საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი რუსეთის ფედერაციის განცხადებაზე ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 მაისი 2020 16:02

26 მაისს, როდესაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო იღებდა მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების მილოცვებს, გავრცელდა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ინფორმაციის დეპარტამენტის მორიგი ცრუ ბრალდებები საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

ხსენებული დეზინფორმაცია განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ პირობებში, როდესაც ცენტრის საქმიანობა მიჩნეულ იქნა ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად საქართველოს მთავრობის წარმატებულ ბრძოლაში ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ და ცენტრის ფუნქციონირება ძალზე პოზიტიურად ფასდება საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

საქართველოს შესაბამისი უწყებების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განმარტებები ცენტრის სტატუსსა და ფუნქციონირების დეტალებზე, თუმცა რუსეთის გამუდმებული პროვოკაციები გვაიძულებს კვლავ შევეხოთ ამ საკითხს, რითაც პირველ რიგში გვსურს მივიპყროთ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება რუსეთის უხეში მცდელობების მიმართ დააკნინონ წარმატებული ინსტიტუციის როლი საქართველოს და რეგიონალური უსაფრთხოების საქმეში.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიული ერთეული. ობიექტმა ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს და იგი არის დაავადებათა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ცენტრს.

ობიექტის მშენებლობა დაიწყო 2004 წელს, აშშ-საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულებისა და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, საფუძველზე.

ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. სტრუქტურულად, ლუგარის ცენტრი წარმოადგენს დავადებათა ცენტრის ქვედანაყოფს და შედის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუციებში.
ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე–2 და მე–3 დონის ლაბორატორიებს,  რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით.

ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიისა და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში. 

ლუგარის ცენტრის ლაბორატორიული შესაძლებლობებით ასევე სარგებლობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია (LMA) და ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი. დამატებით, ცენტრის შესაძლებლობებს ფართოდ იყენებენ სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის მეზობელი სახელმწიფოების შესაბამისი უნივერსიტეტების მაგისტრანტები და დოქტორანტები სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიზნით.

ამდენად, ცენტრის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ კვლევას თუ საქმიანობას ახორციელებენ შესაბამისი ექსპერტები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური უწყებების კოორდინაციით. ცენტრის ამოცანების დასახვაში, ამერიკელ პარტნიორებს არანაირი როლი და ფუნქცია არ გააჩნიათ, მით უმეტეს მათ არ აქვთ რამე სახის დამოუკიდებელი კვლევის ჩატარების საშუალება.

საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად. მე-7 გადასახედი კონფერენციის ფარგლებში წევრ-სახელმწიფოების მიერ შემუშავდა გამჭვირვალობისა და ნდობის ამაღლების მექანიზმი, რომელიც გვევლინება ტრანსპარენტულობის ერთდადერთ  ინსტრუმენტად.
სწორედ ამ მექანიზმის ფარგლებში და რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველომ უმასპინძლა საერთაშორისო ვარჯიშს მოცემულ ობიექტზე 2018 წლის 14-15 ნოემბერს. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა საქართველოსა და გერმანული მხარეების ორგანიზებით და მასში მონაწილეობა მიიღო უსაფრთხოებისა და ბიო-ექსპერტებმა 20-მდე ქვეყნიდან. საგულისხმოა, რომ მონაწილეობაზე შეთავაზება მიეწოდა ასევე რუსეთის მხარეს, თუმცა მიღებულ იქნა კატეგორიული უარი რუსი ექსპერტების ჩართულობაზე, რაც ნათლად ცხადყოფს რუსეთის მოჩვენებით დაინტერესებას ლაბორატორიის ფუნქციონირებით.
იმავე წლის 4-7 დეკემბერს, გაერო-ს ჟენევის ოფისში გაიმართა ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, სადაც ლუგარის სახელობის ცენტრის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნამ სრული მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.

ამის სანაცვლოდ, რუსეთის საგარეო უწყება ეჭვის ქვეშ აყენებს წამყვანი ექსპერტების დასკვნებს, ცენტრის მონახულების შემდეგ და, რაც უფრო შემაშფოთებელია ცრუ ბრალდებები ეფუძნება გაუგებარი „ექსპერტების“ დეზინფორმაციას, რაც აქტიურად ვრცელდება მხოლოდ რუსეთის მედიის საშუალებებით და ნათლად ისახება მათი არგუმენტაციისა თუ საფუძველის არაკომპეტენტურობა და აგრესიულობა.
რაც შეეხება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარის დებულებას რუსეთის ფედერაციის ექსპერტების მიერ ლუგარის სახელობის ცენტრის მონახულების თაობაზე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის პასუხიმგებელი წევრი, მზად არის მომავალში და მზად იყო წინა წლებშიც მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ დაშვება შესაბამისი უსაფრთხოების ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ხსენებული ვიზიტები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად. ამის შესაძლებლობა იყო 2018 წელს, თუმცა საკითხის განმეორებითი ინიცირების შემთხვევაში, საქართველო მზადაა განიხილოს შესაბამისი ვარჯიშის/ვიზიტის მოდალობები კონვენციის წევრ-ქვეყნებთან ერთად.

რუსეთის უხეში და აგრესიული დეზინფორმაციის ფონზე, რომელთა ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს დააკნინოს ლუგარის ცენტრის ფუნქციონირება და მის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული კვლევები, საქართველო ვერ ხედავს ცენტრში ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილეებს, მოწოდებით შეაფასონ რუსეთის ოფიციალური უწყების აგრესიული განცხადებები საქართველოს მიმართ, დაგმონ აშკარა დეზინფორმაცია და არ დაუშვან რეგიონში სამაგალითო ინსტიტუტის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვის ქვეშ დაყენება. ამ მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან არანაირი ორმხრივი იურიდიული ვალდებულება ამ საკითხზე არ გააჩნია, საქართველო, გამოთქვამს მზადყოფნას უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის რუსი ექსპერტების მონაწილეობით.

წაკითხულია 158 ჯერ

Related items

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტთან დაკავშირებით

    შეშფოთებით ვაკვირდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მოჰყვა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტი იუწყება. 

    "იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

    საქართველო მოუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, საერთაშორისო აქტორებს, მთელი ძალისხმევა მიმართონ ესკალაციის შეწყვეტის და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისათვის. 

    ჩვენი მხრივ კი ვაცხადებთ, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაი.

  • ცესკოს თავმჯდომარე ჯანდაცვის სამინისტროს და ლუგარის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს შეხვედრა გაიმართა, სადაც ის სავალდებულო წესები და რეკომენდაციები განიხილეს, რომელიც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში კენჭისყრის ორგანიზებისას უნდა იყოს გათვალისწინებული. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, კომისიის მდივან გიორგი ჯავახიშვილთან ერთად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი წოწკოლაურს და „დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელ პაატა იმნაძეს შეხვდა. შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი.

    შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ის შესაძლებლობები და რისკები, რაც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში არჩევნების ორგანიზებას უკავშირდება. ამ საკითხებზე დღეს გამართული მსჯელობა ხელს შეუწყობს საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიციის   ჩამოყალიბებას, რომელიც შემდგომ  სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან განიხილება.

    ცესკომ სწორედ ამ სამუშაო ჯგუფთან ერთად უკვე შეიმუშავა კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი. სპეციალურ სამუშაო ჯგუფში შედიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

  • საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან,  დურსუნ ჰასანოვთან, რომელმაც საქართველოში დიპლომატიურ მისია დაასრულა. ამის შესახებ საგარეო უწყების ადმინისტრაცია იტყობინება.

    მინისტრმა აზერბაიჯანელ დიპლომატს საქართველოში საქმიანობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის სტრატეგიულ და მეგობრულ ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს საქმიანობის მნიშვნელობა მომავალში ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის.

    შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები სხვადასხვა მიმართულებით.

    შეხვედრის დასასრულს, დავით ზალკალიანმა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გაწეული ნაყოფიერი სამსახურისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

  • USAID და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად ეხმარებიან საქართველოს შექმნას ძლიერი დემოკრატია

    USAID და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად ეხმარებიან საქართველოს შექმნას ძლიერი დემოკრატია და შეებრძოლოს დეზინფორმაციას!

    დღეს USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტრ მიკისკამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

    ერთობლივი პროექტი - "დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში" სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას დაეხმარება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოქალაქეებს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას მიაწოდებს. შედეგად, საქართველოს მოსახლეობა შეძლებს უფრო მედეგი და ანგარიშვალდებული დემოკრატიის განვითარებას.

    პროგრამას ახორციელებს „People in Need (ფიფლ ინ ნიდ)“, European Value Center და Transitions Online.

  • საგარეო საქმეთა მინისტრმა დ. ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ახლადდანიშნულ მინისტრთან ჯ. ბაირამოვთან

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა ახლადდანიშნულ მინისტრთან,  ჯეიჰუნ ბაირამოვთან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.

    დავით ზალკალიანმა  აზერბაიჯანელ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის.
     
    დავით ზალკალიანი დაინტერესდა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მიმდინარე ესკალაციით და კოლეგისგან მოისმინა ინფორმაცია შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

    მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა წუხილი ვითარების ესკალაციის გამო და აღნიშნა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ალტერნატივა არ გააჩნია.

    მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო მექანიზმების, კერძოდ, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის აქტიური ჩართულობით შესაძლებელი იქნება სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში დაბრუნება და სიტუაციის განმუხტვა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური