საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუსლიმან სასულიერო პირებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 03 აგვისტო 2020 14:15

ჩვენი ქვეყნის სიძლიერე ჩვენს მრავალფეროვნებაშია, ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვზრუნავდით და მომავალშიც ვიზრუნებთ ჩვენს ამ მრავალფეროვნებაზე, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუსლიმან სასულიერო პირებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველა რელიგიის წარმომადგენელი ერთად ზრუნავს და შრომობს ქვეყნის მომავლისთვის და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

„საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმანს ვულოცავ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს. სამწუხაროდ, ვირუსის გავრცელების გამო, ვერ აღვნიშნავთ ისე, როგორც ამ დღესასწაულს შეეფერება, მაგრამ, იმედია, ასეთი შემთხვევა პირველი და ბოლო იქნება. ჩვენი ქვეყნის სიძლიერე ჩვენს მრავალფეროვნებაშია. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვზრუნავდით და მომავალშიც ვიზრუნებთ ჩვენს ამ მრავალფეროვნებაზე. ჩვენი მუსლიმანი ძმები არიან ჩვენი ძმები ისევე, როგორც საქართველოს ყველა სხვა მოქალაქე. ჩვენ ერთად ვაშენებთ ამ ქვეყანას, ერთად ვზრუნავთ და ვშრომობთ ამ ქვეყნის მომავლისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას ვაკეთებთ ერთად, წარმატებით და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. კიდევ ერთხელ ვულოცავ თითოეულ მუსლიმანს ამ დღესასწაულს და იმედი მაქვს, რომ როგორც აქამდე ვშრომობდით ერთად, ამ ვირუსზეც გავიმარჯვებთ. მინდა გისურვოთ წარმატება, ჯანმრთელობა და ერთობლივი შრომა ამ ქვეყნის მომავლისთვის, თქვენი თემის მომავლისთვის. უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ ერთმანეთის რწმენას და ასე ერთობლივად ავაშენოთ ეს ქვეყანა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სრულიად საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღნიშნა, საქართველოს ყველა მუსლიმანი მოქალაქე გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით და ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის როგორც დემოკრატიული განვითარებისთვის, ისე ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს შექმნისათვის.

„მოხარული ვართ, რომ თქვენი ხელისუფლების პერიოდში ტრადიციად ჩამოყალიბდა სტუმარ-მასპინძლობა, რაც გვახარებს და მეტ მოტივაციას გვაძლევს. ჩვენც არაფერს დავიშურებთ იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებაში. ჩვენ ძალიან დიდი ტრადიციის, ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანა ვართ. საუკუნეების განმავლობაში ამ ქვეყანაში ხელიხელჩაკიდებული ძმურად, ჰარმონიულად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნოსის და აღმსარებლობის ადამიანები და ყველას საკუთარი წვლილი შეჰქონდა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ეს დღესაც ასეა. ამ ქვეყნის ყველა მუსლიმი მოქალაქე გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით და ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი წილი აგური დავდოთ ამ ქვეყნის როგორც დემოკრატიული განვითარებისთვის, ისე ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს შექმნისათვის", - განაცხადა ადამ შანთაძემ.


მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

წაკითხულია 125 ჯერ

Related items

  • თბილისში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიხსნა

    საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.

    მათი ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერასმა, რომელიც ვიდეომიმართვით ჩაერთო საბჭოს სხდომის გახსნის ღონისძიებაში.

    UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის დელეგატებს შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი

    UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა. სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ტარდება. გარდა იმისა, რომ ღონისძიება აღნიშნული ცენტრისა და ქართველი ეპიდემიოლოგიების სრული ჩართულობითა და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გაიმართება, ჩარტერს, რომლითაც საქართველოში წარმომადგენლობითი დელეგაციები ჩამოვიდნენ, 4 ეპიდემიოლოგი ჩამოყვა.

    ღონისძიების მონაწილეებმა, რომლებსაც საქართველოში გამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარებული ჰქონდათ 72 საათის ვალიდურობის PCR ტესტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული პროტოკოლის შესაბამისად, საზღვარზე წარმოადგინეს ტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტაციას.

    ღონისძიების მონაწილე სხვა პირებს, რომლებმაც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას სასაზღვრო - გამშვებ პუნქტში ვერ შეძლეს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული პროტოკოლის შესაბამისად ტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, საქართველოში ტესტირება ჩაუტარდათ და ტესტის პასუხების მიღებამდე ისინი იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

    UNWTO აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს ესპანეთის ქალაქ მადრიდში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს, სადაც ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ 2020 წელს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილად მადრიდის ნაცვლად თბილისი შეარჩია, რითაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე, საბჭო ამ ტიპის სხდომებს მხოლოდ მადრიდში ატარებდა.

    საქართველოში UNWTO-ის მაღალი რანგის შეხვედრის გამართვა ჯერ კიდევ პანდემიამდე გადაწყდა. თავდაპირველად, ღონისძიება 2020 წლის ივნისში უნდა ჩატარებულიყო. ადგილზე არსებული ვითარების შესასწავლად საქართველოში ჩამოვიდნენ ორგანიზაციის თანამშრომლები ინსპექტირების მიზნით, რომლებმაც დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს მზაობას, ემასპინძლა მაღალი რანგის წარმომადგენლობითი შეხვედრისთვის. ინსპექტირებისას შეფასდა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პროდუქტების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. თუმცა პანდემიის გამო, აღნიშნული ღონისძიების ჩატარების თარიღი გადაიდო. 

    მასპინძელი ქვეყნის ხელახალი შერჩევისას საქართველოს სასარგებლოდ იმუშავა იმ ფაქტორმა, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა.

    ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მართვის კუთხით საქართველოს წარმატებული გამოცდილება აღიარებულია მსოფლიო მასშტაბით. ამ მხრივ, მაღალი დონის შეხვედრის მასპინძლობა კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას ისეთ ქვეყნად, რომელსაც უსაფრთხოდ, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით, შეუძლია, ნებისმიერი მაღალი რანგის ღონისძიებას უმასპინძლოს.

    გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მომავალი ორიენტირები სწორედ საქართველოში გაირკვევა.

  • მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

    შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

    შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

    განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • თბილისიდან ჩამოსული სტუმრები მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობიან-აცხადებს გოჩა ენუქიძე

    რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, სტიქიის ზონაში იმყოფებიან ონის რაიონის ხელმძღვანელი პირები, და  სპეციალისტები, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან. მისივე თქმით, სტუმრები მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობიან.

    „ყველა ოჯახი, რომელთა საცხოვრებელი სახლები განსაკუთრებით საშიშ არეალში მდებარეობს, მუდმივად კონტროლდება. სტიქიის ზონაში იმყოფებიან სპეციალისტები, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან. ასევე, ადგილზე მობილიზებულია ჰიდროლოგთა ჯგუფი და მალე დაიწყებენ მუშაობას გეოლოგებიც", - დაამატა რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ.

    რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმაგიორგი გახარიამ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ზედამხედველობა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ჩიკვაიძეს დაავალა.

    საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დღეს დილიდან, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ინტენსიურად ეცნობიან მიმდინარე სამუშაოებს და ხვდებიან სპეციალისტებს, როგორც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან, ისე ჰიდროლოგებს და ელოდებიან გეოლოგებსაც.

    გოჩა ენუქიძის განცხადებით, სამუშაოები ეფექტიანად ხორციელდება და მუდმივ კონტაქტში არიან ყველა იმ ოჯახთან, რომელთა საცხოვრებელი სახლები რისკ ზონაში მდებარეობს.

  • პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი ადასტურებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეობას

    „პრემიერ მინისტრსა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მრავალმხრივი ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა  გვაკავშირებს, რომელიც  ღრმავდება ყოველდღიურად, ამერიკა კვლავაც განსაკუთრებულად უდგას ჩვენს ქვეყანას გვერდით.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შეფასებისას განაცხადა.

    საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითადი მიმართულება, მათ შორის   სახელმწიფო მდივანმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი და საქართველოს ხელისუფლების ეფექტიან მუშაობას პანდემიასთან ბრძოლის კუთხით.

    მისივე თქმით,  საუბრისას განხილული იქნა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი და ადგილზე ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობა, რა დროსაც მინისტრის განცხადებით მაიკლ პომპეომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. „პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, უსაფრთხოებას და პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავებას. ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას მთელი რიგი მიმართულებებით. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და შავი ზღვის უსაფრთხოების როლს რეგიონის და ზოგადად ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო წარმოადგენს აშშ-ს, ნატოსა და  ევროკავშირის საიმედო პარტნიორს შავი ზღვის რეგიონში.“- აღნიშნა მინისტრმა.

    ზალკალიანის თქმით, საუბრისას ყურადღება დაეთმო ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ წარმატებით განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებსა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. “არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, რომელსაც წარმატებით ჩავატარებთ. „- განაცხადა დავით ზალკალიანმა. მინისტრის ინფორმაცით, მართლმსაჯულების  რეფორმაზე საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზადაა გააგრძელოს  ძალისხმევა, რომელიც მიმართულია მარლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლბის გასაძლიერებლად.
    მინისტრის ინფორმაციით სატელეფონო საუბრისას გიორგი გახარიამ და მაიკლ პომპეომ ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამერიკულ კომპანიებს მზარდ ინტერესი აქვთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისადმი, რომლითაც დღემდე უკვე 300-ზე მეტმა კომპანიამ ისარგებლა. ასევე საუბარი წარიმართა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე, რომლის პლენარული სესია, რომელიც გიორგი გახარიასა და მაიკლ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში უნდა გამართულიყო, სწორედ პანდემიის გამო გადაიდო,  დავით ზალკალიანის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პლენარული სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება. საუბრისას  ასევე აღინიშნა,აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მნიშვნელოვანი წვლილი აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, რაც  მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესია საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის სენატორ ლინდსი გრემს ესაუბრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორთან, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესა და სენატის საგარეო ურთიერთობათა და ასიგნებების კომიტეტის წევრ ლინდსი გრემთან სატელეფონო საუბარი შედგა.

    მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო კავშირის შემდგომი განვითარების გზები.

    პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სახელით ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის და მათ შორის ლუგარის ცენტრის გაძლიერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა ლუგარის ლაბორატორიის განსაკუთრებული მნიშვნელობა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევის წარმატებაში. 

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ ფრთხილ ნაბიჯებზე, რომლებიც იდგმება ქვეყნის გახსნისა და ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით. 

    მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთის მოქმედებები უკანონო „ბორდერიზაციის" პროცესის გაგრძელების მიმართულებით, რაც პანდემიის პარალელურად ხორციელდება.

    მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა მოკავშირეებს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების კავშირების შემდგომი გაღრმავების, ასევე საქართველოს დემოკრატიზაციის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმების მხარდაჭერის კუთხით. 

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სენატორი ლინდსი გრემი თბილისში მოიწვია.

     

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური  

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური