აშშ-ის საელჩოს განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 07 აგვისტო 2020 12:33

აშშ-ის საელჩომ თბილისში დღეს გაავრცელა განცხადება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით. "ნიუსდეი საქართველო" ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეიჭრა. 7 აგვისტო მწუხარებით გვახსენებს რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარებულ ათასობით ადამიანს, რომლებიც კვლავაც განსაცდელში რჩებიან. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი სახლების დატოვება და დევნილობა აიძულეს. ჩვენ ვიხსენებთ უდანაშაულო, მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც დაიღუპნენ იმის გამო, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ჩაკეტა და არ მისცა მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. ჩვენ გვახსოვს უკანონო „ბორდერიზაციის“ შედეგად გახლეჩილი ოჯახები და დაკარგული საარსებო წყარო. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კოვიდ 19-ით გამოწვეულ ზიანთან გამკლავებას ცდილობს, საქართველო, ამავდროულად, ზარალდება სავაჭრო ურთიერთობების დაკარგვით იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ახლა ერთმანეთს თვითნებურად დადგენილი გამყოფი ხაზებით არიან მოწყვეტილი, ეს კი ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესს კიდევ უფრო აბრკოლებს.

გასულ წელს, ჩვენ, ასევე, ვიხილეთ რუსეთის მიერ მართული მასშტაბური შემოჭრა და ჩორჩანა-წნელისის მიმდებარედ დამატებით ასობით მეტრი ტერიტორიის გაკონტროლების მცდელობა. რუსეთი კვლავ არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რუსი „მესაზღვრეები“ აკავებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის ფაქტის ჩათვლით. რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალები აგრძელებენ ქართული ტერიტორიების თანდათანობით მიტაცებას და ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების თითოეული მეტრით გაფართოებას.

2008 წლის შეთანხმების ფარგლებში რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებები მკაფიოა: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შუფერხებელი წვდომა. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ასი ათასობით დევნილმა და ლტოლვილმა შეძლოს საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება. ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მათთან ერთად მოვუწოდებთ რუსული აგრესიის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს კვლავ გაერთიანებისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.

წაკითხულია 143 ჯერ

Related items

  • აზერბაიჯანი და თურქეთი იმ ქვეყნებს შორის იყვნენ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს გაეროში

    3 სექტემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ”იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობა აფხაზეთიდან, საქართველოდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველოდან”.

    როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, წელს მას უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა - რეზოლუციას 84 წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 13 ქვეყანა წინააღმდეგი იყო.

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა იმ 84 ქვეყანას, რომლებიც წელს საქართველოს გვერდით იდგნენ.

    აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა და თურქეთმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს მხარდაჭერა, და შეუერთდნენ გლობალურ მოწოდებას, რათა უზრუნველყონ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გაძევებული ქართული მოსახლეობის უფლებების დაცვა და საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნება.

    რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. მაგრამ სომხეთი კი ძალიან არატრივიალურად მოიქცა და მან მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში. ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩვენი ქვეყნის უშუალო მეზობელი, რომელიც ორმხრივი კონტაქტების დროს მეგობრობას ამტკიცებს, ცუდად არის ინფორმირებული საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობის შესახებ. მიუხედავად ამისა, ერევანმა თავიდან აიცილა მკაფიო პოზიციის გამოხატვა ამ საკითხთან დაკავშირებით.

  • თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

    კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში სამედიცინო მომსახურების მისაღებად თურქეთში წამსვლელ პაციენტებთან დაკავშირებით მიღებული ახალი რეგულაციის თანახმად, მათ უნდა მიმართონ ს.ს. საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ). ამის შესახებ საქართველოში თურქეთის საელჩო იტყობინება.

    ისინი უნდა დარეგისტრირდნენ პაციენტების მონიტორინგის სისტემაში მისამართზე: http://covid19st.ushas.com.tr. სისტემაში თავად პაციენტმა, მისმა ახლობელმა, საავადმყოფომ ამ საშუამავლო ორგანიზაციამ უნდა გახსნას მომხმარებლის ანგარიში. რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოცემულია USHAŞ-ის ვებგვერდზე:http://www.ushas.com.tr.  USHAŞ-ი თავად დაუკავშირდება და მიაწვდის საჭირო ინფორმაციას იმ პაციენტებს, რომლებიც დაიშვებიან თურქეთში სამკურნალოდ.

    ჩვეულებრივად, თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელმა პაციენტებმა  უნდა მიმართონ თურქეთის ყველაზე ახლომდებარე წარმომადგენლობას და აიღონ სამკურნალო-მიზნობრივი ვიზა. კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში კი, თუ სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით თურქეთში წამსვლელი საქართველოს მოქალაქეები სასაზვრო-გამშვებ პუნქტებზე წარადგენენ USHAŞ-ის მოსაწვევ წერილს, ისინი გამონაკლისის სახით, ვიზის გარეშე, დაიშვებიან თურქეთის ტერიტორიაზე. ერთ პაციენტთან ერთად დაიშვება არა უმეტეს 2 პირისა.

    უცხოელმა პაციენტებმა და თანმხლებმა პირებმა თურქეთში ჩამოსასვლელად შეუძლიათ ისარგებლონ სტამბოლის აეროპორტით, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტით, სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტით, ანკარის ესენბოღას აეროპორტით, ანტალიის აეროპორტით, საავტომობილო გზით, კერძოდ, სარფის, ქაფიქულეს, ჰაბურის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით. აეროპორტში და საზღვარზე პაციენტებსა და მათ თანმხლებ პირებს გაუკეთდებათ ფასიანი კოვიდ 19-ის „პი სი არ“ (PCR) ტესტი ან მოხდება ტესტის მასალის აღება.

    აღნიშნული რეგულაციის შესახებ ეცნობათ საქართველოს უწყებებს.

  • აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური აქცია გაიმართა

    5 მაისს დმანისის მუნიციპალიტეტში მორიგი სოციალური აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით საკვები პროდუქტები 100 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს გადაეცა.
    ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული - შოთა რეხვიაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი ესწრებოდნენ.
    "აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით, საშუალება მოგვეცა დმანისის მუნიციპალიტეტში დამატებით 100 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს დავეხმაროთ. მე მინდა აზერბაიჯანულ მხარეს და თითოეულ კომპანიას, ვინც სოციალურ კამპანიაშია ჩართული მადლობა გადავუხადო"- განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა.
    სოციალურ ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ბადრი სუბარი, არიფ სულეიმანოვი და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი -პაატა ყულიაშვილი ესწრებოდნენ.

  • აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით საკვები პროდუქტები კიდევ 400-მდე ოჯახს გადაეცათ

    დღეს, თბილისის საკრებულოს დახმარების კამპანიის ფარგლებში, მორიგი აქცია გაიმართა. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებს საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს გადასცემენ.

    საკრებულოს უმრავლესობის წევრები აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერითა და საქართველოში აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციის, ასევე ქართული კომპანიების შპს „ფეიდალ ჯორჯიას“ და ამხანაგობა „32ა“-ს დახმარებით, საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს კიდევ 400-მდე ოჯახს გადასცემენ.

    საკრებულოს მიერ გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი ესწრებოდა.

    თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, საქართველოში მოქმედ აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციასა და ქართულ კომპანიებს დახმარებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ კამპანიის ფარგლებში, უკვე ასეულობით ოჯახის დახმარება მოხერხდა. გიორგი ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ კერძო სექტორი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობას.

    „თბილისის საკრებულო აგრძელებს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას. დღეს, აზერბაიჯანის მთავრობის, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და საქართველოში აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციის დახმარებით, ჩვენ გვაქვს საშუალება დამატებით დაახლოებით 400 ოჯახს დავურიგოთ პროდუქტები. მე მინდა, თითოეულ კომპანიას, რომელიც ამ პროცესში ჩართულია, მადლობა გადავუხადო და ყველას მოვუწოდებ, აღნიშნულ აქციაში ჩაერთონ. ეს კამპანია მომავალშიც გაგრძელდება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

    თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბექა დავითულიანის განცხადებით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა მხარდაჭერა და გვერდში დგომა იგრძნონ. მან კერძო სექტორს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

    „საკრებულოს კამპანიის ფარგლებში, დღეს აზერბაიჯანის საელჩომ, კომპანიებმა „ფეიდალ ჯორჯიამ“ და „32ა-მ“ შემოგვწირეს 400-მდე, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახისთვის განკუთვნილი პროდუქცია. ეს ნობათი მაჟორიტარი დეპუტატების დახმარებით, თბილისის ყველა რაიონში განაწილდება და ამით მცირედით მაინც შევეწევით შეჭირვებულ ოჯახებს“ -განაცხადა ბექა დავითულიანმა.

    საკრებულოს უმრავლესობის წევრები თბილისის სხვადასხვა რაიონებში დახმარებას სპეციალურად გადამზადებული მოხალისეების დახმარებით დაარიგებენ. როგორც საკრებულოში აცხადებენ, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანია 29 მარტს დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება.

  • ევროკავშირი უარყოფს არჩევნების შედეგებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში

    23 მარტს ევროკავშირმა განცხადება გააკეთა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პასუხად.
    „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო კანონმდებლობით“, აღნიშნულია განცხადებაში. რაც შეეხება ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, რომელიც ჩატარდა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში 2020 წლის 22 მარტს, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელშიც ეს არჩევნები ჩატარდა“.
    ევროკავშირმა ასევე აღნიშნა, რომ ის გააგრძელებს საკუთარ არ-აღიარების და ჩართულობის პოლიტიკას, და ამ თვალსაზრისით ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში რჩება სრულად მობილიზებული.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური