ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ნაბიჯებთან დაკავშირებით იმსჯელეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 მაისი 2020 15:47

2020 წლის 28 მაისს, ქართული მხარის ინიციატივით,  გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს.
 
ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მიერ გახშირებული პროვოკაციების შესახებ.
განცხადებაში აღინიშნა, რომ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის (Covid-19) გლობალური პანდემიის მძიმე შედეგებს ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას და მავთულხლართებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას ორივე ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით, ასევე გრძელდება  ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი.  
 
ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი კვლავაც უარს ეუბნება ახალგორის რაიონიდან პაციენტებს სამედიცინო ევაკუაციაზე. აღინიშნა მ.წ. 20 მაისს ახალგორის რაიონის მცხოვრები ჯუმბერ მილაძის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ, რომლის სამედიცინო ევაკუაციაზე კრიტიკულ მომენტამდე საოკუპაციო რეჟიმმა უარი განაცხადა. 
 
განცხადებაში ქართულმა მხარემ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ რუსეთის ფედერაციამ მიზანმიმართულად გაააქტიურა საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები  და პროპაგანდისტული მითების შეთხზვით გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ლაბორატორიას - რიჩარდ ლუგარის ცენტრს, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.
 
განცხადებაში აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ გააქტიურებული პროვოკაციული ქმედებები მოსკოვის მიზანმიმართული დესტრუქციული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც, ადგილზე კონფლიქტის ესკალაციითა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების ამოქმედების გზით მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას.                                                   
 
ქართულმა მხარემ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციები და ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. 
 
მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ის, კანადის, ნორვეგიის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა. გამომსვლელებმა ერთხმად დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
 
დელეგაციებმა შეშფოთება გამოთქვეს უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და მოითხოვეს მისი დაუყოვნებელი  შეჩერება.
ევროკავშირის დელეგაციამ დაგმო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დისკრედიტაციის მცდელობები; ხაზი გაუსვა მისიის საქმიანობისა და მანდატის შეზღუდვის მიუღებლობას და მოითხოვა მისიის საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული, ხელისშემშლელი ქმედებების შეწყვეტა.
 
სხდომის ფარგლებში, გამომსვლელებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს პაციენტების გარდაცვალების ფაქტებზე, რაც დაკავშირებულია ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვასთან.

აშშ-ის ელჩმა მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ამერიკელმა დიპლომატმა ლუგარიც ცენტრზეც შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ გმობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას.
 
გამომსვლელებმა მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან.

წაკითხულია 105 ჯერ

Related items

  • ინფორმაცია მგზავრთა საყურადღებოდ

    საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით (31.07.20). ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" სააგენტოს პრეს-სამსახურში განუცხადეს.

    აღნიშნულის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ საქართველოს მიმართულებით.

    რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით.

    ამასთან გაცნობებთ, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენამდე, გაგრძელდება მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელება რამდენიმე მიმართულებით. აღნიშნულ ავიარეისებთან დაკავშირებული ინფორმაცია ცნობილი გახდება ფრენის ნებართვების მინიჭებისთანავე.

     

     

  • ინფორმაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ მომზადებული დოკუმენტის: “დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემა COVID-19-ის სანიტარული კრიზისის პირობებში“ შესახებ

    ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივნმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა მოამზადა საინფორმაციო დოკუმენტი – “დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემა COVID-19-ის სანიტარული კრიზისის პირობებში, ინსტრუმენტების წყება წევრი სახელმწიფოებისთვის“, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს დაეხმაროს წევრი სახელმწიფოების მთავრობებს, რათა ახალი კორონავირუსით წარმოქმნილი კრიზისის მართვისას მოხდეს დემოკრატიის ფუნდამენტური ფასეულობების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა.   

    ამასთანავე, დოკუმენტი, უპრეცედენტო და მასობრივი მასშტაბის მიმდინარე კრიზისთან გასამკლავებლად, მთავრობებს უზრუნველყოფს ინსტრუმენტებით, რომლებიც ითვალისწინებენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა ძირითადი ღირებულებების პატივისცემას.

    https://rm.coe.int/sg-covid-crisis-toolkit-geo-/16809e380e

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო სამუშაოების შესახებ

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ  ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესს. საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვას უკვე მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვა.

    კორონავირუსის პანდემიისა პირობებში, მით უფრო, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია გამიზნულად ცდილობს ადგილზე ვითარების ესკალაციას და უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავებას. აღნიშნული ნაბიჯებით რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმი გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს კონფლიქტით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მწვავე ჰუმანიტარული შედეგები. საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გადასასვლელების დაკეტვას და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას უკვე ემსხვერპლა ცხინვალის რეგიონში მცხოვრები არაერთი ადამიანი, რომელთაც აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით არ მიეცათ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა. 

    განსაკუთრებით შემაშფოთებელია მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო ცდილობს გაუმკლავდეს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელებას. მსგავს კრიტიკულ ვითარებაში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელთაც ისედაც ზეწოლისა და დისკრიმინაციის პირობებში უხდებათ ყოფნა. 

    საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების ვითარების გაუმჯობესების მიზნით. ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვიმყოფებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რათა შესაძლებელი გახდეს საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის შეჩერება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.

  • ევროკავშირი უარყოფს არჩევნების შედეგებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში

    23 მარტს ევროკავშირმა განცხადება გააკეთა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პასუხად.
    „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო კანონმდებლობით“, აღნიშნულია განცხადებაში. რაც შეეხება ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, რომელიც ჩატარდა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში 2020 წლის 22 მარტს, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელშიც ეს არჩევნები ჩატარდა“.
    ევროკავშირმა ასევე აღნიშნა, რომ ის გააგრძელებს საკუთარ არ-აღიარების და ჩართულობის პოლიტიკას, და ამ თვალსაზრისით ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში რჩება სრულად მობილიზებული.

  • საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა

    საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

    ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 13 პაციენტი.

    ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4505 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური