომიკის აღდგენას შეუწყობს ხელს.
3. ცოტა ხნის წინ ჩინეთის კომპარტიის მე-19 მოწვევის ცენტრალური კომიტეტის მე-5 პლენარული სხდომა გაიმართა, რამაც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს სხდომა და რა შედეგები მოჰყვა მას?
- 26-29 ოქტომბერს, პეკინში ჩინეთის კომპარტიის მე-19 მოწვევის ცენტრალური კომიტეტის მე-5 პლენარული სხდომა გაიმართა, რომელმაც „ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ ნაციონალური ეკონომიკისა და სოციალური განვითარების მე-15 ხუთწლიანი გეგმა და 2035 წლის გრძელვადიან მიზნებთან დაკავშირებული რეკომენდაციები" მიიღო. ამით 2021-2025 წწ. ჩინეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და 2035 წ. გრძელვადიანი მიზნების სტრატეგია განისაზღვრა.
ნაციონალური ეკონომიკის და სოციალური განვითარების ხუთწლიანი გეგმის შემუშავება და განხორციელება ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ქვეყნის მართვის ძირითადი ფორმაა. „მე-13 ხუთწლედში" (2016-2020 წწ.) ჩინეთს უზარმაზარი მიღწევები ჰქონდა. ძირითადი მაჩვენებლები გეგმის მიხედვით, დროულად განხორციელდა. ჩინეთის ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდის ტემპმა 6,7% შეადგინა, ხოლო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 100 ტრილიონი იუენის რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-მ 10 000 აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 55,75 მილიონმა სოფლად მოსახლემ სიღარიბეს თავი დააღწია. ჩინეთის ეკონომიკური სიძლიერე, სამეცნიერო და ტექნოლოგიური სიძლიერე და მთლიანად ეროვნული სიძლიერე ახალ დონეზე ავიდა.
„მე-14 ხუთწლედში" (2021-2025) „ასწლეულის პირველი მიზნის - ზომიერად დოვლათიანი საზოგადოების" ჩამოყალიბების შემდეგ, ჩინეთი „ასწლეულის მეორე მიზნის - ყოველმხრივ დოვლათიანი სოციალისტური თანამედროვე სახელმწიფოს" მშენებლობის გზაზე სვლას იწყებს. ასწლეულის მეორე მიზნის განხორციელება სწორედ „მე-14 ხუთწლედით" იწყება და ჩინეთი განვითარების ახალ ფაზაში შედის. ამ პლენარულ სხდომაზე „მე-14 ხუთწლედში" ქვეყნის განვითარების სისტემური და სტრატეგიული გეგმები განისაზღვრა და „ექვსი ახალი ძირითადი მიზანი" დაისახა. კერძოდ, ესენია: ეკონომიკური განვითარების ახალი შედეგების მიღწევა, რეფორმებისა და გახსნილობის მიმართულებით ახალი ნაბიჯების გადადგმა, სოციალური ცივილიზაციის დონის გაუმჯობესება, ეკოლოგიური ცივილიზაციის მშენებლობაში ახალი პროგრესის მიღწევა, ხალხის კეთილდღეობის დონის გაზრდა, ქვეყნის მმართველობის ეფექტურობის გაუმჯობესება. ამ მიზნებისა და ამოცანების სრულად შესრულება მყარ საფუძველს ქმნის, რათა 2035 წლისთვის ჩინეთი ზომიერად თანამედროვე სოციალისტური ქვეყანა გახდეს, „ასწლეულის მეორე მიზნისაკენ" სვლა გააგრძელოს და საბოლოოდ „ჩინელი ერის აღორძინების" „ჩინური ოცნება" სისრულეში მოიყვანოს.
4. ჩინეთი იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და დაამყარა ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები, რამაც მისცა სტიმული მხარეებს შორის არსებული ისტორიული და კულტურული, ასევე სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. ჩვენს ორ ქვეყანას შორის გაფორმებულია შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, დღეისათვის, ჩინეთი არის საქართველოს სამ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა შორის. საქარველოში სამჯერ გაიმართა ფორუმიც ,,ერთი გზა ერთი სარტყელი'', რომელზეც სატრანზიტო პოტენციალის ათვისებას გაესვა ხაზი. რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჩინეთისა და საქართველოს მხრიდან „ერთი სარტყელი, ერთი გზის" ერთობლივად განხორციელების კუთხით? შეუქმნა თუ არა საფრთხე ჩინეთისა და საქართველოს ბიზნეს ურთიერთობებს მსოფლიო პანდემიამ?
- 2013 წელს პრეზიდენტ სი ძინფინგის „ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივას ქართული მხარე დადებითად გამოეხმაურა და მასში აქტიურად ჩაერთო. მას შემდეგ ჩინეთ-საქართველოს შორის ამ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობამ აშკარად ნაყოფიერი შედეგები გამოიღო. საქართველოს ინიციატივითა და თაოსნობით „თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი" სამჯერ ჩატარდა, რომელის ფარგლებშიც „სარტყელისა და გზის" ინიციატივის განხორციელებისთვის არა ერთი წინადადება და რეკომენდაცია შემუშავდა.
საქართველო სრულად იყენებს თავის გეოგრაფიულ უპირატესობებს და ჩინეთთან საავტომობილო გზების, რკინიგზისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში თანამშრომლობას მუდმივად აღრმავებს, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაძლიერებას უზრუნველყოფს. გასული წლის აპრილში „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმებას" მოეწერა ხელი, რაც ორ ქვეყანას შორის სატრანზიტო ტრანსპორტირების განხორციელებისათვის უფრო მყარ პოლიტიკურ საფუძველს ქმნის.
ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ყველაზე გამორჩეული შედეგს სწორედ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება წარმოადგენს. ეს არის პირველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც ჩინეთმა ევრაზიის სივრციდან სხვა ქვეყანასთან გააფორმა. მან ჩინეთ-საქართველოს შორის ვაჭრობის მნიშვნელოვნად განვითარებას შეუწყო ხელი და თან რეგიონში მისაბაძ მაგალითად იქცა. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წყალობით, ჩინეთ-საქართველოს ორმხრივმა ვაჭრობამ წლევანდელი ეპიდემიის შედეგად გამოწვეული არახელსაყრელი ფაქტორები დაძლია და ისეთ პოზიტიურ შედეგებს მიაღწია, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობის სტაბილური ზრდა, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა და სავაჭრო დეფიციტის მნიშვნელოვანი შემცირება.
ორ ქვეყანას შორის ტურიზმის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში თანამშრომლობა ღრმად ვითარდება და შედეგებს იძლევა. ორ ქვეყანას შორის მეგობრობის იდეას უფრო მეტი ადამიანი ემხრობა. ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ უპირატესობებს და მისი მხრიდან ეკონომიკური გლობალიზაციისა და ვაჭრობის ლიბერალიზაციის აქტიურ მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩინური მხარე მზად არის გააგრძელოს საქართველოსთან პოლიტიკური კოორდინაცია, გაზარდოს თანამშრომლობის გახსნილობის დონე, დადებითი მხარეებით ერთმანეთის შევსება და „სარტყელისა და გზის" თანამშრომლობის გაღრმავების გზით, ჩინელი და ქართველი ხალხისათვის მეტი კეთილდღეობის მოტანა.
კოვიდ-19-ის ეპიდემია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდი გლობალური გამოწვევაა, რამაც ჩინეთ-საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზეც იქონია გავლენა. თუმცა მოხარულები ვართ, რომ ორივე მხარე აქტიურად განაგრძობს კომუნიკაციას და დროებით სირთულეებს ერთად უმკლავდება. ჩინური კომპანიები სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებენ. სხვა სფეროებში თანამშრომლობა ასევე შეუფერხებლად მიიწევს წინ. მე მჯერა, რომ დროებითი სირთულეები ორ ქვეყანას შორის ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის ზოგად ტენდენციას ხელს ვერ შეუშლის, განსაცდელსა და გაჭირვებაში გამობრძმედილი ორმხრივი თანამშრომლობა მომავალში უფრო გაძლიერდება და მეტ ნაყოფიერ შედეგებს გამოიღებს.
5. ზოგადად, რა ვითარებაა ამ დროისთვის ჩინეთში Covid 19-თან და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით?
- გმადლობთ, რომ ჩინეთის ეპიდსიტუაციისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართ ინტერესს იჩენთ. მოულოდნელად გაჩენილი ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის ჩინეთმა გადამჭრელი ზომები გაატარა. მძიმე განსაცდელის და სიძნელეების მიუხედავად, ჩინეთმა ეპიდსიტუაციის შემობრუნება შეძლო და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ეპიდემია შეაჩერა. ისეთი დიდი ქვეყნისთვის, როგორიც ჩინეთია, რომლის მოსახლეობაც 1,4 მილიარდია, ასეთი შედეგების მიღწევა მარტივი ნამდვილად არ არის. ამჟამად ჩინეთში ეპიდემიის მდგომარეობა ეფექტურად კონტროლდება, მაგრამ ჯერ კიდევ არის სპორადული და იმპორტირებული შემთხვევები, რაც ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის გრძელვადიან და კომპლექსურ ხასიათს ნათლად აჩვენებს. ჩინეთი აგრძელებს ეპიდემიის პრევენციასა და კონტროლს და მზად არის "საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" კონცეფციაზე დაყრდნობით მსოფლიოს ხალხებთან ერთად ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად.
კოვიდ-19-ის ეპიდემიის ზეგავლენისა და რთული და მძიმე საშინაო და საგარეო მდგომარეობის ფონზე, ჩინეთის მთავრობამ ეპიდემიის პრევენციასა და კონტროლს და ეკონომიკურ-სოციალურ განვითარებას მეცნიერული კოორდინაცია გაუწია და წარმოებისა და ცხოვრების რეჟიმის აღდგენას ეფექტურად შეუწყო ხელი. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა კლებიდან ისევ ზრდაზე გადავიდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.7% -ით გაიზარდა. ცალკეული კვარტლის მონაცემები კი შემდეგნაირად გამოიყურება, პირველ კვარტალში ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ით, ხოლო მეორე კვარტალში 3.2%-ით შემცირდა, მესამე კვარტალში კი 4.9%-ით გაიზარდა. პირველ სამ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკური ზრდა სრულად ცხადყოფს, რომ ეკონომიკის აღდგენამ დადებითი შედეგები გამოიღო და ჩინეთის ეკონომიკის მდგრადობასა და სიცოცხლისუნარიანობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ჩინეთი პროგრესთან ერთად შეინარჩუნებს სტაბილურობას, გააღრმავებს რეფორმებს, უზრუნველყოფს ხალხის საარსებო პირობებს, ყოველმხრივ გააფართოვებს გახსნილობას, ხელს შეუწყობს ღია მსოფლიო ეკონომიკის მშენებლობას, რათა ბიძგი მისცეს მსოფლიო ეკონომიკის აღდგენას.
ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკისა და ევექსი კლინიკების პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დღეიდან, ლიბერთის მომხმარებლები - კერძოდ სოციალურ...

საქართველოს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დელეგაცია ეწვევა
ჩეხეთის რესპუბლიკა აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერ...

ევროკავშირმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 30 ავტომობილი გადასცა
693,000 ევროს (2,700,000 ლარის) ღირებულების ავტომა...

ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
დღეს ლიბერთი ბანკსა და ნიუ ვიჟენ დაზღვევას შორის პ...