საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 მაისი 2020 13:32

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები და  ისაუბრეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობაზე. 

შეხვედრაზე განხილული იქნა არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებული თემები, მათ შორის, ჩინეთში რეგისტრირებული სოციალური ქსელის - „TikTok“ ვებ-გვერდზე არსებული ხარვეზის აღმოფხვრის საკითხი. ელჩის თქმით, ჩინეთის მხარემ უკვე მოახდინა კომუნიკაცია სოციალური ქსელის ხელმძღვანელობასთან და ხარვეზი უახლოეს პერიოდში გასწორდება. ასევე როგორც ცნობილია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩინეთში საქართველოს ელჩმა უკვე  გამართა შეხევდრები კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ასევე მიიღო დაპირება უახლოეს პერიოდში ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე. 

საგარეო საქმეთა მიჯისტრის მოადგილისა და ჩინეთის ელჩის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს  შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთ-ერთი კონვენციისადმი  ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მიერთების უშედეგო მცდელობაზე. ელჩმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ჩინეთის მხარე განუხრელად ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას საერთაშორისო არენაზე, მათ შორის, რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში. 

შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორივე ქვეყნის მიერ კორონავირუსის დასაძლევად გატარებული ღონისძიებების შესახებ. ჩინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა. 

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე.

წაკითხულია 289 ჯერ

Related items

  • "ადამიანებმა მშვიდობიან დროს დიდი ძალისხმევა უნდა მოახმარონ სტაბილური მშვიდობის დამყარებას" - თეიმურაზ ლეჟავა

    ქართველმა დიპლომატმა იაპონური მედია აალაპარაკა.

    "როგორ დაიპყრო ქართველმა დიპლომატმა იაპონელთა გულები"- წერს იაპონური ინგლისურენოვანი გაზეთი "ჯაპან თაიმსი" (The Japan Times) და იაპონიაში საქართველოს ელჩზე - თეიმურაზ ლეჟავაზე საკმაოდ საინტერესო ისტორიას გვიყვება. როგორც აღმოჩნდა, ქართველ დიპლომატს საოცრად ახლო ურთიერთობა ჰქონდა (და აქვს) იაპონელებთან, უფრო ზუსტად კი - ერთ-ერთ ჰიროსიმელ-იაპონურ ოჯახთან, ჯერ კიდევ 1992 წლიდან...

    საქართველოს ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა "ამომავალი მზის ქვეყანაში" დიდი პოპულარობით სარგებლობს, "ტვიტერში" მას 40 ათასი იაპონელი ხელმომწერი ჰყავს. იგი მოხერხებულად იყენებს იაპონური ენის ცოდნას, იაპონურ ჩვევებს და უნიკალურ პიარ-კამპანიას ეწევა თავისი სამშობლოს სასარგებლოდ. "ევროპასა და აზიას შორის, კავკასიის მთებში მდებარე საქართველოს ბუნება ძალზე მდიდარია. ასევე, მრავალფეროვანია მისი კულინარული კულტურაც, რამაც ქვეყანას ტურისტებში პოპულარობა მოუტანა. 2019 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც თეიმურაზ ლეჟავა ელჩად დაინიშნა, იგი აქტიურად წერს "ტვიტერში" საქართველოს შესახებ იმ მიზნით, რომ მისი სამშობლო, რაც შეიძლება მეტმა იაპონელმა გაიცნოს. ელჩის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა 2019 წლის დეკემბერში, როცა მან გამოაქვეყნა ფოტოსურათი იმისა, თუ როგორ მიირთმევს ქართულ ტრადიციულ ეროვნულ კერძს - შქმერულს... 

    იაპონური მარკეტების უმსხვილესმა ქსელმა, Family Mart-მა, გაყიდვაში ქართული კერძის, შქმერულის სწრაფი მომზადების პაკეტები შეიტანა. შქმერული Family Mart-ის ქსელში არსებულ 16 ათასამდე მაღაზიაში იყიდება. მნიშვნელოვანია, რომ შეფუთვაზე კი აღნიშნულია, რომ შქმერული ქართული კერძია. აღსანიშნავია , რომ საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავა, აქტიურად არის ჩართული ქართული კერძებისა და სასმელის პოპულარიზებაში იაპონიაში და მისი ძალისხმევით მოხერხდა სწორედ, ასეთი პოპულარული და მასშტაბური საცალო მოვაჭრის დაინტერესება ქართული კერძით . როგორც იაპონიაში ამბობენ, ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოსთვის ასეთ გიგანტურ ქსელში წარმოდგენის და მოვლენას ისტორიულს უწოდებენ.

    „ძალიან მოეწონათ ნივრით გაჯერებული ქართული კერძი. შქმერული სპეციალური სადგამით ცხელ-ცხელი მიაქვთ შემკვეთთან. მასთან ერთად მენიუში შედის ბრინჯი, სალათა და პატარა მათლაფით მისოშირო - ზღვის პროდუქტების წვნიანი. ჟურნალისტებსაც ეშლებათ.ერთგან წერდნენ, არ აგერიოთ, რამდენიმე სტატიაში ამ კერძს "შუკუმერუკური" უწოდეს, ეტყობა, მერკურით იმახსოვრებენ,­ სინამდვილეში კი "შუკუმერური" ჰქვიაო”, - აღნიშნავს ქართველი დიპლომატი.

    ასევე შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ ლეჟავა პირველი ქართველია, რომელსაც იაპონელებმა ჰიგაში კუნინომიას საერთაშორისო კულტურული ჯილდო მიანიჭეს. აღნიშნული ჯილდო, მან ცოტა ხნის წინ, სწორედ დამსახურებული დიპლომატიური საქმიანობისთვისა და იაპონიისა და საქართველოს კულტურული ურთიერთობების გაღრმავების შედეგად მიიღო.

    32 წლის დიპლომატი, რომელიც თავის თავს სიამაყით "ჰიროსიმანსს" (ანუ "ჰიროსიმელს") უწოდებს, პირველად იაპონიაში 1992 წელს - საქართველოს დამოუკიდებლად გამოცხადების შემდეგ ჩამოვიდა, მშობლებთან ერთად, და ოთხი წელი ჰიროსიმას პრეფექტურაში გაატარა (მთლიანობაში კი, იაპონიაში 20 წლის განმავლობაშია, ცხოვრობს). თეიმურაზ ლეჟავა მუდმივ მოვალედ გრძნობს თავს ადგილობრივი, ჰიროსიმელი ექიმის მიმართ, რომელიც მას მოუყვა, თუ როგორ გადაურჩა ატომურ დაბომბვას 1945 წელს. ახლა, როცა იმ ტრაგედიიდან 76 წელი შესრულდება, თეიმურაზ ლეჟავა ჰიროსიმაში ჩასვლას გეგმავს...

    ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ თეიმურაზ ლეჟავას მამამ - ალექსანდრე ლეჟავამ, მოსკოვში ერთ-ერთი სამეცნიერო კონფერენციის დროს იაპონელი გენეტიკოსი, ჰიროსიმელი ტეცუზი კატოდანი გაიცნო. ტეცუზი ლექციების წასაკითხად თბილისში მიიწვიეს. ქართველმა მასპინძელმა იაპონელ სტუმარს თავისი ოჯახი გააცნო. 1992 წელს კი ალექსანდრე ლეჟავა ეწვია ტეცუზი კატოდანს იაპონიაში, სადაც ოჯახით ოთხ წელიწადს დარჩა... ქართველი სტუმრის ოჯახი იმდენად დაუახლოვდა იაპონელ მასპინძელს - ტეცუზის და მის ცოლს, იასუეს, რომ ისინი ყოველდღე ერთად სადილობდნენ. "მე სკოლისთვის ტეცუზი და მისი ცოლი მამზადებდა, ყველაფერს ისინი ყიდულობდნენ - სასკოლო ჩანთით დაწყებული, წიგნებით დამთავრებული", - იხსენებს თეიმურაზ ლეჟავა.

    საქართველოში დაბრუნებულმა თეიმურაზ ლეჟავამ, თბილისის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ისევ იაპონიას მიაშურა და სწავლა ჰიროსიმას უნივერსიტეტში განაგრძო. მოგვიანებით იგი იბარაკის პრეფექტურაში, ქალაქ ცუკუბაში გადავიდა, შემდეგ კი აშშ-ის ოაჰაიოს შტატში. მერე დაბრუნდა ტოკიოში, მუშაობდა კვების პროდუქტების იაპონურ კომპანიაში... 2015 წელს კი იგი საქართველოში გაემგზავრა. სწორედ თბილისში წასვლის წინ მოინახულა მან ტეცუზი კატოდანი, რომელიც მას 1945 წლის 6 აგვისტოს ატომური დაბომბვის შესახებ მოუყვა: იმ დღეს იგი, ჰიროსიმის სკოლის მოსწავლე, სამობილიზაციო კანონის შესაბამისად, მორიგე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ტეცუზი მორიგეობიდან გათავისუფლდა და სახლში დარჩა. როცა ატომური ბომბი აფეთქდა, სკოლა მის ეპიცენტრში მოექცა. ჰიროსიმის მცხოვრებლებთან ერთად, ტეცუზის სკოლის 369 მოსწავლეც დაიღუპა. დაბომბვიდან ერთი კვირის შემდეგ ტეცუზიმ თავისი სკოლის ნანგრევები მოინახულა და ეს საშინელება სამუდამოდ დარჩა მის მახსოვრობაში... თეიმურაზ ლეჟავას სამშობლომ - საქართველომაც გადაიტანა ომის საშინელება, როცა "სამხრეთ ოსეთის" კონფლიქტის გამო რუსეთთან სამხედრო შეტაკება მოუხდა. მომავალი ელჩი იმ დროს თბილისში იმყოფებოდა და მძიმე სიტუაციის მომსწრე გახდა. "ადამიანებმა მშვიდობიან დროს დიდი ძალისხმევა უნდა მოახმარონ სტაბილური მშვიდობის დამყარებას", - ამბობს თეიმურაზ ლეჟავა.

    "ჰიროსიმას ტრაგედია 76 წლის წინ მოხდა. ჩვენ მუდამ მზად უნდა ვიყოთ, რომ ომები და კონფლიქტები აღარ განმეორდეს", - მტკიცედ ამბობს ქართველი დიპლომატი, რომელიც ჰიროსიმას მემორიალურ მუზეუმს უნდა ეწვიოს ტეცუზი კადოტანთან ერთად.

    "ელჩის რანგში მე ჩემი ბაბუა, კადოტან-სანი ჯერ არ მინახავს. მას ჩემი მეუღლე და შვილები უნდა გავაცნო", - ამბობს ლეჟავა და კოვიდ-პანდემიის შემდეგ საინტერესო მოგზაურობას გეგმას.

  • დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიაში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

    საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან. ამის შესახებ საგარე საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.

    შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა გახლდათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობა, რაც პანდემიის პირობებში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული პროვოკაციების ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. აღინიშნა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესის გააქტიურება, მზარდი მილიტარიზაცია, ე.წ. ბორდერიზაცია, საოკუპაციო ხაზის დაკეტვა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მათ შორის ახალგორის მცხოვრებთა სამედიცინო ევაკუაციის შეფერხება, რაც სრულ იზოლაციაში აქცევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ქმნის ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისს და საფრთხეში აგდებს ადამიანების სიცოცხლეს.
    ამ კონტექსტში განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს მოქალაქეების მდინარე ენგურის გადმოკვეთის მცდელობისას დაღუპვის ფაქტი, რაც წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციის მორიგ უმძიმეს ადამიანურ საფასურს. მხარეების მიერ ხაზი გაესვა ე.წ. გადასასვლელების გახსნისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.
    ასევე ყურადღება დაეთმო უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძის, გენადის ბესტაევის, ლაშა ხეთერელის და ირაკლი ბებუას დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს.
    დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია კორონავირუსის პანდემიის დროს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად.
    ადგილზე არსებული გამოწვევების ფონზე, დაისვა გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის, ისევე როგორც ერგნეთის IPRM-ის შეუფერხებელი ფუნქციონირების საკითხი.
    მხარეებმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკა და პროგრესის მიღწევის გზები, სამომავლო ნაბიჯები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელების გზაზე და ევროკავშირის ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში.
    მხარეებმა ისაუბრეს ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და გამოთქვეს შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალის კონცენტრაციის და აღმოსავლეთ უკრაინაში გააქტიურებული სამხედრო მოქმედებების გამო. სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, ხაზი გაესვა რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერების აუცილებლობას.
    საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებასაც და აღინიშნა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე აუცილებელია პოლიტიკური კრიზისის უმოკლეს დროში დაძლევა.
    დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და მის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის. აღინიშნა, რომ ადგილზე მწვავე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად მაღალ დონეზე იდგას საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ევროკავშირის დღის წესრიგში.

  • ელჩი დეგნანის კომენტარი ეკონომიკის მინისტრ თურნავასთან შეხვედრის შემდეგ

    ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა განგვეხილა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის დივერსიფიკაციის მნიშვნელობა. საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დამოკიდებულია მრავალფეროვანი და კარგად განვითარებული ენერგეტიკული ბაზრის არსებობაზე. ვფიქრობ, რომ საჭიროა კარგი დიალოგი თემებთან, რომლებზეც გავლენას ახდენს სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტები და ეს არის USAID– ის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ახალი პროგრამის – „საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფა “ – რომელიც დაიწყება უახლოეს თვეებში. პროგრამის იდეაა დავრწმუნდეთ, რომ საზოგადოებას ესმის, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარება და დივერსიფიკაცია, მაგრამ ასევე დავრწმუნდეთ, რომ საზოგადოებას კარგად აქვს გააზრებული და გათავისებული საკითხი, და ჩართულია ამ პროცესში. შეხვედრა ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ მე და მინისტრს გვესაუბრა რამდენიმე პროექტის და ინიციატივის შესახებ, რომელთა განხორციელებას საქართველო განიხილავს, ასევე გესაუბრა იმ გზებზე თუ როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმაროს საქართველოს ამ მნიშვნელოვანი სექტორის განვითარებაში.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმებზე, ელექტროენერგეტიკის ბაზრის განვითარებასა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ასევე ხაზი გაესვა საკუთარი ენერგორესურსების განვითარების აუცილებლობას, რათა ქვეყანა მზარდი დეფიციტის შემცირებას გაუმკლავდეს. 

    საქართველოში აშშ-ს საელჩოს პრესის განყოფილება

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდთან დაკავშირებით

    2021 წლის 26 მარტს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით გამწვავებული ვითარება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა.  ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. 
     
    მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტს ქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეფექტური კონტროლი და ოკუპაცია და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებში 2008 წლის აგვისტოს ომისა და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის განხორციელებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლების ხელყოფაში. ქართველმა მონაწილეებმა აქცენტი გააკეთეს ასევე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ დეტალებზე, სადაც ხაზგასმულია რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა და ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ფართომასშტაბიანი სამხედრო ყოფნის შენარჩუნება.
     
    მოლაპარაკებებზე მწვავედ დაისვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შესახებ „პროგრამის“ დამტკიცებისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვის კონტექსტში. ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე რუსეთის მიერ გახშირებულ პროვოკაციებზე, მათ შორის, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებაზე, ახალი ბერლინის კედლის - მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების  ფაქტებზე. საქართველოს დელეგაციამ მოითხოვა სოხუმსა და ცხინვალში უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო გათავისუფლება.
     
    მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მზარდ მილიტარიზაციასა და რეგულარულ სამხედრო წვრთნებს, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებას, აგრეთვე რუსეთის გააქტიურებულ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს, რაც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას ემსახურება.   

  • ამერიკის ელჩი სახალხო დამცველს შეხვდა

    ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა მისი უმნიშვნელოვანესი საქმიანობის მიმართ აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერის გამოსახატად. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" აშშ-ს საელჩოში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, დამოუკიდებელი ინსტიტუტია. "ჩვენ შეშფოთებული ვართ სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზირებული თავდასხმებით, რაც აზიანებს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ძირს უთხრის მის ეფექტურობას. მოვუწოდებთ პარლამენტს, კონქტრუქციულად ჩაერთოს სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობაში და მხარი დაუჭიროს მის როლს საქართველოში თითოეული მოქალაქის უფლებების დასაცავად", - აღნიშნეს საელჩოში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური