ამერიკის საელჩომ სასაზღვრო პოლიციას მობილური დაკვირვების სისტემა გადასცა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2020 10:31

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თბილისში, თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს /შსს/ სასაზღვრო პოლიციას მობილური დაკვირვების სისტემები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ბაზაზე გაიმართა. სპეციალური აღჭურვილობა სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ პირადად დაათვალიერა და მის შესაძლებლობებს გაეცნო. მობილური დაკვირვების სისტემები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასაზღვრო მონაკვეთების კონტროლის შესაძლებლობებს, რაც, თავის მხრივ, დანაშაულების გამოვლენასა და აღკვეთას შეუწყობს ხელს.

„ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი თემურ კუპატაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ბაკურ ელისაშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ქეთრინ შვაიზერი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს უფროსის მოადგილე, მაიორი ლარონ ბაიბი დაესწრნენ“, – აცხადებენ შსს-ში.

წაკითხულია 335 ჯერ

Related items

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ნიკანორ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) ნიკანორ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    "თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა - ნიკანორ მელია დაკავებულია.
    სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ.

    სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა.

    შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების, კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • საქართველოს შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის და პოლიციის წარმომადგენლებმა ნ. მელია დააკავეს

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) სპეციალური დანიშნულების რაზმის და პოლიციის წარმომადგენლებმა 23 თებერვალს, დილით, ერთიანი ნაციოანალური მოძრაობის ოფისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად პარტიის თავმჯდომარე ნიკანორ მელია თავის სამუშო კაბინეტში დააკავეს.

    რამდენიმე ასეული სამართალდამცველი, სპეცტექნიკის თანხლებით ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, სადაც ოპოზიციის ლიდერები და ნ. მელიას მხარდამჭერები გასული დღეების მსგავსად მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ, გამთენიისას გამოჩნდნენ და ნ. მელიას დაკავების ოპერაცია დაიწყო.

    სამართალდამცველებმა ნაციონალურ მოძრაობის ოფისი ყველა მხრიდან ალყაში მოაქციეს და შენობაში რამდენიმე მხრიდან შევიდნენ, მათი ნაწილი კი – ოფისში ადგილზე მიტანილი სპეციალური სახანძრო კიბის გამოყენებით სახურავიდანაც ჩავიდა. ამის შემდეგ, სამართალდამცველებმა ოფისიდან შეკრებილების გამოყვანა დაიწყეს, რასაც სამართალდამცველებსა და შეკრებილებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

    მედიის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სამართალდამცველებმა, ნიკა მელიას სამუშაო კაბინეტში შესვლისას, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის „სპრეი“ გაუშვეს და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე სწორედ ამის შემდეგ დააკავეს.

  • საქართველოსა და აშშ-ის სამხედროებმა მონაწილეობა მიიღეს საცეცხლე ვარჯიშში

    2021 წლის 11 თებერვალს ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე საქართველოსა და აშშ-ის სამხედროებმა მონაწილეობა მიიღეს საცეცხლე ვარჯიშში. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ადმინისტრაცია იუწყება.

    საელჩოს ინფორმაციით ჯარისკაცებმა გამოიყენეს საქართველოსთვის ახლახან გადაცემული 100 ერთეული MK19 ყუმბარმტყორცნი და 200 ერთეული M2 ტყვიამფრქვევი. ნატოსთან თავსებადი ეს იარაღები გამოიყენება ოცეულიდან ბატალიონამდე დონეებზე და წარმოადგენს $18 მილიონიანი მხარდაჭერის ნაწილს, რომლის მიზანიც საქართველოს თავდაცვის ძალების ახალი იარაღის სისტემებით აღჭურვაა.

    აღნიშნულმა წვრთნებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ის მტკიცე პარტნიორობასა და თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.

     

  • აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი ტიპის შეიარაღებით აღიჭურვა

    საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალებმა ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და ყუმბართმტყორცნები მიიღო. უკვე მიმდინარეობს ქვედანაყოფების აშშ-ის წარმოების ნატოს M2 ტიპის 12.7 მმ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებითა და MK 19 ტიპის ახალი ავტომატური ყუმბართმტყორცნებით აღჭურვის პროცესი. საქართველოს თავდაცვის ძალებს დამატებით გადმოეცა 5,56 მმ კალიბრის M249 ტიპის ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევებიც.

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვაზიანში იმყოფებოდნენ, სადაც თანამედროვე, ნატოს სტანდარტის იარაღით ქვედანაყოფების დაკომპლექტების პროცესს პირადად გაეცნენ და საცდელ სროლებს დაესწრნენ. ვაზიანის სასროლეთზე, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველმა და ამერიკელმა ინსტრუქტორებმა აღნიშნული იარაღით საჩვენებელი სროლები განახორციელეს.

    აღნიშნული ტიპის შეიარაღება ზრდის ქვედანაყოფის საცეცხლე ზემოქმედების შესაძლებლობებს და ბრძოლის ველზე მათ ეფექტიანად მოქმედებას უზრუნველყობს. საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ახალი ტიპის ტყვიამფრქვევებითა და ყუმბართმტყორცნებით დაკომპლექტება, შეიარაღებისა და აღჭურვილობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროცესის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ზრდას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას ემსახურება.

  • Frontex-მა საქართველოსთან სამუშაო შეთანხმება განაახლა

    დღეს Frontex-მა, ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამუშაო შეთანხმება განაახლა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს.

    განახლებული შეთანხმების ფარგლებში, Frontex–მა და საქართველომ კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ როგორც არალეგალურ მიგრაციასთან, ასევე ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის ნაწილში. თანამშრომლობა ასევე მოიცავს ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელებასა და ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას საზღვრის მართვისა და დაბრუნების სფეროებში.
     
    “2008 წელს - ათწლეულზე მეტი ხნის წინ - ხელი მოეწერა პირველ სამუშაო შეთანხმებას Frontexსა და საქართველოს ხელისუფლებას შორისდარწმუნებული ვარრომ თანამშრომლობის ახალი ჩარჩო შესაძლებლობას მოგვცემს უფრო წარმატებით გავუმკლავდეთ საზღვრების დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობას და სხვა ზოგად გამოწვევებსრომლებიც კოორდინირებულ რეაგირებას მოითხოვს”, - განაცხადა Frontex–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფაბრის ლეგერიმ.

    განახლებულ სამუშაო შეთანხმებაში გათვალისწინებულია Frontex-ის უფრო ფართო მანდატი, რაც  საზღვრის მართვის სფეროში არსებულ საჭიროებებზე უკეთ რეაგირების შესაძლებლობას იძლევა, ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით.

    Frontex-ის მიერ ორგანიზებულ  ტრენინგებსა და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებებში ასობით ქართველმა ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა.  ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება უკავშირდებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესაძლებლობების განვითარებას საზღვრის ინტეგრირებული მართვის კუთხით (IBM). ქართველმა ექსპერტებმა დამკვირვებლის სტატუსით პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს  Frontex-ის საქმიანობაში ჩართვის გზითაც.

    “მოხარული ვარ, რომ განახლებული სამუშაო შეთანხმება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი, იქნება მტკიცე იურიდიული საფუძველი ჩვენი სამომავლო წარმატებული თანამშრომლობისთვის, რომლის დადებითი შედეგებიც სცილდება ამ ორ სააგენტოს შორის არსებულ ურთიერთობებს და წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეტაპს“,- განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

    ვირტუალურ ცერემონიალზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს Frontex–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფაბრის ლეგერიმ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. ვირტუალურ ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ DG HOME–ის გენერალური დირექტორი მონიკ პარია, DG NEAR–ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაჩეი პოპოვსკი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური