საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 21 მაისი 2020 12:51

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარების ფონზე, რომელმაც განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში იწყებს საგრანტო პროექტს, რომლის მიზანია საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისთვის ადგილზე ქმედითი დახმარების გაწევა. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა.
 
პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით, დაფინანსდება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი  ის პროექტები, რომლებიც კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის შემდგომ პერიოდში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებასა და აგრეთვე, მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული.
 
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები.
 
პროექტების განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ 2020 წლის 31 დეკემბრამდე ცხოვრების უფლება. საგრანტო განაცხადების წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING
 
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მითითებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულები COVID-19 პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნებისა და დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მათთვის ადგილზე დახმარების გაწევის მიზნით, მუშაობის  24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები.  
სახელმწიფო საგრანტო პროგრამას - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს.
 
საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს: ტელ.: (+995 32) 2945000 (შიდა - 3108), მობ.: +995 551 080 060.

განმცხადებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტებია:
 
- დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება (იხ. დანართი N 2);
- ფოტოსურათი;
- CV ქართულ ენაზე;
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
- საზღვარგარეთ ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბინადრობის/ცხოვრების ნებართვა, ნებისმიერი კატეგორიის ვიზა 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედების ვადით);
- ხარჯთაღრიცხვის შევსებული ფორმა (იხ. დანართი 3).
 
საგრანტო წინადადება უნდა მოიცავდეს:
 
- ინფორმაციას თუ როგორ, რა მეთოდებით და საშუალებით უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურების შესრულებას;
- გრანტის ოდენობას, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურების შესრულებას;
- დეტალურად გაწერილ პროექტის ბიუჯეტს;
- შესრულების ვადას;
- მოსალოდნელ შედეგს.
 

დანართი N1 – პროგრამის შესახებ;
დანართი N2 - საგრანტო განაცხადის ფორმა;
დანართი N3 - ხარჯთაღრცხვის ფორმა;

წაკითხულია 223 ჯერ

Related items

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

    ბოლო დღეების განმავლობაში, მედიაში, სამწუხაროდ კვლავ გრძელდება სპეკულაციები საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით შესაძლო სამხედრო გადაზიდვებთან დაკავშირებით.

    მოგეხსენებათ, რომ საქართველოს დაკეტილი აქვს თავისი საჰაერო სივრცე სამხედრო ტიპის ფრენებისთვის და აღნიშნულის შესახებ საჯაროდაც განვაცხადეთ. რაც შეეხება სამოქალაქო და ჰუმანიტარულ ფრენებს, ამ მიმართულებით საქართველო პირნათლად ასრულებს თავის საერთაშირისო ვალდებულებებს. ამასთან, გვინდა განვმარტოთ, რომ ასეთი ტიპის ფრენები არ საჭიროებს სპეციალურ ნებართვებს და სამოქალაქო ტიპის ფრენები საჰაერო სივრცეში ხორციელდება შეტყობინების და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე. შესაბამისად, საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის და ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში განხორციელებული ფრენები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ნორმებთან და ICAO-ს წესებთან.

    საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების უსაფრთხოებისა და სამოქალაქო ფრენების სხვა დანიშნულებით გამოყენებისგან თავის არიდების მიზნით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, როგორც ტვირთის მიმღებ ქვეყნებს, ასევე, გამგზავნებს, საჰაერო გზით სამოქალაქო და ჰუმანიტარული ტვირთის გადატანისას მკაცრად გააკონტროლონ აღნიშნული გადაზიდვები. პირველ რიგში, გადამზიდავი ქვეყნების პასუხისმგებლობაა სამოქალაქო ფრენები ხორციელდებოდეს ჩიკაგოს კონვენციის პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად, რაც კრძალავს სამოქალაქო ფრენების მიზანმიმართულად გამოყენებას სამხედრო მიზნებისთვის.

    დარღვევის აღმოჩენის და მყარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში საქართველო მოახდენს მკაცრ რეაგირებას და დამრღვევებს მოეთხოვებათ პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

    წყარო: https://mfa.gov.ge/News/sagareo-saqmeta-saministros-ganckhadeba-(36).aspx?CatID=5

  • საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას

    საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას და იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების გზით მოხერხდება პროგრესის მიღწევა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში და მყარი მშვიდობის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და კეთილდღეობას.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზი

     

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლასთან დაკავშირებით

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლის გამო.

    ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამწვავებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის მიუხედავად, 51-ე რაუნდის ჩატარება დაგეგმილი და შეთანხმებული იყო მიმდინარე წლის 6-7 ოქტომბერს.

    მსგავსი ნაბიჯები ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და ზიანს აყენებს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის კუთხით.
     
    საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებს - ევროკავშირს, გაერო-სა და ეუთო-ს, ქმედითი ზომები მიიღონ ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების განახლებისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ხელშესახები პროგრესის მიღწევის მიზნით.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით

    სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნა წარმოადგენს იმ სრულიად უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებას, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო 2018 წელს და ამით კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

    მოგეხსენებათ ამ უკანონო გადაწყვეტილების შემდეგ საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა, აშშ-მა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მკაცრად დაგმეს ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.

    ამ არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას მკაფიოდ გაემიჯნენ სირიის ოპოზიციური ძალებიც, რომელთაც არაერთი დამგმობი განცხადება გააკეთეს და ამავდროულად ცალსახად დაუჭირეს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ერთ დღესაც, როცა სირიაში დღევანდელი არალეგიტიმური რეჟიმის არსებობა დასრულდება და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება,  ეს უკანონო გადაწყვეტილებაც გადაიხედება და სირია დაუბრუნდება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის ჩარჩოს.

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტთან დაკავშირებით

    შეშფოთებით ვაკვირდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მოჰყვა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტი იუწყება. 

    "იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

    საქართველო მოუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, საერთაშორისო აქტორებს, მთელი ძალისხმევა მიმართონ ესკალაციის შეწყვეტის და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისათვის. 

    ჩვენი მხრივ კი ვაცხადებთ, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაი.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური