ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 სექტემბერი 2020 15:05
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა, რომლის წევრებიც არიან - ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა​, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთანებული სამეფო და აშშ - ერთობლივი განცხადება გააკეთეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო ინტერვენციიდან 12 წლის შემდეგ, ისინი არიან უკიდურესად შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით და ხაზს უსვამენ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისი სამართლის პატივისცემის საფუძველზე. ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მეგობართა ჯგუფის წევრები შეშფოთებული არიან საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების, მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის, ასევე რუსეთის სამხედრო წვრთნების ზრდისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო. განცხადებაში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება რუსეთისა და ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების გახშირებულ პროვოკაციებთან დაკავშირებით, გლობალური პანდემიის პირობებში. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვასა და ე.წ. გადასასვლელების ხანგრძლივ დახურვაზე, რაც იწვევს ვითარების დესტაბილიზებას და მკვეთრად უარყოფითი გავლენა აქვს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე, განსაკუთრებით ახალგორისა გალის რაიონებში. მეგობართა ჯგუფმა განაცხადა, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, მოქალაქეებს ადგილობრივებს არ აქვთ წვდომა სასიცოცხლოდ აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე, რის გამოც, გასული წლის მანძილზე არაერთი ადამიანი დაიღუპა. მეგობართა ჯგუფის წევრები განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის დაჭრისა და დაკავების გამო, ხაზს უსვამენ დაკავებულთან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელთა დაუბრკოლებელი დაშვების აუცილებლობას და ზაზა გახელაძის, ასევე, სხვა უკანონო დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლების საჭიროებას. ჯგუფი ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთის სამხედრო ბაზაზე დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეს. მეგობართა ჯგუფი ასევე გმობს საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელს, არ შეუშალოს ხელი დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. ჯგუფის წევრები მხარს უჭერენ საქართველოს მიერ პრევენციული ზომების გატარებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის განცდის აღმოფხვრასა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობას. ამ კონტექსტში, ისინი აღნიშნავენ საქართველოს მთავრობის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღებას. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯგუფის წევრები მიესალმებიან საქართველოს მიერ ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებასა და საქართველოს ცალმხრივ ერთგულებას მიერ ძალის არ გამოყენების თაობაზე ცალმხრივად აღებულ ვალდებულებაის მიმართ და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, გადადგას საპასუხო ნაბიჯი, დაადასტუროს და შეასრულოს ვალდებულება საქართველოს წინააღმდეგ ძალის არ გამოყენებასთან დაკავშირებით. ჯგუფი მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს და ხაზს უსვამს ამ ფორმატებში პროგრესის მიღწევის აუცილებლობას. ეუთო-ს მონაწილე ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და დაყოფილ ხალხთა შორის კონტაქტებისა და ნდობის ხელშეწყობას. ისინი მიესალმებიან პროგრამის საწყის ეტაპზევე მიღწეულ შედეგებს, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტების და მცირე გრანტების პროგრამის ამოქმედებას გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წასახალისებლად, რამაც უკვე აღძრა მაღალი ინტერესი ადგილობრივ მოსახლეობაში. ასევე, მიესალმებიან უკეთესი მომავლის სამშვიდობო ფონდის შექმნას და გამოთქვამენ მზადყოფნას მხარი დაუჭირონ მის იმპლემენტაციას. ჯგუფის წევრებმა დაადასტურეს, რომ „განაგრძობენ ინფორმაციის მიღებას კონფლიქტის და ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ, რუსეთს მოსთხოვენ ვალდებულებების შესრულებას და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას უჭერენ მხარს“. წყარო: https://mfa.gov.ge/News/euto-shi-saqartvelos-megobarta-jgufma-ruset-saqart.aspx?lang=ka-GE
წაკითხულია 225 ჯერ

Related items

  • ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით
    ორშაბათს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ექვს მოსამართლეს, მიუხედავად ევროკავშირის მოწოდებისა მომხდარიყო დანიშვნის პროცესში პაუზის გაკეთება და ამ პროცესის გადახედვა, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) ახლახან თავის შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა კანდიდატების წარდგენის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით.
    დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს, რომელთა თანახმად უნდა გაკეთდეს პაუზა ყველა მიმდინარე დანიშვნასთან დაკავშირებით, სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და ზოგადად გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმის პროცესში.
    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ასევე არის საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებული წინაპირობა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.
    ამიტომ ეს კენჭისყრა საქართველოს ხელისუფლებისთვის არის დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რეფორმის მიმართ თავისი ერთგულების დამტკიცებისთვის. ეს მოვლენები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შემცველია.
    ევროკავშირი ღიაა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის უმაღლეს დონეზე, რათა განიხილოს სასამართლო სისტემის რეფორმა და მომავალი ქმედებები ამ მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებების კონტექსტში.
  • საქართველოს ეუთოს გენერალური მდივანი ეწვევა

    2021 წლის 14-16 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახაბერ კუჭავასთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, თეა ახვლედიანთან.
    საქართველოში ყოფნისას, ჰელგა შმიდი ეწვევა საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთს და მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაში. იგი ასევე მონაწილეობას მიიღებს საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ციცაგიანთკარში, წყლის მომარაგების პროექტის ინაუგურაციის ღონისძიებაში.

  • ჩვენ მნიშვნელოვანი დახმარება უნდა გავუწიოთ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას - ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე

    “საქართველო ეუთოს ძლიერი პარტნიორია კონფლიქტების მოგვარების საკითხში, ასევე უსაფრთხოების დაცვის კუთხით ეუთოს 3 განზომილების ფარგლებში. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა დღეს შევხვდე სხვადასხვა წამყვან ფიგურებს, მათ შორის ჩემს კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრს“ - ამის შესახებ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, როგორც შვედმა დიპლომატმა აღნიშნა, საქართველომ და ეუთომ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ჩამოყალიბებაში. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ მნიშვნელოვან ძალისხმევაში საქართველოს მუდმივი და კონსტრუქციული მონაწილეობის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა.

    როგორც ან ლინდემ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა,  რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობა  შვედეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, გზები, რითიც ორგანიზაციას შეუძლია დაეხმაროს საქართველოს, ასევე იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს ეუთოს ჩართულობა კონფლიქტის მოგვარების საკითხში. ეს გახლავთ ეუთოს ძირითადი პრიორიტეტი, ჩემთვის როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისთვის.“- განაცხადა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

    მისივე თქმით, ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები ეუთოს პრინციპებისა და ვალდებულებებისადმი ერთგულების, ასევე დიალოგისა და ჩართულობის გზით უნდა მოგვარდეს. „ეუთო დიდი ხანია მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში. ეუთო აქტიურადაა  ჩართული ჟენევის მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში. ვიმედოვნებთ, რომ შეგვიძლია მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიოთ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, წარვადგინოთ დიალოგისა და კონფლიქტის დეესკალაციისთვის საჭირო ინსტრუმენტი და გავაძლიეროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები.“- აღნიშნა ან ლინდემ.

    შვედი დიპლომატის შეფასებით, აღნიშნულ სამუშაოში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე, ანიკა სოდერი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის პირველი დიპლომატი შეხვედრებს  ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან.
     
    ვიზიტის ფარგლებში, ან ლინდე  ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს.

  • საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს

    საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და გერი კონოლიმ წარმომადგენელთა პალატაში კვლავ წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი.

    როგორც წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კანონპროექტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაგრძელებას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კუთხით და მტკიცედ ადასტურებს აშშ-ის წინააღმდეგობას რეგიონში რუსეთის აგრესიის მიმართ.

    დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთი აღვივებს არეულობას, დახმარებას უწევს სეპარატისტულ მოძრაობებს და სჩადის ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის, დაკავებებსა და მკვლელობებს. რუსული ძალები განაგრძობენ სამოქალაქო თემების შევიწროებას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ და აფერხებენ იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების უფლებას. საქართველოს მხარდამჭერი აქტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ზემოაღნიშნულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი ან მათთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებით.

    „უკვე 12 წელზე მეტი გავიდა, რაც რუსული ძალები შეიჭრნენ და მოახდინეს საქართველოს მიწების ოკუპაცია. თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევების პირობებშიც კი, საქართველო დაუღალავად მუშაობდა დემოკრატიის განვითარებისა და თავისი ხალხის დამოუკიდებლობისთვის. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელახლა წარვადგენთ ამ კანონპროექტს. მე, როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მტკიცედ ვდგავარ ჩვენი ქართველ მეგობრების გვერდში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, კონგრესმენ კონოლის, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსადმი თავდადებისთვის“, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.

    კონგრესმენ კონოლის თქმით, დოკუმენტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს პარტნიორობას.

    „მეამაყება, რომ კვლავ წარვადგენ საქართველოს მხარდამჭერ აქტს, რომელიც განამტკიცებს აშშ-საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას მსოფლიოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილში. ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიული განვითარების გაგრძელებასა და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რუსული აგრესიის პირობებში. როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მოხარული ვარ, რომ მოცემული დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ საქართველო დიდი ხანია ნატოს ასპირანტი ქვეყანაა“, – განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ.

    დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში საქართველოსთან პროგრესს უნდა მიაღწიოს.

    წყარო: https://1tv.ge/news/ashsh-is-warmomadgenelta-palatashi-adam-kinzingerma-da-geri-konolim-saqartvelos-mkhardamcheri-aqti-waradgines/

  • დავით ზალკალიანი ეუთოს მინისტრთა საბჭოს 27-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

    მინისტერილიაზე სიტყვით გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ რთულ ვითარებაზე და ეუთოს რეგიონში არსებული გამოწვევების დასაძლევად ეუთოს ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელობაზე.
    „გლობალური პანდემიის  დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ეუთოს ტერიტორიაზე არსებულმა კონფლიქტებმა მოწყვლადი საზოგადოებები განსაკუთრებით რთულ პირობებში ჩააყენა. სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვხედავთ ჰელსინკის დასკვნით აქტსა და პარიზის ქარტიაში წარმოდგენილი პრინციპების უხეშ დარღვევას. საგანგაშოა, რომ ეუთოს ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო - რუსეთის ფედერაცია - კვლავ განაგრძობს დესტრუქციულ და აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და უკრაინაში.“ - განაცხადა მინისტრმა.
    ზალკალიანმა შეხვედრის მონაწილეების ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ქმედებებზე, ასევე ოკუპაციის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ რთულ გამოწვევებზე; ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლები, ფაქტობრივად იქცნენ ამ უკანონო პოლიტიკის მძევლებად; კვლავ გრძელდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვა, უკანონო დაკავებები და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებისა და დამკვირვებელთა მექანიზმების არსებობის  მნიშვნელობას.
    „რამდენიმე დღის წინ, რუსეთსა და  ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის, ე.წ.  ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის მიღება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რუსეთის მცდელობებს, მოახდინოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების მის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემებში სრულად გაერთიანება.“ - განაცხადა მინისტრმა.
    ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  საქართველო არ იშურებს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე პროგრესის მისაღწევად და მუდმივად აწარმოებს შერიგების და ნდობის აღდგენის პოლიტიკას. ამასთან, აღინიშნა, რომ  საქართველომ სრულად შეასრულა ევროკავშირის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და მრავალჯერ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულება. ხაზი გაესვა, რომ  საქართველო აღნიშნულთან დაკავშირებით, კვლავ ითხოვს რუსეთის მხრიდან საპასუხო ვალდებულების აღებას.
    „კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების საფუძველი, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაში მდგომარეობს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები და დაუშვას ადამიანის უფლებათა დაცვისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები ორივე რეგიონში, გაიყვანოს სამხედრო ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან და დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები.“ - განაცხადა ზალკალიანმა.
    საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მხრიდან გააქტიურებულ, როგორც ჰიბრიდულ ომზე, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ფართომასშტაბიან კამპანიაზე, ისე გახშირებულ კიბერთავდასხმებზე საქართველოს მთავრობის, სასამართლო სისტემის, მედიისა და კერძო სექტორის წინააღმდეგ. ხაზი გაესვა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის - რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის დისკრედიტირების მიზნით, მის წინააღმდეგ რუსეთის მიერ მიმდინარე მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას.
    გასმოსვლის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ყველა არსებული სირთულის მიუხედავად, საქართველო დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე მტკიცედ დგას და ერთგულად ახორციელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
    „ცოტა ხნის წინ, საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა, როგორც კონკურენტუნარიანი, სადაც მთლიანობაში ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.“ - აღნიშნა ზალკალიანმა.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური