ანაკლიის პორტის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ მიმართული კამპანიის დეტალები ცნობილია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2020 15:49

მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი პროექტის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა, რამაც საქართველოს ეკონომიკური სარგებელი დააკარგინა

თბილისი, საქართველო, 2020 წლის 9 სექტემბერი - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ (ADC) დღეს გააზიარა დამატებითი დეტალები საქართველოს მთავრობის კამპანიის შესახებ, რომელიც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმართული იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის გასაჩერებლად - ახდენდა რა პოტენციური ინვესტორების, დამფინანსებლების, კონტრაქტორებისა და მომწოდებლების დემოტივირებას.

კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს სახელით შემდეგი განცხადება ვრცელდება:

ასეთი მასშტაბის ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს სჭირდება მთავრობის მხარდაჭერა; კერძოდ, ინვესტორებისა და ფინანსური ინსტიტუტების წახალისება, მხარდაჭერა ნებართვებისა და სავალდებულო თანხმობების მოპოვებაში, განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმი და სხვა; ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ასევე - მიწის გამოყოფა და გზითა და რკინიგზით უზრუნველყოფა. მსოფლიო ეკონომიკაში იშვიათია შემთხვევა, რომ მთავრობამ ოპონირება გაუწიოს მის მიერვე დამტკიცებულ პროექტს.

საქართველოს მთავრობის კამპანიამ, რომლითაც კონსორციუმს ხელი შეუშალა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში,  მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას და მის როლს რეგიონში.

საქართველოს მთავრობის კონკრეტულ ქმედებებს თუ გადავხედავთ, ეს არის მიზანმიმართული და კარგად ორკესტრირებული კამპანია პროექტის წინააღმდეგ, რომელსაც თავდაპირველად მთავრობა თვითონ უჭერდა მხარს, თუმცა შემდეგ მისი განადგურება გადაწყვიტა - მმართველი პარტიისა და მისი ლიდერების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გავლენით.

მთავრობამ სხვადასხვა არგუმენტები გამოიყენა პროექტში ჩართული სხვადასხვა  ინვესტორის, დამფინანსებლისა თუ პარტნიორის მიმართ, თუმცა, მისი მიზანი იყო ერთი: დაეფრთხო ყველა, ვისაც შეიძლებოდა ჰქონოდა ინტერესი პროექტთან მიმართებაში და ამით დაესვა წერტილი პროექტისთვის.

ეს მხოლოდ დამთხვევაა, რომ მინისტრები (და მათ შორის ორი პრემიერ-მინისტრიც), რომლებმაც გააჟღერეს თავიანთი მხარდაჭერა პროექტის მიმართ ან გამოთქვეს წუხილი პროექტის ირგვლივ წარმოშობილ წინააღმდეგობებზე, მალევე გადადგნენ ამგვარი განცხადებების გაკეთებიდან?

მთავრობის ქმედებების გამო საქართველოსთვის მიყენებული ზიანი გაცილებით დიდია, ვიდრე ანაკლიის პორტისა და მასთან ასოცირებული სპეციალური ეკონომიკური ზონის დანაკარგები. მთავრობის ქმედებები აფრთხობს უცხოელ ინვესტორებს - მაშინ, როცა საქართველოს ჰაერივით სჭირდება უცხოური ინვესტიციები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2019 წელს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 2017 წელს არსებული, თითქმის 2 მილიარდიდან, 1.3 მილიარდამდე შემცირდა ; 2020 წლის პირველ კვარტალში კი მხოლოდ 171.8 მილიონს შეადგენდა[1]. ეს არის კატასტროფული ვარდნა, თანაც კოვიდ-19-ით გამოწვეულ კრიზისამდე. როგორც ევროპული პოლიტიკური ანალიზის ცენტრის წარმომადგენელმა, აშშ-ის გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა, „მთავრობამ მხოლოდ თავისი თავი უნდა დაადანაშაულოს“[2].   

ზოგიერთი მაგალითი, თუ როგორ ცდილობდა მთავრობა კონსორციუმისა და ანაკლიის პორტის პროექტის მოხრჩობას:

2017 წლის ნოემბერი

  • ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კონსორციუმთან შეხვედრა ითხოვა ანაკლიის პორტის პროექტის განსახილველად და განაცხადა, რომ ფოთის პორტის გაფართოებით იგივე მიზნის მიღწევა შეიძლებოდა გაცილებით ნაკლები დანახარჯით.

2018 წლის ივნისი

  • ქართული ოცნების 12 ივნისის კრებაზე, რომელსაც პარტიის 100-ზე მეტი ოფიციალური პირი ესწრებოდა, პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაადანაშაულა პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიის პორტის მხარდამჭერ მოქმედებებში და ახლო კავშირში კონსორციუმის ინვესტორ მამუკა ხაზარაძესთან. ბატონი კვირიკაშვილი ამ შეხვედრიდან მეორე დღეს თანამდებობიდან გადადგა. 

2018 წლის ოქტომბერი

  • 2019 წლის თებერვალში კონსორციუმისთვის ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის ოქტომბერში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თბილისში, გიორგი გახარიამ (მაშინდელმა შსს მინისტრმა) აშშ ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არ იყო საქართველოს ინტერესებში.

2019 წლის იანვარი

  • SSA Marine-მა, რომელიც ანაკლიის პორტის ოპერატორად იყო შერჩეული და ასევე პროექტის პოტენციურ ინვესტორს წარმოადგენდა, კონსორციუმს აცნობა იმ საფრთხის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა სავარაუდოდ ფოთის პორტის გაფართოებას უჭერდა მხარს (2013-2014 წლებში საქართველოს მთავრობის დაკვეთით განხორციელებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფოთი ვერ დააკმაყოფილებდა საქართველოსთვის საჭირო ღრმაწყლოვანი პორტის კრიტერიუმებს, ამიტომაც მაშინ თვითონვე აირჩია საქართველოს მთავრობამ ანაკლია. მოგვიანებით კი მთავრობამ მიდგომა შეცვალა და მისი მხრიდან ფოთის გაფართოების თაობაზე გამოხატული მხარდაჭერა გახდა მკაფიო სიგნალი საინვესტიციო წრეებისთვის, რომ მთავრობა არ უჭერდა მხარს ანაკლიას).  

2019 წლის თებერვალი

  • ევროპის ერთ-ერთმა სუვერენულმა ბანკმა (development bank) კონსორციუმს აცნობა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ ვეღარ დააფინანსებდა პროექტს - მთავრობის ნეგატიური ქმედებებისა და ფოთისკენ გადახრილი მხარდაჭერის გამო.

2019 წლის თებერვალი

  • ევროპის მეორე სუვერენულმა ბანკმაც განუცხადა ADC-ს, რომ მისი პარტნიორი ინსტიტუტის მსგავსად, ისიც უარს ამბობს პროექტში მონაწილეობაზე - ზემოხსენებული მიზეზით, ვინაიდან სახელმწიფომ აშკარად შეცვალა მისი მხარდაჭერა ანაკლიიდან ფოთის მიმართულებით.

2019 წლის მარტი

  • ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში მინისტრის მოსმენაზე, ძირი გამოუთხარა SSA Marine-ს, როგორც პოტენციურ ინვესტორსა და პორტის ოპერატორს, როდესაც განაცხადა, რომ კომპანიას არ გააჩნდა გამოცდილება და ფინანსური შესაძლებლობები. ეს მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ასევე დაარღვია საინვესტიციო ხელშეკრულებით განსაზღვრული კონფიდენციალურობის ვალდებულებები.

2019 წლის აპრილი

  • SSA Marine-მა შეატყობინა ADC-ის, რომ ის აჩერებდა აქტივობებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით.

2019 წლის აპრილი

  • ბატონმა გიორგი ქობულიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, განაცხადა “Forbes Week”-ში, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული უარყოფითი საჯარო და მედია განცხადებები ნეგატიურ გავლენას იქონიებდა ბიზნეს გარემოზე საქართველოში. აღნიშნული ინტერვიუს შემდგომ ის რამდენიმე დღეში გადადგა.

2019 წლის მაისი

  • ამერიკულმა დიდმა კერძო საინვესტიციო კომპანიამ, რომელიც მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე იყო ADC-სთან, რათა მონაწილეობა მიეღო პროექტში, განუცხადა ADC-ის, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა კომპანია გააფრთხილეს, რომ ისინი განზე გამდგარიყვნენ პროექტიდან.

2019 წლის ივნისი

  • პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, აშშ-ში სავაჭრო ვიზიტის დროს, ვაშინგტონში ცალ-ცალკე შეხვდა SSA Marine-ის, აშშ-ის კერძო საინვესტიციო ფირმის ხელმძღვანელობას, რომელიც დაინტერესებული იყო პროექტში ინვესტიციით, და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს. პრემიერ მინისტრთან გვერდით მდგომმა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ, გამოხატა მხარდაჭერა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით და განაცხადა რომ „ეს გააძლიერებს საქართველოს კავშირებს თავისუფალ ეკონომიკასთან და არ მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ“. საქართველოში დაბრუნებისთანავე, ბატონმა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა, რამაც პროექტი კვლავ ჩააყენა გაურკვეველ მდგომარეობაში. 

2019 წლის სექტემბერი

  • თბილისში გამართულ შეხვედრაზე, ჰონგ კონგში დაფუძნებულ უმსხვილეს კერძო საინვესტიციო ჯგუფს, რომელსაც გააჩნია ცენტრალური აზიის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო სინერგია, და რომელიც განიხილავდა პროექტში შემოსვლას, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ცქიტიშვილმა მკვახედ უთხრა, რომ მთავრობას არ სურდა მათი მონაწილეობა პროექტში. ამავე შეხვედრაზე ქალბატონმა ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის აშკარა წინააღმდეგობა SSA Marine-ის პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

2019 წლის სექტემბერი

  • გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის ვიცე სპიკერმა, იცრუა როდესაც თქვა რომ ჰონგ კონგში დაფუძნებული კერძო საინვესტიციო ჯგუფი არის „რუსული კომპანია“, რაც მიზნად ისახავდა, დაემცირებინა ეს კომპანია ან გამოეწვია შემდგომი დაბნეულობა მთავრობის პოზიციასთან დაკავშირებით პროექტის მიმართ.

2019 წლის სექტემბერი

  • ADC-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან შეხვედრისას პრემიერ მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ „საკითხები უნდა დაცხრეს“, მანამ სანამ ის შეძლებს დაარწმუნოს დიდი პოტენციური ამერიკული ინვესტორი, რომ სახელმწიფო მხარს უჭერს ანაკლიის პროექტს, რაც საბჭოს წევრის მიერ აღქმულ იქნა, რომ ეს იყო პირობა, რომ ADC-ისა და ბატონ ხაზარაძეს შეეწყვიტა მთავრობის საჯაროდ კრიტიკა, ხოლო მთავრობა ADC-ის კრიტიკას შეწყვეტდა.
  • ასევე, იგი სამეთვალყურეო საბჭოს დაპირდა, რომ მთავრობა მისცემდა მას ამერიკული ინვესტორისთვის „მხარდაჭერის წერილს“, რაც არასდროს განხორციელებულა, მიუხედავად იმისა, რომ ADC დათანხმდა მთავრობის მოთხოვნას.   

2019 წლის სექტემბერი

  • აშშ-ის დელეგაცია (რომელიც მონაწილეობას იღებდა მაკკეინის ინსტიტუტის მიერ დასპონსორებულ მე-5 ყოველწლიურ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე) შეხვდა პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს. დელეგაციის წევრებმა ბატონ ხაზარაძეს უთხრეს, რომ პრემიერ მინისტრმა გახარიამ მათ უთხრა, რომ ანაკლიის პროექტი არ იყო კომერციულად მომგებიანი, რაც სინამდვილეში ასე არ არის.

2019 წლის ოქტომბერი

  • ფადი ასლიმ, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავჯდომარემ საქართველოში, განაცხადა მედიაში, რომ „არავინგანახორციელებს ინვესტირებას ანაკლიის პროექტში, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს სურს მისი განადგურება“.

ზემოთ თქმული არის მხოლოდ ნაწილი იმ შემთხვევებისა, სადაც საქართველოს მთავრობა აქტიურად უთხრიდა ძირს პროექტს და ADC-ის მიერ პროექტის განვითარებას. ADC ყველა მტკიცებულებას წარადგენს საარბიტრაჟო დავაში, რათა დაადასტუროს რა ნაბიჯები გადადგა მთავრობამ აღნიშნულის განსახორციელებლად.

შემდგომი დეტალები ანაკლიის პროექტის და ADC-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: http://anakliadevelopment.com

 

წაკითხულია 540 ჯერ

Related items

  • ოქრიაშვილი ივანიშვილს: „ნებაყოფლობით კი არ ასრულებთ, ამ თორმეტივე პუნქტს ქართველი ხალხი შეგასრულებინებთ და მოგისვრით საქართველოს ხელისუფლებიდან“!

    საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ივანიშვილმა გამოაგორა კობახიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მის მიერ გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა კი არა, საქართველოში ბორტნიკოვის ჩამოსვლაც არ არის პრობლემა, - რომ ჩვენი მტრის, ოკუპანტი რუსეთის უშიშროების ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კონტაქტები, შეხვედრები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, არალეგალური, ფარული შეთანხმებები ღალატი კი არა, ჩვეულებრივი ამბავია.

    მეტი რა აქვთ სათქმელი მოღალატეებს?! 

    „ოცნებას“ საკუთარმა კვლევებმა უჩვენა, რომ მოსახლეობაში მხარდაჭერას კარგავენ, რადგან 90 %-ს მტკიცედ სურს ევროკავშირის წევრობა, ხოლო კობახიძემ, მისმა პატრონმა ივანიშვილმა და მათმა ბანდამ, რომელმაც ხელისუფლება 2020 და 2021 წლებში გაყალბებული არჩევნებით მიითვისა, საქართველო რუსეთის უკანა ეზოდ აქციეს. ასევე, უარი თქვეს შარლ მიშელის 6-პუნქტიან დოკუმენტზე, რაც პრაქტიკულად, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12-პუნქტიანი გეგმის ფუნდამენტია და ახლა სახეზეა „პლასტინკის“ გადატრიალება.

     უკრაინაში პუტინისტური რუსეთის დამარცხებების და საქართველოს მოსახლეობაში მხარდაჭერის კარგვის ფონზე, დღეს „ოცნებამ“ მეორე განცხადებაც შემოგვთავაზა - არჩევნებს ელექტრონულად ჩავატარებთ და ევროკავშირის 12 პუნქტსაც შევასრულებთო. ნებაყოფლობით კი არ ასრულებთ, ამ თორმეტივე პუნქტს  ქართველი ხალხი შეგასრულებინებთ და მოგისვრით საქართველოს ხელისუფლებიდან!

    ელექტრონული არჩევნები არ ნიშნავს სამართლიან არჩევნებს და ეს მხოლოდ ერთი პუნქტია უდიდესი რეფორმის ჩამონათვალში. ელექტრონულ არჩევნებში ჩვენს მილიონამდე ემიგრანტსაც უნდა ჰქონდეს როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად, ფოსტით და ელექტრონული მოწყობილობებით მონაწილეობის საშუალება. შეგახსენებთ, ჩვენი ემიგრანტების მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხების ოდენობა ჩვენი მშპ-ს დაახლოებით 15 %-ია. საქართველოს მშპ 17 მილიარდი დოლარია, ემიგრანტები კი ყოველწლიურად 2,5 მილიარდ დოლარს რიცხავენ, რაც მშპ-ს დაახლოებით 15 %-ს შეადგენს. ანუ, პრაქტიკულად, საქართველოს ეკონომიკის ზრდას უზრუნველყოფს სწორედ ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები. ძალიან საინტერესოა, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც წინა წლებში 2-3 % იყო, მაინც უფრო ნაკლებია, ვიდრე 15 %, ხოლო ახლა, ბოლო შვიდ თვეში, ტურიზმის აღდგენის ხარჯზე, ზრდა 10 %-ს შეადგენს.

    აქედან დასკვნა - ნორმალური მთავრობის პირობებში, 15 %-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს. მხოლოდ ამ ციფრებითაც ჩანს, თუ რა დიდი მუხრუჭია  ჩვენი ქვეყნისთვის ეს მოღალატე და უცოდინარი მთავრობა!", - ნათქვამია განცხადებაში.       

  • დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში „საქართველოს საპატენტო კანონში“ ცვლილების თაობაზე იმსჯელეს

    დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტი „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით განიხილა.

    ცვლილებების მიხედვით, ევროპულ საპატენტო განაცხადს და საქართველოში ვალიდირებულ ევროპულ პატენტს მიენიჭება იგივე იურიდიული ძალა და დაექვემდებარება იმავე პირობებს, რაც საქართველოს საპატენტო კანონის მიხედვით, ეროვნულ საპატენტო განაცხადზე და ეროვნულ პატენტზე ვრცელდება.

    საკანონმდებლო ცვლილების თაობაზე განმარტება გააკეთა და პროექტი მუხლობრივად წარადგინა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დოჭვირმა.

    მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით. კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტს და გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს მხარი დაუჭირა.

  • ჩინეთის საელჩო საქართველოში ულოცავს საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს შუა შემოდგომის დღესასწაულის დადგომას!

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს მიულოცა ჩინური შუა შემოდგომის დღესასწაულის დადგომა და ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული და წინსვლა უსურვა მთელს ქვეყანას.

    „ჭუნგციუ ძიე“ - იგივე შემოდგომის დღესასწაული, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც მთვარის კალენდრის მიხედვით, ყოველი მერვე თვის 15 რიცხვში აღინიშნება.

    ეს დღე არის ერთმანეთს მონატრებული ოჯახის წევრების გაერთიანების დღე. ამ დღეს სხვადასხვა კუთხეში გაფანტული ახლობლები იკრიბებიან და ერთმანეთს უზიარებენ დღესასწაულის სიხარულს. სავსე მთვარე და მრგვალი ფორმის მთვარის ნამცხვარი (ფუ პინგი) დღესასწაულის განუყოფელი ნაწილებია. მთვარის ნამცხვარი ოჯახის ერთიანობისა და იღბლის სიმბოლოა. გრეგორიანული კალენდრის მიხედვით, წელს „ჭუნგციუ ძიე“ 10 სექტემბერს აღინიშნება.

    „ჭუნგციუ ძიე“-სთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტრადიცია მოიცავს მთვარის ნამცხვრების დამზადებას და ჭამას: მთვარის ნამცხვრები ტკბილი მრგვალი ნამცხვრებია და მისი ასობით სახეობა არსებობს. როგორც წესი, მათ აქვთ თხილის, ნესვის, ლოტოსის, ჩინური ფინიკის, ნუშის შიგთავსი.

    ეს მდიდარი შიგთავსი ინახება ოქროსფერ-ყავისფერ საკონდიტრო ქერქში და მოხარშული კვერცხის გული დეკორატიულად მოთავსებულია ზუსტად ცენტრში. ქერქი ხშირად მორთულია სიმბოლოებით, რომლებიც დაკავშირებულია შუა შემოდგომის ფესტივალთან.

    ტრადიციულია ცამეტი მთვარის ნამცხვრის დაწყობა პირამიდაში, რაც სიმბოლოა სრული მთვარის ციკლის!

  • „ატრიალეთ „პლასტინკა“ და იყავით, თქვენი დრო ამოწურულია! - კახა ოქრიაშვილი

    საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    „დღეს და გუშინ არავის გამოპარვია ბატონი ივანიშვილის „პლასტინკის“ გადატრიალება. გუშინ ღარიბაშვილი გამოაგორა, დღეს კი სარჯველაძე, შემდეგი შინაარსის გზავნილით: ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ჩვენ მათთან ორგანულად ვართ დაკავშირებული.

    უკვე წლებია და განსაკუთრებულად ბოლო ერთი წელია, პირდაპირი გაგებით აგინებენ და შეურაცხყოფენ ჩვენს პარტნიორებს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, სენატორებს, კონგრესმენებს, ევროკავშირის წამყვან, მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებს - რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - მიშელი, ბილდტი, რიში, ფონ დერ ლაიენი, ბორელი და საქართველოსა და ქართველი ხალხის სხვა უამრავი მხარდამჭერი.

    ეტყობა, ბატონ ივანიშვილს რაღაც ახალი ესიზმრა, რომ რუსეთი აგებს ომს. საზოგადოებას კი ერთი კითხვა გვაქვს - როდემდე გაგრძელდება ამ მოღალატე, რუსეთის აგენტურით გატენილი ხელისუფლების ე.წ. პლასტინკის გადატრიალება?!

    ატრიალეთ და იყავით, თქვენი დრო ამოწურულია!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

  • ახმეტაში "ეთნო ბანაკი 2022" მოეწყო

    ახმეტაში "ეთნო ბანაკი 2022" მოეწყო. პროექტი ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციის ორგანიზებით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საქველმოქმედო ფონდისა და საცხენოსნო კლუბ "ჯარჯის" მხარდაჭერით შედგა.

    "ეთნო-ბანაკი 2022-ის" ორგანიზატორის სოფიო სტეფანიშვილის თქმით, პროექტმა წარმატებით გადაჭრა დასახული მიზნები და და მონაწილეების მხრიდან დიდი დაინტერესება და მხარდაჭერა გამოიწვია.

    "ეთნო ბანაკი 2022" წელს მესამედ მოეწყო და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. ეთნო ბანაკმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 14-დან 18 წლამდე 50 ახალგაზრდა გააერთიანა.

    მონაწილეები 3 დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტულ და ინტელექტუარ აქტივობაში იყვნენ ჩართულნი, ასევე ჩაუტარდათ ტრენინგი პროექტის წერაელსა და მართვაში.

    ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული პროექტი მომავალ წელსაც გაიმართება.  

ბიზნეს ნიუსი

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

დღეს, 26 სექტემბერს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს...

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

სარა ებოტი: “პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლ...

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

რა კრიტერიუმით შეფასდება ღვინოები საერთაშორისო კონ...

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური