გენერალურმა პროკურატურამ გ. შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 11 აგვისტო 2020 15:48

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახური იტყობინება.

საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილ იქნა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც წვეულებაზე სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს ვ.ჩ.-ს.

ვ.ჩ., თვლიდა რა საკუთარ თავს კონფლიქტში დაჩაგრულად, მოწინააღმდეგე მხარეზე შურისძიებისა და ანგარიშსწორებისათვის დამატებითი ფიზიკური ძალის მობილიზების მიზნით, დაბრუნდა თბილისში, ნაძალადევის რაიონში. წვეულების ადგილზე დარჩა ვ. ჩ.-ს ორი მეგობარი, რომლებიც პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ.

თბილისში დაბრუნებისთანავე, ვ.ჩ. დაუკავშირდა მის მეგობრებს და 19 ივნისის დაახლოებით 00:30 საათისათვის, მერსედესის მარკის და ვ.ჩ.-ს კუთვნილი ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანებით გაემართნენ მცხეთის მიმართულებით.

მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, დაბადების დღეზე მყოფი სტუმრების უმრავლესობამ დატოვა აგარაკის ტეორიტორია. მათ შორის იყო გიორგი შაქარაშვილიც, რომელიც წვეულებაზე მყოფ სხვა პირებთან ერთად, ფეხით გაემართა თბილისის მიმართულებით. მათ ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და უთვალთვალებდა ვ.ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. მათი მითითებით, მერსედესის მარკის ავტომანქანით ნაძალადევის რაიონიდან მცხეთაში ჩასული პირები გაემართნენ გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად ავტობანზე ფეხით მოძრავი პირებისაკენ.

დაახლოებით 00:47 საათზე, არაგვის ხიდთან მდებარე ავტო-სამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მერსედესის მარკის ავტომაქანაში მყოფი პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს. თავდამსხმელებს ასევე შეუერთდნენ ვ. ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილთან ერთად მყოფ პირებს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა გაქცევით დააღწია თავი ძალადობას. ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი.

პარალელურად, ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანით ვ.ჩ.-სთან ერთად მყოფი პირები კონფლიქტში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა მოძიების მიზნით გაემართნენ აგარაკისაკენ. ვინაიდან მათ აგარაკზე მოწინააღმდეგეთაგან არავინ დახვდა, ტოიოტა ქამრი გამოემართა თბილისის მიმართულებით.

გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორთათვის ასოცირდებოდნენ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებთან, ფეხით განაგრძობდნენ გზას თბილისისაკენ, რა დროსაც მათ გზა გადაუჭრა აგარაკიდან წამოსულმა, ვ.ჩ.-ს კუთვნილმა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანამ, რომელსაც მისი მეგობარი ვ.მ. მართავდა. გაჩერებისთანავე, ავტომანქანიდან, ვ.ჩ.-სთან ერთად  გადმოვიდნენ ვ.მ., ნ.რ., ა.გ., ზ.ხ., ა.ქ. და გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს და მისი თანმხლებ პირებს, პარალელურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოსალოდნელი ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ ავტობანზე არაგვის ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით, გადაირბინეს არაგვის ხიდი, გადაკვეთეს საავტომობილო გზა და სირბილი განაგრძეს დასავლეთის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილის თანმხლები პირი გ.ქ., რომელიც იყო ნაცემი, თავდამსხმელებისაგან თავის დაღწევის მიზნით, საავტომობილო გზაზე მოწყობილი ბეტონის გამყოფი ზოლის გადაკვეთის შემდეგ, დაიმალა გამყოფ ზოლში არსებულ ნარგავებში. ამავდროულად, საავტომობილო გზა გადაკვეთეს, მეორე მხარეს გადავიდნენ და გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად მყოფი პირების დევნა განაგრძეს თავდამსხმელებმა ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ და ზ.ხ.-მ. დასავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის ნაპირზე არსებული ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისას, გიორგი შაქარაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა ვ.ა.-მ სირბილი განაგრძეს გზის მარჯვენა მხარეს ხიდის ქვეშ გამავალ მეორეხარისხოვან გზაზე, ხოლო გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გ.ა. გაიქცა ზემოაღნიშნული შენობის მიმართლებით და დაიმალა მის უკან არსებულ ბუჩქებში. გიორგი შაქარაშვილს და ვ.ა.-ს იმავე მიმართულებით გაეკიდნენ ვ. ჩ., ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო ა. გ.-მ და ნ. რ.-მ, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ იმავე გზაზე საპირისპირო მხრიდან გამოქცეულ პირებს და გზა გადაეღობათ მათთვის. ვ.ა. მეორეხარისხოვან გზაზე სირბილისას დაიმალა გზის პირად არსებულ ბუჩქებში, გიორგი შაქარაშვილმა კი განაგრძო გადაადგილება. როდესაც გიორგი შაქარაშვილი მიუახლოვდა მეორეხარისხოვანი გზის იმ მონაკვეთს, რომელიც არაგვის ხიდის ბურჯებს შორის გადის, საპირისპირო მიმართულებიდან მას გზა გადაუღობეს ა. გ.-მ და ნ. რ.-მ.

გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც  მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის - მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნით გამოირიცხა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ასფალტირებულ გზაზე, ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე დაგორება - დაცურებით, წაქცევა-დაცემით ან რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით, ასევე დაახლოებით 15.../25... მეტრი სიმაღლის ხიდიდან თავისუფალი ვარდნის შემდეგ, წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად, ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი.

გარდა აღნიშნულისა, გამოძიების მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების დადგენის მიზნით, აქტიურად გრძელდება კომპლექსური საექსპერტო კვლევები.

ხუთივე თავდამსხმელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე განვითრებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, 19 ივნისის ღამით, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით გაემართა სულ 8 ავტომანქანა, მათგან სამი საბურთალოს რაიონიდან, ხოლო ხუთი - ნაძალადევის რაიონიდან. ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერების და მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად უტყუარად დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანა და დანაშაულის ჩადენაში მისი მგზავრები მონაწილეობდნენ.

გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების პროცესში ჩატარდა ათასზე მეტი საპროცესო მოქმედება, საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამუშავებულ და შესწავლილ იქნა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების მეშვეობით განხორციელებული ათიათასობით ზარის, მოკლე ტექსტური შეტყობინების და ინტერნეტ აქტივობის შესახებ, გამოკვლეულ იქნა საჯარო და კერძო დაწესებულებების კუთვნილი გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე ასეულ საათს, დაკითხულ იქნა ასეულობით მოწმე, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, კომპიუტერული და კომპლექსური ექსპერტიზები, ამოღებულ იქნა კონფლიქტში მონაწილე პირთა ტანსაცმელი,  საკომუნიკაციო და სატრანსპორტო საშუალებები, აღებულ იქნა ანაწმენდები და სხვადასხვა სახის ნიმუშები, მოწმეთა ჩვენებების და საგამოძიებო ვერსიების შემოწმების მიზნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი, ბრალდებულთა ამოცნობები და სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით მიემართა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს.

გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ იმ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს.

წაკითხულია 138 ჯერ

Related items

  • ამერიკის საელჩომ სასაზღვრო პოლიციას მობილური დაკვირვების სისტემა გადასცა

    ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თბილისში, თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს /შსს/ სასაზღვრო პოლიციას მობილური დაკვირვების სისტემები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია ავრცელებს.

    უწყების ცნობით, აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ბაზაზე გაიმართა. სპეციალური აღჭურვილობა სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ პირადად დაათვალიერა და მის შესაძლებლობებს გაეცნო. მობილური დაკვირვების სისტემები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასაზღვრო მონაკვეთების კონტროლის შესაძლებლობებს, რაც, თავის მხრივ, დანაშაულების გამოვლენასა და აღკვეთას შეუწყობს ხელს.

    „ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი თემურ კუპატაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ბაკურ ელისაშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ქეთრინ შვაიზერი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს უფროსის მოადგილე, მაიორი ლარონ ბაიბი დაესწრნენ“, – აცხადებენ შსს-ში.

  • მიკროავტობუსი კლდოვანი ფერდობიდან გადავარდა, დაღუპულია 17 ადამიანი

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფის მობილიზება. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

    სამაშველო სამუშაოები უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. სამაშველო ჯგუფები რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

    შსს-ს ნფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფი 17 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ტერიტორიაზე უკვე ამოიყვანეს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. გრძელდება ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები. ამასთანავე, მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება და სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო

    წყარო: https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministros-gantskhadeba/13901

  • თბილისში “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული მეორე ახალგაზრდის, მამაკაცის ცხედარი მტკვარში იპოვეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს /შსს/ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად თბილისში “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული მეორე ახალგაზრდის, მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს. ამის შესახებ შსს-ს პრეს-სამსახური იუწყება.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბარ "ბაუჰაუს"-დან გაუჩინარებული გოგონას ცხედარი დღეს, მამაკაცის ცხედრის აღმოჩენამდე რამდენიმე საათის წინ ასევე მდინარე მტკვარში იპოვეს.
     
    შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე “ბაუჰაუს” ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები. საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხული არიან “ბაუჰაუს” ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.
     
    ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
     
  • თბილისში, “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს /შსს/ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მტკვარზე ჩატარებული ინტესიური საძიებო სამუშაოების შედეგად თბილისში, “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ შსს-ს პრეს-სამსახური იუწყება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე “ბაუჰაუს” ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.

    საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხული არიან “ბაუჰაუს” ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.

    ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო და საძიებო სამუშაოები “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცზე.

    ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

     

  • შსს-ს 11 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს /შსს/ სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდათ. ამის შესახებ შსს-ს პრეს-სამსახური იუწყება.

    მათი ინფორმაციით, 11 თანამშრომლიდან - 7 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებში დაფიქსირდა, სამი შემთხვევა - მესტიის მუნიციპალიტეტში: მეხანძრე-მაშველს, დაცვის პოლიციელს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა, ხოლო მე-11 თბილისში დაცვის პოლიციის ინსპექტორს დაუდასტურდა.

    საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შვიდივე თანამშრომელი დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ყველა მათგანი გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ამ თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

    ეპიდემიოლოგები მათ კონტაქტებს აქტიურად იკვლევენ. შემხებლობაში მყოფი 20-ზე მეტი თანამშრომელი უკვე გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში.

    აღნიშნულ თანამშრომელთა სამუშაო სივრცეებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა სამსახურებრივი ავტოტრანსპორტი.

    აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სამუშაო რეჟიმის დროს, მოქალაქეებთან ურთიერთობისას, მკაცრად იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და უსაფრთხოების პროტოკოლით განსაზღვრულ ნორმებს.

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით, კორონავირუსზე მიზნობრივი ტესტირება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს მუდმივ რეჟიმში უტარდებათ.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური