მე-13 ბატალიონმა უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 23 ივლისი 2020 10:34

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისია მე-12 ბატალიონისგან ოფიციალურად გადაიბარა და კოალიციურ ძალებთან ერთად საერთაშორისო ოპერაციის შესრულება დაიწყო.

ქართველი მშვიდობისმყოფელები ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს 7 თვის განმავლობაში შეასრულებენ.

უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ჯეიმს ელდრიჯმა მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მიერ მისიის წარმატებით შესრულებას გაუსვა ხაზი და დაკისრებული ამოცანების მაღალ დონეზე განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

ბაგრამის ბაზის ხელმძღვანელმა და კოალიციური ძალების მაღალჩინოსნებმა ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიის მედლებით და სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრითაც დააჯილდოეს.

I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას დეკემბრიდან აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ქვედანაყოფმა სამშვიდობო მისია წარმატებით დაასრულა და უახლოეს მომავალში სამშობლოში დაბრუნდება.

წაკითხულია 155 ჯერ

Related items

  • მე-12 ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში სრულად დაბრუნდა

    საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ბოლო ნაკადი ავღანეთიდან საქართველოში გვიან ღამით ჩამოვიდა. ამით ქვედანაყოფის როტაცია სრულად დასრულდა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იტყობინება.

    მათივე ინფორმაციით, ბატალიონის სრული შემადგენლობის სამშობლოში დაბრუნება ეტაპობრივად განხორციელდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ქართველი ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით ქართველი მშვიდობისმყოფელები ორკვირიან კარანტინს გაივლიან და შემდეგ დაუბრუნდებიან ქვედანაყოფს. 

    მე-12 ბატალიონი, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის მეთაურობით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ბატალიონის ამოცანას საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა.

    „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მე-12 ბატალიონი როტაციის წესით მე-13 ბატალიონმა ჩაანაცვლა. ქვედანაყოფმა უფლებამოსილება უკვე გადაიბარა და კოალიციურ ძალებთან ერთად საერთაშორისო ოპერაციის შესრულებას შეუდგა.

  • დავით ზალკალიანი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტში განუცხადეს.

    მათი მონაცემებით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, ამ გზაზე ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს მხრიდან გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა  საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონალური, ისე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ამ მხრივ, ხაზი გაესვა საქართველოს აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას და ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართულ  პროექტებში და ავღანეთში მიმდინარე ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში".

    შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიანს არა მხოლოდ ევროპის მასშტაბით, არამედ გლობალურად. 

    მხარეები მიესალმნენ ასევე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის, განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, როგორც მნიშვნელოვან წინსვლას ამ მიმართულებით და საარჩევნო სისტემის რეფორმას. 

    შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოს, რაც კიდევ უფრო გამწვავდა ბოლო პერიოდში, როდესაც პანდემიის პირობებში საოკუპაციო ძალებმა განაგრძეს უკანონო მოქმედებები და პროვოკაციული ნაბიჯები. მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს 11 ივლისს მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც საოკუპაციო ძალების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქის დაჭრის და მისი უკანონო დაკავების ფაქტს. ნატოს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა. 

    გენერალური მდივნის მოადგილემ და საქართველოს დელეგაციამ მზაობა გამოთქვეს  განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა  საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების, ისე პოლიტიკური მხარდაჭერის განმტკიცების პროცესში. 

    აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში დავით ზალკალიანმა მირჩა ჯოანას წარუდგინა საქართველოს ახალი ელჩი ნატოში - ვიქტორ დოლიძე, რომელმაც გენერალური მდივნის მოადგილეს რწმუნებათა სიგელი გადასცა.

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

    საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, ავღანეთში როტაციით მყოფი კონტიგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც შესაბამისი ტესტირებისას კოვიდ ვირუსი დაუდასტურდათ, სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს. მათ თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი ბუნდესვერის სხვადასხვა დანაყოფებიდან. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.

    მათივე მონაცემებით, სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ხოლო ინფიცირების წყარო, უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს. 
    აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩამოფრენამდე, სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა, ნატოს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით, მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში და შესაბამისად, მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ. 

    სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით საქართველოში კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის მზაობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული და გამართული სამედიცინო დაწესებულებაა. ხოლო, რაც შეეხება დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებს, ისინი ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ, პრევენციის მიზნით, დადგენილი წესის შესაბამის 2 კვირიან კარანტინს გაივლიან. 
    საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ მოცემულ და სხვა მსგავს საკითხებზე ინფორმაციის გავრცელება და გავრცელების დრო, დამოკიდებულია თავდაცვისუნარიანობის კონკრეტულ მიზნებსა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებზე. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო პოლიტიკას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ყველა იმ საპრევენციო და სარეკომენდაციო ზომების ეფექტურ გატარებას და ზედამხედველობას, რაც თავდაცვის ძალებსა და ზოგადად ქვეყანაში არსებული პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას უზრუნველყოფს? - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

  • თავდაცვის მინისტრი გერმანიაში ქართველი სამხედროების წვრთნას დაესწრო

    „ახლო მომავალში ჩვენ შევქმნით უპრეცედენტო შესაძლებლობებს რეგიონში, სადაც ქართველ და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს საერთაშორისო მისიების განხორციელებისთვის მომზადების ამაღლების საუკეთესო პირობები ექნებათ“,  - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიაში, ჰოჰენფელსში ვიზიტისას, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა მომზადებას გადის. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, მან ამერიკელ გენერლებთან ერთად გადასროლისწინა სწავლებების საქართველოში ჩატარების შესაძლებლობები განიხილა. პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება, რაც ინფრასტრუქტურის შექმნასა და კვალიფიციურ კადრების  ითვალისწინებს.   

    თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერლებთან ერთად ჰოჰენფელსში, აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) 22-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა შემაჯამებელ სწავლებას დაესწრო. საწვრთნელ ბაზაზე სტუმრობისას  ლევან იზორიას წვრთნების მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და გადასროლისწინა სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. სწავლების ხელმძღვანელობისგან ქართველი სამხედროების დონე დადებითად შეფასდა.  

    22-ე ბატალიონი გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ერთთვიან გადასროლისწინა მომზადებას გადის, საბოლოო შეფასების შემდეგ კი ქვედანაყოფი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად გაემგზავრება.

  • ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა

    ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. დაშავებული უფროსი ლეიტენანტი ივერი თამაზის ძე ბუაძის მდგომარეობა მძიმეა, მას ამ დროისათვის ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ტერორისტული აქტისას ასევე მსუბუქად დაიჭრნენ სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

    დაშავებული მშვიდობისმყოფელები ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში ინტენსიურ მკურნალობას გადიან.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური