გვინდა ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ, რომ ჩვენს სკოლაში ყველაფერი წესრიგში იყო - აცხადებს ნ. ყანჩაველი

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 25 აგვისტო 2020 15:27

ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის სკოლების მიმართ ზეწოლა ჯერ კიდევ 2016-2017 წლებიდან ხორციელდება. დახურეს რამდენიმე რეიტინგული სკოლა, მათ შორის, „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი“, - ამის შესახებ შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა ნანა ყანჩაველმა პრესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განცხადა.

მისი თქმით, სკოლამ ავტორიზაციის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით ფუნქციონირება მიმდინარე წლის 30 ივნისს შეწყვიტა. სკოლის დირექტორის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, მიკერძოებული, ცალმხრივი და უსამართლოა.

შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმში 2020 წლის 26-28 თებერვალს განხორციელდა მონიტორინგი, რომლის საფუძველზეც მონიტორინგის ექსპერტებმა შეადგინეს 149-გვერდიანი დასკვნა, რომელსაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით. ის მიკერძოვებულად, ცალმხრივად, უსამართლოდ შედგენილი დასკვნაა. ძირითადად მინიმალური ხარვეზები იყო სკოლაში, რომლის გამოსწორებაც შეიძლებოდა მყისიერად და ეს ჩვენ მოვახერხეთ. ამ ხარვეზებით სკოლა ნამდვილად არ იხურება. თანაც ავტორიზაციის მონიტორინგის მოვალეობაა გასცეს რეკომენდაციები და მითითებები, რომლის მიხედვითაც შემდეგ იმოქმედებს სკოლა და გამოასწორებს ხარვეზებს, თუმცა გამოსწორების ვადა არანაირად არ მოგვცემია. ჩვენი სკოლის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს 15 მაისის ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე, რომელიც შემდეგ დაადასტურეს 1 ივნისის ოქმით, ხოლო 30 ივნისს ოფიციალურად ფუნქციონირება შეუწყდა სკოლას“, - აღნიშნა ნ. ყანჩაველმა.

მისივე განმარტებით, ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრეს, რომლის სხდომაც ამ დღეებში გაიმართება.

„საჩივარი შევიტანეთ და სამართლებრივი დავა სააპელაციო საბჭოში დავიწყეთ, ეს არის პირველი ორგანო, რომელსაც მივმართეთ. სააპელაციო საბჭოს სხდომა გაიმართება დისტანციურ რეჟმში. თუ რა არის ავტორიზაციის შეწყვეტის მიზეზი, იმედია, რომ ამას პასუხს გასცემს სააპელაციო საბჭო, რომელსაც ჩვენ ნდობა გამოვუცხადეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ დავას და მივმართავთ სხვა სამართლებრივ სტრუქტურებსა და ჩვენს მეგობარ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს. გვინდა, ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ, რომ ჩვენს სკოლაში ყველაფერი წესრიგში იყო და არ იმსახურებდა სკოლა დახურვას მიზერული მიზეზების გამო“, - დასძინა შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა ნანა ყანჩაველმა.

 

 

წაკითხულია 223 ჯერ

Related items

  • სააპელაციო საბჭომ შოთა რუსთავლის სახ. სკოლა-ლიცეუმის საჩივარი არ დააკმაყოფილა

    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭომ ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის რუსთავის შოთა რუსთავლის სახ. სკოლა-ლიცეუმის საჩივარი არ დააკმაყოფილა და სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერება ძალაში დატოვა. სააპელაციო საბჭომ სკოლა-ლიცეუმის საჩივარი გუშინ, 25 აგვისტოს განიხილა.

    ავტორიზაცია რუსთავში მდებარე შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს 15 მაისს ავტორიზაციის საბჭომ შეუწყვიტა, რის შემდეგაც სკოლამ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა.

    შ. რუსთაველის სახ. სკოლა ლიცეუმი 2007 წლიდან ფუნქციონირებდა და რეგიონში ერთ ერთი წარმატებული სკოლად ითვლებოდა. ჩაღლარის ქსელის 2017 წლიდან  არაერთი პრობლემა შეექმნა საქართველოში, აღნიშნულს კი წინ უძღოდა თურქული მხარის მძიმე ბრალდებები და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ქსელის დამფუძნებლებისადმი.

    როგორც სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა, ნანა ყანჩაველმა განაცხადა, სააპელაციო საბჭომ უსამართლო და არაპროფესიონალური გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, სკოლა გაჩერებას არ აპირებს და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელებენ.

    აღსანიშნავია რომ სკოლაში ქართველ მოსწავლეებთან ერთად ადგილობრივი საქართველოს მოქალაქე აზერბაჯანელი მოსწავლეები განათლებას იღებდნენ ქართულ ენაზე.

     

  • კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში ქართული საშუალო სკოლის ახალი, უმაღლესი სტანდარტების შენობა გაიხსნა

    აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში საზეიმოდ გაიხსნა ქართული საშუალო სკოლის ახალი, უმაღლესი სტანდარტების შენობა. 16 სექტემბრიდან, სოფელ ალიბეგლოს ქართული საშუალო სკოლის 160 მოსწავლე, ახალ სასწავლო წელს შეუდგება თანამედროვე სტანდარტების შენობაში. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, სკოლის ახალი შენობის ასაშენებლად, შესაბამისი თანხა გამოიყო სახელმწიფოს მეთაურის სარეზერვო ფონდიდან. საზეიმო გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ. მან მიულოცა მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და უსურვა წარმატებები სწავლა-განათლების პროცესში.

     ელჩმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და ქვეყნის განათლების სისტემის მესვეურებს. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ სოფელ ალიბეგლოს ქართული საშუალო სკოლის პრობლემის მოგვარება შეიძლება შეფასდეს, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარების საქმეში. საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს სასწავლო კაბინეტები, გაესაუბრნენ მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს. უახლოეს მომავალში, საქართველოს საელჩოს თაოსნობით დაგეგმილია შენობის სასკოლო ტექნიკით აღჭურვა.

     სკოლის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოადგილე იდრის ისაევი, საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში ნიკოლოზ იაშვილი, კახის რაიონის ხელმძღვანელობა და ადგილობრივი მაცხოვრებლები.

    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

  • DIB-ში საერთაშორისო მოლაპარაკებებში ტრენინგი დაიწყო

    თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) კურსი „საერთაშორისო მოლაპარაკებების უნარებში დახელოვნება” დაიწყო.

    ტრენინგს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან და მის მიზანს საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოების სხვადასხვა ფორმატების მრავალმხრივი, დისტრიბუციული და ინტეგრაციული მოლაპარაკებების გაცნობა წარმოადგენს. მსმენელები ოთხი დღის განმავლობაში წარმატებული მოალაპარაკებების ძირითად პრინციპებსა და სტრატეგიებს გაეცნობიან. 
    სწავლებას ქართველ ექსპერტთან დავით ნარდაიასთან ერთად კლინგენდაელის წარმომადგენლები ჟან-ვილემ ფოტი და მარლის როტშუიზენი უძღვებიან.

    ტრენინგი ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდალის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება.

  • კვიპროსის რესპუბლიკაში კიდევ ერთი ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა

    ქ. ლიმასოლში ახალი ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა. საქართველოს საელჩოსა და კვიპროსის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მოლაპარაკების შედეგად, საკვირაო სკოლა ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსდა (მისამართია: Larisis 4, Potamos Germasogeias 1st Primary School, Limassol).
     
    გახსნით ცერემონიაზე კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ლომინაძემ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სიტყვით მიმართა  და წარმატებული ახალი სასწავლო წელი უსურვა. ელჩმა ისაუბრა იმ სიახლეებსა და წამახალისებელ ღონისძიებებზე, რომელთა ჩატარება წლის განმავლობაში საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის იგეგმება და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მათ გადაეცემათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური ჩართულობით საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოები.
     
    ქ. ლიმასოლში ახლადგახსნილ ქართულ საკვირაო სკოლაში 30-მდე მოსწავლე ირიცხება. ბავშვებს ჩაუტარდებათ ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ხატვის, მუსიკისა და სპორტის გაკვეთილები.
     
     აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი ქართული საკვირაო სკოლა  კვიპროსში, ქ. ნიქოზიაში მდებარეობს.

  • „რუსი რეპორტიორები“ თბილისში: რეალური ჟურნალისტიკის სკოლა

    ქართველმა და რუსმა მედიამენეჯერებმა მონაწილეობა მიიღეს მრგვალ მაგიდაში თემაზე „ჟურნალისტიკის ხვალინდელი დღე: ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომელიც „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.
    რუსი ჟურნალისტები ჩამოვიდნენ თბილისში, რათა ქართველ კოლეგებს ჟურნალისტიკის განვითარებაზე და გამოწვევებზე ესაუბრონ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საგანმანათლებლო პროექტი „რეალური ჟურნალისტიკის სკოლა“, რომელსაც საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერით არაკომერციული ორგანიზაცია „რუსი რეპორტიორები“ ახორციელებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ შეხვედრის საინფორმაციო პარტნიორი გახდა.
    „რაც უფრო მეტად პროფესიონალია ჟურნალისტი, მით უფრო კარგად ესმის ერთმანეთის ქვეყნებს, სახელმწიფოებს, ადამიანებს. ჩვენი მიზანია ასევე რუსული ენის მხარდაჭერა“, — „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსი რეპორტიორების“ თავმჯდომარემ დმიტრი მიხაილინმა.
    პროექტი „რეალური ჟურნალისტიკის სკოლა“ ორ ეტაპს მოიცავს. ამჟამად რუსი მედიამენეჯერები პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჟურნალისტებს ხვდებიან და განიხილავენ საკითხებს, რომელიც რუსულენოვან ჟურნალისტიკას უკავშირდება.
    გარდა მისა, გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებში 2018 წლის 1 სექტემბრამდე ჟურნალისტებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი — გაგზავნონ საკუთარი ნამუშევრები. საუკეთესო მასალების ავტორებს პროექტის მეორე ეტაპზე მოსკოვში მოიწვევენ, სადაც ისინი წამყვან რუს ჟურნალისტებს შეხვდებიან.
    ფონდი „რუსკი მირი“ დაასახელებს საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს, რომლებსაც პრიზის სახით რუსეთის ნებისმიერ წერტილში მოგზაურობა ერგებათ. დანიშნულების ადგილს გამარჯვებული თავად აირჩევს.
    ჟურნალისტების ნამუშევარი უნდა შეიცავდეს მოთხრობას გამოჩენილ ადამიანზე, რომელიც თავის ირგვლივ სამყაროს ცვლის. ჟურნალ „რუსკი რეპორტიორის“ მთავარი რედაქტორის, ვიტალი ლეიბინის თქმით, არ არის სავალდებულო, რომ მოთხრობის გმირი ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყოს. ფორმატსაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა — მიიღება სტატიები, ფოტორეპორტაჟები, ვიდეოსიუჟეტები.
    „ეს შეიძლება იყოს რიგითი მოქალაქე — ქუჩის მოვაჭრე, ექიმი, სტუდენტი ან პენსიონერი. ის უნდა გამოირჩეოდეს რაღაც განსაკუთრებული საქმეებით, რითაც ის სამყაროს უკეთესისკენ შეცვლას ცდილობს. უნდა იყოს ნამდვილი დრამატული ისტორია, და არა ფორმალური, შაბლონური მოთხრობა“, — აღნიშნა ლეიბინმა.
    მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის აუდიტორიამ მეზობლების ცხოვრების შესახებ უბრალო ადამიანების დრამატული ისტორიებიდან შეიტყოს.
    განხილვის ერთ-ერთი თემა იყო რუსულ-ქართული ურთიერთობები. გამოითქვა სხვადასხვა თვალსაზრისი, მათ შორის მწვავე პოლიტიკურ თემებზე.
    „სიტუაციის გათვალისწინებით, პოლიტიკური დისკუსიას ვერ აცდები. მე იმის მომხრე ვარ, რომ მტკივნეული საკითხები ყოველთვის განიხილებოდეს. ასე ყალიბდება ასე თუ ისე ობიექტური თვალსაზრისი. ამიტომ ასეთი შეხვედრები ყოველთვის სასარგებლოა“, — უამბო „Sputnik-საქართველოს“ გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა.
    ასეთი დიალოგის მნიშვნელობაზე რუსული მხარის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს.
    „ასეთი პირდაპირი და ღია საუბრის ფაქტი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. აქ არ არის რაიმე მკვეთრად დაფიქსირებული პოლიტიკური ფორმატი, რაიმე დღის წესრიგი ან აშკარა პოლიტიკური ამოცანა, რომელიც რომელიმე მხარის წინაშე დგას. ჩვენ ვაცნობიერებდით, რომ რუსული და ქართული კულტურები იმდენად არის შერწყმული ერთმანეთთან, რომ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც არ ძალუძს ამ ყველაფრის წაშლა“, — განაცხადა რეჟისორმა ედუარდ ბოიაკოვმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური