გერმანიის საჰაერო ძალებმა ავღანეთიდან ავადმყოფი ქართველი ჯარისკაცის ევაკუაცია მოახდინეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 08 ივნისი 2020 13:53

გერმანიის საჰაერო ძალებმა ავღანეთიდან ავადმყოფი ქართველი ჯარისკაცის ევაკუაცია მოახდინეს. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" გერმანიის საელჩოს პრეს-სამსახურში განუცხადეს. 

მათი ინფორმაციით, კვირას, 7 ივნისს გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავით Airbus A 400M  მოხდა ავადმყოფი ქართველი ჯარისკაცის მაზარ-ე შარიფიდან თბილისში გადმოყვანა. ჯარისკაცი ქართულ კონტიგენტთან ერთად ავღანეთის ჩრდილოეთში მისიის შესასრულებლად იმყოფებოდა, რა დროსაც მძიმედ დაავადდა. მისი დაავადება არ არის კავშირში კოვიდ-ინფექციასთან, მაგრამ იმდენად სერიოზულია, რომ აუცილებელი გახდა მისი საქართველოში გადმოყვანა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჯარისკაცები უკვე ხუთი წელია გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად ნატო-ს ოპერაციის „Resolute Support“ (მტკიცე მხარდაჭერა) ფარგლებში ჩრდილო ავღანეთში ასრულებენ სამშვიდობო მისიას. ავადმყოფი ან დაჭრილი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნება არის „Resolute Support“-ის ფარგლებში თანამშრომლობის ქართულ-გერმანული ხელშეკრულების ნაწილი.

 

წაკითხულია 89 ჯერ

Related items

  • ამოქმედდა კანონი, რომელიც გერმანიაში ლეგალურად დასაქმების უფლებას იძლევა

    გერმანიაში დღეიდან ამოქმედდა კანონი, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალური დასაქმების უფლებას აძლევს.

    ახალი კანონის თანახმად, კვალიფიციურ მუშახელს მესამე ქვეყნებიდან ეძლევა უფლება, გერმანიაში შრომითი ხელშეკრულების გარეშე ექვსი თვით ჩავიდეს და ადგილზევე მოიძიოს სამსახური.

    საჭიროა კვალიფიკაცია, ენის ცოდნა (მინიმუმ B1 დონე) და საკმარისი ფინანსური სახსრები გერმანიაში საცხოვრებლად.

    მნიშვნელოვანი პირობაა, რომ პირის კვალიფიკაცია აღიარებული იყოს გერმანიაში, ასევე სამსახურის მაძიებელს ჰქონდეს დაზღვევის პოლისი და დროებითი საცხოვრებელი.

    არასაკმარისი კვალიფიკაციის შემთხვევაში, მესამე ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება 24-თვიანი ვიზის აღება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

    ახალი კანონი მსურველებს გერმანიაში პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობასაც სთავაზობს, ამისათვის პრეტენდენტი უნდა იყოს არა უმეტეს 25 წლის და ფლობდეს გერმანულ ენას (მინიმუმ B2 დონე).

    იმ პირებს, ვისაც გერმანიაში კონკრეტული სამუშაოს შეთავაზება აქვთ, შეუძლიათ მიიღონ ოთხწლიანი ვიზა ან იმ ხანგრძლივობის, რაც მითითებულია შრომით ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში, ოთხი წლის შემდეგ, დასაქმებულს ბინადრობის მიღების უფლება ექნება.

    ბოლო კვლევების მიხედვით, გერმანიაში ამჟამად 1.2 მილიონი თავისუფალი სამუშაო ადგილია. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობაზე კანცლერმა ანგელა მერკელმა 2018 წლის აგვისტოში საქართველოში ვიზიტისას ისაუბრა.

    როგორც ანგელა მერკელმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალურად დასაქმების კვოტები შეიქმნება.

    გერმანიაში ლეგალური დასაქმებისთვის გერმანიის შრომის სამინისტრომ სპეციალური საინფორმაციო პორტალი შექმნა, სადაც დაინტერესებულ პირს საკუთარი კვალიფიკაციის შემოწმება და სხვა ამატებითი ინფორმაციის მოძიება შეუძლია.

    წყარო: https://1tv.ge/news/amoqmedda-kanoni-romelic-evrokavshiris-arawevri-qveynebis-moqalaqeebs-germaniashi-legaluri-dasaqmebis-uflebas-adzlevs/

  • ბაგრამის ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის 5 სამხედრო

    ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

    ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების - გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად.

    თავდაცვის ძალების მართვის ცენტრი გადასულია საგანგებო მდგომარეობაზე. სიტუაციურ ოთახში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებიან და პირდაპირ რეჟიმში აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.

    ოპერაციის დასრულების შემდეგ დამატებით ინფორმაციას თავდაცვის უწყება კვლავ გაავრცელებს. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს.

  • გერმანია ზრდის ფინანსურ დახმარებას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის

    გერმანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის ფინანსურ დახმარებას ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

    მათი ცნობით, გერმანიის ელჩმა ნატო-ში ჰანს დიტერ ლუკასმა 2018 წლის 7 დეკემბერს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებითი 500 000 ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფაზე თანხმობა განაცხადა.

    „ამით გერმანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის მნიშვნელობას, რომლის დაფინანსებაც დამოკიდებულია ნატო-ს პარტნიორების მხრიდან ნებაყოფლობით გამოყოფილ გრანტებზე, რადგან ამისთვის ნატო-ში არ არსებობს სპეციალური საბიუჯეტო სახსრები. გერმანია როგორც ფინანსურად, ასევე პერსონალით მომავლშიც დაეხმარება საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

    ამასთან, როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, 2016 და 2017 წლებში გერმანიამ უკვე ორჯერ გამოყო 500 000 ევრო საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და სხვა SNGP-პროექტებისთვის, მათ შორის კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრისთვის.

    „2014 წელს ნატო-ს უელსის სამიტზე გერმანიამ ნატო-ს სხვა პარტნიორებთან ერთად შექმნა ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი (SNGP), რომელიც ხელს უწყობს საქართველოს შემდგომ დაახლოებას ნატო-სთან. გერმანიისთვის SNGP კვლავ რჩება მნიშვნელოვან ინსტრუმენტად საქართველოს მდგრადი დახმარებისათვის მის მიერ დასახულ გზაზე.

    აქედან გამომდინარე გერმანიის ელჩმა ნატოში (ბრიუსელში), ბატონმა ჰანს დიტერ ლუკასმა 2018 წლის 7 დეკემბერს SNGP-ის საქართველოში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებითი 500.000 ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის თანხმობა განაცხადა.

    2016 და 2017 წლებში გერმანიამ უკვე ორჯერ გამოყო 500.000 ევრო საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და სხვა SNGP-პროექტებისთვის, მათ შორის კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრისთვის. საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაფინანსება ამ ახალი თანხებიდანაც განხორციელდება, რადგან მისი მხარდაჭერა პრიორიტეტს წარმოადგენს“, – აღნიშნულია  საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

  • ინფორმაცია ავღანეთის მე-2 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის შესახებ

    დღეს ავღანეთის 2 საარჩევნო უბანზე - (N1 ბაგრამის საარჩევნო უბანი - „ბაგრამის საავიაციო ბაზა” და N2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი - „ბაზა მარმალი”) გაიმართა კენჭისყრის პროცედურა. არჩევნებში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეები. საერთო ჯამში ორივე სამხედრო ბაზაზე რეგისტრირებულია 875 ამომრჩეველი.

    აღსანიშნავია, რომ დღეს განხორციელდა მხოლოდ ხმის მიცემის პროცედურა. პროცესის დასრულების შემდეგ საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის კონვერტები სადაც მოთავსებულია ბიულეტენები, ილუქება და  შედეგების დათვლა მოხდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ავღანეთის საარჩევნო უბნებზე კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა.

  • "​საქართველო გერმანიის მხრიდან მნიშვნელოვან გზავნილებს ელის" - დავით ზალკალიანი

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის დაგეგმილი ვიზიტი შეაფასა. დავით ზალკალიანის განცხადებით, ანგელა მერკელი საქართველოში 10 წლის წინ იმყოფებოდა და მის ამჟამინდელ ვიზიტსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს: „იმ გამწვავების ფონზე, რომელიც საქართველოს აქვს,  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სტუმრობს ევროკავშირის ისეთი წამყვანი ქვეყნის კანცლერი, როგორიც გერმანიაა და ეს ვიზიტი  საყურადღებოა  დროის თვალსაზრისითაც“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ  „საქართველო გერმანიის მხრიდან მნიშვნელოვან გზავნილებს ელის“.  
    როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გერმანიის კანცლერთან გამართულ შეხვედრაზე, საუბარი გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხს შეეხება. ასევე ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე. ამ კონტექსტში, ზალკალიანის თქმით,  განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება თანამშრომლობის ეკონომიკურ განზომილებაზე. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური თანამშრომლობის ის დონე, რომელიც გვაქვს გერმანიასთან, ასევე იყოს  ეკონომიკურ განზომილებაშიც“ - განაცხადა  ზალკალიანმა. 
    მინისტრის ინფორმაციით, გერმანიის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ბიზნეს ფორუმი,  რომელშიც გერმანიის წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. „ეს ფორუმი საქართველო-გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომი ინტენსიფიკაციის გზებზე მსჯელობის კიდევ ერთი საშუალება იქნება”- დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
    გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში  23-24 აგვისტოს შედგება. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური