რატომ არის გარემოს დაცვა მნიშვნელოვანი და როგორ ზრუნავს მასზე ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 03 ივნისი 2020 11:59

რატომ არის გარემოს დაცვა მნიშვნელოვანი და როგორ ზრუნავს მასზე ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში?

  1. რატომ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე?

საცხოვრებელი, ტანსაცმელი, ტექნოლოგია და დასვენება - ყველაფერი ბუნებრივ რესურსებზეა დამოკიდებული. მაშინ როცა ბუნება ცდილობს წონასწორობის შენარჩუნებას, ადამიანის ყოველდღიური საქმიანობა გარკვეულ ზეგავლენას ახდენს მის ეკოლოგიურ ბიომრავალფეროვნებაზე, რაც თავის მხრივ მოქმედებს ჩვენს კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე. 

შემდეგი ათი წელი გადამწყვეტი იქნება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის კლიმატის და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით. ერთად უნდა დავიწყოთ წარსული შეცდომების შედეგების გამოსწორება, რამაც გამოიწვია ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაკარგვა, ნიადაგის ეროზია, უკანონო ტყის ჩეხვა, ჰაერისა და მდინარეების დაბინძურება და სხვა უარყოფითი შედეგები. ამიტომ, ერთად მუშაობა, რათა დავიცვათ გარემო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ინვესტიციები „მწვანე“ განვითარებისთვის შეიძლება დადებითი შედეგების მომტანი გახდეს არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობისთვის, არამედ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისითაც.

 2.  როგორ შეიძლება კლიმატის ცვლილებამ გავლენა მოახდინოს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე?

მოსალოდნელია, რომ ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოყოფილი სათბურის აირებით გამოწვეული მნიშვნელოვანი და დაჩქარებული კლიმატის ცვლილება მოიმატებს, და მას სულ უფრო და უფრო მძიმე შედეგები ექნება ჩვენი ეკონომიკისა და საზოგადოებებისთვის.

ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ადგილი აქვს უძლიერეს კოკისპირულ წვიმებს და წყალდიდობებს,  ჩნდება ანომალურად მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრები, მიმდინარეობს ნიადაგის ეროზია, ნაყოფიერების და ბიომრავალფეროვნების გაქრობა, წყლის რესურსების შემცირება, რაც გავლენას ახდენს წარმოებაზე, სოფლის მეურნეობასა და ოჯახებზე.

მხოლოდ ახლახან, უკრაინაში ანომალური სიცხით, მშრალი და ქარიანი ამინდით გამოწვეული ხანძარი ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მძვინვარებდა ჩერნობილის აკრძალულ ზონაში, სადაც 11,000 ჰექტარზე მეტი ტყე განადგურდა – ეს კლიმატის ცვლილების ზეგავლენის მკაფიო მაგალითია.

მომავალში, მთელი ამ რეგიონის ქვეყნებში ძალზე ხშირი იქნება როგორც გვალვები (მოლდოვა ითვლება კლიმატის მიმართ ყველაზე მოწყვლად ქვეყანად ევროპაში და მისი წყლის მთლიანი ხელმისაწვდომობა საჭიროებასთან შედარებით ორიოდ ათწლეული წლის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდება) და წყალდიდობები (მაგალითად, აზერბაიჯანი მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წყალდიდობისკენ მიდრეკილ რეგიონში), ასევე წყლის ხარისხის გაუარესება და წყლის მარაგის შემცირების რისკი (ყინულის დნობამ მყინვარებზე საქართველოში შეიძლება გამოიწვიოს წყლის ხარისხის გაუარესება და წყალმომარაგების საფრთხეები).

ერთობლივი მოქმედება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ დიდ სარგებლობას  მოუტანს გარემოს, ჩვენს ჯანმრთელობას და ეკონომიკას. ჩვენი განვითარების პარადიგმის თავიდან გააზრება და გადანაცვლება იქნება ბუნებრივი რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენების, ხარჯების დაზოგვის, განვითარების და დასაქმების შესაძლებლობა.

არ იფიქროთ, რომ გარემოს დაცვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, დაფიქრდით იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს უმოქმედობის საფასური: ზროგნოზის თანახმად, საქართველოში კლიმატით გამოწვეული საშიშროება ქვეყნისათვის შეიძლება ნიშნავდეს 10-12 მილიარდი დოლარის ეკონომიკურ დანაკარგებს მომავალი 10 წლის განმავლობაში - ეს ათჯერ მეტია, ვიდრე კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ხარჯი ამავე პერიოდში.

3. რას გულისხმობს პარიზის შეთანხმება?

პარიზის შეთანხმება არის ისტორიაში პირველი იურიდიულად სავალდებულო განაცხადი კლიმატის გლობალური ცვლილების საკითხზე, მიღებული 2015 წლის დეკემბერში პარიზის კლიმატის კონფერენციაზე. 190-მდე ხელმომწერს შორის არიან ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები. 

ეს შეთანხმება განსაზღვრავს გლობალურ ჩარჩოს კლიმატის საშიში ცვლილების თავიდან ასაცილებლად შემდეგი ღონისძიებებით: გლობალური დათბობის შეზღუდვა 2°C-ს ქვემოთ, და ძალისხმევის განხორციელება მისი შემდგომი შეზღუდვისთვის 1.5°C-მდე. გარდა ამისა, მისი მიზანია ქვეყნების უნარის გაძლიერება კლიმატის ცვლილების ზეგავლენასთან ბრძოლაში და მათი ძალისხმევის მხარდაჭერა.

შეთანხმებაში ხაზგასმულია, რომ საჭიროა გლობალური ემისიების შემცირების რაც შიძლება მალე დაწყება და კლიმატის ნეიტრალურობის მიღწევა ამ საუკუნის მეორე ნახევარში.

ევროკავშირის მიერ დასახული მაჩვენებლების შესასრულებლად ძირითადი მექანიზმია ევროპის მწვანე შეთანხმება, რომლის მიზანია ნეიტრალური გახადოს ევროპის კლიმატი 2050 წლისთვის, ევროკავშირის ეკონომიკის მდგრადობის მიღწევით, რომელიც აღარ იქნება დამოკიდებული რესურსების გამოყენებაზე.

მწვანე შეთანხმება ნათელს ხდის, რომ გარემოს და კლიმატის გამოწვევები მოითხოვს ევროკავშირის და მისი პარტნიორი ქვეყნების გადაუდებელ ქმედებას. ამიტომ ევროკავშირი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორების მიერ პარიზის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს, რაც ასევე მოიცავს კლიმატის ეროვნული გეგმების განხორციელებას (ეროვნულად განსაზღვრული წვლილი, NDC), სათბური გაზების დაბალი ემისიით განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიების (LEDS) შემუშავებას და მათი ეკონომიკის მოდერნიზაციას კლიმატის ნეიტრალურობის მიმართულებით.

ამ ვალდებულებების შესრულება მოითხოვს დაბალნახშირბადიან, რესურს-ეფექტურ ეკონომიკაზე გადასვლას, რაც ნიშნავს ფუნდამენტურ ცვლილებას ტექნოლოგიის, ენერგეტიკის, ეკონომიკის, ფინანსების და მთელი საზოგადოების თვალსაზრისით.

4. როგორ ეხმარება ევროკავშირი გარემოს დაცვას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში?

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან ბოლო პერიოდში იზრდება. 2018-2019 წლებში სამეზობლოს საინვესტიციო პლატფორმის (NIP) საშუალებით გაცემული გრანტების ერთი მეოთხედი „მწვანე“ ინვესტიციებზე იყო გათვლილი. 2014-15-სა და 2018-19-ს შორის ევროკავშირის შერეული წვლილი ამგვარ ინვესტიციებში 50% -ზე მეტად გაიზარდა, დაახლოებით 67 მილიონი ევროდან 107 მილიონ ევრომდე. მხოლოდ 2018-19 წლებში მთლიანად მწვანე ინვესტიციებისთვის რეგიონში სამეზობლოს საინვესტიციო პლატფორმით 1.3 მილიარდი ევროს გრანტები გაიცა.

გარდა ამისა, ევროკავშირმა გასცა 60 მილიონი ევრო რეგიონული პროგრამების განსახორციელებლად, რაც ეხმარება პოლიტიკას და ინსტიტუციებს აღმოსავლეთ პარტნიორობაში ევროპული მწვანე შეთანხმების შესაბამისად. მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა დაახლოებით 24 მილიონ ევრომდეა, და პარტნიორი ქვეყნები ასევე იღებენ მხარდაჭერას  ევროკომისიის ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) და „თვინინგის პროგრამებიდან.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროგრამებია:

EU4Environment (19.5 მილიონი ევრო ევროკავშირის დაფინანსებით) - მისი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დახმარება მათი ბუნებრივი კაპიტალის დაცვასა და ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესების გზით. ეს პროგრამა მხარს უჭერს პოლიტიკის და საკანონმდებლო ცვლილებებს, უფრო ეკოლოგიურ დაგეგმვას და ინვესტიციებს, ასტიმულირებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ახალი ბიზნეს-რეჟიმების დანერგვას, ასევე „მწვანე“ სამუშაო ადგილების შექმნას. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს გარემოს მმართველობის, ასევე დაცული ტერიტორიების და ტყის მენეჯმენტის გაუმჯობესებას, და მდგრად ვაჭრობას.

EU4Climate (8 მილიონი ევრო ევროკავშირის დაფინანსებით) შემუშავებულია პარიზის კლიმატის შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად და კლიმატის პოლიტიკის და კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად; ის ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების გავლენის შერბილებას და მისადმი ადაპტაციას, ასევე განვითარებას დაბალი ემისიის და კლიმატის ცვლილებისადმი გამძლე ეკონომიკის მიმართულებით. 

ევროკავშირის წყლის ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის(EUWI+ 4 EaP – 23.5 მილიონი ევრო ევროკავშირის დაფინანსებით) ეხმარება პარტნიორ ქვეყნებს მათი კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაში ევროკავშირის წყლის მართვის პოლიტიკასთან, ინსტრუმენტების შემუშავებით წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ასევე უზრუნველყოფს  წყლის ხელმისაწვდომობას მოსახლეობისათვის.

გარდა ამისა, გარემო წარმოადგენს მაღალ პრიორიტეტს ქვეყნების დონეზე შემდეგ სფეროებზე ორიენტირებული ქმედებებით: ჰაერის ხარისხი, წყლის მენეჯმენტი და ზღვის დაბინძურება, ენერგოეფექტურობა, ნარჩენების მენეჯმენტი, პესტიციდების და სამრეწველო დაბინძურების მართვა და ტყის მდგრადი მენეჯმენტი.

ევროკავშირის თანამშრომლობის პროგრამების გარდა, ევროპის ფინანსური ინსტიტუტები, მაგ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას დაბალნახშირბადიანი და კლიმატის ცვლილებისადმი გამძლე ეკონომიკის მხარდაჭერით და ინვესტირებით ეკოლოგიურ ინფრასტრუქტურებში. აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობა (E5P) – მულტიდონორული სატრასტო ფონდი, რომლის მთავარი დონორია ევროკავშირი – მხარს უჭერს ინვესტიციებს მუნიციპალური პროექტებისთვის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის გაუმჯობესების მიზნით. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მუნიციპალური პროექტების მხარდაჭერის ფონდი (MPSF) ახორციელებს ტექნიკურ დახმარებას ენერგოეფექტური პროექტების მომზადებისთვის, რომლებიც შემდეგ შეიძლება კრედიტების საშუალებით განხორციელდეს. ევროკავშირს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ასევე ფონდში მწვანე ზრდისთვის (GGF).

5. რას აკეთებს ეს პროგრამები რეალურად? არსებობს წარმატების ისტორიები?

რა თქმა უნდა, განსაზღვრული ამოცანების და ბიუჯეტის მაჩვენებლების უკან დგას რეალური წარმატების ისტორიები - გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედება და სიცოცხლისუნარიანობის და მდგრადობის გაუმჯობესება ადგილებზე.

მაგალითად, ევროკავშირი ეხმარება წყლის თანამედროვე პოლიტიკის შემუშავებას ექვსი პარტნიორი ქვეყნის 30 მილიონი ადამიანისთვის წყალმომარაგებისა და წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ევროკავშირის დახმარებით ბელარუსმა, მოლდოვამ და საქართველომ დაიწყეს ეროვნული მწვანე ეკონომიკის სტრატეგიების შემუშავება. უკრაინა უკვე არის ორგანული მიწათმოქმედების მსოფლიოს 20 წამყვან ქვეყანას შორის; 2016 წელს მან განახორციელა 59 მილიონი ევროს ორგანული პროდუქტის ექსპორტი, რომელთაგან უმეტესობა ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით იყო სერთიფიცირებული.

100-ზე მეტმა საპილოტე მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო ევროკავშირის მხარდაჭერა რესურს-ეფექტური და უფრო სუფთა წარმოების პროგრამების განხორციელებისთვის, რასაც მოჰყვა 9.4 მილიონი ევროს დაზოგვა (საშუალოდ 2,000 ევროდან 20,000 ევრომდე დანაზოგი თითოეულ საწარმოზე, ზოგიერთ შემთხვევაში კი - 100,000 ევრო). გრძელდება საქმიანობა პროგრამის EU4Environment მხარდაჭერით.

ექვსივე პარტნიორ ქვეყანაში გარემოსდაცვითი მონაცემების მონიტორინგი ხდება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ეს მონაცემები ხელმისაწვდომია ონლაინ მიკვლევის ინსტრუმენტის საშუალებით, რომელიც განთავსებულია ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) საინფორმაციო გვერდზე.

ბუნებრივი ტერიტორიების და ბიომრავალფეროვნების დაცვის და მათთან დაკავშირების მიზნით, ექვს პარტნიორ ქვეყანაში განსაზღვრულია ზურმუხტის ქსელის 700-მდე ობიექტი 12.8 მილიონი ჰექტარის ტერიტორიით, რაც ოთხჯერ აჭარბებს ბელგიის ფართობს.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია მწვანე ინფრასტრუქტურაში ინვესტირება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB)და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) საშუალებით სხვა საინვესტიციო პარტნიორებთან ერთად. აღნიშნულის საშუალებით უკრაინაში შესაძლებელი გახდა ინვესტირება სუფთა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ახალი ტროლეიბუსების შემოყვანით ხერსონში, მარიუპოლსა და ლვოვში, ასევე 35 მილიონი ევროს მხარდაჭერით ნარჩენების მენეჯმენტისთვის ლვოვში. მოლდოვაში ბალტის მოსახლეობამ ისარგებლა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინვესტიციით, რომელიც განხორციელდა ენერგოეფექტურ გათბობასა და ახალ ელექტროავტობუსებში. სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებამ ხელი შეუწყო მეტროპოლიტენის რეაბილიტაციასა და საზოგადოებრივი შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, რომელთა შორის არის საბავშვო ბაღები. აზერბაიჯანში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დააფინანსა 35 ახალი ეკო-ეფექტური ავტობუსის შეძენა, რამაც ხელი შეუწყო წლიურად 2,853 ტონა CO2-ის შემცირებას. ბელარუსში 300,000 ადამიანი სარგებლობს წყლის გაუმჯობესებული ხარისხით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კრედიტის და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის გრანტის დახმარებით ნარჩენი წყლების დამუშავების დანადგარებისთვის შვიდ მუნიციპალიტეტში. საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკმა გრძელვადიანი კრედიტი მისცა თბილისის წყალმომარაგების კომპანიას მისი წყლის და ნარჩენი წყლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის მხარდასაჭერად, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 

75 მილიონი ევროს ინვესტიციას ახორციელებს თბილისის მეტროპოლიტენის მოდერნიზაციისთვის.

ევროკავშირის საქმიანობა მოიცავს საზოგადოების ყველა ფენას, დაწყებული სამთავრობო პოლიტიკიდან, დამთავრებული დაწყებითი სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებით, რისი მაგალითებიც შეგიძლიათ იხილოთ შემდგომ:

სომხეთშიბუნებასთან დაკავშირების პროექტი მხარს უჭერს ახალი, ეკოლოგიური იდეების და გადაწყვეტების მოძიებას ერევნის გარემოსდაცვითი პრობლემებისთვის - მაგ. იმ მცენარეების და ხეების განსაზღვრა, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება გარემოს მოცემულ მდგომარეობას ქალაქის სხვადასხვა უბნებში.

აზერბაიჯანში ევროკავშირის ექსპერტებმა ფინეთიდან, ავსტრიიდან და ლატვიიდან ტრენინგები ჩაუტარეს ეკოლოგიის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 200 თანამშრომელს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის საკითხებზე; „თვინინგის“ პროექტმა შეიმუშავა დეტალური გეგმა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემების მოდერნიზაციისთვის, ასევე იგეგმება ჰაერის ხარისხის 25 ახალი სადგურის შეძენა.

ბელარუსში სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფოთაშორის მდინარის გაწმენდის პროექტში მდინარეზე სტირი, რომელიც მიედინება ბელარუსსა და უკრაინას შორის - მათ ჩაატარეს წყლის ხარისხის ანალიზი და ისწავლეს ნიტრატების, ფოსფატების და ორგანული დამაბინძურებლების აღმოჩენა.

საქართველოში ბათუმის რეგიონში 6.1 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის ფარგლებში ჩატარდა რეაბილიტაცია წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემებზე და აშენდა ნარჩენების დამუშავების დანადგარი; აღნიშნულის შედეგია მოსახლეობისთვის სუფთა წყლის უწყვეტი მიწოდება და ზღვის დაბინძურების შემცირება.

მოლდოვაში გარემოს დაბინძურების წყარო იყო სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვა. ახლა კი, ევროკავშირის დახმარებით, ნარჩენებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა ბიოსაწვავის საწარმოებლად, რომელიც 206 სკოლაში, საბავშვო ბაღში და სახელმწიფო დაწესებულებაში გამოიყენება.

2019 წელს უკრაინაში 7,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა გამოწვევაში #EUBeachCleanup challenge; ამის შედეგად ჩატარდა გაწმენდის 234 ღონისძიება ქვეყნის ყველა ოლქში „სანაპიროს საერთაშორისო დღის“ ფარგლებში, როდესაც მოქალაქეები მთელ მსოფლიოში მდინარეების ნაპირების გასაწმენდად იკრიბებიან. მოხდა 35.7 ტონაზე მეტი ნარჩენების შეგროვება და გატანა, ნარჩენებით წყლის დაბინძურების პრევენციის მიზნით.

ოფიციალურმა პირებმა ყველა ქვეყნებიდან რეგიონისმასშტაბით მიიღეს რეკომენდაციები გარემოს დაცვის მენეჯმენტის შესახებ პლასტმასის ნარჩენების, საზღვაო პლასტმასის ნაგვის და პლასტმასის ნარჩენებიდან ენერგიის მიღების საკითხებზე სემინარის ფარგლებში TAIEX სემინარი ევროკავშირის პლასტმასის სტრატეგიის და ერთჯერადი პლასტმასების საკითხებზე.

6. როგორ გავხდე გარემოს უკეთესი დამცველი?

თქვენ, როგორც მოქალაქეებს, გაქვთ უფლება, პოტენციალი და მოვალეობა იმოქმედოთ გარემოს დასაცავად. 

თქვენი, როგორც ამომრჩევლის და მომხმარებლის, ყოველდღიურ ცხოვრებისეულ არჩევანს შეუძლია გამოიწვიოს მთავრობის პოლიტიკის ცვლილება და გავლენა მოახდინოს კომპანიების გადაწყვეტილებებსა და ინოვაციაზე. 

გაითვალისწინეთ თქვენი ყოველი შენაძენის ზემოქმედება გარემოზე და შეამცირეთ ეს ზემოქმედება, აირჩიეთ ადგილობრივი პროდუქტები, თავი აარიდეთ დამაბინძურებელ ნივთიერებებს და ერთჯერად პლასტმასას, ხელმეორედ გამოიყენეთ, გადაამუშავეთ, განაცალკევეთ ნარჩენები, მოახდინეთ მათი სწორი კომპაქტიზაცია და გადაყრა. 

დანერგეთ ენერგიის დაზოგვის მარტივი მეთოდები, როგორიცაა შუქების და აპარატურის გამორთვა, ასევე გააღეთ და დაკეტეთ ფანჯრები და დარაბები  ოთახში საჭირო ტემპერატურის შესანარჩუნებლად.

წყლის დაზოგვის მიზნით აბაზანის ნაცვლად მიიღეთ შხაპი და შეამცირეთ მისი მიღების დრო. ნუ დატოვებთ ონკანებს მოშვებულს, და შეამოწმეთ, ხომ არ ჟონავს ისინი (საჭირო ოთახში ჟონვის გამო შესაძლოა დღეში 200 ლიტრი წყალი დაიკარგოს). მორწყეთ თქვენი მცენარეები გვიან საღამოს ან დილით ადრე, როდესაც აორთქლებით ნაკლები წყალი იკარგება.

გაუზიარეთ ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, ზედმეტი გამოუყენებელი ნივთები ან საკვები თქვენი საზოგადოების წევრებს, და ისარგებლეთ განახლებადი წყაროებიდან მიღებული უფრო მდგრადი სატრანსპორტო და ენერგეტიკის სერვისებით.

თუ შეგიძლიათ, იქონიეთ საკუთარი ხეხილის ბაღი და ბოსტანი (შეგიძლიათ ასევე ქოთნების გამოყენება აივანზე), საკვებად გამოიყენეთ ნაკლები ხორცი და უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ საკვებს, შეიძინეთ უფრო მრავალფეროვანი და ნაკლებად დამუშავებული პროდუქტები, საყიდლებზე კი საკუთარი ჩანთები ან კონტეინერები გამოიყენეთ.

იხილეთ ევროკავშირის რჩევები კლიმატის შესახებ, სადაც მოცემულია მარტივი რეკომენდაციები სახლის, სამუშაოს, საყიდლების და ტრანსპორტის თაობაზე.

წაკითხულია 365 ჯერ

Related items

  • ნერგების გაშენებიდან ყურძნის კრეფამდე: ევროკავშირმა და FAO-მ ქართველი მეღვინეებისთვის ტრენინგი ჩაატარეს

    ოცდაოთხმა ქართველმა ღვინის მწარმოებელმა კახეთის რეგიონში პროგრამის, EU4Business ფარგლებში გამართულ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი ესპანეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტმა ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით ჩაატარა.

    ტრენინგის სერია ეხებოდა ვენახის მოვლის სრულ პროცესსა და ვაზის წარმოების სრულ ციკლს — ნერგების გაშენებიდან ყურძნის კრეფამდე. სასწავლო სესიები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სხვადასხვა ტიპის ვენახების ზოგადი მართვა, გასხვლა, ნიადაგის განოყიერება, სარწყავი სისტემების დაგეგმვა, ვაზის ორგანული წარმოება და მავნებლების ინტეგრირებული მართვა.

    ევროკავშირის ინოვაციური პროექტი, „კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისათვის საქართველოში“, ევროკავშირის და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა. პროექტი 2019 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 5 მილიონი ევროა. ინიციატივის მიზანია მეწარმეობის და ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერების გზით.

    წყარო: https://euneighbourseast.eu/ka/news-and-stories/latest-news/nergebis-gashenebidan-qhurdznis-krephamde-evrokavshirma-da-fao-m-kharthveli-meghvineebisthvis-treningi-chaatares/

  • 2021 წელს ევროკავშირში არალეგალურად შესულთა რიცხვი წინა წელთან შედარებით 57 პროცენტით გაიზარდა

    2021 წელს ევროკავშირის საზღვრებში არალეგალურად შესულთა რიცხვი წინა წელთან შედარებით 57 პროცენტით გაიზარდა და 195 ათასს მიაღწია. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება. მათი ინფორმაციით, საზღვრის უსაფრთხოების სააგენტოს Frontex-ის (ევროკავშირის) მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში უკანონო შესვლამ, სამგზავრო შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, გადააჭარბა იმ დონეს, ვიდრე ახალი ტიპის კორონავირუსის Covid-19-ის ეპიდემიის დაწყამდე იყო.

    საზღვრის უკანონოდ გადამკვეთთა რიცხვი გასულ წელს 2020 წელთან შედარებით 57 პროცენტით, 2019 წელთან შედარებით 36 პროცენტით გაიზარდა.

    გასულ წელს ევროკავშირში შესასვლელად ყველაზე ხშირად გამოყენებული მარშრუტი ცენტრალური ხმელთაშუა ზღვა იყო. ევროკავშირის ქვეყნებში ამ მარშრუტით 65 ათასზე მეტი ადამიანი შევიდა. ცენტრალური ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან შესვლა 2020 წელთან შედარებით 83 პროცენტით გაიზარდა. დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან შემოდინებამ 6 პროცენტით მოიმატა და 18 ათასს გადააჭარბა. აღმოსავლეთ ევროპიდან, განსაკუთრებით ბელარუსიდან, ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ათასი პროცენტით გაიზარდა. 2021 წელს ბელარუსიდან უკანონო შემსვლელთა რაოდენობა დაახლოებით 8000 იყო.

    ევროკავშირის საზღვრებში არალეგალურად ყველაზე მეტად სირიელები შევიდნენ. მათ მოჰყვებიან ტუნისელები, მაროკოელები, ალჟირელები და ავღანელები.

  • ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი სოფლებში სწრაფი ინტერნეტ კავშირის დანერგვაში ინვესტირებას ახდენენ

    ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროკავშირის ბანკი, განახორციელებს ინვესტიციას 34 მილიონი ევროს ოდენობით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ქსელის გაფართოებაში, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო ინტერნეტ სერვისებს საქართველოს 1000 სოფელსა და შორეულ დასახლებაში მცხოვრები 500 000 საქართველოს მოქალაქისთვის. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს.

    ევროკავშირის ბანკის ინვესტიცია დააფინანსებს 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის ინსტალაციას და უზრუნველყოფს ღია დაშვების ინფრასტრუქტურის დანერგვას საქართველოს საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებისთვის მათ მიერ სწრაფი ინტერნეტის სერვისების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირმა გარანტია გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე გასცა.

    ეს პროექტი მხარს უჭერს გაუმჯობესებულ ციფრულ კავშირს, როგორც საქართველოსთვის ხუთი ფლაგმანური ინიციატივიდან ერთ-ერთს, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში.

    ევროპის საინვესტიციო ბანკის ეს ახალი ოპერაცია არის ევროპის გუნდის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, რათა საქართველოს მხარი დაუჭიროს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაში, ეკოლოგიური და მდგრადი სოციალური და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში და ქვეყნის მასშტაბით სტიქიური უბედურებებისადმი, როგორიცაა COVID-19 პანდემია, მდგრადობის გაზრდაში.

  • პრემიერ-მინისტრმა ი. ღარიბაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტში მიიღო მონაწილეობა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტში, რომელიც დღეს ბრიუსელში გაიმართა. 

    მთავრობის მეთაურმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპული მისწრაფებისა და ევროპული არჩევანის სიმტკიცეს, ასევე ისაუბრა ასოცირებული ტრიოს შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ფორმატი პარტნიორობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის - დიფერენციაციის ნათელი გამოხატულებაა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ტრიოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს ასოცირების შეთანხმებებით გახსნილი შესაძლებლობების სრულად ათვისებას. 
    ირაკლი ღარიბაშვილმა, სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაძლიერებული ჩართულობის აუცილებლობას კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით  დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელების მიმართულებით.
    სამიტზე ევროკავშირის მხრიდან დადასტურდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ მოხდა ასოცირებული პარტნიორების ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების აღიარება და ხაზგასმით აღინიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების სუვერენული უფლებაა, თავად განსაზღვრონ ევროკავშირთან ურთიერთობების სიღრმე და თანამშრომლობის ხარისხი. 
    სამიტი მიესალმა სამი ასოცირებული პარტნიორის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის - ე.წ. „ასოცირებული ტრიოს" ძალისხმევას, რომელიც ევროკავშირთან  თანამშრომლობის  გაღრმავებისკენაა მიმართული და მიზნად ისახავს ამ პროცესში ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებების შესრულებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიმართულებით. 
    ლიდერებმა კვლავ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობისადმი. ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ სიტუაციაზე და აღინიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რეგიონის კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით განახლებული ძალისხმევის აუცილებლობას, რაც ევროკავშირის ძლიერ ჩართულობასაც გულისხმობს. 
    სამიტის მონაწილეებმა დაადასტურეს მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის  ერთ-ერთი მთავარი პრინციპის - დიფერენციაციის მიმართ, რომლის საფუძველზეც ხდება პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის ინსტრუმენტების ინდივიდუალურად მინიჭება. ამ კონტექსტში განიხილება „ასოცირებული ტრიოსთვის" ევროკავშირის ერთიან ბაზარზე თანდათანობით ინტეგრაცია. 

    სამიტზე ლიდერებმა მიიღეს პოლიტიკური დეკლარაცია, რომელშიც დაფიქსირებულია მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აქტუალური პრიორიტეტული საკითხების მიმართ. დეკლარაციის ნაწილია ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი, რომლის შემუშავებაშიც ევროკავშირსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული საქართველო. შედეგად განისაზღვრა ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც ხელს შეუწყობს პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების, ეკონომიკების, ინსტიტუტების, გარემოსდაცვითი  და ციფრული ტრანსფორმაციის მექანიზმების გაძლიერებას. 

    აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი, გარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებისთვის მედეგობის ზოგადი ინსტრუმენტების მაქსიმალური გაძლიერებისა,  გულისხმობს მნიშვნელოვანი მოკლე და საშუალოვადიანი კონკრეტული მიზნების მიღწევას, რაც ევროკავშირის ახალი, 2.3  მილიარდი ევროს ოდენობის  (17 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალით) რეგიონული საინვესტიციო  გეგმის მეშვეობით განხორციელდება. საქართველოსთვის ეს გულისხმობს სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერებას, მათ შორის, შავი ზღვის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების გზით. განხორციელდება ასევე სხვა მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა სარგებელიც მოქალაქეებისთვის ხელშესახები იქნება. მათ შორისაა ევროს ერთიანი გადახდის სივრცეში გაწევრიანება; რეგიონის ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან როუმინგზე ფასების შემცირება; მცირე და საშუალო საწარმოთა, მათ შორის სტარტაპების მხარდაჭერა; სტუდენტებისა და აკადემიური წრეების მობილობის ხელშეწყობა და ევროპის სოლიდარობის კორპუსის, „ერასმუს პლუსისა" და „ჰორიზონტი ევროპის" პროგრამებით სარგებლობის გაფართოება და ა.შ. 
    აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის არსებული უმაღლესი დონის დიალოგის ფორმატია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მის ფარგლებში ხდება უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და პოლიტიკური საკითხების განხილვა და შეთანხმება მხარეებს შორის.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • პოლიტიკური დაპირისპირება არჩევნების მედია გაშუქებაზე აისახება

    ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოო შედეგებს აქვეყნებენ

    თბილისი. 14 დეკემბერი 2021 – ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელიც 5 ივლისიდან 14 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. ანგარიშში შესულია არჩევნების გაშუქების რაოდენობრივი მონაცემები და თვისებრივი ანალიზი 54 მედია-საშუალების მიხედვით (27 ეროვნული და 27 რეგიონული). მედიამონიტორინგი ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განახორციელეს - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, ინტერნიუს საქართველომ და CRRC-საქართველომ.
    მედიამონიტორინგის შედეგების თანახმად, ქართული მედია საკმაოდ ეფექტიანად აშუქებდა საარჩევნო მოვლენებს. მედია-საშუალებები დროულად აქვეყნებდნენ მიმდინარე ინფორმაციას და მრავალფეროვან კომენტარებსა და მოსაზრებებს სთავაზობდნენ ამომრჩევლებს.
    ცვალებადი წინასაარჩევნო გარემო და მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება არჩევნების გაშუქებაზე საგრძნობლად აისახა. მედიის დღის წესრიგს განსაზღვრავდა პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენათა მთელი რიგი, მათ შორის ივლისში განვითარებული ჰომოფობიური გამოსვლები და ჟურნალისტების მიმართ აგრესია, ხოლო შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავება და ამის გარეშემო განვითარებული მოვლენები.
    სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია-საშუალებები ამ ფაქტებს სრულიად განსხვავებულ ინტერპრეტაციასა და შეფასებას აძლევდნენ.
    მედია-ბანაკებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავე იყო სამაუწყებლო მედიის შემთხვევაში (ტელევიზია და რადიო). მედია-საშუალებათა უმრავლესობა მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებდა და ცდილობდა, რომ მიმდინარე მოვლენები ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოეჩინა.
    საარჩევნო ტელედებატები ორი ტელევიზიის ეთერში გაიმართა, რაც საქართველოს პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს პირობებში, საკმაოდ დიდი მიღწევაა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დებატების მსვლელობისას, ჟურნალისტები კრიტიკული კითხვების დასმას ერიდებოდნენ, ხოლო ზოგიერთი კანდიდატის მიერ გაკეთებულ ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ გამონათქვამებზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენიათ.
    წინასაარჩევნო პერიოდში, მედია-საშუალებები მეტ-ნაკლებად იცავდნენ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს, თუმცა არჩევნების დღისა და მეორე ტურების მოახლოებასთან ერთად, დაძაბულობა გაიზარდა და ეთიკის სტანდარტების დარღვევაც გახშირდა.
    გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და დისკრიმინაციული თუ შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენება განსაკუთრებით ეროვნულ ბეჭდურ მედიაში შეინიშნებოდა, ხოლო რეგიონული და ადგილობრივი ბეჭდური გამოცემები მოვლენებს შედარებით მიუკერძოებლად აშუქებდნენ და მკითხველს მოსაზრებებისა და პოზიციების მრავალფეროვნებას სთავაზობდნენ.
    სხვა არჩევნებთან შედარებით, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენება საგრძნობლად შემცირდა მედიის ყველა სექტორში.
    პოლიტიკური მიკერძოება ნაკლებად შეიმჩნეოდა ონლაინ მედიის სექტორში. როგორც ეროვნული, ისე რეგიონული მედია-საშუალებები ცდილობდნენ სარედაქციო დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ და არჩევნები ინფორმაციულობისა და მრავალფეროვნების სტანდარტების დაცვით გაეშუქებინათ. ამასთან ერთად, ონლაინ მედიაში გაშუქების ზედაპირულობა და ფრაგმენტულობაც შეიმჩნეოდა.
    „პლურალისტური მედია-გარემოს არსებობის მიუხედავად, საქართველოში არჩევნების გაშუქება მძაფრი პოლარიზებით ხასიათდება. სანდო და დაბალანსებულ ინფორმაციას საკვანძო მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ამომრჩევლებმა საარჩევნო ყუთებთან ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ“, - განაცხადა ასუნსიონ სანჩეს-რუისმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა.
    „ქართული მედია მრავალფეროვანი და სწრაფად მზარდი გარემოა. ის ხელს უწყობს საზოგადოებრივ მსჯელობას და დემოკრატიულ პროცესს, მათ შორის, არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური მიკერძოება, არაეთიკური გაშუქება და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენება კვლავ შეიმჩნევა მედიის რამდენიმე სექტორში“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.
    ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მედიამონიტორინგი 2022 წლის მარტამდე, პოსტ-საარჩევნო პერიოდშიც გაგრძელდება.

    ყველა ანგარიში ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: mediamonitor.ge

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური