საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ კოლეგას უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 20 აგვისტო 2020 14:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის უკრაინელ კოლეგას უმასპინძლა. ანდრი ტარანმა თავდაცვის მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტის განსახორციელებლად საქართველო აირჩია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც მინისტრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას. ყურადღება გამახვილდა საერთო სტრატეგიულ მიზნებზე, რომლებიც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საფუძვლებს ემყარება. 

ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის მრავალწლიან მეგობრობას. მინისტრებმა ქვეყნების საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ძირითად გამოწვევად რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია-ანექსია რჩება, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. 
ირაკლი ღარიბაშვილმა და ანდრი ტარანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა შავი ზღვის უსაფრთხოება, ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ნატოსთან თავდაცვის ძალების ურთიერთთავსებადობა.  

კოლეგებმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს და მზადყოფნა გამოთქვეს, გამოცდილება ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებაში, თავდაცვის რეფორმირებაში, კიბერუსაფრთხოებაში, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაში გაუზიარონ.
შეხვედრის დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა და ანდრი ტარანმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.

წაკითხულია 111 ჯერ

Related items

  • თავდაცვის მინისტრმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეთაურს უმასპინძლა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ სტივენ ნიერის უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

    ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და ტრანსფორმაციის პროცესში აშშ-ის მხარდაჭერაზე გაამახვილა და მრავალეროვნული ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. შეხვედრაზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ გენერალს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში გამგზავრებამდე გადასროლისწინა მომზადების პროცესში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხისმგებლო მისიისთვის მოსამზადებელ პერიოდში ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მნიშვნელოვანი როლი ხაზგასმით აღნიშნა.

    დღესვე, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაური საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ამერიკელ გენერალს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება ამერიკელ საზღვაო ქვეით ძალებთან მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა. თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორ სტივენ ნიერის საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესიც გააცნო.

    საქართველოში ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, ამერიკელი გენერალი კრწანისისა და ალგეთის საწვრთნელ ბაზებზე ამერიკელ საზღვაო ქვეითებს მოინახულებს. გენერალ-მაიორი სტივენ ნიერი ვაზიანში საბრძოლო მომზადების ცენტრსაც (CTC) ესტუმრება.

  • აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ჩვენი უპირობო არჩევანი დიპლომატიაა-მევლუთ ჩავუშოღლუ

    "აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ჩვენი უპირობო არჩევანი დიპლომატიაა", ამის შერსახებ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა

    ხმელთაშუა ზღვა ყოველთვის იყო ცივილიზაციების აკვანი - კულტურული და ეკონომიკური ურთიერთქმედების არეალი. ამ ადგილას ერთმანეთთან განუყოფლად გადაჯაჭვულია თითოეული ჩვენთაგანის წარსული, აწმყო და მომავალი. თურქეთი და საბერძნეთი ყოველთვის მხოლოდ ორი არჩევანის წინაშე იდგნენ: შებმოდნენ ერთმანეთს ორივე მხარის საზიანოდ ან ეპოვათ ურთიერთსასარგებლო გამოსავალი ფორმულით „მოიგე-მოიგე“. 

    „უცვლელი მეზობლის“ ლოგიკა გვკარნახობს, რომ მეზობლები პატივს უნდა სცემდნენ ერთმანეთის უფლებებს. ბოლო პერიოდის მოვლენებს თუ გავაანალიზებთ, ჩანს, რომ სამწუხაროდ ეს ასე არაა თურქეთთან მიმართებაში.

    ამგვარი ურთიერთპატივისცემა უნდა გამოიხატებოდეს პასუხიმგებლიან გამოკიდებულებაში - მშვიდობიანი მეთოდებითა და დიალოგის გზით გადაიჭრას არსებული პრობლემები ან მოუგვარებელი კონფლიქტები. აქედან გამომდინარე, მეზობლებმა ესკალაციის მაგივრად უნდა მიმართონ პირდაპირი დიპლომატიისა და დიალოგის გზას, რათა კეთილგანწყობის საფუძველზე მოახდინონ უთანხმოების გადაჭრა.

    ბოლო პერიოდში საფრანგეთის მსგავსი მთავრობები, საკუთარი კოლონიალისტური წარსულიდან გამომდინარე, იჩენენ არაკეთილგონივრულ დამოკიდებულებას. ნუთუ ასე სწრაფად დაგვავიწყდა, რომ კოლონიალიზმის პერიოდმა ტკივილის გარდა არაფერი მოუტანა ბევრ ხალხს?

    წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ბატონები დიდი ქალაქებიდან, მათთვის მისაღები მანერით, საკუთარ ნებას თავს ახვევდნენ გარშემომყოფ რეგიონებს. ჩვენი პატივცემული პრეზიდენტი უფრო სამართლიანი საერთაშორისო მოწყობის უზრუნველსაყოფად ემხრობა მოსაზრებას „მსოფლიო უფრო დიდია ვიდრე ხუთეული“. ჩვენი საგარეო პოლიტიკა განვსაზღვრეთ, როგორც „ინიციატივიანი და ჰუმანური“ იმისათვის, რომ ხაზი გავუსვათ იმ ფასეულობებს, რომლებიც გვინდა რომ დომინირებდეს სამყაროში და ასევე, ჩვენს დაუღალავ კრეატიულობას მათ განხორციელებაში. ეს ყველაფერი ეხმიანება მუსტაფა ქემალ ათაურქის პოსტულატს: „მშვიდობა სამშობლოში და მშვიდობა მსოფლიოში“, რომელიც ელეფთერიოს ვენიზელოსის მიერ ნომინირებულია ნობელის მშვიდობის პრემიაზე. ამ მიზეზით, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ურთიერთპატივისცემისა და პრობლემების სამართლიანი გადაჭრის პრინციპებს.

    აქედან გამომდინარე, თურქეთი მხარს უჭერს ნატო-ს დაშორიშორებისა და გერმანიის დეესკალაციის ინიციატივებს იმ უპირატესი მიზნით, რომ აღდგეს თურქეთსა და საბერძნეთს შორის ამჟამად არსებული ორმხრივი მექანიზმები. ვიმედოვნებთ, ათენი მიხვდება, რომ ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული რამაა. თურქეთი იმდენად სცემს პატივს საბერძნეთს, რომ მას არ სურს სხვა მხარეებთან მოლაპარაკება და შეთანხმება საკითხებზე, რომლებიც უნდა გადაწყდეს უშუალოდ ორ მეზობელ ქვეყანას შორის.

    აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ჩვენი ძირითადი მიზნები შემდეგია:

    -საზღვაო საზღვრების სამართლიანი და მიუკერძოებელი დელიმიტაცია;

    -კონტინენტურ წყლებზე ჩვენი უფლების დაცვა, მაქსიმალისტური და ზღვარგადასული საზღვაო საზღვრის პრეტენციებისაგან;

    -შემოსავლის განაწილების სამართლიანი მექანიზმის შექმნის გზით კვიპროსელი თურქების თანაბარი უფლებების დაცვა კუნძულის ოფშორულ რესურსებზე;

    -ხემელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ყველა მხარის - მათ შორის კვიპროსელი თურქების მონაწილეობით რეალისტური, ინკლუზიური, სამართლიანი და მიუკერძოებელი ოფშორული ენერგეტიკული თანამშრომლობის მექანიზმების შექმნა (ამასთან დაკავშირებით გაკეთებული შემოთავაზებები, ჯერ კიდევ მაგიდაზეა).

    თურქეთის მიმართ, ევროკავშირის მეშვეობით, ვერ იქნება წამოყენებული მთელი რიგი მაქსიმალისტური პრეტენზიები, რადგან ევროკავშირს არ გააჩნია არავითარი კომპეტენცია საზღვაო საზღვრების დელიმიტაციის საკითხში. თქვენ ვერ შეზღუდავთ თურქეთის წვდომას ღია ზღვასა და საკუთარ წყლებზე, 40 ათასი კმ 2 შელფზე პრეტენზიის წამოყენების გზით, მაშინ როდესაც პაწაწინა კუნძული მეისი (ყოფილი კასტელორიცო) თურქეთიდან - 2, ხოლო საბერძნეთიდან 580 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს. არ არსებობს კანონი, ლოგიკური ჯაჭვი ან სამართლიანობის ფუნდამენტური განცდა, რომელიც გაამართლებდა საწინააღმდეგო არგუმენტს.

    გარდა ამისა, არარეალისტურია მცდელობა რეგიონში ყველაზე გრძელი სანაპირო ზოლის, მზარდი მოსახლეობის, საწარმოო საშუალებებისა და ენერგეტიკული მოთხოვნილების მქონე ქვეყანას, თურქეთს, არ მისცე მასთან მდებარე სიმდიდრით სარგებლობის საშუალება. ეს არ მოხდება, როგორც აქამდე არაერთხელ აღვნიშნეთ.

    ამ მიზეზით, ბუნებრივია თურქეთის პოზიცია იქნება მტკიცე, რათა არ დაუშვას საკუთარი ფუნდამენტური ინტერესების შელახვა. რეგიონში ჩვენი საზღვაო ძალების არსებობა განპირობებულია არა თავდასხმის არამედ, ლეგიტიმური თავდაცვის მიზნით, რათა ხელი არ შეეშალოს საკუთარ კონტინენტურ წყლებში (აღიარებულია 16 წლის წინ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით) მიმდინარე სეისმო-კვლევით სამუშაოებს. 

    საერთაშორისო სამართლის მიხედვით დიალოგი და მოლაპარაკებები საზღვაო საზღვრის პრობლემების გადაჭრის ერთადერთი და პრიორიტეტული ფორმაა. აქედან გამომდინარე, ველოდებით, რომ საბერძნეთი განააახლებს თურქეთთან დიალოგს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. წინაპირობები წარმოშობს საპირისპირო წინაპირობებს (დამერწმუნეთ, ჩვენც შეგვიძლია საკუთარი უამრავი წინაპირობის დაყენება), რის გამოც ეს არაა ორ მეზობელს შორის მოლაპარაკების საუკეთესო საშუალება.

    ყოველი კრიზისი წარმოაჩენს ახალ საშუალებასაც და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ მშვიდობიანი წინსვლისთვის. ასევე, ფაქტია, რომ ყოველი მოლაპარაკების პროცესი უნდა თავის თავში მოიაზრებდეს პრინციპს: „მიეცი-აიღე“. ამისი ალტერნატივაა: შევმალოთ პრობლემები ხალიჩის ქვეშ და ვიმედოვნოთ, რომ ისინი თავად მოგვარდება ან ვინმე სხვა მოაგვარებს მათ ჩვენ მაგივრად. საგულისხმოა, რომ პრობლემები არათუ თავისით არ გვარდება, არამედ უფრო ჩახლართული ხდება  დროთა განმავლობაში. ჩვენ გვჭირდება მტკიცე, ეფექტური და რაციონალური მმართველობა, რათა მომავალ თაობებს მემკვიდრეობით დავუტოვოთ მშვიდობა და უსაფრთხოება. ეს გააჩნია თურქულ მხარეს. ჩვენი დღევანდელი საქმიანობა განსაზღვრავს არა მარტო დღევანდელ, არამედ ხვალინდელ დღესაც და თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ თურქეთი წავა იმ გზით, რომელსაც საბერძნეთი აირჩევს. ფაქტიურად, არჩევანი, თუ რომელ გზას დავადგეთ უნდა გააკეთოს არა თურქეთმა, საფრანგეთმა ან სხვა ვინმემ, არამედ საბერძნეთის პატივცემულმა ლიდერებმა და ხალხმა.   

    მასალა მოგვაწოდა საქართველოში თურქეთის საელჩოს პრეს-სამსახურმა.

  • თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით, აქტიურ ფაზაშია

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროექტი ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით, აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.

    მათი ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული Su-25 ტიპის თვითმფრინავები საავიაციო ქარხანაშია გადატანილი და სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენი“ საფრენი აპარატების კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. დღეს თავდაცვის მინისტრი მიმდინარე სარემონტო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო და პროექტის მიმდინარეობის შესახებ სპეციალისტებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

    თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, სუ-25-ის გარდა, უახლოეს პერიოდში მოხდება მოიერიშე შვეულმფრენების მი-24-ების, UH-1-ების და L-39-ების რეაბილიტაცია და განახლება.

    საავიაციო პარკის განახლების პროცესი „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პარალელურად, პროექტი პირადი შემადგენლობის მომზადებასა და გადამზადებას, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.

    კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ „მინისტრის ხედვაში“ გაწერილი თავდაცვის ძალების განვითარების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს და მიზნად საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერებასა და განვითარებას ისახავს.

  • კარანტინის შემდეგ ჩინელი სპეციალისტები მაგისტრალების მშენებლობაში ჩაერთვებიან

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე მოადგილეებთან ერთად ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და რიკოთისა და ქვეშეთი-კობის მაგისტრალების მშენებლობის პროექტებში დამატებითი  პერსონალის ჩართვის საკითხი განიხილა.

    ჩინეთიდან ჩამოსული სპეციალისტები, სამუშაოებში ჩართვამდე, 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან, რომლის ხარჯებს სრულად დაფარავენ კონტრაქტორი კომპანიები.

    ჩინური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში ეტაპობრივად, 21, 23, 25 და 26 აგვისტოს  ჩამოვლენ. საქართველოს საზღვარზე მათ PCR ტესტით შემოწმებას და საკარანტინე ზონაში გადაყვანას, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების დაცვით, კომპანიები  თავად უზრუნველყოფენ. 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, საკარანტინო სივრცის დატოვებამდე, პერსონალი განმეორებით გაივლის ტესტირებას და ექიმის დასკვნის საფუძველზე  ჩაერთვება მიმდინარე სამუშაოებში. სულ, კარანტინის გავლა დაახლოებით 500 სპეციალისტს მოუწევს.

    საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელშეწყობით, ინფრასტრუქტურულ პროექტების განმახორციელებელმა ჩინურმა კომპანიებმა, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთოხებისთვის საჭირო დაცვითი სამოქმედო გეგმა წინასწარ განსაზღვრეს.

    მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში  საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები არ შეჩერებულა, ზოგიერთი მათგანის  ტემპი სპეციალური კვალიფიკაციის მქონე მუშახელის არასაკმარისი  რაოდენობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა.  სამუშაოს  უფრო ეფექტურად წარმართვისთვის და მეტი პროგრესის მისაღწევად  საჭირო გახდა დამატებითი კვალიფიცირებული პერსონალის ჩინეთიდან  ჩამოყვანა.

    საქართველოში, ბათუმის შემოვლითი გზისა და გრიგოლეთი-ქობულეთის პროექტებში უკვე ჩაერთნენ  თურქი სპეციალისტები, რომლებმაც კარანტინი ყველა წესის დაცვით გაიარეს. ქართული მხარე   ასევე  განიხილავს სხვა კონტრაქტორი კომპანიების მოთხოვნებსაც, მიმდინარე საერთაშორისო პროექტებისთვის საჭირო სპეციალისტების მსგავსი პროცედურების დაცვით  ჩამოყვანის შესაძლებლობის თაობაზე.

  • თავდაცვის მინისტრმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალებში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების გამოვლენისა და დაჯილდოების ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ახალი ინიციატივა ჯარისკაცებს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში გააცნეს. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის უწყების ადმინისტრაცია იტყობინება.
    ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალებში ჩამოყალიბებული შერჩევის საბჭოს მიერ გამოვლენილ 5 საუკეთესო სამხედროს სერტიფიკატები და ფულადი ჯილდოები გადასცა. გამარჯვებულები საუკეთესო ოცეულის მეთაურის, საუკეთესო ათეულის მეთაურის, საუკეთესო უმცროსი ოფიცრის, საუკეთესო სერჟანტისა და საუკეთესო კაპრალის კატეგორიებში დაასახელეს. სამხედროების დაჯილდოება სამ თვეში ერთხელ მოხდება.
    ახალი პროექტის მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებაა, რაც უწყების სამოქმედო დოკუმენტში „მინისტრის ხედვა 2020“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საუკეთესო სამხედროების შერჩევა სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის - დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ხდება. სპეციალური კომისია ყველა ქვედანაყოფიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საუკეთესო რიგითებს, კაპრალებს, სერჟანტებსა და უმცროს ოფიცრებს გამოავლენს.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური