ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სასწავლო ცენტრი ონლაინ სწავლებას იწყებს

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 27 აპრილი 2020 10:49

Covid-19-ით გამოწვეული მკაცრი კანარტინის ფონზე, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) სასწავლო ცენტრმა ონლაინ სწავლება დაიწყო, რათა ადგილობრივ ეთნიკურ სომეხ მოსახლეობას სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებაში დაეხმაროს. პირველი ონლაინ სესია 14 აპრილს, ქართული ენის დღეს განხორციელდა. ინიციატივის ფარგლებში, უკვე 30 სტუდენტს აქვს საშუალება, დისტანციურად გააგრძელონ ქართული ენის შესწავლა.
“მინდა მოგილოცოთ ქართული ენის დღე! დღეს სიმბოლურად, ონლაინ რეჟიმში განახლდება ქართული ენის გაკვეთილები, რაც ვფიქრობ ერთგნვარი ოაზისი იქნება კორონავირუსის პანდემიის დროს. გილოცავთ დღევანდელ დღეს! ჩვენი მეგობრობა ყველა ვირუსზე გამძლეა, წარმატებებს გისურვებთ!” – აღნიშნა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ, ვიდეო მიმართვაში.
“ეს ონლაინ კურსი ჩვენ ახალგაზრდებს დაეხმარება, დაეუფლონ სახელმწიფო ენას და უკეთ ინტეგრირდნენ საზოგადოებასთან, რაც დღეს ასე სჭირდება ჩვენ რეგიონს,”– აღნიშნა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ჟანა ხაჩატურიანმა.
პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ, სასწავლო ცენტრი ასევე შეიმუშავებს ონლაინ ტესტებს ისეთ სასკოლო საგნებში, როგორებიცაა: მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა და ხელოვნება. ტესტები შეიქმნა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობების ყველა კლასის მოსწავლეთათვის და ემსახურება მათი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას. ტესტების ინტეგრირება განხორციელდება პოპულარულ საგანმანათლებლო პლატფორმაზე www.izrune.ge-ზე და ხელმისაწვდომი იქნება 2020 წლის 26 აპრილიდან.
ახალქალაქის LAG-ის სასწავლო ცენტრი შეიქმნა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD პროექტის „ახალქალაქის სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი (DRDVE/GIPA). პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ–გვერდზე: www.enpard.ge

წაკითხულია 195 ჯერ

Related items

  • შსს-ს 11 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს /შსს/ სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდათ. ამის შესახებ შსს-ს პრეს-სამსახური იუწყება.

    მათი ინფორმაციით, 11 თანამშრომლიდან - 7 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებში დაფიქსირდა, სამი შემთხვევა - მესტიის მუნიციპალიტეტში: მეხანძრე-მაშველს, დაცვის პოლიციელს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა, ხოლო მე-11 თბილისში დაცვის პოლიციის ინსპექტორს დაუდასტურდა.

    საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შვიდივე თანამშრომელი დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ყველა მათგანი გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ამ თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

    ეპიდემიოლოგები მათ კონტაქტებს აქტიურად იკვლევენ. შემხებლობაში მყოფი 20-ზე მეტი თანამშრომელი უკვე გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში.

    აღნიშნულ თანამშრომელთა სამუშაო სივრცეებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა სამსახურებრივი ავტოტრანსპორტი.

    აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სამუშაო რეჟიმის დროს, მოქალაქეებთან ურთიერთობისას, მკაცრად იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და უსაფრთხოების პროტოკოლით განსაზღვრულ ნორმებს.

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით, კორონავირუსზე მიზნობრივი ტესტირება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს მუდმივ რეჟიმში უტარდებათ.

  • 5 მნიშვნელოვანი ფაქტი შავი ზღვის შესახებ

    რამდენად სუფთაა წყალი შავ ზღვაში?

    პროექტმა „შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის გაუმჯობესება“ (ЕС EMBLAS) ჩაატარა შავი ზღვის წყლის, ფსკერის და ცოცხალი ორგანიზმების გამოკვლევა მათში ქიმიური დამაბინძურებელი ნივთიერებების არსებობის და მათი კონცენტრაციის დასადგენად. გაანალიზდა ევროკავშირის მიერ აუცილებელ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები: მდგრადი ორგანული ნივთიერებები, ფარმაცევტული პრეპარატები, პესტიციდები, ბიოციდები, ცეცხლმედეგი ნივთიერებები, სამრეწველო ქიმიკატები და მათი დაშლის პროდუქტები. 2100-ზე მეტი ცნობილი დამაბინძურებელი ნივთიერებიდან წყლის სინჯებში აღმოაჩინეს 124 ნივთიერება. მათ შორის იყო ნავთობპროდუქტები საზღვაო ტრანსპორტიდან, ქაღალდის ჭიქების და შესაფუთი მასალის წარმოებაში გამოყენებული წყალგაუმტარი ნივთიერებები, ასევე ვერცხლისწყალი და დიოქსინები. გარდა ამისა, აღმოჩენილი იქნა სარეველა მცენარეების საწინააღმდეგოდ გამოყენებული პესტიციდები, ასევე ინსექტიციდები, მაგ. ფუტკრებისთვის განსაკუთრებით საშიში ფიპრონილი. პესტიციდების ყველაზე მაღალი კონცენტრაციები დაფიქსირდა საქართველოს სანაპიროსთან.

    ზღვის წყალში აღმოაჩინეს არითმიის და ჰიპერტონიის საწინააღმდეგო ფარმაცევტული პრეპარატების კვალი, ასევე ზღვის ორგანიზმებისთვის მავნე ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც შედის პლასტმასის ბოთლების და მზისგან დამცავი კრემის შემადგენლობაში.

    მავნე ფოსფორორგანული ნივთიერებები გვხვდება ყოველდღიური სარგებლობის თითქმის ყველა პროდუქტში, მაგ. ტექსტილი, ავეჯი, კომპიუტერები და ა. შ.; ისინი აღმოჩენილი იქნა მონიტორინგის ყველა სადგურში. ჯამურად ამ ნივთიერებების უდიდესი რაოდენობა გამოვლენილია დუნაის და დნესტრის დელტაში და საქართველოს წყლებში. თუ ქიმიკატების დონე გარკვეულ ზღვარს გადააჭარბებს, ისინი დამღუპველი გახდებიან ცოცხალი ორგანიზმისთვის და დაარღვევენ ზღვის ბინადრების განვითარების და გამრავლების ციკლს. მაგალითად, დაღუპული დელფინების ქსოვილებში აღმოჩენილი იქნა ქლორის შემცველი პესტიციდების, ტოქსიკური დიოქსინების და ვერცხლისწყლის მაღალი კონცენტრაციები. ყველა ასეთი ნივთიერებისთვის დგინდება ტოქსიკურობის ზღურბლი, და მისი გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა ამ ნივთიერებების ამოღება წარმოებიდან, კანალიზაციის წყლების გაწმენდის გაუმჯობესება, ან წარმოებაში მათ გამოყენებაზე აკრძალვის კანონმდებლობით დაწესება.

    „შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის გაუმჯობესების“ (EMBLAS) პროექტის მონაცემებით, ამჟამად დაწყებულია მცენარეთა და ცხოველთა სახეობების,   მაგ. ფილოფლორის წითელი აგარშემცველი წყალმცენარის აღდგენის პროცესები, რაც კარგი ეკოლოგიური მდგომარეობის ინდიკატორებია. სანაპირო ზონაში, დამსვენებელთა სასიხარულოდ, ისევ არის შესაძლებელი კიბორჩხალების, კრევეტების და ზღვის ცხენთევზების ნახვა.

    შავი ზღვის შესახებ უფრო საინტერესო ფაქტები შეგიძლიათ იხილოთ წიგნში «შავი ზღვის საიდუმლოებები».

    კიდევ მოიპოვება თუ არა შავ ზღვაში თევზი?

    შავ ზღვაში 200-ზე მეტი სახეობის თევზი ბინადრობს, მაგთან 30 ძვირფასია სარეწაო თვალსაზრისით; ასეთი თევზებია ქაფშია, ქარსალა, შავი ზღვის სარდელი, ქაშაყი და ღორჯოსებრნი. შავი ზღვის ზომით ყველაზე დიდი თევზი - სვია შავი ზღვის ზუთხისებრთა შვიდი ოჯახიდან ერთ-ერთის წარმომადგენელია.

    თევზის ზოგიერთი სახეობის რაოდენობა კლებულობს და გადაშენების ზღვარს უახლოვდება. მაგალითად, ზღვის ცხენთევზას ეგზოტიკური გამოსახულება მისი თითქმის სრული გაქრობის მიზეზი გახდა. ათობით ათას თევზს ყოველწლიურად აშრობდნენ სუვენირებად ტურისტებისთვის, და ზღვის ცხენთევზა კურორტების მახლობლად პრაქტიკულად გაუჩინარდა. მას შემდეგ, რაც ზღვის ცხენთევზა „უკრაინის წითელ წიგნში“ შეიტანეს და მისი ჭერა აკრძალეს, ამ სახეობის რიცხოვნობამ ზრდა დაიწყო.

    გადაჭარბებულმა მოპოვებამ გავლენა ზუთხისებრთა ოჯახზეც მოახდინა. ეს მოპოვება უმთავრესად ბრაკონიერული იყო, რადგან ზუთხისებრთა ხორცი, და რაც მთავარია, შავი ხიზილალა, განსაკუთრებულად ძვირფას დელიკატესებად ითვლება. გასაკვირი არ არის, რომ შავი ზღვის ზუთხისებრთა შვიდივე სახეობას გადაშენების საფრთხე დაემუქრა და ისინი შავი ზღვისპირეთის ყველა ქვეყნის წითელ წიგნებში იქნა შეტანილი. პროექტის EMBLAS კვლევების მიმდინარეობისას ევროპული ზუთხის და სვიის დნმ მთელი შავი ზღვიდან აღებულ მრავალ სინჯში იქნა აღმოჩენილი - ეს ნიშნავს, რომ ამ უნიკალური თევზების გარკვეული რაოდენობა შავ ზღვაში ჯერ კიდევ ბინადრობს.

    ზღვაში ყოველწლიურად დიდი რაოდენობით თევზს იჭერენ, ამ რაოდენობის ნახევარი თურქეთზე მოდის. თევზჭერის საფუძველი გახდა ქაფშია, კეფალი, პელენგასი და მტაცებელი მოლუსკი რაპანა. გადაჭარბებული მოპოვების გამო შავი ზღვაში უკვე აღარ არის თინუსი და სკუმბრია, ხოლო ზუთხისებრნი გადაშენების ზღვარზე იმყოფებიან და მათი ჭერა შავი ზღვისპირეთის ყველა ქვეყანაში აკრძალულია, თუმცა ბრაკონიერები ამ აკრძალვას გამუდმებით არღვევენ. უსწრაფესად მცირდება კამბალა-კალკანის და კატრანის რაოდენობები, და ისინიც შეაქვთ შავი ზღვისპირეთის ქვეყნების წითელ წიგნებში.

    სულ შავ ზღვაში 5600 სახეობამდე ცოცხალი ორგანიზმი ბინადრობს, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე მეზობელ ზღვებში. ამის მიზეზია მცირე მარილიანობა და ცივი კლიმატი.

    შავ ზღვაში ბინადრობენ ზვიგენი კატრანი, სკატები, დელფინები და მედუზების 30 სახეობა. მსხვილ წარმომადგენლებს განეკუთვნებიან ფართოდ გავრცელებული მთვარის, ანუ მედუზა აურელია და კორნეროტი. აურელია იშვიათად იწვევს მსუბუქ დამწვრობებს, რომლებიც ერთ საათში უკუვითარდება, ხოლო უფრო დიდ კორნეროტს შეუძლია გამოიწვიოს კანის მტკივნეული, მაგრამ სიცოცხლისათვის უსაფრთხო დაზიანებები, რომლებიც რამდენიმე დღეში ქრება.

    შავი ზღვის შესახებ უფრო საინტერესო ფაქტები შეგიძლიათ იხილოთ წიგნში «შავი ზღვის საიდუმლოებები».

    რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს გლობალურმა დათბობამ ზღვაზე და ზღვისპირა ქალაქებზე?

    გლობალური დათბობის ერთ-ერთი საშიში შედეგი იქნება ზღვის დონის აწევა: უპირველეს ყოვლისა, დნება მყინვარები,  რაც  ზრდის მსოფლიო ოკეანეში არსებული წყლის მოცულობას, მეორეც - წყალი გათბობისას ფართოვდება. ამდენად, ადვილი შესაძლებელია, რომ ოდესამ და შავი ზღვისპირეთის სხვა ქალაქებმა ჩაძირული ოლბიის ბედი გაიზიარონ, თუმცა ეს შეიძლება მოხდეს არა ერთ, და თუნდაც ას წელიწადში, არამედ რამდენიმე საუკუნეში.

    შავ ზღვას წყლის დონის მერყეობის საკუთარი ციკლები აქვს. მაგალითად, 1990-იანი წლების ბოლოდან შავი ზღვის დონემ საშუალოდ 1 სმ-ით დაიწია. ეს შეიძლება გლობალურ კლიმატურ ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული - ცნობილია, რომ რაც უფრო თბილია ზღვა, მისი ზედაპირიდან მით უფრო მეტი წყალი ორთქლდება. გარდა ამისა, რაც უფრო თბილი და გვალვიანია წელიწადი, მით უფრო ნაკლები წყალი ჩადის ზღვაში ჩამდინარე მდინარეებიდან. ახლა მდინარეებიდან წყლის ჩადინება შავ ზღვაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 100 წლის წინ, რადგან დნეპრის, ბუგის, დნესტრის და დუნაის წყლების მოცულობის უდიდესი ნაწილი მინდვრების მოსარწყავად მიმართეს. ტემპერატურის მომატებასთან ერთად წყლის მოხმარება ხმელეთზე მატულობს, ხოლო მისი ნაკადი მდინარეების სათავეებიდან მცირდება. წყლის გათბობამ წყალმარჩხ სანაპირო რაიონებში შეიძლება გამოიწვიოს წყალში ჟანგბადის ხსნადობის შემცირება. წარმოიქმნება „მკვდარი წყლის“ ადგილები ლაქების სახით, სადაც ჟანგბადის შემადგენლობა ძალიან დაბალია თევზების, კიბორჩხალების და მოლუსკების სიცოცხლის გადარჩენისთვის, და ისინი მასობრივად იღუპებიან.

    სამდინარო წყლების ჩადინების შემცირებით შავ ზღვაში და ოკეანეების დონის ზრდით, შავ ზღვაში მარილიანობის მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შავი ზღვა უფრო მიმზიდველი გახდება ხმელთაშუა ზღვის ბინადრებით დასახლებისთვის. ყოველწლიურად შავ ზღვაში ხმელთაშუა ზღვის სულ უფრო მეტი სახეობა შემოდის, მაგ. ბარაკუდა და ზღვის კუები.

    შავი ზღვის შესახებ უფრო საინტერესო ფაქტები შეგიძლიათ იხილოთ წიგნში «შავი ზღვის საიდუმლოებები».

     

    მართალია, რომ ზღვაში ბევრი საყოფაცხოვრებო ნარჩენია?

    უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პლასტმასის გამოყენების მასშტაბის ზრდასთან ერთად ნაგვის რაოდენობა მსოფლიო ოკეანეში ასჯერ გაიზარდა - ყოველწლიურად ოკეანეში 8 მილიონამდე ტონა პლასტმასა იყრება. წრიული დინებები მის კონცენტრაციას განსაზღვრულ ადგილზე ახდენენ, და ქმნიან „ნაგვის კუნძულებს“. შავი ზღვა ორჯერ მეტადაა დაბინძურებული ხმელთაშუა ზღვასთან შედარებით, რაც ხდება დიდი მდინარეების ნაკადით პლასტმასის გადატანის და ზღვის შედარებითი იზოლაციის გამო. შავ ზღვაში არსებული მთელი ნარჩენების 85% პლასტმასაა. მსუბუქი პოლიეთილენის ბოთლები და პაკეტები წყლის ზედაპირზე ტივტივისას ულტრაიისფერი სხივების და ტემპერატურის გავლენით თანდათან უფრო წვრილ ფრაგმენტებად იშლება, რომლებიც დროთა განმავლობაში ფსკერზე ილექება.

    ნაგავი ზღვის ეკოსისტემებისთვის პრობლემას წარმოადგენს. უპირველეს ყოვლისა, ზღვის ბინადრები მას ხშირად საკვებად აღიქვამენ, ყლაპავენ და ნარჩენები ავსებს მათ საჭმლის მომნელებელ სისტემას. შავ ზღვაზე ამისგან განსაკუთრებით თოლიები ზიანდებიან. მეორეც, ხშირად პლასტმასი ახდენს ორგანული დამაბინძურებელი ნივთიერებების აბსორბირებას, რომლებიც მერე ხვდება ზღვის ბინადრების საჭმლის მომნელებელ სისტემაში და წამლავს მათ. მესამე - ცხოველები შეიძლება გაიხლართონ , ჩაიკარგონ და დაიღუპონ კიდეც ნარჩენებში.

    ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დიდი ზომის ნარჩენების გარდა, არსებობს კიდევ უხილავი - მიკროპლასტმასი. მიკროპლასტმასის ორ მესამედზე მეტი წარმოიქმნება საბურავების ცვეთისგან და საავტომობილო გზებიდან ჩამოირეცხება, კიდევ დაახლოებით ერთი მეოთხედი კანალიზაციაში ხვდება სინთეტური ქსოვილების რეცხვისას, საიდანაც ხდება მიკრობოჭკოების აშრევება. წვრილი პლატმასის გრანულებს ასევე ხშირად ამატებენ საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებებში, კრემებში, სკრაბებში და კბილის პასტებში, და შემდეგ ისინიც კანალიზაციაში ხვდება. პროექტის EMBLAS კვლევის დროს შავი ზღვის ფსკერზე მეცნიერებმა უკვე აღმოაჩინეს მიკროპლასტმასის მნიშვნელოვანი ნალექები.

    ზღვის ბინადრები ასევე ზიანდებიან ხმაურით დაბინძურების გამო - კონტეინერმზიდების, ტანკერების და ტრაულერების ხმაურისგან. ინტენსიური ნაოსნობის რაიონებში წყალქვეშა გუგუნი გაუჩერებლად ისმის, ისევე, როგორც საავტომობილო მაგისტრალებზე.

    ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ე. წ. იმპულსური ბგერები, როდესაც იქმნება უზარმაზარი სიძლიერის ხანმოკლე სიგნალი - გამაყრუებელი და კონტუზიის გამომწვევი. მაგალითად, სასარგებლო წიაღისეულის წყალქვეშა სეისმური დაზვერვის დროს გამოყენებულ პნევმატურ ქვემეხებს შეუძლია წარმოშვას ბგერის იმპულსები, რომელთა სიძლიერე კოსმოსური რაკეტის გაშვების დროს წარმოქმნილ ხმას აჭარბებს. ამიტომ შუა ყურის აკუსტიკური ტრავმები, მიღებული ვეშაპისნაირთა მიერ სამხედრო სწავლებების ან სეისმური დაზვერვის დროს, შიძლება მათი ნაპირზე გარიყვის ერთ-ერთი მიზეზი იყოს; ისინი კარგავენ ექო-ლოკაციის დროს ორიენტირების, და ზღვისა და ნაპირის ერთმანეთისგან გარჩევის უნარს.

    შავი ზღვის შესახებ უფრო საინტერესო ფაქტები შეგიძლიათ იხილოთ წიგნში «შავი ზღვის საიდუმლოებები».

    როგორ შეიძლება შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვა?

    ევროკავშირი აფინანსებს რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას, რომლებიც ხელს უწყობს შავი ზღვის ეკოსისტემის შენარჩუნებას. მათ შორის არის ევროკომისიის და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი „შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის გაძლიერება“ (EMBLAS), რომელიც სწავლობს ზღვას, აფასებს მის „ჯანმრთელობას“ და ხელს უწყობს პლასტმასის ნარჩენებთან ბრძოლას, ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად ატარებს ეკოლოგიურ აქციებს, მაგალითად პლაჟების დასუფთავებას, ასევე აწარმოებს ზღვის ნარჩენების გადამუშავებას ტროტუარის ფილებად. პროექტის ზოგადი მიზანია შავი ზღვის გარემოს დაცვის გაძლიერება უკრაინასა და საქართველოში.

    ევროკავშირის წყლის ინიციატივაეს პროექტი ხელს უწყობს წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებას, მდინარეების წყლის სისუფთავის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.  პროგრამა თანამშრომლობს მთავრობებთან თანამედროვე საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შესაქმნელად, ატარებს წყლის რესურსების მონიტორინგს, მათ შორის წყლის ხარისხის ანალიზის თანამედროვე ლაბორატორიების შექმნას, აღჭურვილობის შეძენას, ტექნიკურ მხარდაჭერას და პერსონალის ტრენინგს.

    ევროკავშირის სასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

    მიმართულია რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე, გარემოს დაცვაზე, კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებასა და სანაპირო რაიონების პლასტმასის ნარჩენებით დანაგვიანებასთან ბრძოლაზე.

    საერთაშორისო დახმარება და თანამშრომლობა უდავოდ ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ  საკუთარი წვლილის შეტანა შავი ზღვის ეკოლოგიის შენარჩუნებაში ყველა ჩვენგანსაც შეუძლია. მაგალითად, პლასტიკის შესაფუთი მასალის ნაკლებად გამოყენება, ნაგვის გადაყრა მხოლოდ სპეციალურად გათვალისწინებულ ადგილებზე, ნაპირების დასუფთავებაში მონაწილეობა, ასევე უარის თქმა ფოსფატების და ფოსფიტების შემცველ სარეცხ და კოსმეტიკურ საშუალებებზე, რომლებიც წყლის „აყვავებას“ იწვევს.

     

  • საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის.

    მისივე თქმით, 30 ივნისს ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, მთავრობა საზღვრების გახსნის თაობაზე, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან.

    ● საგულისხმოა, რომ მსოფლიოსა და თავად ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ამ ეტაპზე, საერთოდ არ გახსნეს საზღვრები უცხო ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. რიგ ქვეყნებში ჩასვლისას კი, სავალდებულოა 14 დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით.

    ● საქართველოც აკვირდება არსებულ გლობალურ სურათს და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის, სიფრთხილით დგამს შესაბამის ნაბიჯებს.

    ● დღეისათვის, იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო საზღვრებს ასევე უპირობოდ გახსნის შემდეგ 5 ქვეყანასთან:

    1. გერმანია
    2. საფრანგეთი
    3. ლატვია
    4. ლიეტუვა
    5. ესტონეთი

    ● ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ რამდენიმე ქვეყანამ, საზღვრები გაუხსნა მათ შორის, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული უსაფრთხო ქვეყნების სიაში არმყოფ სახელმწიფოებს.

    ● ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.

    ● საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.

    ● მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.

    ● ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.

    ● საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, მთელი აქ ყოფნის პერიოდში, პროაქტიურ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი.

    ● რაც შეეხება ევროკავშირის წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს - ქვეყნებთან მიმართებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი. ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.

    ● ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის გარდა, ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის, გრძელდება შემდგომი მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით.

    ● ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე.

    ● ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი.

    ● ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება.

    ● აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. ეს რა თქმა უნდა, არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

    ● შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ როგორც ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე, ნებისმიერი საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელ პირებს, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge.

    ● რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14 დღიან კარანტინს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე გაითვალისწინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით.

    ● ამასთან, ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. მათ შორის, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში 2 რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ AirBaltic-სა და AirFrance-თან.

    ● აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizzair-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ შემდეგ ავიარეისებს:

    13 ივლისი - ვარშავა,
    15 ივლისი - ბარსელონა,
    17 ივლისი - რომი,
    22 ივლისი - პარიზი,
    28 ივლისი - ათენი.

    ● აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.

    ● ასევე, როგორც მოგეხსენებათ, კომერციულ ჩარტერულ რეისებს ახორციელებს ქართული ავიახაზები (აირზენა) შემდეგ დედაქალაქებში: ვენაში, ამსტერდამსა და თელავივში.

    ● აქვე, გაცნობებთ, რომ უახლოეს დღეებში, ერთჯერად შესრულდება კატარის ავიახაზების კომერციული ჩარტერული რეისი, დედაქალაქ დოჰადან, საიდანაც სამშობლოში საქართველოს 105 მოქალაქე დაბრუნდება.

    ● აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე შენარჩუნდება დღეს მოქმედი რეგულაციები.

    ●საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე ჩვენი მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.

    ● ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შესაბამისად, თითოეული გადაწყვეტილება სწორედ აქედან გამომდინარე მიიღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოში როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ჩვენი ქვეყნის სტუმრების, ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული.

     

    მთავრობის ადმინისტრაცის პრეს-სამსახური

  • საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირში გამგზავრებას

    მიმდინარე კვირაში საქართველო ჩართეს იმ ქვეყნების სიაში, რომლებზეც ევროკავშირმა გასცა რეკომენდაციები ევროკავშირში უკიდურესი აუცილებლობის გარეშე მგზავრობაზე დროებითი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესახებ.
    რეკომენდაციაში მოცემული კრიტერიუმების და პირობების საფუზველზე, 1 ივლისიდან ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაიწყონ სამგზავრო შეზღუდვების მოხსნა გარე საზღვრებზე რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის. საქართველო აღმოსავლეთ სამეზობლოს ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ სიაში იქნა შეტანილი. გარდა საქართველოსი, ამ ქვეყნების სიაში არიან - ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, ჩერნოგორია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი.
    სია დაექვემდებარება გადახედვას, და საჭიროების შემთხვევაში, განახლებას ორ კვირაში ერთხელ.

     ახალი ამბები წარმოებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში

     

  • ევროკავშირის COVID-19-ის საწინააღმდეგოდ მთლიანი დაფინანსება 36 მილიარდ ევროს აღწევს

    საქართველო ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს ენერგოსექტორის რეფორმის გასატარებლად გერმანიის განვითარების ბანკისგან KfW (გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკი) და ფრანგული განვითარების სააგენტოსგან (AFD) დირექტიული კრედიტების ფორმით, ხოლო ევროკავშირისგან - გრანტის ფორმით.
    დაფინანსების მიზანია საქართველოს რეფორმების პროგრამით გათვალისწინებული ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების მხარდაჭერა.
    ევროკავშირის 8.5 მილიონამდე ევროს ოდენობის გრანტი ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის კანონქვემდებარე აქტების შემუშავებას 2020-2021 წლებში.
    გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) 7.5 მილიონამდე ევროს ოდენობის გრანტი დააფინანსებს ენერგოეფექტურობის ღონისძიებებს ბათუმის სკოლამდელი ასაკის დაწესებულებებში. გარდა ამისა, ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის დახმარებით გერმანიის განვითარების ბანკი (KfW) ამზადებს რეაბილიტაციის საინვესტიციო პროგრამას ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად საქართველოს სკოლებში.

    ახალი ამბები წარმოებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური