ანაკლიის პორტის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ მიმართული კამპანიის დეტალები ცნობილია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2020 15:49

მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი პროექტის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა, რამაც საქართველოს ეკონომიკური სარგებელი დააკარგინა

თბილისი, საქართველო, 2020 წლის 9 სექტემბერი - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ (ADC) დღეს გააზიარა დამატებითი დეტალები საქართველოს მთავრობის კამპანიის შესახებ, რომელიც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმართული იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის გასაჩერებლად - ახდენდა რა პოტენციური ინვესტორების, დამფინანსებლების, კონტრაქტორებისა და მომწოდებლების დემოტივირებას.

კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს სახელით შემდეგი განცხადება ვრცელდება:

ასეთი მასშტაბის ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს სჭირდება მთავრობის მხარდაჭერა; კერძოდ, ინვესტორებისა და ფინანსური ინსტიტუტების წახალისება, მხარდაჭერა ნებართვებისა და სავალდებულო თანხმობების მოპოვებაში, განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმი და სხვა; ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ასევე - მიწის გამოყოფა და გზითა და რკინიგზით უზრუნველყოფა. მსოფლიო ეკონომიკაში იშვიათია შემთხვევა, რომ მთავრობამ ოპონირება გაუწიოს მის მიერვე დამტკიცებულ პროექტს.

საქართველოს მთავრობის კამპანიამ, რომლითაც კონსორციუმს ხელი შეუშალა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში,  მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას და მის როლს რეგიონში.

საქართველოს მთავრობის კონკრეტულ ქმედებებს თუ გადავხედავთ, ეს არის მიზანმიმართული და კარგად ორკესტრირებული კამპანია პროექტის წინააღმდეგ, რომელსაც თავდაპირველად მთავრობა თვითონ უჭერდა მხარს, თუმცა შემდეგ მისი განადგურება გადაწყვიტა - მმართველი პარტიისა და მისი ლიდერების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გავლენით.

მთავრობამ სხვადასხვა არგუმენტები გამოიყენა პროექტში ჩართული სხვადასხვა  ინვესტორის, დამფინანსებლისა თუ პარტნიორის მიმართ, თუმცა, მისი მიზანი იყო ერთი: დაეფრთხო ყველა, ვისაც შეიძლებოდა ჰქონოდა ინტერესი პროექტთან მიმართებაში და ამით დაესვა წერტილი პროექტისთვის.

ეს მხოლოდ დამთხვევაა, რომ მინისტრები (და მათ შორის ორი პრემიერ-მინისტრიც), რომლებმაც გააჟღერეს თავიანთი მხარდაჭერა პროექტის მიმართ ან გამოთქვეს წუხილი პროექტის ირგვლივ წარმოშობილ წინააღმდეგობებზე, მალევე გადადგნენ ამგვარი განცხადებების გაკეთებიდან?

მთავრობის ქმედებების გამო საქართველოსთვის მიყენებული ზიანი გაცილებით დიდია, ვიდრე ანაკლიის პორტისა და მასთან ასოცირებული სპეციალური ეკონომიკური ზონის დანაკარგები. მთავრობის ქმედებები აფრთხობს უცხოელ ინვესტორებს - მაშინ, როცა საქართველოს ჰაერივით სჭირდება უცხოური ინვესტიციები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2019 წელს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 2017 წელს არსებული, თითქმის 2 მილიარდიდან, 1.3 მილიარდამდე შემცირდა ; 2020 წლის პირველ კვარტალში კი მხოლოდ 171.8 მილიონს შეადგენდა[1]. ეს არის კატასტროფული ვარდნა, თანაც კოვიდ-19-ით გამოწვეულ კრიზისამდე. როგორც ევროპული პოლიტიკური ანალიზის ცენტრის წარმომადგენელმა, აშშ-ის გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა, „მთავრობამ მხოლოდ თავისი თავი უნდა დაადანაშაულოს“[2].   

ზოგიერთი მაგალითი, თუ როგორ ცდილობდა მთავრობა კონსორციუმისა და ანაკლიის პორტის პროექტის მოხრჩობას:

2017 წლის ნოემბერი

  • ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კონსორციუმთან შეხვედრა ითხოვა ანაკლიის პორტის პროექტის განსახილველად და განაცხადა, რომ ფოთის პორტის გაფართოებით იგივე მიზნის მიღწევა შეიძლებოდა გაცილებით ნაკლები დანახარჯით.

2018 წლის ივნისი

  • ქართული ოცნების 12 ივნისის კრებაზე, რომელსაც პარტიის 100-ზე მეტი ოფიციალური პირი ესწრებოდა, პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაადანაშაულა პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიის პორტის მხარდამჭერ მოქმედებებში და ახლო კავშირში კონსორციუმის ინვესტორ მამუკა ხაზარაძესთან. ბატონი კვირიკაშვილი ამ შეხვედრიდან მეორე დღეს თანამდებობიდან გადადგა. 

2018 წლის ოქტომბერი

  • 2019 წლის თებერვალში კონსორციუმისთვის ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის ოქტომბერში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თბილისში, გიორგი გახარიამ (მაშინდელმა შსს მინისტრმა) აშშ ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არ იყო საქართველოს ინტერესებში.

2019 წლის იანვარი

  • SSA Marine-მა, რომელიც ანაკლიის პორტის ოპერატორად იყო შერჩეული და ასევე პროექტის პოტენციურ ინვესტორს წარმოადგენდა, კონსორციუმს აცნობა იმ საფრთხის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა სავარაუდოდ ფოთის პორტის გაფართოებას უჭერდა მხარს (2013-2014 წლებში საქართველოს მთავრობის დაკვეთით განხორციელებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფოთი ვერ დააკმაყოფილებდა საქართველოსთვის საჭირო ღრმაწყლოვანი პორტის კრიტერიუმებს, ამიტომაც მაშინ თვითონვე აირჩია საქართველოს მთავრობამ ანაკლია. მოგვიანებით კი მთავრობამ მიდგომა შეცვალა და მისი მხრიდან ფოთის გაფართოების თაობაზე გამოხატული მხარდაჭერა გახდა მკაფიო სიგნალი საინვესტიციო წრეებისთვის, რომ მთავრობა არ უჭერდა მხარს ანაკლიას).  

2019 წლის თებერვალი

  • ევროპის ერთ-ერთმა სუვერენულმა ბანკმა (development bank) კონსორციუმს აცნობა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ ვეღარ დააფინანსებდა პროექტს - მთავრობის ნეგატიური ქმედებებისა და ფოთისკენ გადახრილი მხარდაჭერის გამო.

2019 წლის თებერვალი

  • ევროპის მეორე სუვერენულმა ბანკმაც განუცხადა ADC-ს, რომ მისი პარტნიორი ინსტიტუტის მსგავსად, ისიც უარს ამბობს პროექტში მონაწილეობაზე - ზემოხსენებული მიზეზით, ვინაიდან სახელმწიფომ აშკარად შეცვალა მისი მხარდაჭერა ანაკლიიდან ფოთის მიმართულებით.

2019 წლის მარტი

  • ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში მინისტრის მოსმენაზე, ძირი გამოუთხარა SSA Marine-ს, როგორც პოტენციურ ინვესტორსა და პორტის ოპერატორს, როდესაც განაცხადა, რომ კომპანიას არ გააჩნდა გამოცდილება და ფინანსური შესაძლებლობები. ეს მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ასევე დაარღვია საინვესტიციო ხელშეკრულებით განსაზღვრული კონფიდენციალურობის ვალდებულებები.

2019 წლის აპრილი

  • SSA Marine-მა შეატყობინა ADC-ის, რომ ის აჩერებდა აქტივობებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით.

2019 წლის აპრილი

  • ბატონმა გიორგი ქობულიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, განაცხადა “Forbes Week”-ში, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული უარყოფითი საჯარო და მედია განცხადებები ნეგატიურ გავლენას იქონიებდა ბიზნეს გარემოზე საქართველოში. აღნიშნული ინტერვიუს შემდგომ ის რამდენიმე დღეში გადადგა.

2019 წლის მაისი

  • ამერიკულმა დიდმა კერძო საინვესტიციო კომპანიამ, რომელიც მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე იყო ADC-სთან, რათა მონაწილეობა მიეღო პროექტში, განუცხადა ADC-ის, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა კომპანია გააფრთხილეს, რომ ისინი განზე გამდგარიყვნენ პროექტიდან.

2019 წლის ივნისი

  • პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, აშშ-ში სავაჭრო ვიზიტის დროს, ვაშინგტონში ცალ-ცალკე შეხვდა SSA Marine-ის, აშშ-ის კერძო საინვესტიციო ფირმის ხელმძღვანელობას, რომელიც დაინტერესებული იყო პროექტში ინვესტიციით, და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს. პრემიერ მინისტრთან გვერდით მდგომმა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ, გამოხატა მხარდაჭერა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით და განაცხადა რომ „ეს გააძლიერებს საქართველოს კავშირებს თავისუფალ ეკონომიკასთან და არ მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ“. საქართველოში დაბრუნებისთანავე, ბატონმა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა, რამაც პროექტი კვლავ ჩააყენა გაურკვეველ მდგომარეობაში. 

2019 წლის სექტემბერი

  • თბილისში გამართულ შეხვედრაზე, ჰონგ კონგში დაფუძნებულ უმსხვილეს კერძო საინვესტიციო ჯგუფს, რომელსაც გააჩნია ცენტრალური აზიის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო სინერგია, და რომელიც განიხილავდა პროექტში შემოსვლას, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ცქიტიშვილმა მკვახედ უთხრა, რომ მთავრობას არ სურდა მათი მონაწილეობა პროექტში. ამავე შეხვედრაზე ქალბატონმა ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის აშკარა წინააღმდეგობა SSA Marine-ის პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

2019 წლის სექტემბერი

  • გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის ვიცე სპიკერმა, იცრუა როდესაც თქვა რომ ჰონგ კონგში დაფუძნებული კერძო საინვესტიციო ჯგუფი არის „რუსული კომპანია“, რაც მიზნად ისახავდა, დაემცირებინა ეს კომპანია ან გამოეწვია შემდგომი დაბნეულობა მთავრობის პოზიციასთან დაკავშირებით პროექტის მიმართ.

2019 წლის სექტემბერი

  • ADC-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან შეხვედრისას პრემიერ მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ „საკითხები უნდა დაცხრეს“, მანამ სანამ ის შეძლებს დაარწმუნოს დიდი პოტენციური ამერიკული ინვესტორი, რომ სახელმწიფო მხარს უჭერს ანაკლიის პროექტს, რაც საბჭოს წევრის მიერ აღქმულ იქნა, რომ ეს იყო პირობა, რომ ADC-ისა და ბატონ ხაზარაძეს შეეწყვიტა მთავრობის საჯაროდ კრიტიკა, ხოლო მთავრობა ADC-ის კრიტიკას შეწყვეტდა.
  • ასევე, იგი სამეთვალყურეო საბჭოს დაპირდა, რომ მთავრობა მისცემდა მას ამერიკული ინვესტორისთვის „მხარდაჭერის წერილს“, რაც არასდროს განხორციელებულა, მიუხედავად იმისა, რომ ADC დათანხმდა მთავრობის მოთხოვნას.   

2019 წლის სექტემბერი

  • აშშ-ის დელეგაცია (რომელიც მონაწილეობას იღებდა მაკკეინის ინსტიტუტის მიერ დასპონსორებულ მე-5 ყოველწლიურ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე) შეხვდა პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს. დელეგაციის წევრებმა ბატონ ხაზარაძეს უთხრეს, რომ პრემიერ მინისტრმა გახარიამ მათ უთხრა, რომ ანაკლიის პროექტი არ იყო კომერციულად მომგებიანი, რაც სინამდვილეში ასე არ არის.

2019 წლის ოქტომბერი

  • ფადი ასლიმ, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავჯდომარემ საქართველოში, განაცხადა მედიაში, რომ „არავინგანახორციელებს ინვესტირებას ანაკლიის პროექტში, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს სურს მისი განადგურება“.

ზემოთ თქმული არის მხოლოდ ნაწილი იმ შემთხვევებისა, სადაც საქართველოს მთავრობა აქტიურად უთხრიდა ძირს პროექტს და ADC-ის მიერ პროექტის განვითარებას. ADC ყველა მტკიცებულებას წარადგენს საარბიტრაჟო დავაში, რათა დაადასტუროს რა ნაბიჯები გადადგა მთავრობამ აღნიშნულის განსახორციელებლად.

შემდგომი დეტალები ანაკლიის პროექტის და ADC-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: http://anakliadevelopment.com

 

წაკითხულია 311 ჯერ

Related items

  • მსოფლიო ბანკმა საქართველოს 85 მლნ ევროს მოცულობის ფინანსური რესურსი გამოუყო

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებზეც გავლენა იქონია COVID-19-ის პანდემიამ სარგებელს მიიღებენ 85 მლნ. ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს დაამტკიცა. ინფორმაციას საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა ავრცელებს.

    მსოფლიო ბანკში აცხადებენ, რომ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) დახმარების ახალი პროექტი მიზნად ისახავს საწარმოების ხელშეწყობას და სამუშაო ადგილების შექმნას აღნიშნული ფირმების დახმარების პროგრამების გაფართოებითა და გაძლიერებით, ასევე საქართველოს ეკონომიკის დიგიტალიზაციის წახალისებით.

    „დახმარების ამ უახლესი პაკეტის საშუალებით, მსოფლიო ბანკი ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ფირმების განვითარებას, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის საყრდენს და ძირითად ელემენტს წარმოადგენენ მდგრადი აღდგენის მიმართულებით. აღნიშნული გულისხმობს ფირმების დახმარებას დაფინანსებასთან წვდომის გამარტივებაში და საფინანსო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებაში, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების დანერგვას და ციფრული საფინანსო სერვისების გამოყენებას“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა.

    პროექტი ქვეყნის მასშტაბით დახმარებას გაუწევს დაახლოებით 6,000 მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს და ბიზნესის გადარჩენის შანსებს გაზრდის, ასევე აამაღლებს პროდუქტიული აქტივების შენარჩუნების შესაძლებლობებს და ფირმებს დაეხმარება ეკონომიკისა და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ახალ გამოწვევებთან ადაპტირებაში.

    „გლობალურმა პანდემიამ მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს კერძო სექტორს, განსაკუთრებით მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, ასე რომ მათი მხარდაჭერა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ისევე როგორც ახალი საწარმოების შექმნის სტიმულირება, რაც შესაძლებელს გახდის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. კიდევ ერთხელ, მსურს მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის პანდემიასთან ბრძოლაში, ისევე როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“, – აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

    მსოფლიო ბანკის ცნობით, პროექტის მიზანია, ფირმების წინაშე არსებული ფინანსური შეზღუდვების შემსუბუქება და მათი დახმარება საქმიანობის პოსტ – COVID-19-ის სცენართან ადაპტაციაში. პროექტის ერთი კომპონენტი გააძლიერებს და გააფართოებს „აწარმოე საქართველოში“ (EG) სააგენტოს მიერ განხორციელებულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროგრამებს. მიკრო და მცირე ფირმების პირდაპირი დახმარება „აწარმოე საქართველოშის“ მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამით შეთავაზებული გრანტებით გამოიხატება.

    მეორე მხრივ, მცირე და საშუალო საწარმოები (SMEs) შეძლებენ „აწარმოე საქართველოშის“ დახმარების მიღებას მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებით, რაც შეამცირებს სესხთან დაკავშირებულ ხარჯებს და გავლენას იქონიებს ლიკვიდურობის უშუალო შეზღუდვებზე. ისინი ასევე მიიღებენ სარგებელს საფინანსო ინსტიტუტების საშუალებით ნაწილობრივ საკრედიტო გარანტიებთან წვდომით, რომლებიც შექმნილია გირავნობის მაღალ მოთხოვნებზე და საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილ რისკის თავიდან აცილების მოთხოვნებზე რეაგირებისთვის.

    „მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რადგან ეს წარმოადგენს კერძო სექტორის ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყანაში სამეწარმეო კულტურის გაძლიერების წინაპირობას. ამ თვალსაზრისით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა და 85 მლნ. ევროს განაწილება  საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად პოსტპანდემიურ პირობებში, ფასდაუდებელია“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

    მსოფლიო ბანკში აღნიშნავენ, რომ პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის საფინანსო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და ციფრული საფინანსო სერვისების გამოყენების ზრდას. ეს მოიცავს საგადასახდო სისტემების ინფრასტრუქტურის განახლების მხარდაჭერას სწრაფი გადახდების (IPS)ახალი სისტემის დანერგვით, „იცნობდეთ თქვენს კლიენტს“ (KYC) ციფრული რეესტრის ფართო გამოყენებითა და უზრუნველყოფილი ტრანზაქციების ჩარჩოს გაძლიერებით, რომლის მიზანია დაფინანსებასთან წვდომის გაფართოება მოძრავი გირაოს, მაგალითად ავტომობილების, ტექნიკური აღჭურვილობის და ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების ამაღლებით.

    „მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში დანერგილი მყისიერი გადახდების სისტემა ხელს შეუწყობს ბენეფიციარებისთვის, მათ შორის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფულად სახსრებზე მყისიერ ხელმისაწვდომობას, რაც შესაძლებელს გახდის ფულადი რესურსების უკეთეს განკარგვას და საწარმოებს ყოველდღიური ლიკვიდობის მართვაში დაეხმარება. ასევე, საფინანსო ინსტიტუტები და Fintech კომპანიები შეძლებენ გადახდების ინიცირების სხვადასხვა არხების დანერგვას და საბოლოო მომხმარებლებისთვის მათ ხარჯთეფექტიან შეთავაზებას“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

    მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ფირმებზე პანდემიის გავლენის გათვალისწინებით პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ტექნიკური დახმარების შემუშავებას და მიწოდებას ფირმებისთვის ახალ რეალობასთან ადაპტირების მიზნით, შესაბამისი მმართველობითი, ციფრული და სხვა COVID -საწინააღმდეგო პრაქტიკის დანერგვით. აქცენტი გაკეთდება ძირითადი უნარების იდენტიფიკაციაზე, რომლებიც საჭიროა დიგიტალიზაციის  და COVID -19-ის მიმართ მდგრადობის ამაღლების ღონისძიებების ხელშესაწყობად ეკონომიკის ძირითად დარგებში, განსაკუთრებული აქცენტით ქალი მეწარმეების საჭიროებებზე, კლიმატის ცვლილებაზე და „მწვანე“ ეკონომიკაზე. ეს პროექტი ქართველი ხალხის დასახმარებლად მსოფლიო ბანკის ფართო მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია  და მესამე საკრედიტო ოპერაციაა, რომელიც მიმართულია პანდემიის სოციალური და ეკონომიკური ზემოქმედების შერბილებისკენ.

  • ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრი საქართველოსთან ორმხრივი ტექნიკური თანამშრომლობის პროექტს იწყებს

    ევროპის ნარკოტიკების და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრმა (EMCDDA) საქართველოსთან პირველი ორმხრივი ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი დაიწყო. პროექტის მიზანი  ნარკომანიასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების საკითხებზე ეროვნული რეაგირების გაუმჯობესებაა.

    პროექტი, EMCDDA4Georgia, უპირველეს ყოვლისა, ნარკომანიის მონიტორინგის, ანგარიშგების, პრევენციის და მკურნალობის სფეროებში ცოდნის გაზიარებასა და კომპეტენციის ამაღლებაზე იქნება ფოკუსირებული.

    ახალი პროექტი სააგენტოს ქართველ პარტნიორებს უკეთ გააცნობს ნარკოტიკული საშუალებების შესახებ არსებულ ევროკავშირის საინფორმაციო სისტემას, მის მეთოდოლოგიას და ინსტრუმენტებს. ის ასევე გაუზიარებს გამოცდილებას ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის სფეროში. გარდა ამისა, პროექტი ახლადშექმნილ ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნულ ცენტრსაც დაუჭერს მხარს.

    EMCDDA4GE საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ზედამხედველობით განხორციელდება. პროექტი, ამასთან, მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურთან (EEAS), ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატთან (DG NEAR) და ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალურ დირექტორატთან (DG HOME).

     ახალი ამბები მომზადებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში

  • თქვენც შეგიძლიათ! როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი ქალთა მეწარმეობას საქართველოში

    საკუთარი საქმის დაწყება ყოველთვის არ არის მარტივი. განსაკუთრებით მაშინ, თუ შენი მოვალეობაა სახლი, ზრუნვა ბავშვებსა და მშობლებზე, თუ ხელს არავინ გიწყობს და ხშირად გაუგებარია, საიდან დაიწყო საქმის კეთება. არსებობს საკმაოდ ბევრი საერთაშორისო პროგრამა, რომლებიც ეხმარება ქალებს დაიწყონ საკუთარი ბიზნესი, მიიღონ განათლება და დაიცვან საკუთარი ეკონომიკური უფლებები.  როგორ გავერკვეთ ამ ყველაფერში? ხშირად საჭირო ინფორმაციის პოვნა რთულია. პროგრამამ „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ღია ბარათები აერთიანებს ევროკავშირის ყველა მიმდინარე პროექტს, რომელიც ქალებს ეხმარება საკუთარი ბიზნესის განვითარებაში.

    1. 1.    მინდა საკუთარი ბიზნესის დაწყება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, იმუშავებს ჩემი იდეა, თუ არა. ვის შეუძლია რჩევის მოცემა?

    ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს ახალი ბიზნესის, განსაკუთრებით ქალთა ბიზნესის განვითარებას და განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში, ხშირად - სასოფლო და არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ ტერიტორიებზე.

    ამიტომ, არ იფიქროთ, რომ თბილისში უნდა ცხოვრობდეთ, რომ უნდა გქონდეთ უმაღლესი განათლება ან ჩამოყალიბებული ბიზნესი იმისათვის, რომ ევროკავშირის დახმარება მიიღოთ - პირიქით!

    ევროკავშირი ხელს უწყობს მთელ რიგ პროგრამებსა და ბიზნესის მხარდამჭერ საშუალებებს, რომლებიც მოგაწვდიან  შესაბამის რჩევებს, გაგიწევენ პრაქტიკულ დახმარებას და გამოგიყოფენ დაფინანსებასაც კი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად.

    აი, რამდენიმე მაგალითი:

    თუ გსურთ მხარდაჭერის მიღება სოფლის მეურნეობაში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა(ENPARD) მოგაწვდით ინფორმაციას და რჩევებს, გაგიწევთ ფინანსურ დახმარებას მთელი საქართველოს მასშტაბით; ამ პროგრამით 2013 წლის შემდეგ ასობით ათასმა ფერმერმა ისარგებლა. იხილეთ პროგრამის ინტერაქტიული რუკა და იპოვნეთ რეგიონული ინიციატივები, კონტაქტები, საინფორმაციო ცენტრები და კოოპერატივები თქვენს მახლობლად.

    პროგრამა მერები ეკონომიკური ზრდისთვის ეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებებს ეკონომიკურ ზრდა-განვითარებაში და სამუშაო ადგილების შექმნაში. ამ პროგრამაში მონაწილე ათეულობით ადგილობრივი ხელისუფლებიდან სამი – ბოლნისი, გორი და თბილისი – ახორციელებენ საპილოტე პროექტებს, მათ შორის ახალი საწარმოების მხარდაჭერას ტრენინგებით და ბიზნესის განვითარების საშუალებებით; ისინი უზრუნველყოფენ ქალთა თანაბარ ხელმისაწვდომობას განვითარებისთვის საჭირო ყველა საშუალებაზე.

    პროგრამა EU4Youth-ის ფარგლებში განხორციელებული ხუთი პროექტი - სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის მოსაზღვრე რეგიონებში, სოციალური მეწარმეობა საქართველოსა და სომხეთში (SEAG), თქვი დიახ: სამუშაო უნარები, ახალგაზრდობის განათლების, დასაქმების და ჩართულობის მხარდაჭერა კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე საქართველოსა და უკრაინაში, და პოტენციალის განვითარება დასაქმების გასაუმჯობესებლად  ახალგაზრდა, განსაკუთრებით არახელსაყრელ პირობებში მცხოვრებ ქალებს სამეწარმეო ტრენინგს და მენტორობის პროექტებს სთავაზობს. 2018-2020 წლებში საქართველოში 3,361 ახალგაზრდა ქალმა ისარგებლა ტრენინგებით და სემინარებით პროგრამის EU4Youth საგრანტო პროექტების ფარგლებში, 296-მაგაიარა სტაჟირება, ხოლო 96 მხარდაჭერის მიღების შემდეგ თვითდასაქმებული გახდა.

    1. 2.    რჩევები ბიზნესის შესახებ ძალიან კარგია, მაგრამ საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის ფულია საჭირო. როგორ შემიძლია მივიღო დაფინანსება, თუ არ მაქვს არც  ფული და არც ბიზნესის მართვის გამოცდილება?

    სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში (ENPARD) უამრავი გრანტია ხელმისაწვდომი სოფლის მეურნეობის პროექტებისთვის. ეწვიეთ განაცხადების ნაწილს პროგრამის ვებ-გვერდზე და გაეცანით მიმდინარე საგრანტო კონკურსების სიას.

    მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივის მერები ეკონომიკური ზრდისთვის ფარგლებში გრანტები არ გაიცემა, ეს ინიციატივა დაგეხმარებათ დაფინანსების მიღებაში. მაგალითად, SPARK ბიზნესის აქსელერატორი, რომელიც დაარსდა პროექტის ფარგლებში თბილისში, ახალ ბიზნეს-საწარმოებს სთავაზობს დახმარებას ბიზნეს-გეგმის მომზადებაში და პოტენციურ ინვესტორებთან და დაფინანსების წყაროებთან კონტაქტის დამყარების საშუალებას იძლევა.

    ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროგრამა მსურველებს სთავაზობს სესხებს, რომლებიც სპეციალურად ქალებზეა მორგებული. პროგრამა ქალებიბი ზნესში გთავაზობთ შესაძლებლობას, მიიღოთ დაფინანსება როგორც ბიზნესის დასაწყებად, ისე უკვე არსებული ბიზნესის განვითარებისთვის. პროგრამა თანამშრომლობს ადგილობრივ პარტნიორებთან: საქართველოს ბანკთან და TBC ბანკთან, და მეწარმე ქალებს სთავაზობს შეღავათიან პირობებს  ახალი ბიზნეს-იდეების, ან არსებული ბიზნესის გაფართოების დასაფინანსებლად. რამდენიმე სხვა პროექტი, რომელიც ხორციელდება ინიციატივის EU4Business ფარგლებში ასევე თანამშრომლობს ადგილობრივ ბანკებთან მცირე და საშუალო საწარმოებზე სესხების გასაცემად - დაწყებული მიკროდაფინანსებით, დამთავრებული მსხვილი საინვეტიციო სესხებით. ხელმისაწვდომი სესხების და გრანტების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

    1. 3.    მე უკვე მაქვს ბიზნესი, მაგრამ მჭირდება დახმარება მის შემდეგსაფეხურზე გადასაყვანად: არსებობს ევროკავშირის რაიმე სახის მხარდაჭერა ჩემთვის?

    თუ თქვენ უკვე გაქვთ ბიზნესი და აპირებთ მის განვითარებას, თქვენთვის ხელმისაწვდომია დაფინანსება (და ტრენინგი) მთელი რიგი პროგრამების საშუალებით ინიციატივის EU4Business ფარგლებში, რომელიც ეხმარება კერძო სექტორის განვითარებას მთელ საქართველოში.

    სესხების გაცემის გარდა, ინიციატივა ქალები ბიზნესში გთავაზობთ ტრენინგს და სუბსიდირებულ (დაფინანსებულ) საკონსულტაციო მომსახურებას, რომლებიც კონკრეტულად იმ ბიზნესებზეა მორგებული, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ. პროგრამა ასევე გთავაზობთ პერსონალიზებულ ონლაინ საშუალებას ბიზნეს-ობიექტივს – თქვენი ბიზნესის შესაფასებლად და იმ მხარდაჭერის სანახავად, რომლის მიღებაც შეგიძლიათ.

    გარდა ამისა, ინიციატივის EU4Business ზოგიერთი პროგრამა გთავაზობთ დაფინანსებას გაცილებით დიდი ბიზნესისთვის, მაგრამ სხვები, მაგალითად: ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) ასევე გასცემს მცირე სესხებს (სესხის საშუალო ოდენობა - 14,300 ევრო) მცირე ზომის ბიზნესებისთვის (10-ზე ნაკლები თანამშრომელი) ისეთ სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ვაჭრობა და მომსახურება.

    გადახედეთ ინიციატივის EU4Business ფარგლებში შემოთავაზებული დაფინანსების პროგრამების სრულ სიას აქ. ასევე, გაეცანით პროექტებს, რომლებიც გთავაზობთ ბიზნესის განვითარების სერვისებს, მათ შორის ტრენინგებს და ბიზნეს-კონსულტაციებს, მხარდაჭერას ვაჭრობაში, კლასტერებს და ინკუბატორებს.

    გარდა ამისა, ქართველი მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომია ევროპის მეწარმეთა ქსელი, რომელიც ეხმარება ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს პარტნიორების პოვნაში ბიზნესის და ტექნოლოგიის სფეროში ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.

    1. 4.    არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ მინდა ბიზნესის დაწყება, მაგრამ მინდა ახალი უნარების ათვისება: არსებობს ევროკავშირის რაიმე დახმარება ჩემთვის?

    ტრენინგი და უნარების განვითარება ევროკავშირის მხარდაჭერის უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოში. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი საკმაოდ დიდ დაფინანსებას გვთავაზობს პროფესიული განათლებისა და ტრენინგისთვის. 2019 წელს ევროკავშირმა  დაიწყო 150 მილიონი ლარის ღირებულების პროგრამა, რომელიც ეხმარება პროფესიული განათლების მიღებას და შრომის ბაზრის განვითარებას. ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს  მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გავრცელებას, შრომის პოლიტიკის გაუმჯობესებას და სამეწარმეო ტრენინგის მხარდაჭერას, დაეხმარება საქართველოს 105,000 მოქალაქეს დასაქმებაში. 

    რაც შეეხება პირდაპირ მხარდაჭერას, ინდივიდუალური EU4Youth პროგრამები – სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის მოსაზღვრე რეგიონებში, სოციალური მეწარმეობა საქართველოსა და სომხეთში (SEAG), თქვი დიახ: სამუშაო უნარები, ახალგაზრდობის განათლების, დასაქმების და ჩართულობის მხარდაჭერა კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე საქართველოსა და უკრაინაში, დასაქმების გაუმჯობესების პოტენციალის მხარდაჭერა, და უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისთვის – განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ უნარებზე 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით საქართველოს ნაკლებად ხელსაყრელი პირობების მქონე რეგიონებში; პროგრამები მოიცავს ტრენინგს, რჩევებს და სტაჟირებას ახალგაზრდებისთვის შემდგომი დასაქმების მიზნით.

    30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალებს ევროკავშირი სთავაზობს შესანიშნავ შესაძლებლობებს მისი ერაზმუს + ახალგაზრდობის პროგრამებით. თქვენ შეგიძლიათ შეუერთდეთ საქართველოს 10,000 ახალგაზრდა მოქალაქეს, რომლებმაც უკვე აითვისეს ახალი უნარები და მიიღეს ფასდაუდებელი გამოცდილება ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობით, ან მოხალისედ საზღვარგარეთ მუშაობით ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში.

    ხოლო თუ უმაღლეს განათლებას იღებთ, ერაზმუს + პროგრამა გთავაზობთ სტუდენტურ გაცვლებს და სამაგისტრო პროგრამებს ევროპაში. გაეცანით არსებულ შესაძლებლობს და განაცხადის შეტანის პირობებს.

    1. 5.    არსებობენ ქალები, რომლებმაც ჩემსავით დაიწყეს საკუთარი ბიზნესი ევროკავშირის დახმარებით?

    ასეთი ქალი უფრო მეტია, ვიდრე წარმოგიდგენიათ!

    2019 წელს ევროკავშირის მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროგრამით საქართველოში 919-მა მეწარმე ქალმა მთლიანობაში 76 მილიონი ევროს ოდენობის სესხი მიიღო, ხოლო 84-მა მიიღო გრანტები, რომელთა საერთო ოდენობა 500,000 ევრომდეა.8,5000-ზემეტმა ქალმა ისარგებლა საკონსულტაციო მომსახურებით. მხარდაჭერილი კომპანიების ბრუნვა100 მილიონ ევროზე მეტით გაიზარდა, და ამ მხარდაჭერის შედეგად შეიქმნა 7,895ახალი სამუშაო ადგილი.

    მაგალითად:

    ნატამანანა, ირინა და დალი - ყველა მათგანმა მიიღო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) გრანტი. ნატა და ირინა თბილისიდან არიან, მანანა - წალკიდან, დალი კი - ზემო ალვანიდან. ნატალიას მოჰყავს კიტრი, ირინას - პომიდორი, მანანა ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს ხელმძღვანელობს, ხოლო დალი აწარმოებს თაფლს და საგანმანათლებლო კურსებს ატარებს. ყველა მათგანმა განავითარა საკუთარი ბიზნესი ევროკავშირის ტრენინგის და გრანტის დახმარებით.

    ციცი შენგელიამ თავისი ჰობი - ხეზე მუშაობა ბიზნესად აქცია და შემოქმედებითი სტუდია გახსნა პროგრამის EU4Youth მხარდაჭერით, რომელმაც ის ტრენინგით, მენტორობით და ფინანსებით უზრუნველყო.

    ირინა გლოველმა და თეკლა მამაგეიშვილმა საკონსულტაციო მომსახურება მიიღეს პროგრამიდან ქალები ბიზნესში. პროექტი დაეხმარა თეკლას თვალის კლინიკის საქმიანობის უფრო სტრატეგიულად დაგეგმვაში და ფინანსური რესურსების მოზიდვაში, ხოლო ირინამ დახმარება მიიღო საკუთარი საინჟინრო კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მოსაწესრიგებლად, რამაც მისი მოგება 7.5%-ით გაზარდა.

    მანანა ჩქარეულისახლში მუშაობდა მკერავად. სესხების დახმარებით EFSE პროგრამიდან, მან შეძლო საკუთარი აღჭურვილობის განახლება,  სათანადო სამუშაო სივრცის და პერსონალის დაქირავება საკუთარი ბიზნესის განვითარების მიზნით. მალე მისი კომპანია დამოუკიდებელ ბრენდად ჩამოყალიბდება.

    დიანა ბაქრაძემ და ანა ვარამაშვილმა ისარგებლეს უნარების ტრენინგით და სტაჟირებით პროექტის ფარგლებში ‘დაუცველიახალგაზრდობისმხარდაჭერასაქმიანმოქალაქეებადგახდომაშისწავლის, ტრენინგისდადასაქმებისდახმარებით, რაც დამოუკიდებელი პროფესიული ცხოვრებიკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

    დააჭირეთ აქ და იხილეთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) კიდევ უფრო მეტი წარმატების ისტორია, აქ - იხილეთ რას საქმიანობს ქალაქი ბოლნისი პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, და აქ - შეიტყვეთ ხუთი ქართველი ქალის შესახებ, რომლებმაც ისარგებლეს ევროკავშირის დახმარებით სხვადასხვა სექტორებში.

    1. 6.    ვის უნდა ვთხოვო დახმარება?

    ეწვიეთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ვებგვერდს და მოიძიეთ საკონტაქტო ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის, გადაამოწმეთ პროგრამის ინტერაქტიული რუკა რეგიონული ინიციატივების, კონტაქტების, საინფორმაციო ცენტრების და კოოპერატივების საპოვნელად თქვენს მახლობლად.

    ეწვიეთ პროგრამის მერები ეკონომიკური ზრდისთვის ვებგვერდს, გაიგეთ, არის თუ არა თქვენი ქალაქი ხელმომწერთა შორის და რას აკეთებს ის დასაქმების და ბიზნესის მხარდასაჭერად თქვენს მახლობლად.

    თუ უკვე გაქვთ ბიზნესი და ეძებთ საშუალებას მისი განვითარებისთვის, იხილეთ ტრენინგის და დაფინანსების არსებული შესაძლებლობები პროგრამის EU4Business საქართველოში ფარგლებში. ვებგვერდზე სრულად არის წარმოდგენილი დეტალური ინფორმაცია სესხის და გრანტის მიღების შესაძლებლობის, ასევე ბიზნესის განვითარების სერვისების შესახებ. ის ასევე მოიცავს COVID-19-ის საინფორმაციო მხარდაჭერის ცენტრს, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ევროკავშირის მხარდაჭერის ღონისძიებების შესახებ საქართველოში მცირე ბიზნესის დასახმარებლად კრიზისის დაძლევის მიზნით.

    განათლების და ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროექტებისთვის, დაუკავშირდით ეროვნულ ერაზმუს + ოფისს საქართველოში.

    და ბოლოს, თვალი ადევნეთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook-გვერდს უახლესი ინფორმაციის მისაღებად და ახალი შესაძლებლობების გასაცნობად.

    ახალი ამბები მომზადებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში 

  • ანაკლიის პორტის პროექტის ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ-ირაკლი ღარიბაშვილი

    საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა გამოხატული უპრეცენდენტო მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

    როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვალდებულებების არაერთხელ გადავადების მიუხედავად, ინვესტორმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება. 

    „ჩვენმა ხელისუფლებამ, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე, ანაკლიის პორტის პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.  შევახსენებ საზოგადოებას, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც განსაკუთრებული პრიორიტეტი. არაერთხელ გადავადდა ძირითადი და სხვადასხვა  ვალდებულებები, მათ შორის, მხოლოდ ძირითადი ვალდებულებები გადავადდა სამჯერ. ასევე, მთავრობამ გამოისყიდა და გადასცა ინვესტორს 58 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო ტერიტორია. ჩვენ ავიღეთ პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულებაც, ასევე გზების დეპარტამენტს ეს პროექტი უკვე მზად აქვს. გარდა ამისა, დამატებით საპარტნიორო ფონდი მზად იყო, ინვესტორისთვის გამოეყო სუბორდინირებული სესხი 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობით იმ პირობით, რომ ინვესტორი შეძლებდა აღებული ვალდებულების შესრულებას. თუმცა, მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, ინვესტორმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, მათ ვერ შეძლეს საჭირო კაპიტალისა და  400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სასესხო დაფინანსების მოძიება. ჩვენ, ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სააგენტო ტენდერის გამოსაცხადებლად დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს და რაც ასევე მნიშვნელოვანია, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაგვიწევს ინვესტორის შერჩევის პროცესში", - განაცხადა პრემიერმა.


    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ვაქცინებით უზრუნველსაყოფად ევროკავშირი COVAX-ს დაფინანსებას უორმაგებს

    ევროკავშირმა 19 თებერვალს  განაცხადა, რომ COVAX პლატფორმისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოყოფს, რითაც გლობალურ ინიციატივაში დღემდე შეტანილ წვლილს გააორმაგებს. ამ გადაწყვეტილების მიზანი საქართველოსა და სხვა 91 ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინების სამართლიანი და თანასწორუფლებიანი მიწოდების დაჩქარებაა. ქვეყნები 1.3 მილიარდ დოზას 2021 წლის ბოლომდე მიიღებენ.
    ევროპის გუნდი (Team Europe) COVAX პლატფორმის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია; მისი დაფინანსება 2.2 მილიარდ ევროს აჭარბებს, რაშიც გასულ კვირას გერმანიის მიერ გაღებული 900 მილიონი ევროც შედის.
    „კორონავირუსზე გლობალური პასუხის ფარგლებში, გასულ წელს ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, გაგვეხადა ვაქცინები ხელმისაწვდომი ყველასთვის,  ვისაც ის სჭირდება. COVAX ინიციატივას ყველაზე უკეთ შეუძლია, ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმაროს“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დიდი შვიდეულის ლიდერების ვირტუალურ შეხვედრაზე, — „სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ევროკომისიის მიერ COVAX ინიციატივისთვის გაღებული წვლილის 1 მილიარდ ევრომდე გაზრდა. ამ ახალი ფინანსური მხარდაჭერით ჩვენ გვინდა, სწრაფად მივაწოდოთ ვაქცინები დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებრადგან თავს უსაფრთხოდ მხოლოდ მაშინ ვიგრძნობთ, როცა მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება იქნება დაცული“.
    აღნიშნული დაფინანსება ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკვე გაცემულ 100 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს და გარანტიის სახით გაცემულ 400 მილიონ ევროს დაემატება.
    დღეისათვის COVAX ინიციატივაში 191 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორისაა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 92 სახელმწიფო, რომელთაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიღება დაფინანსების მექანიზმის, Gavi COVAX-ის  მოწინავე საბაზრო ვალდებულების (AMC) საშუალებით შეუძლიათ.
    COVAX ინიციატივის მიზანი 2021 წლის ბოლომდე ვაქცინის 2 მილიარდი დოზის შეძენაა. მათგან მინიმუმ 1.3 მილიარდი დოზა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს მოხმარდება. ამის მისაღწევად მოლაპარაკებები ვაქცინათა სხვადასხვა მწარმოებელთან მიმდინარეობს. ამის შედეგად მოპოვებული დოზები სხვადასხვა სამეცნიერო ტექნოლოგიით იქნება შექმნილი და მათი მიწოდების ვადები და ფასებიც განსხვავებული იქნება. ვაქცინების შესყიდვას და ქვეყნებისთვის გადაცემას იუნისეფის მომარაგების განყოფილება და ჯანდაცვის პანამერიკული ორგანიზაციის (PAHO) ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის განახლებადი ფონდი უზრუნველყოფს.
    2020 წლის 4 მაისიდან მოყოლებული, ევროკომისიამ თავის პარტნიორებთან ერთად 16 მილიარდამდე ევროს მობილიზება შეძლო. ამის შედეგად ჩამოყალიბებული გლობალური ინიციატივა, კორონავირუსზე გლობალური პასუხი, ტესტების, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და მკურნალობის საყოველთაო ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს.

    ახალი ამბები მომზადებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური