შსს-ს 11 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2020 09:43

შინაგან საქმეთა სამინისტროს /შსს/ სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდათ. ამის შესახებ შსს-ს პრეს-სამსახური იუწყება.

მათი ინფორმაციით, 11 თანამშრომლიდან - 7 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებში დაფიქსირდა, სამი შემთხვევა - მესტიის მუნიციპალიტეტში: მეხანძრე-მაშველს, დაცვის პოლიციელს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა, ხოლო მე-11 თბილისში დაცვის პოლიციის ინსპექტორს დაუდასტურდა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შვიდივე თანამშრომელი დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ყველა მათგანი გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ამ თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ეპიდემიოლოგები მათ კონტაქტებს აქტიურად იკვლევენ. შემხებლობაში მყოფი 20-ზე მეტი თანამშრომელი უკვე გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში.

აღნიშნულ თანამშრომელთა სამუშაო სივრცეებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა სამსახურებრივი ავტოტრანსპორტი.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სამუშაო რეჟიმის დროს, მოქალაქეებთან ურთიერთობისას, მკაცრად იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და უსაფრთხოების პროტოკოლით განსაზღვრულ ნორმებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით, კორონავირუსზე მიზნობრივი ტესტირება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს მუდმივ რეჟიმში უტარდებათ.

წაკითხულია 292 ჯერ

Related items

  • გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში

    კორონავირუსის პანდემია ეტაპობრივად გახდა ბიზნეს სექტორის №1 გამოწვევა მსოფლიოს მასშტაბით. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" კომპანია “GM Pharma”-ში განუცხადეს, კომპანიების მენეჯმენტისთვის უდიდეს გამოწვევას მრავალი ურთიერთდაკავშირებული, ფართო სპექტრის საკითხი წარმოადგენს, რომელთაგანაც ერთ-ერთი პრიორიტეტული დასაქმებულებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაა.

    უსაფრთხო  სამუშაო გარემო გულისხმობს თანამშრომელთა ავადობის რიცხვის მინიმუმამდე შემცირებას. აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ როგორც COVID-პანდემია, ასევე სეზონური რესპირაციული დაავადებები, მათ შორის - გრიპი.

    გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების პრევენციის ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალებაა. მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით, ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი მინიმუმ 60%-ით შეამციროს მთელს მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში.

    ვაქცინაცია ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა COVID-19-ის პანდემიის ფონზე მან კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა. მაშინ, როდესაც ჯერ არ არის ხელმისაწვდომი კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა, განსაკუთრებულად აუცილებელია გრიპის ვაქცინით იმუნიზაცია, რომ მინიმუმამდე შევამციროთ გრიპითა და COVID-19-ით ერთდროულად ინფიცირების რისკი, რათა თავიდან ავიცილოთ კიდევ უფრო მძიმე გართულებები და ამავე დროს ჯანდაცვის სისტემის, ჰოსპიტალური საწოლ-ფონდის მკვეთრი გადატვირთვა, რაც თავისთავად პაციენტთა სათანადოდ მოვლის დეფიციტსა და სიკვდილიანობის მკვეთრ მატებას გამოიწვევს.

    სწორედ ამიტომ, კომპანია “GM Pharma”-მ გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო ინიციატივა, იზრუნა თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე და მათ შესთავაზა ნებაყოფლობითი, უფასო იმუნიზაცია სამკომპონენტიანი ვაქცინით, რომელიც სრულად შეესაბამება 2020-2021 წლების ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის რეკომენდებულ შემადგენლობას. “GM Pharma”-ს ასზე მეტ თანამშრომელს ჩაუტარდა გრიპის ვაქცინით იმუნიზაცია დადგენილი წესით.

    “GM PHARMA” საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კორპორაციაა, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები იწარმოება საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების (მაგ. გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია) GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

    “GM PHARMA”-სთვის 2020 წელი საიუბილეო წელია. კომპანია არსებობის 20 წლის თავზე, 150 ბრენდითა და 250 გამოშვების ფორმით, ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში, აწარმოებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში და ყოველწლიურად 10 მილიონ პაციენტზე მეტი მკურნალობს “GM PHARMA”-ს მედიკამენტებით საქართველოში და საზღვარგარეთ.

     

  • კვლევები მარტოობასთან დაკავშირებით

    მარტოობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევები ადასტურებენ, რომ მარტოობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იგრძნობა 20-იან წლებში და ყველაზე დაბალი, 60-იან წლებში. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" იუწყება.
    NewsMedicalLifeSciences საიტის სიახლეების თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის უნივერსიტეტის სან დიეგოს სამედიცინო სკოლაში შეისწავლეს ფსიქოლოგიური და გარემო ფაქტორები, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში მარტოობას იწვევს. კვლევაში, 20-დან 69 წლამდე ასაკის 2 843 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის დეტალები, „Journal of Clinical Psychiatry“-ს ინტერნეტ ნომერშია გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც მარტოობის დონემ 20-იან წლებში პიკს მიაღწია, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 60-იან წლებში და 40-იანი წლების შუა პერიოდში დაფიქსირდა.
    საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თანაგრძნობისა და თანადგომის დაბალი დონე, ვიწრო სოციალური ქსელები, მეუღლის ნაკლებობა და არასწორი ძილის გრაფიკი, ყველა ასაკობრივ ჯგუფში მარტოობის მაჩვენებელია. ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ 20 წელზე ზემოთ ასაკის ადამიანები ინტენსიური სტრესისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ, როდესაც ცდილობდნენ კარიერას და პარტნიორის მოპოვებას ყოველგვარი ჯანმრთელობის პრობლემების შექმნის გარეშე.

  • ევროპოლის და ქართველი სამართალდამცველების თანამშრომლობით, კრიმინალური ქსელ QQAAZZ-ის 20 წევრია დაკავებული

    ევროპოლის მიერ კოორდინირებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, უპრეცენდენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაცია- 2BaGoldMule ჩატარდა. ოპერაციაში ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყება, დაკავებულ იქნა კრიმინალურ ქსელ QQAAZZ-ის 20 წევრი, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონი ევროს გათეთრებას ცდილობდნენ.

    ოპერაციას წინ უძღოდა კომპლექსური გამოძიება პორტუგალიის, აშშ-ისა და ესპანეთის პოლიციის, ასევე, გაერთიანებული სამეფოს, საქართველოს, ლატვიის, ბულგარეთის, იტალიის, გერმანიის, შვეიცარიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ავსტრალიის, შვედეთის, ავსტრიისა და ბელგიის სამართალდამცავი უწყებების მიერ, ევროპოლის კოორდინაციით.

    გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო.

    დადგინდა, რომ QQAAZZ-ს ქსელს, რომლის წევრები იყვნენ ლატვიიდან, საქართველოდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და ბელგიიდან, ასობით კორპორატიული და პირადი საბანკო ანგარიში ჰქონდა გახსნილი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ირიცხებოდა კიბერკრიმინალების მიერ მსხვერპლების ანგარიშებიდან მოპარული თანხა. შემდეგ აღნიშნული თანხები ირიცხებოდა QQAAZZ-ის კონტროლირებად ანგარიშებზე და ხშირად თანხების კონვერტაცია ხდებოდა კრიპტოვალუტაში.

    შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და იგი ევროპოლის, ინტერპოლისა და სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში კვლავ აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა სახის ოპერატიული დახმარების აღმოჩენას.

    შსს-ს პრეს-სამსახური

  • გორთან მომხდარ ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

    2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

    პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 6 მგზავრი, ხოლო 10 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.
     
    გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს.
    დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    გამოძიებით დადგინდა რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
    აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 6 მგზავრი, ხოლო 10 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით კი სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე მგზავრი დაიღუპა.
    ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.
     
     
  • საქართველოში კორონავირუსის /COVID-19/ დიაგნოზით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსის /COVID-19/ დიაგნოზით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. მათი მონაცემებით, ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 21-ე და 22-ე  შემთხვევაა.

    კორონავირუსით გარდაცვლილი 21-ე პაციენტი ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა. არსებული ინფორმაციით, ის ბათუმიდან იყო. ასაკოვან ქალს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.

    რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, 67 წლის მამაკაცი მკურნალობას ბათუმში გადიოდა. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

    დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 3913 -ს მიაღწია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 40 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1574-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

     

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური