ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პოლიციამ 17 პირი დააკავა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 26 ივნისი 2020 12:05

არსებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პოლიციამ 17 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში /შსს/ ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი ცოტა ხანში გაკეთდება.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სპეცოპერაციები თბილისის სხვადასხვა უბანში გასულ ღამეს ჩატარდა.

ფეხბურთელ გიორგი შარაქაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის არიან მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე, რომლებიც დაპირისპირების ღამეს ავტომანქანა "ტოიოტა ქამრით" გადაადგილდებოდნენ.

გაგნიძე და მახარაძე რამდენიმე საათის წინ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. არსებული ინფრომაციით, გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის "ა" პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს - თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.

 

წყარო: https://mtavari.tv/news/8571-mtavari-arkhis-inpormatsiit-politsiam-giorgi

წაკითხულია 262 ჯერ

Related items

  • მაიკლ ტერნერი სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ - დაჯილდოვდა

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) უფროსი მრჩეველი პოლიციის საკითხებში - მაიკლ ტერნერი სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ - დააჯილდოვა.

    დაჯილდოების ცერემონიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი - კელი დეგნანი, აშშ-ის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს დირექტორი - რებეკა ჰანტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

    მაიკლ ტერნერს, რომელიც საქართველოში 2009 წლიდან არის მოვლენილი, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საპატრულო პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და კინოლოგიური სამსახურის შესაძლებლობების განვითარებაში, ასევე, კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

    მაიკლ ტერნერმა ვახტანგ გომელაურს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო (INL) მრავალი წელია თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პროექტებს ახორციელებს ოჯახში ძალადობისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, აგრეთვე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, ტრეფიკინგის და სხვა მიმართულებებით, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • აშშ-ში შეიარაღებულ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

    ამერიკის შეერთებული შტატების /აშშ/ ქალაქ კოლორადო სპრინგსში დაბადების დღის წვეულებაზე მოწყობილი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი, მათ შორის ეჭვმიტანილიც დაიღუპა. ამის თაობაზე ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    მათი მონაცემებით, აშშ-ს პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ გამოაცხადა, რომ მათი შემთხვევის ადგილზე მისვლისას 6 ადამიანი დაღუპული იყო, ხოლო ერთი დაჭრილი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

    სავარაუდოდ, ეჭვმიტანილი იყო თავდასხმის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი მსხვერპლის მეგობარი ბიჭი.

  • საქართველოს შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის და პოლიციის წარმომადგენლებმა ნ. მელია დააკავეს

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) სპეციალური დანიშნულების რაზმის და პოლიციის წარმომადგენლებმა 23 თებერვალს, დილით, ერთიანი ნაციოანალური მოძრაობის ოფისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად პარტიის თავმჯდომარე ნიკანორ მელია თავის სამუშო კაბინეტში დააკავეს.

    რამდენიმე ასეული სამართალდამცველი, სპეცტექნიკის თანხლებით ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, სადაც ოპოზიციის ლიდერები და ნ. მელიას მხარდამჭერები გასული დღეების მსგავსად მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ, გამთენიისას გამოჩნდნენ და ნ. მელიას დაკავების ოპერაცია დაიწყო.

    სამართალდამცველებმა ნაციონალურ მოძრაობის ოფისი ყველა მხრიდან ალყაში მოაქციეს და შენობაში რამდენიმე მხრიდან შევიდნენ, მათი ნაწილი კი – ოფისში ადგილზე მიტანილი სპეციალური სახანძრო კიბის გამოყენებით სახურავიდანაც ჩავიდა. ამის შემდეგ, სამართალდამცველებმა ოფისიდან შეკრებილების გამოყვანა დაიწყეს, რასაც სამართალდამცველებსა და შეკრებილებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

    მედიის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სამართალდამცველებმა, ნიკა მელიას სამუშაო კაბინეტში შესვლისას, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის „სპრეი“ გაუშვეს და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე სწორედ ამის შემდეგ დააკავეს.

  • საქართველოს პოლიციის ატაშეების ჩართულობით, იტალიასა და საფრანგეთში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს პოლიციის ატაშეების ჩართულობით, იტალიასა და საფრანგეთში სხვადასხვა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

    2021 წლის 9 თებერვალს, იტალიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს უშუალო ჩართულობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, იტალიის რესპუბლიკის შსს-ს ცენტრალური ოპერატიული სამსახურის, იტალიის რესპუბლიკის შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის რეჯიო ემილიას სამხარეო პოლიციისა და ინტერპოლის თანამშრომლებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში, გამოავლინეს და დააკავეს იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე - 23, პოლონეთში - 2, საბერძნეთში - 1, ბელგიაში 1 და სლოვენიაში - საქართველოს 1 მოქალაქე, რომლებიც იტალიის რესპუბლიკისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე აქტიურად სჩადიოდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს.

    გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ჩრდილოეთ იტალიაში ბინებს ქურდავდნენ, მოპარულ ნივთებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე აბარებდნენ, ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით კი იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგალური ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას ცდილობდნენ.

    აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების გამო, იტალიის რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ საქმე აღძრა იტალიის სისხლის სამართლის კოდექსის 416-ე, 624-ე და 648-ე მუხლებით, რაც გულისხმობს კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ქურდობას, ასევე, ფულის გათეთრებას და მაქსიმალური სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით.

    ოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში, ქართველმა სამართალდამცველებმა, 6-თვიანი თანამშრომლობის შედეგად, იტალიურ მხარესთან საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშეს უშუალო მონაწილეობით, არაერთხელ გაცვალეს ოპერატიული ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც ხსენებულ დანაშაულებში მონაწილეობდნენ.

    საქართველოს მოქალაქეები, იტალიური საპოლიციო ძალებისათვის კვალის არევის მიზნით, აქტიურად იყენებდნენ გაყალბებულ მონაცემებსა და დოკუმენტაციას. ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებებისა და საქართველოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით მოხდა ყველა პიროვნების იდენტიფიცირება, რომლებიც ხსენებულ დანაშაულებში მონაწილეობდნენ.

    ოპერაცია „კანონიერი ქურდი“ მხოლოდ ნაწილია იმ მასშტაბური ღონისძიებების, რომლებსაც ქართველი და იტალიელი სამართალდამცველები ერთობლივად ახორციელებენ.

    ასევე, 2021 წლის 9 თებერვალს, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშესა და სამინისტროს მიერ საფრანგეთის ეროვნულ პოლიციაში მივლენილი ქართველი მეკავშირე ოფიცრის უშუალო ჩართულობით, რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთობლივი ოპერაცია „BRATVA-35“ ჩატარდა.

    ოპერაციის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქებში: როშ-სურ-იონში, ნუარში, ანჟერში, ბორდოსა და რენში ქართული წარმოშობის „კანონიერი ქურდი“ - კ.ა. და საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს.
    ფრანგი სამართალდამცველების მიერ დაკავებული პირები ორგანიზებული დაჯგუფების წევრები იყვნენ და საფრანგეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე აქტიურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას. კერძოდ, მათ ბრალად ედებათ საფრანგეთის რესპუბლიკის სსკ-ის 131-ე, 132-ე, 311-ე, 321-ე, 450-ე მუხლებითა და საბაჟო კოდექსის 414-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები: ორგანიზებული ჯგუფის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტებში ჩადენილი ქურდობის არაერთი ეპიზოდი, ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა/გასაღება და კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა, რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლის ვადით და ჯარიმას 375 ათასი ევროს ოდენობით.

     შსს-ს პრეს-ცენტრი

  • გენერალურმა პროკურატურამ გ. შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო

    საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახური იტყობინება.

    საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილ იქნა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც წვეულებაზე სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს ვ.ჩ.-ს.

    ვ.ჩ., თვლიდა რა საკუთარ თავს კონფლიქტში დაჩაგრულად, მოწინააღმდეგე მხარეზე შურისძიებისა და ანგარიშსწორებისათვის დამატებითი ფიზიკური ძალის მობილიზების მიზნით, დაბრუნდა თბილისში, ნაძალადევის რაიონში. წვეულების ადგილზე დარჩა ვ. ჩ.-ს ორი მეგობარი, რომლებიც პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ.

    თბილისში დაბრუნებისთანავე, ვ.ჩ. დაუკავშირდა მის მეგობრებს და 19 ივნისის დაახლოებით 00:30 საათისათვის, მერსედესის მარკის და ვ.ჩ.-ს კუთვნილი ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანებით გაემართნენ მცხეთის მიმართულებით.

    მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, დაბადების დღეზე მყოფი სტუმრების უმრავლესობამ დატოვა აგარაკის ტეორიტორია. მათ შორის იყო გიორგი შაქარაშვილიც, რომელიც წვეულებაზე მყოფ სხვა პირებთან ერთად, ფეხით გაემართა თბილისის მიმართულებით. მათ ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და უთვალთვალებდა ვ.ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. მათი მითითებით, მერსედესის მარკის ავტომანქანით ნაძალადევის რაიონიდან მცხეთაში ჩასული პირები გაემართნენ გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად ავტობანზე ფეხით მოძრავი პირებისაკენ.

    დაახლოებით 00:47 საათზე, არაგვის ხიდთან მდებარე ავტო-სამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მერსედესის მარკის ავტომაქანაში მყოფი პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს. თავდამსხმელებს ასევე შეუერთდნენ ვ. ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილთან ერთად მყოფ პირებს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა გაქცევით დააღწია თავი ძალადობას. ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი.

    პარალელურად, ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანით ვ.ჩ.-სთან ერთად მყოფი პირები კონფლიქტში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა მოძიების მიზნით გაემართნენ აგარაკისაკენ. ვინაიდან მათ აგარაკზე მოწინააღმდეგეთაგან არავინ დახვდა, ტოიოტა ქამრი გამოემართა თბილისის მიმართულებით.

    გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორთათვის ასოცირდებოდნენ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებთან, ფეხით განაგრძობდნენ გზას თბილისისაკენ, რა დროსაც მათ გზა გადაუჭრა აგარაკიდან წამოსულმა, ვ.ჩ.-ს კუთვნილმა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანამ, რომელსაც მისი მეგობარი ვ.მ. მართავდა. გაჩერებისთანავე, ავტომანქანიდან, ვ.ჩ.-სთან ერთად  გადმოვიდნენ ვ.მ., ნ.რ., ა.გ., ზ.ხ., ა.ქ. და გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს და მისი თანმხლებ პირებს, პარალელურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოსალოდნელი ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ ავტობანზე არაგვის ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით, გადაირბინეს არაგვის ხიდი, გადაკვეთეს საავტომობილო გზა და სირბილი განაგრძეს დასავლეთის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილის თანმხლები პირი გ.ქ., რომელიც იყო ნაცემი, თავდამსხმელებისაგან თავის დაღწევის მიზნით, საავტომობილო გზაზე მოწყობილი ბეტონის გამყოფი ზოლის გადაკვეთის შემდეგ, დაიმალა გამყოფ ზოლში არსებულ ნარგავებში. ამავდროულად, საავტომობილო გზა გადაკვეთეს, მეორე მხარეს გადავიდნენ და გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად მყოფი პირების დევნა განაგრძეს თავდამსხმელებმა ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ და ზ.ხ.-მ. დასავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის ნაპირზე არსებული ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისას, გიორგი შაქარაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა ვ.ა.-მ სირბილი განაგრძეს გზის მარჯვენა მხარეს ხიდის ქვეშ გამავალ მეორეხარისხოვან გზაზე, ხოლო გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გ.ა. გაიქცა ზემოაღნიშნული შენობის მიმართლებით და დაიმალა მის უკან არსებულ ბუჩქებში. გიორგი შაქარაშვილს და ვ.ა.-ს იმავე მიმართულებით გაეკიდნენ ვ. ჩ., ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო ა. გ.-მ და ნ. რ.-მ, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ იმავე გზაზე საპირისპირო მხრიდან გამოქცეულ პირებს და გზა გადაეღობათ მათთვის. ვ.ა. მეორეხარისხოვან გზაზე სირბილისას დაიმალა გზის პირად არსებულ ბუჩქებში, გიორგი შაქარაშვილმა კი განაგრძო გადაადგილება. როდესაც გიორგი შაქარაშვილი მიუახლოვდა მეორეხარისხოვანი გზის იმ მონაკვეთს, რომელიც არაგვის ხიდის ბურჯებს შორის გადის, საპირისპირო მიმართულებიდან მას გზა გადაუღობეს ა. გ.-მ და ნ. რ.-მ.

    გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც  მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის - მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

    სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნით გამოირიცხა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ასფალტირებულ გზაზე, ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე დაგორება - დაცურებით, წაქცევა-დაცემით ან რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით, ასევე დაახლოებით 15.../25... მეტრი სიმაღლის ხიდიდან თავისუფალი ვარდნის შემდეგ, წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად, ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა.

    ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი.

    გარდა აღნიშნულისა, გამოძიების მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების დადგენის მიზნით, აქტიურად გრძელდება კომპლექსური საექსპერტო კვლევები.

    ხუთივე თავდამსხმელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგენილია, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე განვითრებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, 19 ივნისის ღამით, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით გაემართა სულ 8 ავტომანქანა, მათგან სამი საბურთალოს რაიონიდან, ხოლო ხუთი - ნაძალადევის რაიონიდან. ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერების და მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად უტყუარად დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანა და დანაშაულის ჩადენაში მისი მგზავრები მონაწილეობდნენ.

    გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების პროცესში ჩატარდა ათასზე მეტი საპროცესო მოქმედება, საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამუშავებულ და შესწავლილ იქნა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების მეშვეობით განხორციელებული ათიათასობით ზარის, მოკლე ტექსტური შეტყობინების და ინტერნეტ აქტივობის შესახებ, გამოკვლეულ იქნა საჯარო და კერძო დაწესებულებების კუთვნილი გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე ასეულ საათს, დაკითხულ იქნა ასეულობით მოწმე, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, კომპიუტერული და კომპლექსური ექსპერტიზები, ამოღებულ იქნა კონფლიქტში მონაწილე პირთა ტანსაცმელი,  საკომუნიკაციო და სატრანსპორტო საშუალებები, აღებულ იქნა ანაწმენდები და სხვადასხვა სახის ნიმუშები, მოწმეთა ჩვენებების და საგამოძიებო ვერსიების შემოწმების მიზნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი, ბრალდებულთა ამოცნობები და სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით მიემართა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს.

    გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ იმ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური