მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე 355 მაშველი, მათ შორის 15 გოგო მაშველი იზრუნებს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 30 ივნისი 2020 15:23

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2020 წლის საზღვაო სეზონს სიახლეებით ხვდება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პრეს-სამსახური იუწყება.

შავი ზღვის სანაპირო ზოლს სეზონურ მაშველთა გაზრდილი რაოდენობა გააკონტროლებს. მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე 355 მაშველი, მათ შორის 15 გოგო მაშველი იზრუნებს. თითოეული მათგანი განახლებული უნიფორმით იმუშავებს და ევროპული სტანდარტის შესაბამისად იქნება აღჭურვილი. აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონების ტერიტორიაზე, ასევე, მობილიზებული იქნება 6 კატარღა, 7 ნავი და 27 სკუტერი. პროცესში ჩაერთვება 1 სამაშველო და 3 სადაზვერვო დრონი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე განაახლა და დაამატა სამაშველო კოშკურები, რომელთა რაოდენობა სულ 108 იქნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ დაემორჩილოთ მაშველთა მითითებებს, არ იცურავოთ აკრძალულ ზონებში, არ შეხვიდეთ ზღვაში შტორმის დროს. შეგახსენებთ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე ცურვა კატეგორიულად აკრძალულია.

წაკითხულია 383 ჯერ

Related items

  • შავ ზღვაში საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებისა და USS ARLEIGH BURKE-ის მონაწილეობით ერთობლივი წვრთნები ჩატარდა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის - "USS Arleigh Burke"-ის მეზღვაურებმა შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს.

    სწავლებაში სანაპირო დაცვის სამი სადარაჯო ხომალდი: "ოჩამჩირე" (P23), "სოხუმი" (P24) და "დიოსკურია" (P25) მონაწილეობდა.

    წვრთნების განმავლობაში ხომალდებმა ტაქტიკური მანევრები შეასრულეს და სხვადასხვა ელემენტის დახვეწაზე ერთობლივად იმუშავეს.

    ერთობლივი წვრთნების მიზანი იყო ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფებს შორის გამოცდილების გაზიარება, ეკიპაჟებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერება.

    წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი

  • მაშველი "დრონები" ადამიანების გადასარჩენად ესპანეთის პლაჟებზე მორიგეობენ (ვიდეო)

    ესპანეთში ზღვის სანაპიროებზე წარმატებით იყენებენ "დრონებს" ადამიანების გადასარჩენად. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    მათი მონაცემებით, მაშველი "დრონის" მოდელები, რომლებსაც იყენებენ ესპანეთის მიხასის სანაპიროებზე, შეუძლიათ ამოიცნონ ისინი, ვისაც დახმარება ესაჭიროებათ და მათ სწრაფად გაუწიონ დახმარება.

     

     

  • მაშველი ძაღლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზიდან ოფიციალურად გააცილეს

    ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი დღეიდან სამსახურეობრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრეს-სამსახურში განუცხადეს.

    მაშველმა ძაღლებმა 12 წელი გაატარეს სამსახურში და ამ ხნის განმავლობაში არაერთ სამაშველო ოპერაციაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. დღეიდან ისინი სახანძრო-სამაშველო ძალების განყოფილებებში გადაინაცვლებენ და მათზე ზრუნვას მეხანძრე-მაშველები გააგრძელებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგიურ დანაყოფს კი უკვე შეუერთდა მომავალი თაობის მაშველი ძაღლი ბელგიური მალინუა - ტინტო. სამსახურს ახალი ძაღლების მიღება და გაწვრთნა აქვს დაგეგმილი.

    მაშველ ძაღლებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი, მეხანძრე-მაშველები და კინოლოგები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გამოემშვიდობნენ.

  • ბუქარესტში შავი ზღვა-კასპიის ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო სატრანსპორტო მარშრუტის შესახებ დეკლარაცია გაფორმდა

    დღეს ქ. ბუქარესტში, გაიმართა საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე.
    ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა დააფიქსირეს მათი სახელმწიფოების პოლიტიკური ნება რეგიონში ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარების თაობაზე.
    დეკლარაციის ხელმოწერისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული მარშრუტის მნიშვნელობას დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ სატრანზიტო სქემაში და აღნიშნეს, რომ ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირება ორი ზღვის მეშვეობით ყველაზე მოკლე და რენტაბელური მარშრუტია აქამდე არსებულ სატრანსპორტო ქსელებში.
    ასევე აღინიშნა ახალ სამარშრუტო ხაზში ერთ-ერთი მონაწილის სახით რუმინეთის - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის შემდგომ აქტიურ მონაწილეობას სატრანსპორტო მარშრუტში. აღსანიშნავია, რომ რუმინეთი ამჟამად გახლავთ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, როგორც რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეოდორ მელეშკანუმ აღნიშნა მოცემული სატრანსპორტო მარშრუტი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ევროკავშირი - ცენტრალური აზიის თანამშრომლობის სტრატეგიაში, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დამტკიცდება.
    მარშრუტის განვითარების მიზნით შეიქმნება ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეათანხმებს ტექნიკურ ასპექტებს, მოახდენს პროცედურების ოპტიმიზაციას, ხელს შეუწყობს ტარიფების ჰარმონიზაციას და საბაჟო პროცედურების გამარტივებას.
    ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა ოთხივე ქვეყნის სატრანსპორტო, განსაკუთრებით კი საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მხრივ აღინიშნა ფოთის პორტის მოდერნიზაცია და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება.
    ქართული მხარის მიერ ხაზი გაესვა, რომ საქართველოს, როგორც რეგიონის ლოგისტიკური ცენტრის გაძლიერება, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით, ხორციელდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ლაპის ლაზულის სატრანსპორტო დერეფანი, ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობა და განვითარება, სპარსეთის ყურე - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი, ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი და სხვა.
    შავი ზღვა - კასპიის ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ინიცირება გასულ წელს მოხდა. 2018 წლის 24-25 ოქტომბერს, ქ. აშხაბადში გაიმართა კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე ექსპერტთა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ხსენებული ქვეყნების წარმომადგენლები.
    ახლად დაფუძნებულ ოთხმხრივი შეხვედრების ფორმატში რუმინეთის, საქარატველოს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეტა მინისტრების შეხვედრა ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მომდევნო მინისტერიალი თურქმენეთის გაიმართება.

  • აჭარაში ზღვაში შესვლა აკრძალულია - შსს საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

    შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოსალოდნელი შტორმის გამო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა

    შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მყისიერი რეაგირება მოახდინა სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, დღეს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი და შესაბამისი ზომები მიიღო. ზღვის სანაპიროზე არსებულ ყველა საგუშაგოზე წითელი ალმებია აღმართული.

    წყალზე მაშველები ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ რამდენიმე ენაზე აფრთხილებენ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს: არ შევიდნენ ზღვაში მანამ, სანამ საგუშაგოებზე თეთრი ალმები არ აღიმართება; დაემორჩილონ მაშველთა მითითებებს; ყურადღება მიაქციონ ბავშვებსა და მოზარდებს, ნუ დატოვებენ მათ მეთვალყურეობის გარეშე.

    სააგენტოს ინფორმაციით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. საშტორმო მდგომარეობა, სავარაუდოდ, ხვალ, დღის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური