პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 29 ივნისი 2020 13:05

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტარებმა კენჭი უყარეს საკონსტიტუციო ცვლილებებს. 117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.

პროექტით, გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე. პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტიც.

კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.

წაკითხულია 364 ჯერ

Related items

  • პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

    საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" ნდობა 85 ხმით გამოუცხადა.

    მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრია – იუსტიციის მინისტრის თანამდებობა გოჩა ლორთქიფანიძემ დაიკავა.

    დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანომ უცვლელად დაამტკიცა.

    კერძოდ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი; შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა; საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი; ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ – მიხეილ ჩხენკელი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი; თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

    რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, მისი ძირითადი ნაწილი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ეთმობა.

    ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

  • გ. გახარიამ პარლამენტში 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა

    მოგეხსენებათ, ეს წელი იყო რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის, პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, გლობალურმა პანდემიამ ფაქტობრივად გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს და ცალკე აღებულ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ  დღეს, პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

    გიორგი გახარიას შეფასებით, ეს აორმაგებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას.

    „ეს აორმაგებს როგორც მთავრობის, ისე - პარლამენტის პასუხისმგებლობას, რომელსაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ ჰყავს ჯანსაღი ოპოზიცია. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს დგას ქვეყანა - როგორც გლობალური პანდემიის, ისე ეკონომიკური კრიზისისა და იმ პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, დაახლოებით 2 მილიონმა ადამიანმა, ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება დააკისრა თითოეულ ჩვენგანს, ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა და სირთულისა, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება მომავალი წლების განმავლობაში, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ეფექტიანობაზე. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტის წინაშე და სახელად ჰქვია „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ", განვახორციელოთ სრულად, რამეთუ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მიზანი და ოცნებაც არის, 4 წლის თავზე ჩვენ შევძლოთ გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის და ეს განაცხადი უნდა იყოს აბსოლუტურად დასაბუთებული. ამ განაცხადის დასაბუთებულობა ნიშნავს რამდენიმე განზომილებაში ქვეყნის სერიოზულ განვითარებას - რა თქმა უნდა დემოკრატიზაციის, ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით და ეს ყველაფერი არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

    გიორგი გახარიას თქმით, სამთავრობო პროგრამა მიმართული იქნება იმისკენ, რომ ქვეყანამ მოახერხოს სწრაფი ეკონომიკური აღდგენა და დაუბრუნდეს პირველ რიგში იმ სასტარტო პოზიციებს, რომელიც ჰქონდა 2019-2020 წლებისთვის და ამ თვალსაზრისით მთავრობას კონკრეტული გეგმა აქვს.

    გიორგი გახარიას შეფასებით, გლობალურმა პანდემიამ სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა სახელმწიფოს თითოეული ინსტიტუტი და ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ეს პროცესი მალე ვერ დასრულდება.

    „გლობალურმა პანდემიამ, ფაქტობრივად, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი შეცვალა და ეს რა თქმა უნდა ეხებოდა სახელმწიფო ინსტიტუტებსა და უწყებებსაც. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროცესი ვერ დასრულდება 1 თვეში და ვერც 1 წელიწადში. შემდგომი წლები იქნება პანდემიის, გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის წლები. საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტი არის - თავისუფალი ბაზარი და კერძო ინიციატივა, კერძო ბიზნესის განვითარება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაო ადგილების შექმნის პროცესში სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კერძო ბიზნესს, ხოლო კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობა იყოს სულ უფრო და უფრო ამაღლებული. ძლიერი ქართული ბიზნესი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით - ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, რომელსაც ერთად უნდა მივაღწიოთ. ამისთვის ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჭირდება ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმატებული განვითარების თვალსაზრისით და ჩვენთვის ბიუჯეტის განხილვის პროცესშიც მაკროეკონომიკური სტაბილურობა იქნება სამთავრობო პროგრამის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილი,"- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

    მისივე თქმით, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, მთავრობის უაღრესად მნიშვნელოვანი მიზანია ფისკალური კონსოლიდაცია და დისციპლინა.

    „ჩვენ მოგვიწევს ბევრი ისეთი საგადასახადო შეღავათის გადახედვა, რომელთა ეფექტურობა დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ჩვენი ბიზნესიც და მოქალაქეებიც ამას გაგებით უნდა მოეკიდონ. ჩვენთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს შეზღუდული რესურსების თანაბრად და ეფექტიანად გამოყენება. ამიტომ, საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა იქნება სამთავრობო პროგრამის, ფისკალური კონსოლიდაციის და საერთოდ საგადასახადო დისციპლინის ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. სახელმწიფო საწარმოების მართვის ხარისხის ამაღლება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომლის მიმართულებითაც ჩვენ უაღრესად ბევრს ვიმუშავებთ და ბევრის გაკეთება მოგვიწევს. ყველა იმ სახელმწიფო საწარმოსთან დაკავშირებით, რომლის ეფექტიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ან მძიმედ აწევს ქვეყნის ბიუჯეტს, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები და უნდა დავიწყოთ პირველ რიგში მათი ეფექტიანობის, მართვის გაუმჯობესება, თუმცა ამავე დროს უნდა დავიწყოთ მათ პრივატიზაციაზე ფიქრიც. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ ეხება სტრატეგიულ საწარმოებს, ეს არ შეიძლება გახდეს სპეკულირების საგანი, თუმცა ეს აუცილებელი ნაბიჯია იმისთვის, რომ გავაჯანსაღოთ როგორც ჩვენი ეკონომიკა, ასევე მაქსიმალურად ავამოქმედოთ ყველა ის აქტივი, რომელიც დღეს სახელმწიფო საკუთრებაშია," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

    გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, შენარჩუნდება ის დონე, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყნის სისტემური ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს.

    როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული კაპიტალური ხარჯების მოცულობამ დაახლოებით 20 მილიარდი ლარი შეადგინა და ამას მოსახლეობა კარგად ხედავს.

    „პირველ რიგში ეს არის გზები, წყლის ინფრასტრუქტურა, კიდევ ბევრი რამ, თუმცა მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა გეგმავს დამატებით 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას. ეს არის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8%, რომელიც ყოველწლიურად აუცილებლად უნდა იყოს ინვესტირებული ქვეყნის ინფრასტრუქტურაში. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ 2024 წლისთვის უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, დამსახურებულად მოვითხოვოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურა შესაბამის ფორმაში უნდა იყოს, განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ სისტემურ ინფრასტრუქტურაზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

    გიორგი გახარიას შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყოველთვის იყო საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა და დღეს, გლობალური კრიზისის გათვალისწინებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველა ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეკონომიკაში და არა მხოლოდ ეკონომიკაში გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები, რათა ქვეყანაში ინვესტირებული თითოეული დოლარი მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს.

    „ამას დასჭირდება ბევრი საკანონმდებლო ცვლილება და ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა მიმართულებით სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

    გიორგი გახარიას თქმით, როდესაც საუბარია სამთავრობო პროგრამაზე, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომი კონსოლიდირება, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
    გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ვერანაირი მიღწევა ვერ იქნება საბოლოოდ შედეგიანი, თუ ქვეყნის დემოკრატიზაციის კონსოლიდირების პროცესში რეალური შედეგები არ დადგა.

    „ვერანაირი მიღწევა, იქნება ეს უსაფრთხოების, რეფორმების, თუ ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, ვერ იქნება საბოლოოდ შედეგიანი და ვერ მიგვიყვანს ჩვენ საბოლოო მიზნამდე, თუ ქვეყნის დემოკრატიზაციის კონსოლიდირების პროცესში არ მივაღწიეთ რეალურ შედეგებს და თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შესაბამისი დონე არ დავამკვიდრეთ ქვეყანაში. ეს ყველას კარგად გვესმის და ჩვენი გუნდი ყოველთვის იყო მოწოდების სიმაღლეზე ამ თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

    როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი პირდაპირ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულ ინტეგრირებას.

    „ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ყოველთვის იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიზანი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. მოგეხსენებათ, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი პირდაპირ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში სრულ ინტეგრირებას, ისევე, როგორც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოლო პერიოდში რეგიონში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახდა, რომ ჩვენი პარტნიორების მეტი წარმომადგენლობა რეგიონში არის საქართველოს შემდგომი უსაფრთხოების გარანტიების ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი. ამიტომ, ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით, მოგეხსენებათ 2019-2020 წელი იყო საუკეთესო წლები ამ თანამშრომლობის გაღრმავების და ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით, უნდა გავაგრძელოთ და უნდა გავხსნათ ახალი მიმართულებები, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის შავი ზღვის უსაფრთხოება, სადაც საქართველოს შეუძლია კონკრეტული როლის, ფუნქციის შესრულება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

    გიორგი გახარიას შეფასებით, სამწუხაროდ, ოკუპაცია იყო და რჩება ქვეყნის ძირითად გამოწვევად და ეს არ არის მხოლოდ უსაფრთხოების განზომილება.

    „ვიდრე საქართველოში ოკუპაციის პრობლემა საბოლოოდ არ მოგვარდება, ქვეყნის განვითარება ნებისმიერ სფეროში შეზღუდული იქნება, ამიტომ ჩვენთვის, მშვიდობიანი გზით და პრაგმატული პოლიტიკით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ნომერ პირველი ამოცანა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქაც ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია. გლობალური კრიზისის გათვალისწინებით, ბოლო წლის განმავლობაში საკმაოდ რთული იყო ოკუპაციის საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნება, თუმცა ჩვენმა დიპლომატიამ ამ საკითხს თავი გაართვა და დღესაც საქართველოს ოკუპაცია, საერთაშორისო დონეზე, ჩვენს პარტნიორ დედაქალაქებში ძალიან მაღალ დონეზეა დაყენებული და ამ მიმართულებით ჩვენ მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას შემდგომი განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით ეს შეზღუდვა მაქსიმალურად სწრაფ ვადებში მოვუხსნათ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

    პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, ამ მიმართულებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან, პირველ რიგში აშშ-თან შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავება უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთ სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოება, ეკონომიკა და დემოკრატიზაცია.

    „ეს არის ის მიმართულებები, სადაც ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება ფასეულობების დონეზე თანხვედრას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს თანამშრომლობა, გარდა იმისა, რომ განცხადებების დონეზე იყოს კიდევ უფრო თვალსაჩინო და ეფექტური, კიდევ უფრო კონკრეტული შედეგების მომტანი გახდეს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, პირველ რიგში ეკონომიკური განზომილების თვალსაზრისით", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

    გიორგი გახარიას თქმით, გლობალური პანდემიის პირობებსა და ეპოქაში, ქვეყნის ცხოვრებაში არსებობს განსაკუთრებული სფეროები, რომლებიც წინა პლანზე გადმოდის და ბოლო წლის განმავლობაში ეს იყო ჯანდაცვის სისტემა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სისტემის რეფორმირება გასაგრძელებელია ზუსტად იგივე სისტემური მიდგომის ჭრილში, როგორიც იყო ბოლო 8 წლის განმავლობაში.

    „იყო გარკვეული თვალსაჩინო შედეგები, ყველასთვის ცნობილი მიღწევები, რა თქმა უნდა, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვა, თუმცა შემდგომი გამოწვევა, რომელზეც სამინისტრო დღეს მუშაობს, პირველ რიგში, ეს არის პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიზნით სისტემის შემდგომი რეფორმირება და, რა თქმა უნდა, ჯიბიდან გადასახდელების შემცირება, რომლებიც ჩვენი მოქალაქეებისათვის უკიდურესად დიდი პრობლემაა. გარდა ამისა, ყველას გვესმის, რომ გლობალურმა პანდემიამ განსაკუთრებით სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით სახელმწიფოს სოციალური პროგრამები. აქ ჩვენ გვქონდა დაწყებული ძალზედ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ითვალისწინებდა მიზნობრიობის ხარისხის გაზრდას, თითოეული ჩვენი შეჭირვებული მოქალაქის, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან დახმარება სჭირდება, იდენტიფიცირების პროცესში კონკრეტული რეფორმების ჩატარება და გაუმჯობესება, რომლის მიმართულებითაც ვმუშაობდით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რამეთუ ჩვენი თითოეული სოციალურად დაუცველის, ხანდაზმულისა თუ დევნილის იდენტიფიცირება და სწრაფი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამიტომ, ის პროგრამები, რომლებიც ასაკოვანი მოქალაქეების, ასევე სოციალურად დაუცველთა და ჩვენი დევნილების დახმარების მიზნებით იყო გამსჭვალული, რა თქმა უნდა კიდევ უფრო გაიზრდება და გაძლიერდება," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

    გიორგი გახარიას თქმით, ნებისმიერი რეფორმა, რომელიც უნდა გატარდეს სახელმწიფოში უახლოესი 4 წლის განმავლობაში, შეუძლებელია მმართველობითი სისტემის და საჯარო მოხელის პირდაპირი ჩართულობის გარეშე. გიორგი გახარიას შეფასებით, კომპეტენტური და რაც მთავარია, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე, ნებისმიერი რეფორმის გატარების ფუნდამენტია.

    „ამიტომ, საჯარო მოხელე, შემდგომი 4 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის ყურადღების ცენტრში იქნება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა, სრულად, საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, არის საპარლამენტო დემოკრატია, როდესაც „ქართული ოცნების" რეფორმების შედეგად ჩვენ პირდაპირ, უახლოეს წლებში, გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო მოხელე ხდება ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობა. ამიტომ, საჯარო მოხელე და მისი კომპეტენციის გაზრდა და კეთილსინდისიერება იქნება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა. რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ საჯარო მოხელის ეფექტურობაზე, აქაც გვაქვს გარკვეული გამოწვევები. ეს შეიძლება იყოს კომპეტენციის ხარისხი, კორუფციის გამოწვევები, მაგრამ ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს არის გამოწვევები, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვპასუხობდით და ეფექტურად უნდა გავაგრძელოთ ამ გამოწვევებზე პასუხი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

    გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლის შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრების კითხვებს უპასუხა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

  • პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული
    დღეს მმართველი პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ოფისში გაიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი, რომელსაც "ნიუსდეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.
    "თქვენი ყურადღება გვინდა გავამახვილოთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე.
    პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ გუშინ პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული. აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.
    აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.
    „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად კი, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.
    გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.
    საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური გაერთიანებები, არის სახელმწიფოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. სწორედ ამგვარ რეაგირებას ითვალისწინებს ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს.
    გარდა ამისა, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქმედით მექანიზმს აღნიშნულ არაკონსტიტუციურ ქმედებაზე რეაგირებისათვის. ბუნებრივია, 2000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც მოქმედი „საარჩევნო კოდექსი“ საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის აწესებს, არ არის საკმარისი იმ ნეგატიური გავლენის გასანეიტრალებლად, რომელიც აღნიშნულმა ფაქტმა საარჩევნო პროცესზე შეიძლება იქონიოს. შესაბამისად, ინიცირებული კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში“ არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად. ღრმად გვწამს, რომ აღნიშნული კანონპროექტი, კონსტიტუციური მოთხოვნის აღსრულებასთან ერთად, წარმატებით უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებასა და ჯანსაღი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაძლიერებას.
    ბოლოს, კიდევ ერთხელ გვინდა შევეხოთ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას საარჩევნო უბნების 8 პროცენტში ბიულეტენების ზედმეტობის შესახებ. ჩვენ დაახლოებით ერთი კვირის წინ მოვუწოდეთ „სამართლიან არჩევნებს“ გამოექვეყნებინა იმ საარჩევნო უბნების მონაცემები, სადაც, მათი მტკიცებით, ხმების ზედმეტობა დაფიქსირდა. ამ მონაცემების გამოქვეყნებას ესაჭიროებოდა ზუსტად ერთი დღე, თუმცა, როგორც ხედავთ, ორგანიზაციას მონაცემები ჯერაც არ გამოუქვეყნებია. ამას აქვს მარტივი მიზეზი - სინამდვილეში, ქვეყნის მასშტაბით იმ უბნების საერთო რაოდენობა, სადაც ზედმეტობა დაფიქსირდა ცესკოს მიერ მონაცემების დაზუსტებამდე იყო დაახლოებით 1 პროცენტი, ხოლო დაზუსტების შემდეგ გახდა დაახლოებით ნახევარი პროცენტი. შესაბამისად, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოცხადებული 8-პროცენტიანი მაჩვენებელი არის კიდევ ერთი სიყალბე. ამ სიყალბის გადაფარვა მათ მხოლოდ ახალი, მორიგი მანიპულაციით შეეძლოთ, რაც კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა ორგანიზაციის ისედაც მძიმედ ხელყოფილ რეპუტაციას. უკვე ნათელია, რომ PVT-ის ანალოგიურად, 8%-იანი მაჩვენებელიც არის სიყალბე, რაც სამწუხაროდ, ამძაფრებს საფუძვლიან ეჭვებს ხელოვნური მანიპულაციის შესახებ.
    „სამართლიანი არჩევნები“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც წლების მანძილზე შეჰქონდა უმნიშვნელოვანესი წვლილი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარებაში. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ორგანიზაცია ძალიან მალე აღიდგენს ცალკეული პირების მიერ შელახულ რეპუტაციას და კვლავაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დემოკრატიის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. ძალზე მნიშვნელოვანია, 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში ამ ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ განახორციელოს პარალელური ხმის დათვლა, რაც გახდება საიმედო საზომი არჩევნების სამართლიანობის შეფასებისთვის", - ნათქვამია ი. კობახიძის განცხადებაში.
     
  • პარლამენტის სასახლეში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა

    11 დეკემბერს, პარასკევს, 12:00 სთ-ზე პარლამენტის სასახლეში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა.

    საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა საქართველოს პრეზიდენტma სალომე ზურაბიშვილი-მა გახსნა.

    პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს გადაეცა, რომელიც, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას გაუძღვება.

    სხდომაზე პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელ კომისიას 11 წევრის შემადგენლობით, ხოლო დროებით სამანდატო კომისიას 17 წევრის შემადგენლობით აირჩევენ.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია სხდომას წარუდგენს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას.

    პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და შედეგებს პარლამენტს მოახსენებს, რომელიც დადგენილებით ცნობს დროებითი სამანდატო კომისიის მიერ ერთიანი სიით წარმოდგენილი პარლამენტის წევრების უფლებამოსილებას.

    პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას შეიძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან, რა დროიდანაც უფლებამოსილება შეუწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.

    ამის შემდეგ, პარლამენტის წევრები დადებენ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს, რომლის ტექსტსაც წაიკითხავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

    პარლამენტის წევრები ხელს მოაწერენ ფიცის ტექსტს.

    ფიცის დადების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.

    პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პირველ სხდომას მიაწვდის ინფორმაციას საპარლამენტო ფრაქციების შექმნის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიების რეგისტრაციის შესახებ.

    დეპუტატები პირველივე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს აირჩევენ. ამავე სხდომაზე მოხდება კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა.

    ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეული არიან: საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, გენერალური პროკურორი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გენერალური აუდიტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი; ქალაქ თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და მედიის წარმომადგენლები.

     

  • საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება

    8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა განკარგულება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ.

    აღნიშნული განკარგულების თანახმად, საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

    „დღეს, 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ.

    განკარგულების მიხედვით, პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N08/12/01

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური