ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზრის ახალ შესაძლებლობებზე ონლაინ-დიალოგის ფორმატში იმსჯელეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 11 მაისი 2020 12:28

აბრეშუმის გზის პროექტ "ერთი გზა ერთი სარტყელი"-ს ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას მონაწილეობით  ჩინეთის ქალაქ პენგლაისთან ონლაინ-დიალოგი გაიმართა, რომელიც ჩინეთის ღვინის ბაზრის ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ღვინის პოპულარიზაციის ახალ გზებსა და ქართული ღვინის მარკეტინგის სამომავლო სტრატეგიას დაეთმო.

ონლაინ-დიალოგში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის საპრომოციო ცენტრის დირექტორი იუტონ-ადამ ჰუანგი, პენგლაის ვაზისა და ღვინის ინდუსტრიის განვითარების ცენტრის დირექტორი ძიან ფუმანი და ჩინეთის ალკოჰოლური სასმელებისა ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილე ვან ცუმინი.

ონლაინ-დიალოგი გადაცემაში „Yanjiu Night Talks” გაიმართა (მედია კომპანია „Beijing Yunjiu Media“) და მას  70 ათასზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს. ღვინის ეროვნულმა სააგენტოს თავმჯდომარემ ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის პრეზენტაცია წარმოადგინა, ისაუბრა ქართული ღვინის წარმატებებზე, მეღვინეობის თანამედროვე ინდუსტრიაში არსებულ ვითარებასა და პერსპექტივებზე. ლევან მეხუზლამ ისაუბრა ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობაზე, რომელმაც ბოლო წლებში მყარად დაიმკვიდრა ადგილი ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში.

გადაცემის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პანდემიის ფონზე ბევრმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა ჩინეთში მარკეტინგული აქტიობები. თუმცა ადგილობრივმა ორგანიზაციებმა დაინახეს ახალი შესაძლებლობები,  დაიწყეს ახალი გზებისა და მოდელების ძიება, მათი გაცნობა უცხოელი პარტნიორებისათვის, რაშიც ქართული მხარის ჩართულობა და ინტერესი დიდია.

დიალოგის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთის ღვინის ბაზარი გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება და პანდემიის შემდეგ ბევრ სიახლეს შესთავაზებს მსოფლიოს.

წაკითხულია 275 ჯერ

Related items

  • ჩინეთი სიღარიბის დამარცხებას აღნიშნავს

    ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთს შეერთებული შტატების „მთავარ მეტოქეს“ უწოდებს და მასთან ხანგრძლივი სტრატეგიული კონკურენციისთვის ემზადება. ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი კი ამასობაში სიღარიბის დაძლევაში 40–წლიან ბრძოლას მოგებულად აცხადებს და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე გადასვლას გეგმავს. ევროკავშირის ქვეყნებში კი, ჩინეთს ერთდროულად აღიქვამენ როგორც პარტნიორს, ასევე როგორც კონკურენტს და ზოგჯერ – მოწინააღმდეგეს.

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის სი ძინპინის განცხადებით, მისმა ქვეყანამ სიღარიბე დაძლია და ამ მხრივ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ბოლო 8 წლის განმავლობაში სიღარიბის ზღვარი ჩინეთში 850 მილიონამდე ადამიანმა გადალახა, ხოლო სიღარიბის აღმოფხვრის მიზნით ჩინეთმა 1,6 ტრილიონი იუანი (246 მილიარდი აშშ დოლარი) გაიღო.  

    ამ განცხადებამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე აშშ–ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა: „ჩვენ უნდა ვემზადოთ ჩინეთთან ხანგრძლივი სტრატეგიული კონკურენციისთვის“. მანამდე კი, სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლისას მან ჩინეთი მოიხსენია, როგორც აშშ–ს მთავარი მეტოქე. თუმცა ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია მისთვის, ტელეფონით ესაუბრა ჩინეთის ლიდერთან. ამ დიალოგის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ბაიდენმა ჩინელებზე განაცხადა: „თუ ჩვენ არ გავინძრევით, ისინი შეჭამენ ჩვენს სადილს!“  

    რაც შეეხება ევროკავშირის დამოკიდებულებას, გაერთიანების ქვეყნები ჩინეთს აღიქვამენ ერთდროულად როგორც პარტნიორს, კონკურენტს და ზოგჯერ – მოწინააღმდეგეს. ახალი წლის წინ კი, ჩინეთსა და ევროკავშირს შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა, რასაც აშშ–ს და ევროკავშირის ზოგიერთი წევრის თითქმის ღია უკმაყოფილება მოჰყვა. თუმცა, ხელშეკრულებას მხარი დაუჭირეს გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა.

    მსოფლიო ბანკის მონაცემები ასევე ადასტურებს ჩინეთის მთავრობის წარმატებებს და მიუთითებს, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში სიღარიბეს აქ 850 მლნ ადამიანმა დააღწია თავი. თავად ჩინეთის ლიდერი აცხადებს, რომ 1978 წლიდან, როცა ქვეყანაში დაიწყო რეფორმებისა და გამჭვირვალობის პოლიტიკა, სიღარიბე 770 მლნ ადამიანმა დაძლია.

    ამ მიზნის მიღწევისკენ ჩინეთმა სვლა მართლაც ჯერ კიდევ 1978 წლიდან დაიწყო და უკვე იმ პერიოდში ჩინური რეფორმების „არქიტექტორმა“ დენ სიაოპინმა „საშუალო შემოსავლების მქონე საზოგადოების“ შექმნის შესახებ იდეა გააჟღერა. ამ იდეის საბოლოო მიზნად ჩინეთის მოდერნიზაცია სახელდებოდა.

    2002 წელს კი, ჩინეთის კომპარტიის მე–16 ყრილობაზე მიზნად იქნა დასახული, რომ ამგვარი საზოგადოების მშენებლობის პროცესი 2020 წლისთვის დასრულებულიყო. მაშინ სი ძინპინს ჯეძიანის პროვინციის პარტკომის მდივნის პოზიცია ეკავა და მხოლოდ იმ წელს, აღნიშნულ ყრილობაზე გახდა ჩინეთის კომპარტიის წევრი. ხოლო უკვე ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდგომ, 2012–2013 წლებში, თავისი წინამორბედების მსგავსად, მან სიღარიბის დაძლევა ეროვნული პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა. მას შემდეგ ჩინეთის ლიდერმა ქვეყნის ყველაზე ღარიბ რეგიონებში ინსპექტირების მიზნით 50–ზე მეტი ვიზიტი განახორციელა.

    „მე მჯერა საქმისადმი რეალისტური მიდგომის, რაზეც საუბრობდა ჯერ კიდევ მაო ძედუნი. ფაქტები – ესაა ჭეშმარიტების საფუძვლები. რეალური მუშაობა – ესაა წარმატების საწინდარი. ამავე აზრს ატარებს ძველებური გამონათქვამიც: „ცარიელი, ზედმეტი საუბრები ღუპავენ ქვეყანას, ხოლო მის გამოცოცხლებას და წინსვლას რეალური, ეფექტური მუშაობა განაპირობებს“, – წერს ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი წიგნში „სახელმწიფო მმართველობის შესახებ“. 

    სიღარიბის ლიკვიდაციის პროგრამა მოიცავდა ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე გზების, ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზების მშენებლობას ყველაზე შორეულ რეგიონებში, მათზე სატრანსპორტო წვდომისა და ადამიანთა ცხოვრების დონის ამაღლების მიზნით; ასევე რთულად მისადგომი ადგილებიდან მილიონობით ადამიანთა ადგილმონაცვლეობას (სულ 9,6 მილიონი მცხოვრები), სახელმწიფო სუბსიდირებას (25 მილიონ დაბალშემოსავლიან მცხოვრებს გაურემონტდა საცხოვრებელი), სასოფლო დასახლებებში ბიზნესის მოზიდვას მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით; ფერმერების გადამზადებისა და მათთვის სპეციალური სასწავლო პროგრამების ორგანიზებას თამნამედროვე მეურნეობის წარმართვის და სავაჭრო საქმიანობაში მათი აქტიურად ჩართვის მიზნით. გარდა ამისა, დაბალშემოსავლიან რეგიონებში აშენდა სკოლები, ტექნიკუმები, სხვა სასწავლო დაწესებულებები, სადაც ბავშვები და ახალგაზრდები უფასოდ იღებენ განათლებას.

    თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სიღარიბე შედარებითი ცნებაა, ისევე როგორც შედარებითია მისი შეფასების კრიტერიუმები. ჯერ კიდევ 2010 წელს ჩინეთის მთავრობამ სიღარიბის ზღვრად სოფლად მცხოვრებთათვის 2300 იუანის (დაახლოებით 356 აშშ დოლარის) ოდენობის წლიური შემოსავალი მიიჩნია.  ამჟამად კი, ეს მაჩვენებელი 4000 იუანს (დაახლოებით 620 დოლარს) შეადგენს. ამ მაჩვენებლიდან გამომდინარე, ჩინეთის ხელისუფლებამ სიღარიბის ზღვარი დღეში 1,7 დოლარის ოდენობის შემოსავლით განსაზღვრა. თუმცა, მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით, სიღარიბის ზღვრის საერთაშორისო მაჩვენებელი დღეში 1,9 დოლარის ტოლფას შემოსავალს შეადგენს.

    აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მაისში ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა გააჟღერა მაჩვენებელი, რომელიც თვალნათლივ მეტყველებს 1,4–მილიარდიანი მოსახლეობის მქონე ჩინეთში შემოსავლების განაწილების შინაარსზე. მისი თქმით, დაახლოებით 600 მლნ მცხოვრების შემოსავალი 1090 იუანამდეა (დაახლოებით 170 დოლარია) თვეში. შესაბამისად, ქვეყანაში რეალური, ფართო საშუალო კლასის ფორმირებამდე აბსოლუტურ სიღარიბეზე გამარჯვების გამოცხადება არასაკმარისია და ჩინეთს ამ მხრივ წინ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.

    2020 წელს ჩინეთისთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, სერიოზულ პრობლემად კოვიდ–19–ით გამოწვეული პანდემია იქცა. თუმცა, ქვეყნის ხელისუფლებამ შეძლო ეპიდემიის ნეიტრალიზება, მისი კონტროლზე აყვანა და ჩინეთი წარმოჩინდა, როგორც მსოფლიოში ერთადერთი მსხვილი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო, რომელმაც გასული წლის შედეგად მთლიანი შიდა პროდუქტის დადებითი ზრდის მაჩვენებელი დააფიქსირა.

    მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ჩინეთის განვითარების ახალი არქიტექტონიკა, რომელშიც პრიორიტეტი ადგილობრივ ბაზარს ენიჭება (ამასთან, საშინაო და საგარეო ბაზრები უზრუნველყოფენ ურთიერთზრდას), წარმოადგენს სტრატეგიულ არჩევანს ჩინეთის ეკონომიკის განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე გადასასვლელად. ჩინეთის ეკონომიკის მთლიანი მოცულობის ზრდამ 2020 წელს 100 ტრილიონ იუანს (დაახლოებით 14,9 ტრილიონ აშშ დოლარს) გადააჭარბა. 

    ჩინეთში აბსოლუტური სიღარიბის დაძლევა არა მხოლოდ ჩინეთის კომპარტიის და მთავრობის დამსახურებად მიიჩნევა, არამედ პირადად სახელმწიფოსა და კომპარტიის ლიდერის – სი ძინპინის მიღწევად. ეს კი შესანიშნავი საჩუქარია ჩინეთის კომპარტიის 100–წლისთავისადმი, რომელიც ქვეყანაში წელს აღინიშნება.     

    ვასო კაპანაძე

    საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, პოლიტოლოგი

  • ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებში პროფესიონალები ჩაერთვებიან

    ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის ღონისძიებებში სერტიფიცირებული პროფესიონალები ჩაერთვებიან.

    ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” მიერ „ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამის“ ფარგლებში ხუთი ღვინის პროფესიონალი შეირჩა, რომლებიც, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით,  სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ჩაატარებენ. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და  კომპანიის  „Meiburg Wine Media” პირველ ერთობლივ ოფიციალურ საგანმანათლებლო პროგრამას ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა.

    სერტიფიკატები მიიღეს შემდეგმა ღვინის პროფესიონალებმა: ღვინის მაგისტრი ჟულიენ ბულარი (Julien Boulard MW, კომპანია Zhullian Wines დამფუძნებელი); დორიან ტენგი (Dorian Tang, კომპანია ASC Fine Wines ნაციონალური განათლების დირექტორი; ლინგზი ჰე (Lingzi He, გრაპეას ინსტიტუტის დირექტორი);  ტანგ ზუ (Tang Zhu, საკონსულტაციო კომპანია Dragon Phoenix-ის ღვინის ლექტორი); რაინტრე ჯუნ ვეი (Raintree Jun Wei,  ღვინისა და სპირტიანი სასმელების საკონსულტაციო კომპანია Tasting Annex-ის დამფუძნებელი, დირექტორი და მთავარი კონსულტანტი). მათ  პროგრამის ფარგლებში შეისწავლეს ქართული ღვინის წარდგენა, თეორია, დეგუსტაცია და პრაქტიკა, ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორია, კულტურა და ტრადიციები.

    ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2021 წელს, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება.

    სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო

  • გიგანტური პანდის 10-მა ბელმა ჩინელ ხალხს გაზაფხულის ფესტივალის /ჩინური ახალი წელი/ დადგომა მიულოცა

    ჩინეთის პანდას დაცვისა და შესწავლის ცენტრის თანამშრომლებმა დღეს საზოგადოებას წარუდგინეს გიგანტური პანდის 10 ბელი, რომლებიც დაიბადნენ 2020 წლის განმავლობაში ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში /სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთი/, ვოლუნის ბუნებრივი ნაკრძალის შენშუპინის ბაზაზე. 

    ამრიგად, პანდას ბელებმა შეძლეს თავიანთი საუკეთესო სურვილების გადაცემა მთელი ჩინელი ხალხისთვის მომავალი „ჩუნცზეს“, ჩინური მთვარის კალენდრის მიხედვით ტრადიციული ჩინური ახალი წლის დღესასწაულის დადგომასთან დაკავშირებით.

    წყარო: http://russian.news.cn/2021-02/04/c_139719997_4.htm

  • 2020 წელს ჩინეთში 18 489 უკანონო ვებ-გვერდი დაიხურა, ხოლო გაფრთხილება გაცემული იქნა 4551-ზე

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტერნეტ ინფორმაციის სახელმწიფო კანცელარიის მონაცემების თანახმად, 2020 წელს ჩინეთში დაიხურა 18 489 უკანონო ვებ-გვერდი, ხოლო გაფრთხილება გაცემული იქნა 4551-ზე. ამის შესახებ სააგენტო „სინხუა“ წერს.

    ზოგი ვებ-გვერდი გათიშულია ონლაინ კურსების საფარქვეშ არსებული ონლაინ თამაშების ან სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ზოგი კი დაისაჯა უკანონო მასალის, პორნოგრაფიული და ძალადობრივი შინაარსის კონტენტის გავრცელების გამო.

    2020 წელს, სხვადასხვა დონის ინტერნეტ – საინფორმაციო სააგენტოებმა ასევე წამოიწყეს მთელი რიგი კამპანიები კიბერ-სივრცის გაწმენდის პლატფორმებისაგან, რომლებიც ხელს უწყობენ უკანონო ქმედებებს, უარყოფით გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე და შეიცავენ არასრულწლოვნებისთვის საზიანო ინფორმაციას.

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტერნეტ ინფორმაციის სახელმწიფო კანცელარიის  ოფისი გააგრძელებს უკანონო ვებ-გვერდებისა და ონლაინ პლატფორმების წინააღმდეგ ბრძოლას და მასთან დაკავშირებული სამართალდამცავი ღონისძიებების გაძლიერებას.

  • ჩინეთმა კოსმოსში გაუშვა ჩინეთის სატელიტური დისტანციური ზონდირების ახალი თანამგზავრი

    ჩინეთმა გუშინ კოსმოსში გაუშვა ჩინეთის სატელიტური დისტანციური ზონდირების მეორე ჯგუფის თანამგზავრი "იაოგან-31" /Yaogan-31/. ამის შესახებ სააგენტო „სინხუა“ აქვეყნებს ინფორმაციას.

    მათი მონაცემებით, რაკეტის გაშვება მოხდა პარასკევს, პეკინის დროით 12:47 საათზე, კოსმოდრომ „ცზიუციანიდან“ /სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთი/.

    დანიშნულ ორბიტებში შესვლის შემდეგ, თანამგზავრები ჩაატარებენ გარემოს ელექტრომაგნიტურ კვლევებს და განახორციელებენ შესაბამის ტექნოლოგიურ ტესტირებას.

    თანამგზავრების გაშვება მოხდა თანმხლები რაკეტის „ჩანჩჟენ-4ბ“ /Long March-4C/ გამშვები დანადგარიდან. ეს იყო „ჩანჩჟენ“-ის სერიის გამშვები საფრენი აპარატის 359-ე ფრენა, აღნიშნულია ინფორმაციაში.

    შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა  სატელიტური დისტანციური ზონდირების პირველი ჯგუფის თანამგზავრი „იაოგან-31“, 2018 წელს გაუშვა კოსმოსში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური