გაეროს განვითარების პროგრამამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 06 მაისი 2020 13:40

გაეროს განვითარების პროგრამისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით საქართველოს პოლიცია მომხმარებელზე ორიენტირებული და შშმ პირებზე მორგებული სერვისების მიწოდებაში გადამზადდება

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის ფარგლებში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის თანამშრომლები სერვისების მიწოდების ახალ უნარ-ჩვევებს შეიძენენ

თბილისი. 6 მაისი 2020 – გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებენ ახალ ინიციატივას, რომლის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის,ყოფილი „მე-12 ოთახის“ თანამშრომლების შესაძლებლობებისა და სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.   

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოაგილემ, კახა საბანძემ 5 მაისს გამართულ ონლაინ შედხვედრაზე ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების  მემორანდუმს.

“შინანგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს მომსახურების ცენტრის რეფორმას, რომლის მიზანია „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ. „მიმდინარე რეფორმის პროცესში ცენტრის თანამშრომლების ტრენინგი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს“.

„პოლიციის საქმიანობა ყოველთვის სტრესს უკავშირდება, რაც განსაკუთრებით კრიზისის დროს ვლინდება“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა. „ჩვენი გადამზადების პროგრამის შედეგად საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი შეიმუშავებს ახალ მიდგომებს და აღიჭურვება შესაბამისი უნარ-ჩვევებით, რათა ეფექტიანი მომსახურება გაუწიოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებსა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს“.

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი 2018 წელს ჩამოყალიბდა და მოქალაქეებს 50-ზე მეტი სერვისით უზრუნველყოფს. მათ შორისაა ჯარიმები, მართვის მოწმობის შეჩერება, დაკარგული სანომრე ნიშნების აღდგენა და საჯარიმო სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანასთან დაკავშირებული თანხმობა. UNDP-ის მხარდაჭერით, ცენტრის თანამშრომლები  მომხმარებელთან ურთიერთობის, ემოციების მართვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდების ტრენინგს გაივლიან.

გარდა ამისა, UNDP ხელს შეუწყობს მომსახურების ცენტრს, დანერგოს საჯარო სექტორის ხარისხის მართვის საერთაშორისო მექანიზმი, შეფასების ერთიანი სისტემა (CAF), რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში 4,500-მდე საჯარო უწყება იყენებს.

საქართველოში CAF სისტემის დანერგვა პირველად იუსტიციის სახლმა დაიწყო. UNDP-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, ეს წარმატებული პრაქტიკა სხა უწყებებშიც დაინერგება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა UNDP-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის 6 მილიონი აშშ დოლარის (4.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი) ღირებულების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას ემსახურება და რეფორმის სამ ძირითად მიმართულებას ეხმიანება: პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა და საჯარო სამსახურის რეფორმა, და სახელმწიფო სერვისების მიწოდება.

წაკითხულია 230 ჯერ

Related items

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ნიკანორ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) ნიკანორ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    "თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა - ნიკანორ მელია დაკავებულია.
    სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ.

    სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა.

    შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების, კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • გაეროს განცხადება ქობულეთში მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

    საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი ღრმა მწუხარებას გამოხატავს 14 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო და გულწრფელად უთანაგრძნობს მის  ოჯახს. გაერო მოითხოვს გარდაცვალების ზუსტი  გარემოებების სრულყოფილ გამოძიებას.

    ამ ტრაგედიამ გამოაშკარავა გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული პრობლემები, სტიგმა გაუპატიურების, სექსუალური ძალადობისა და ექსპლოატაციის მსხვერპლთა მიმართ, ბავშვთა დაცვის სისტემის  ნაკლოვანებები, ასევე ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური შეფასების, მხარდამჭერი მომსახურებებისა და   არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზები.

    ხარვეზები სრულად უნდა გამოსწორდეს, იქნება ეს საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზები სექსუალური ძალადობის შესახებ, სამართალდამცავი უწყებების პროცედურები თუ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები და  ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნა მართლმსაჯულების მთელ სისტემაში.

    აუცილებელია  მართლმსჯულების სისტემაში შეიქმნას სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდები, რომლებიც ექსკლუზიურად ბავშვებსა და სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე იმუშავებენ.  ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ სექსუალური ძალადობის  მსხვერპლი ბავშვებისთვის ინტეგრირებული სივრცეების შექმნას, რაც უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების და ბავშვთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის ერთ სივრცეში თავმოყრას.

    საზოგადოებაში გავრცელებული სოციალური ნორმები და დამოკიდებულება, რომელიც სექსუალურ ძალადობას სოციალურად მისაღებად მიიჩნევს და ადანაშაულებს მსხვერპლს, და ასევე ხელს უშლის პროფესიონალთა მიერ  ბავშვთა მიმართ ძალადობის შესაძლო შემთხვევების შეტყობინებას, სრულად უნდა იყოს აღმოფხვრილი.

    აუცილებელია დაუყოვნებელი და ენერგიული ზომების მიღება, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიის განმეორება და უზრუნველვყოთ ქალებისა და გოგონების  უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვა ყოველთვის და ყველა სიტუაციაში, ქალებისა და ბავშვების სათანადო  ცოდნითა და უნარებით აღჭურვა და  მათი ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

    გაერო სოლიდარობას უცხადებს და მზად არის მხარი დაუჭიროს მთავრობას,  სამოქალაქო საზოგადოებას, უფლებადამცველებსა და სხვა პარტნიორებს   სისტემური პრობლემების გადაჭრაში, რაც წარმოშობს ასეთ ტრაგედიებს.

  • ადამიანის უფლებათა დაცვა პანდემიის შემდგომი აღდგენის საფუძველია

    ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ევროკავშირი იწყებს 3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს გაეროს განვითარების პროგრამასთან და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან ერთად
     
    თბილისი. 9 დეკემბერი 2020 – კორონავირუსის პანდემია კიდევ უფრო ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობას და საფრთხის წინაშე აყენებს მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების უფლებების დაცვას. ამის გათვალისწინებით, ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა (OHCHR) ერთად იწყებენ 2.5 მილიონი ევროს (3 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების პროგრამას, „ადამიანის უფლებები ყველასთვის“, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურება.

    სამწლიანი ინიციატივის ხელმოწერა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა.

    პროგრამა განხორციელდება გაეროს სააგენტოების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტებთან, საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

    „ინვესტიცია ადამიანის უფლებებში, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში აუცილებელია უფრო სამართლიანი, უფრო მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების მისაღწევად. ევროკავშირისთვის ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ისევე როგორც გენდერული თანასწორობა, ყოველთვის წამყვანი იქნება პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევისა და შემდგომი აღდგენის საქმეში“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

    „საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში აღწერილი პრინციპების განხორციელების გზაზე. თუმცა, პანდემიამ ამ პროცესის სუსტი მხარეებიც გამოავლინა და დაგვანახა ის საფრთხე, რომელიც ადამიანის უფლებებს ემუქრება. ჩვენი ახალი პროგრამა პასუხს გასცემს ამ გამოწვევას და თავისუფლებისა და თანასწორობის ღირებულებებს პოსტ-პანდემიური აღდგენის ცენტრში დააყენებს“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

    „დღეს ხაზს ვუსვამთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვა პანდემიის შემდგომი აღდგენის იმპერატივია. საერთო მიზნების მიღწევას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც ყველა ადამიანისთვის თანაბარ შესაძლებლობებს უზრუნველვყოფთ, პანდემიის მიერ გამოვლენილ ჩავარდნებს მივხედავთ, ხოლო დამკვიდრებული, სისტემატური და თაობათაშორისი უთანასწორობის, გარიყულობისა და დისკრიმინაციის მოსაგვარებლად ადამიანის უფლებათა სტანდარტებს გამოვიყენებთ“, -  განაცხადა ვლადიმირ შკოლნიკოვმა, OHCHR-ის უფროსმა მრჩეველმა.

    ევროკავშირის, UNDP-სა და OHCHR-ის ერთობლივი პროგრამა ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკისა და შესაბამისი პრაქტიკის განმტკიცებას საქართველოში. პროგრამის განხორციელებისას, განსაკუთრებული ყურადღება იმ საკითხებსა და გამოწვევებს მიექცევა, რომლებიც აღნიშნულია ევროკავშირისა და გაეროს მიერ 2019 წელს გამოქვეყნებულ დამოუკიდებელ შეფასებაში.  

    ახალი პროგრამა ხუთი ძირითადი მიმართულებით წარიმართება:

    1. ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკის შექმნაზე, მონიტორინგსა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი საჯარო უწყებების გაძლიერება.
    2. სამართალდამცავი ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ხელშეწყობა.
    3. უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მხარდაჭერა.
    4. ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე.  
    5. საქართველოს მოქალაქეთა ინფორმირება ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ.

    პროგრამა „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ეყრდნობა ევროკავშირისა და გაეროს ოთხწლიან თანამშრომლობას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ამ თანამშრომლობის ახალი ეტაპი მომავალი სამი წლის მანძილზე, 2023 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.

    ევროკავშირის წარმომადგენლობის პრეს-რელიზი

  • ევროპოლის და ქართველი სამართალდამცველების თანამშრომლობით, კრიმინალური ქსელ QQAAZZ-ის 20 წევრია დაკავებული

    ევროპოლის მიერ კოორდინირებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, უპრეცენდენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაცია- 2BaGoldMule ჩატარდა. ოპერაციაში ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყება, დაკავებულ იქნა კრიმინალურ ქსელ QQAAZZ-ის 20 წევრი, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონი ევროს გათეთრებას ცდილობდნენ.

    ოპერაციას წინ უძღოდა კომპლექსური გამოძიება პორტუგალიის, აშშ-ისა და ესპანეთის პოლიციის, ასევე, გაერთიანებული სამეფოს, საქართველოს, ლატვიის, ბულგარეთის, იტალიის, გერმანიის, შვეიცარიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ავსტრალიის, შვედეთის, ავსტრიისა და ბელგიის სამართალდამცავი უწყებების მიერ, ევროპოლის კოორდინაციით.

    გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო.

    დადგინდა, რომ QQAAZZ-ს ქსელს, რომლის წევრები იყვნენ ლატვიიდან, საქართველოდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და ბელგიიდან, ასობით კორპორატიული და პირადი საბანკო ანგარიში ჰქონდა გახსნილი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ირიცხებოდა კიბერკრიმინალების მიერ მსხვერპლების ანგარიშებიდან მოპარული თანხა. შემდეგ აღნიშნული თანხები ირიცხებოდა QQAAZZ-ის კონტროლირებად ანგარიშებზე და ხშირად თანხების კონვერტაცია ხდებოდა კრიპტოვალუტაში.

    შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და იგი ევროპოლის, ინტერპოლისა და სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში კვლავ აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა სახის ოპერატიული დახმარების აღმოჩენას.

    შსს-ს პრეს-სამსახური

  • თბილისში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიხსნა

    საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.

    მათი ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერასმა, რომელიც ვიდეომიმართვით ჩაერთო საბჭოს სხდომის გახსნის ღონისძიებაში.

    UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის დელეგატებს შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი

    UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა. სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ტარდება. გარდა იმისა, რომ ღონისძიება აღნიშნული ცენტრისა და ქართველი ეპიდემიოლოგიების სრული ჩართულობითა და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გაიმართება, ჩარტერს, რომლითაც საქართველოში წარმომადგენლობითი დელეგაციები ჩამოვიდნენ, 4 ეპიდემიოლოგი ჩამოყვა.

    ღონისძიების მონაწილეებმა, რომლებსაც საქართველოში გამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარებული ჰქონდათ 72 საათის ვალიდურობის PCR ტესტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული პროტოკოლის შესაბამისად, საზღვარზე წარმოადგინეს ტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტაციას.

    ღონისძიების მონაწილე სხვა პირებს, რომლებმაც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას სასაზღვრო - გამშვებ პუნქტში ვერ შეძლეს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული პროტოკოლის შესაბამისად ტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, საქართველოში ტესტირება ჩაუტარდათ და ტესტის პასუხების მიღებამდე ისინი იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

    UNWTO აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს ესპანეთის ქალაქ მადრიდში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს, სადაც ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ 2020 წელს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილად მადრიდის ნაცვლად თბილისი შეარჩია, რითაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე, საბჭო ამ ტიპის სხდომებს მხოლოდ მადრიდში ატარებდა.

    საქართველოში UNWTO-ის მაღალი რანგის შეხვედრის გამართვა ჯერ კიდევ პანდემიამდე გადაწყდა. თავდაპირველად, ღონისძიება 2020 წლის ივნისში უნდა ჩატარებულიყო. ადგილზე არსებული ვითარების შესასწავლად საქართველოში ჩამოვიდნენ ორგანიზაციის თანამშრომლები ინსპექტირების მიზნით, რომლებმაც დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს მზაობას, ემასპინძლა მაღალი რანგის წარმომადგენლობითი შეხვედრისთვის. ინსპექტირებისას შეფასდა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პროდუქტების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. თუმცა პანდემიის გამო, აღნიშნული ღონისძიების ჩატარების თარიღი გადაიდო. 

    მასპინძელი ქვეყნის ხელახალი შერჩევისას საქართველოს სასარგებლოდ იმუშავა იმ ფაქტორმა, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა.

    ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მართვის კუთხით საქართველოს წარმატებული გამოცდილება აღიარებულია მსოფლიო მასშტაბით. ამ მხრივ, მაღალი დონის შეხვედრის მასპინძლობა კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას ისეთ ქვეყნად, რომელსაც უსაფრთხოდ, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით, შეუძლია, ნებისმიერი მაღალი რანგის ღონისძიებას უმასპინძლოს.

    გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მომავალი ორიენტირები სწორედ საქართველოში გაირკვევა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური