სპეციალური ოპერაციების კომპონენტის საჩვენებელი სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 14 სექტემბერი 2020 13:03

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ ერთობლივი საჩვენებელი სწავლება - კონტრტერორისტული ოპერაცია - რეიდი ვაზიანის სასწავლო ბაზაზე ჩატარდა. ამის შესახებ თავდაცვის უწყების პრეს-სამსახური იუწყება.

მათი ინფორმაციით, სპეცოპერაციების ძალების ქვედანაყოფების უსაფრთხოებას სნაიპერული ჯგუფები, ხოლო ჰაერიდან - ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენები „აპაჩი“ უზრუნველყოფდნენ, სამედიცინო ევაკუაცია კი, ამერიკულმა მედევაკმა „შავმა ქორმა“ განახორციელა. სწავლებაში ჩართული იყო ქართული წარმოების ჯავშანმანქანა „მეომარი“ და პოლონეთის შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა „ოშკოში“.

საჩვენებელი სწავლება ამერიკული „აპაჩების“ მიერ მოწინააღმდეგე მხარის საგუშაგო პოზიციების განადგურებით დაიწყო, რის შემდეგაც ქართველი და პოლონელი სამხედროებით დაკომპლექტებული სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები საბრძოლო ჯავშანმანქანებით ობიექტზე შევიდნენ და შენობაზე იერიში განახორციელეს. ერთობლივი ოპერაციის შედეგად სპეციალური ძალების ქვედანაყოფებმა პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურეს. 

სცენარის მიხედვით, კონტრტერორისტული ოპერაციის დროს ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, რომელსაც ადგილზევე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება. კვალიფიციური სამედიცინო დახმარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების მიზნით კი, დაჭრილი სამხედროს ევაკუაცია საველე ჰოსპიტალში ამერიკული მედევაკით „შავი ქორი“ განხორციელდა.

წაკითხულია 75 ჯერ

Related items

  • გაერთიანებული ძალების მხარდაჭერის ოპერაცია C-130 თვითმფრინავებით

    „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ოფიციალურ გახსნამდე, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ქვედანაყოფებმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება გამართეს. ამის შესახებ თავდაცვის უწყების ადმინისტრაცია იუწყება.

    მათი ინფორმაციით, დესანტირების გადმოსხმის ოპერაციას ადგილზე დააკვირდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი როჯერ კლუტიე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი, ასევე სწავლების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. 

    აშშ-ის ევროპული სარდლობისა და საჰაერო ძალების ევროპული სარდლობის 173-ე სადესანტო ბრიგადის, 91-ე საკავალერიო პოლკისა და I ესკადრონის ორი ასეულის ზომის ქვედანაყოფმა პირველად რეგიონში სწრაფი რეაგირების ძალების გადმოსროლის წვრთნა ჩაატარა.

    დესანტირების გადმოსხმის ოპერაციის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქვეყნებს შორის არსებულ უნიკალურ ნდობაზე გაამახვილა. „მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო ის შესანიშნავი პარტნიორობა, რომელიც ჩვენ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, სამხედროებთან ერთად გაგვაჩნია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გამოიცადა. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს უნიკალური ნდობა. წლევანდელი სწავლება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სწორედ ამ ურთიერთობას. ეს სწავლება ემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის უკვე არსებული სტრატეგიული ურთიერთობების გამყარებას, გაძლიერებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროებისთვის ეს სწავლება უნიკალური შესაძლებლობა თავსებადობის კიდევ უფრო გაზრდისთვის და კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ნატოს წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს მისწრაფებას გავხდეთ ევრო-ატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. 

    საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება აშშ-ის ევროპული სარდლობისა და საჰაერო ძალების ევროპული სარდლობის ოთხი ერთეული C-130 ჰერკულესის ტიპის თვითმფრინავით განხორციელდა. C-130 თვითმფრინავები ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე რუმინეთიდან, მიჰაილ კოგელნიჩენუს საჰაერო ბაზიდან შავი ზღვის გავლით შემოვიდა. სცენარის მიხედვით, მედესანტეებმა სამხედრო აეროდრომის დაკავების ოპერაცია ჩაატარეს შემდგომში მომყოლი მოკავშირე მრავალეროვნული ძალების მიღებისა და მათ მიერ აეროდრომის დაკავების მიზნით.

  • მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ 7-18 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება

    მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ 7-18 სექტემბრის ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. ამის შესახებ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ განაცხადა.

    მისივე თქმით, „ძალა პარტნიორობაშია“ - ამ მთავარი გზავნილით წელს საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“ უკვე მეხუთედ უმასპინძლებს.

    სექტემბერში დაგეგმილი მრავალეროვნული სწავლების შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა „არმიჰოლში“ საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და დიპლომატიური კორპუსისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის სწავლების მიზნებისა და ამოცანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

    საინფორმაციო ბრიფინგზე სიტყვით სწავლების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძეც გამოვიდა და მოწვეულ სტუმრებს „ღირსეული პარტნიორი 2020-ის“ სასწავლო საკითხები და საბოლოო შედეგები, წვრთნების ძალთა სტრუქტურა, მონაწილე ქვეყნების ქვედანაყოფები და ჩართული ტექნიკა გააცნო. ბრიფინგის შემდეგ, სწავლების დეტალებზე მედიის წარმომადგენლებს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე ესაუბრა.

    „ღირსეული პარტნიორი 2020“ 7-18 სექტემბრის ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. წლევანდელი სწავლების მიზანია საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. მრავალეროვნულ წვრთნაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა, სწავლებაში ჩართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა. მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, ასევე სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური