უნდობლობა, ქაოსი და პანიკა. რა გავლენას ახდენს დეზინფორმაცია ადამიანებზე და რა უნდა გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით?

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 22 აპრილი 2020 11:59

“ამერიკელებს შეუძლიათ ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნა”, “საქართველო სპეციალურად აინფიცირებს კოღოებს და გზავნის მათ რუსეთში”, “გამოქვეყნებულია მონაცემები მასობრივი სიკვდილის შესახებ ქართულ ლაბორატორიაში”. 

ეს არ არის ფრაზები ფილმებიდან აპოკალიფსის შესახებ, როგორც შეიძლება იფიქროთ. ეს არის ნაწყვეტები რუსეთის მასობრივი საინფორმაციო წყაროებიდან, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  კვლევითი ცენტრის შესახებ, რომელიც თბილისის გარეუბანში მდებარეობს. ეს ლაბორატორია მუშაობს საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე. მაგრამ ცენტრის საქმიანობა რატომღაც ყველაზე მეტად აწუხებს რუსეთს, რომელიც უბრალოდ ბომბავს ლაბორატორიას დეზინფორმაციითა და ნეგატიური პროპაგანდით.  

“2018 წლის სექტემბერში მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორ გამოიყენა რუსეთმა დიდ ბრიტანეთში ბიოლოგიური აგენტი „ნოვიჩოკი“. საპასუხოდ, რუსეთმა დაიწყო  საუბარი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ,  სადაც აშშ თითქოსდა ამზადებდა ბიოლოგიურ იარაღს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ”, გვიამბობს სოფო გელავა, საქართველოს მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი. 

თუ შეიყვანთ ფრაზას “ლუგარის ლაბორატორია” Google ან YouTube საძიებო ველში, ნახავთ, რომ ახალი ამბები ლუგარის ლაბორატორიის საშიშროების შესახებ სწორედ რუსეთის მედია საშუალებებით ვრცელდება. ამ მითების დასამსხვრევად, ლუგარის ლაბორატორიამ გახსნა საკუთარი კარი ყველა დაინტერესებული პირისათვის.

“ლაბორატორიას ეწვია უფრო მეტი რუსი ჟურნალისტი, ვიდრე ქართველი და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ ყველა განყოფილება და გადაეღოთ სასურველი კადრები”, გვიამბობს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

მაგრამ ლაბორატორიაში მუდმივმა ღია ექსკურსიებმაც კი ვერ მოახერხა ის, რომ რუსეთის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს შეეცვალათ საკუთარი შეხედულება და გაეშუქებინათ სწორი ინფორმაცია.

მაგალითად, რუსეთის ახალი ამბების სააგენტომ „Sputnik“ აგდებულად და უნდობლობით აღწერა “ღია კარის დღე” ლაბორატორიაში.

რა თქმა უნდა, რუსეთის მედიის მიერ გაკეთებული არც ერთი “ხმამაღალი” განცხადება ლუგარის ლაბორატორიის შესახებ არ შეესაბამებოდა სიმართლეს, და ყველა მათგანი უარყოფილი იქნა ჯანმრთელობის სფეროს ექსპერტების მიერ. თუმცა რუსეთის მედია საშუალებებმა მაინც მიაღწიეს მიზანს და  საქართველოს მოსახლეობის 20% დარწმუნებულია, რომ ლაბორატორია ხელს უწყობს ეპიდემიების გავრცელებას. აი, ამგვარად მუშაობს დეზინფორმაცია პოსტსიმართლის ეპოქაში. 

დეზინფორმაცია = უნდობლობას, ქაოსს, პანიკას

2017 წელს ევროკავშირმა დაიწყო euvsdisinfo.eu გამოყენება რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციასთან საბრძოლველად. აღნიშნული ვებგვერდი ხელმისაწვდომია სამ ენაზე - ინგლისურად, რუსულად და გერმანულად. ვებგვერდზე განთავსებულია დეზინფორმაციის მონაცემთა ბაზა, რომელშიც თავმოყრილია 8 ათასამდე მაგალითი (დაწყებული 2015 წლიდან).

დეზინფორმაციული გზავნილების ნახევარი მიმართული იყო ექვს ქვეყანაზე - ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები: აზერბაიჯანი (31), ბელარუსი (252), მოლდოვა (132), საქართველო (345), სომხეთი (80), უკრაინა (3193). დიდი ხანია, რუსეთს სწორედ მათი შენარჩუნება უნდა საკუთარი გავლენის ქვეშ.

ამ ქვეყნების წინააღმდეგ გამოყენებული დეზინფორმაციის ბევრი მაგალითი მიმართულია პანიკის დათესვაზე, შიდაპოლიტიკური მდგომარეობის დაძაბვაზე, დაშინებაზე ან საომარი დაძაბულობის გაღვივებაზე (უკრაინის შემთხვევაში). ხშირად გზავნილები უბრალოდ აბსურდულია, არის აშკარა სიცრუე ან დამახინჯებული ინფორმაცია. თუმცა მათი გავლენა კვალავ მნიშვნელოვანია.

“დეზინფორმაციით ყველაზე მეტად უკრაინა დაზარალდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და მისი დონბასში შეჭრის დროს. ეს იყო პროპაგანდის ჰიბრიდული ინსტრუმენტები მედიასა და სოციალურ ქსელებში”, გვიამბობს კრისტინა ზელენიუკი, უკრაინული ონლაინ მედია-საშუალების “Сегодня” მიმომხილველი.

სომეხი მედია-ექსპერტის სამველ მარტიროსიანის სიტყვებით, დეზინფორმაციის ბაზარი ძალიან დიდია და იქ კარგი სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც გამუდმებით ეძებენ ადამიანებით მანიპულირების ახალ ინსტრუმენტებს და მეთოდებს.

“ახლა სოციალური ქსელების გამოყენებით პანიკის დათესვა რამდენიმე საათშია შესაძლებელი. ინფორმაცია ისეთი სისწრაფით ვრცელდება, რომ ადამიანებისთვის თითქმის შეუძლებელია დეზინფორმაციის ამოცნობა”, გვიამბობს სამველი. 

2020 წლის მარტში ევროპული საგარეო ქმედებების სამსახურმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში “დეზინფორმაცია კორონავირუსის შესახებ”, რომლის ცალკე ნაწილში ნახსენებია “კრემლის დეზინფორმაცია”.

მხოლოდ თებერვალსა და მარტში EUvsDisinfo-ს ბაზაში რეგისტრირებული იყო დეზინფორმაციის 110-ზე მეტი მაგალითი კორონავირუსის შესახებ, რომლებსაც პრორუსული მედია საშუალებები ავრცელებდნენ. ეს მაგალითები შეესაბამებოდა კრემლის ტრადიციულ სტრატეგიას - უნდობლობის და ქაოსის შექმნა, კრიზისული სიტუაციების და პრობლემების გაღრმავება, რომლებიც საზოგადოებრივ მღელვარებას იწვევს. ამასთანავე, დეზინფორმაცია რუსეთის აუდიტორიისთვის აღწერდა ვირუსს, როგორც უცხოური აგრესიის ფორმას, და ამტკიცებდა, რომ კორონავირუსი წარმოშობილია ამერიკის ან დასავლეთის საიდუმლო ლაბორატორიებში. დეზინფორმაცია საერთაშორისო აუდიტორიისთვის ყურადღებას ამახვილებდა შეთქმულების თეორიაზე “გლობალური ელიტების” შესახებ, რომლებიც ვირუსს მიზანმიმართულად იყენებენ იარაღად საკუთარი მიზნების მიღწევისთვის. 

ყალბი და მანიპულირებული ახალი ამბების დიდი რაოდენობა, რომლებიც გადმოსცემენ შოკისმომგვრელ ან კონსპირაციის თეორიებს, თანდათან ადამიანებში ცვლიან ინფორმაციის აღქმას. თავიდან ადამიანები უბრალოდ ვერ აღიქვამენ დეზინფორმაციას, შემდეგ არ სჯერათ მისი, ბოლოს კი ამგვარი მასალების ხშირი გაშუქებით, მათ ეჭვი უჩნდებათ. სწორედ ამ მიზანს აღწევენ ორგანიზაციები და ქვეყნები, ინფორმაციის მანიპულირებით.

“დეზინფორმაცია საშინელი საფრთხეა, და ეხება არა მხოლოდ მათ, ვინც ნაკლებად ინფორმირებულია ან პოლიტიკაში ვერ ერკვევა. არსებითად, დარტყმა ყველა სეგმენტზე ხორციელდება”, - აკეთებს დასკვნას ალექსანდრ სტარიკევიჩი, ბელარუსული ონლაინ მედია-საშუალების “Солидарность” მთავარი რედაქტორი.

კრიტიკული აზროვნების ელჩები სიყალბის წინააღმდეგ

ახალი ამბების ცვალებადობის სიხშირე ციფრულ სამყაროში იმდენად მაღალია, რომ ადამიანები მოვლენების ღრმა ანალიზს უბრალოდ ვერ ასწრებენ. ამის გამო სიყალბე და მანიპულირება რეალურ ახალ ამბად აღიქმება. დეზინფორმაციის დეკოდირების საქმიანობას საკუთარ თავზე იღებენ მედია, სიყალბის გამოაშკარავებაზე მომუშავე ორგანიზაციები, და საინფორმაციო სფეროს მოხალისეები. 

“მაგრამ ეს საქმიანობა არ უნდა დარჩეს მხოლოდ ადამიანების მცირე ჯგუფებში. მისი შედეგი მთელ საზოგადოებაზე უნდა გავრცელდეს. ჩვენ უნდა ვასწავლოთ საზოგადოებას”, - თვლის სამველ მარტიროსიანი. 

დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ეფექტური მხარდაჭერის გაწევა ახალგაზრდებს შეუძლიათ. ასეთი აზრისაა ანინა ტეფნაძე, ქართული ონლაინ-მედია პლატფორმის On.ge დირექტორი.

მისი აზრით, ახალგაზრდებმა მეტი იციან დეზინფორმაციის შესახებ და ისინი უფრო სკეპტიკურები არიან. ამიტომ შეუძლიათ საკუთარ მშობლებს და მეზობლებს ინფორმაციის სწორი გამოყენება ასწავლონ. 

“მაგრამ ახალგაზრდების  ამ საკითხით დასაინტერესებლად, მათ უნდა მივაწოდოთ გზავნილი, რომ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ეს მათი პრობლემაც არის, რომ ეს ყველას პრობლემაა. და ახალგაზრდებს შეუძლიათ სიმართლის  ელჩები გახდნენ”, აღნიშნავს ტეფნაძე.

მაგრამ ადამიანების მიერ დეზინფორმაციის აღქმის ნეიტრალიზების მიზნით, საჭიროა კრიტიკული აზროვნების განვითარება ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან. ასე თვლის ალექსანდრ სტარიკევიჩი.

გარდა ამისა, მისი აზრით, რთულია იმ ადამიანებთან მუშაობა, რომლებსაც საკუთარი მსოფლმხედველობა უკვე ჩამოყალიბებული აქვთ. “ბევრ ადამიანს ექნება რეაქცია “რას მასწავლით, მე თვითონ ყველაფერი მესმის”. მაგრამ ყოველთვის იქნება აუდიტორიის ნაწილი, რომელიც მოუსმენს განმარტებებს და სწორედ მათთან მუშაობაა საჭირო”, - დასძენს სტარიკევიჩი.

თუმცა, არსებობს დეზინფორმაციასთან ბრძოლის უფრო რადიკალური მეთოდები - საკანონმდებლო დონეზე. აზერბაიჯანის ტელეარხის CBC ახალი ამბების დეპარტამენტის ხელმძღვანელი საადატ მამადოვა თვლის, რომ აუცილებელია საერთაშორისო კანონმდებლობის, დოკუმენტების ან წესდების მიღება ყალბი ახალი ამბების პრობლემის გადასაჭრელად.

“ყალბი ახალი ამბები ახლა იქცევა ეროვნული უსაფრთხოების პრობლემად, ინსტრუმენტად, რომელსაც შეუძლია სამყაროს დესტაბილიზაცია, ამიტომ მოვიდა მისი უსაფრთხოების კონტექსტში განხილვის დრო”, ამტკიცებს მამადოვა.

 

ბლოგერები დეზინფორმაციის წინააღმდეგ

სოციალური ქსელების პოპულარობის ზრდამ გამოიწვია ის, რომ მედია საშუალებებს გამოუჩნდნენ კონკურენტები, რომლებიც ასევე დიდ აუდიტორიას იკრებენ - ბლოგერები. და ისინი შესაძლოა კარგი მხარდამჭერები გახდნენ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. 

"ხშირად ადამიანები ბლოგერებს უფრო ენდობიან, ვიდრე ინფორმაციის ტრადიციულ წყაროებს. ამ ხარისხის ნდობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს შეუძლიათ ერთობლივად შეაჩერონ დეზინფორმაციისა და ჭორების ტალღები”, თვლის სამველ მარტიროსიანი.

პოპულარული ვლოგერი მოლდოვადან დორინ გალბენი თვლის, რომ სოციალური ქსელები გადაიქცა ყალბი ახალი ამბების “ბუდედ”, და საჭიროა მისი შეჩერება.  

“ჩვენი (ბლოგერების, - რედ.) როლი იმაში მდგომარეობს, რომ მოვიცვათ რაც შეიძლება მეტი ადამიანი და ველაპარაკოთ მათ ყალბი ახალი ამბების გავლენის შესახებ, რომელიც შეიძლება იქონიონ ქვეყნის და მოქალაქეების მომავალზე”, - დასძენს ის. 

საზოგადოებრივი აზრის ლიდერების პასუხისმგებლობის შესახებ ასევე საუბრობს ბლოგერი აზერბაიჯანიდან სეიმურ კაზიმოვი. ის თვლის, რომ ბლოგერებმა უნდა გააანალიზონ ყალბი ინფორმაცია და უარყონ ისინი. 

“ბლოგერებმა საჯაროდ უნდა მოახდინონ იმ მეგობრების/ნაცნობების და მათი ყალბი ინფორმაციების მაგალითების დემონსტრირება, ვისაც კითხულობს საზოგადოების უმრავლესობა. კონკრეტული მაგალითები ყოველთვის თეორიულზე უკეთ მუშაობს”, თვლის ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტი ბელარუსიდან ანტონ მოტოლკო. და იქვე აზუსტებს: “პირველი, და უმთავრესი - თვითონ არ გახდეს ყალბი ინფორმაციის გავრცელების წყარო. არსებობს ოქროს წესი: თუ გეჩვენება, რომ ეს სიყალბეა - არ გამოაქვეყნო”.

ქართველი ტელეწამყვანი და ბლოგერი ზურა ბალანჩივაძე იძლევა რჩევას იმის შესახებ რომ  ყურადღებით დავუკვირდეთ ახალი ამბების სათაურებს, რაც დაგვეხმარება მისი სიყალბის განსაზღვრაში. “ყალბ ახალ ამბებს ხშირად აქვს ყვითელი სათაურები ან მათში არის ზედმეტი გაზვიადება. გარდა ამისა, გააანალიზეთ საიტი, რომელზეც ნახულობთ საეჭვო ინფორმაციას და ის, თუ ძირითადად რა ტიპის მასალას აქვეყნებს ეს წყარო”, აღნიშნავს ასევე ბლოგერი.

“აშკარა სიცრუის შემჩნევა ადვილია, ხოლო მსუბუქი სიცრუის ან ფაქტების მანიპულირების - უფრო ძნელი. გაიარეთ კონსულტაცია ექსპერტებთან სხვადასხვა თემებზე. ისწავლეთ ფაქტების გარჩევა სუბიექტური მოსაზრებებისგან. არ ენდოთ ყველაფერს. ყოველთვის შეიტანეთ ეჭვი, იფიქრეთ და დასვით კითხვები”, - აკეთებს დასკვნას ტელეწამყვანი და ბლოგერი უკრაინიდან რომან ვინტონივი.  

ჩვენ ვკითხეთ ჟურნალისტებს და ბლოგერებს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან მისცენ რჩევა ადამიანებს, როგორ არ გახდნენ დეზინფორმაციის მსხვერპლნი. ყველა პასუხიდან შესაძლებელი გახდა წესების სიის შედგენა, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ არ წამოვეგოთ მანიპულირებული ინფორმაციის ანკესს.

 

1. ყოველთვის მოიძიეთ ინფორმაციის რამდენიმე წყარო. ეს შეიძლება იყოს როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ისე ჟურნალისტები სოციალურ ქსელებში და ექსპერტები. მაგრამ ინფორმაციის წყარო აუცილებლად უნდა იყოს რამდენიმე.

 

2. არ შეიძლება ნაკლებად ცნობილი საიტების ინფორმაციაზე დაყრდნობა. მოიძიეთ იგივე ინფორმაცია სანდო, სერიოზულ და პროფესიულ საინფორმაციო ვებგვერდებზე. 

 

3. სოციალურ ქსელებში ყალბი ინფორმაციის არსებობის უფრო დიდი ალბათობაა. ხშირად პოსტები ჩნდება ან ცარიელი ახლადშექმნილი ანგარიშებიდან სოციალურ ქსელებში, ან ანგარიშებიდან, რომლებიც შენიღბულია ცნობილი ახალი ამბების მედია-საშუალებებად, მაგრამ არის ყალბი. 

 

4. თუ არ ხართ დარწმუნებული ინფორმაციაში - არ გაავრცელოთ ის, რომ უნებურად არ გახდეთ დეზინფორმაციის ნაკადის ნაწილი. 

 

5. ენდეთ საკუთარ თავს და ყური მიუგდეთ საღ აზრს. მოაზროვნე ადამიანით მანიპულირება რთულია.

 

ავტორი: ვიქტორ კიშაკი

წაკითხულია 239 ჯერ

Related items

  • სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს თავისი ძალები რეგიონში მშვიდობისა და სიტუაციის დეესკალაციისთვის

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქართული საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარება გამოთქვა იმ მსხვერპლის გამო, რომელიც ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის კონფლიქტს მოჰყვა.

    პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე დასწრების შემდეგ, მიმართა ორი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტებს და დიალოგის სწრაფად აღდგენის, დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

    ,,ეს ჩვენი სამივე ქვეყნის მთავარი და საერთო ინტერესია, რათა ჩვენ დავუბრუნოთ ამ რეგიონს სტაბილურობა, მშვიდობა და მსოფლიოსათვის უზარმაზარი ეკონომიკური როლი. ეს ჩვენი ერთობლივი მონაპოვარია. ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთობლივად უნდა გავუფრთხილდეთ. 

    მინდა ასევე, მივმართო მინსკის ჯგუფს და მის თანათავმჯდომარეებს, რომელთაც ამ კონფლიქტის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ. მინდა გავიმეორო - ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ქვეყანა, თბილისი იყოს ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება გაიმართოს ნებისმიერი მოლაპარკება. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, რაც მხარეებისთვის სასურველი იქნება.

    ასევე, მინდა მივმართო ევროკავშირს. ჩვენ, ამ რეგიონის სამივე ქვეყანა, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები ვართ.

    თუ ეს რამეს ნიშნავს, თუ სამეზობლო რამეს ნიშნავს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს ნიშნავს,  ჩვენი სტაბილურობა და რეგიონში მშვიდობა ასევე, ევროკავშირის ინტერესშია. 

    ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს თავისი ძალები მშვიდობისა და ამ სიტუაციის დეესკალაციისთვის. 

    ეს ჩვენი, სამივე ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების საერთო მიზანია. სამივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის არაფერია იმაზე უფრო ძვირფასი, ვიდრე მშვიდობა და სტაბილურობაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური

  • ცესკოს თავმჯდომარე ჯანდაცვის სამინისტროს და ლუგარის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს შეხვედრა გაიმართა, სადაც ის სავალდებულო წესები და რეკომენდაციები განიხილეს, რომელიც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში კენჭისყრის ორგანიზებისას უნდა იყოს გათვალისწინებული. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, კომისიის მდივან გიორგი ჯავახიშვილთან ერთად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი წოწკოლაურს და „დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელ პაატა იმნაძეს შეხვდა. შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი.

    შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ის შესაძლებლობები და რისკები, რაც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში არჩევნების ორგანიზებას უკავშირდება. ამ საკითხებზე დღეს გამართული მსჯელობა ხელს შეუწყობს საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიციის   ჩამოყალიბებას, რომელიც შემდგომ  სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან განიხილება.

    ცესკომ სწორედ ამ სამუშაო ჯგუფთან ერთად უკვე შეიმუშავა კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი. სპეციალურ სამუშაო ჯგუფში შედიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

  • ევროკავშირის ინიციატივის მხარდაჭერით ბოლნისი ეფექტიანი ბიზნესისთვის ახალ პლატფორმას ქმნის

    საქართველოს ქვემო ქართლის რეგიონის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების პირობები გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ მათ თავიანთი ბიზნესის უფრო ეფექტიანად ოპერირებისთვის პრაქტიკული საშუალებები და ახალი ცოდნა გადასცა. ეს პროექტი ევროკავშირმა ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში დააფინანსა.

    ბოლნისი საქართველოს მრავალეროვნული, ძირითადად სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 53,500 ადამიანს შეადგენს. მათი 63% სოფლის მეურნეობის სფეროშია დასაქმებული. თუმცა, სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული შესაძლებლობების მიუხედავად, ადგილობრივი მწარმოებლები იშვიათად ახერხებდნენ წარმოების ოპტიმიზაციას და მაქსიმალური მოგების მიღებას.

    აღნიშნულის მიზეზები ნაწილობრივ დაკავშირებულია სასოფლო რეგიონებისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ საკითხთან - მცირე ფერმერებს არ აქვთ უნარები ან აღჭურვილობა მაღალი ხარისხის სტანდარტების პროდუქციის საწარმოებლად. ადგილობრივი წარმოებისთვის ძლიერი რეგიონული რეპუტაციის დასამკვიდრებლად მოსავლის რაოდენობა ზოგადად მცირე და ზედმეტად ფრაგმენტულია. აგრეთვე, აღსანიშნავია ამ ტერიტორიის თავისებურება - რეგიონში ბევრი ეთნიკურად აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა ქართულად ვერ საუბრობს და რომლებსაც მოთხოვნაზე ცვლილებების გათვალისწინების ნაცვლად, კვლავაც ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება ურჩევიათ. 

    ბოლნისის მუნიციპალიტეტი პოტენციურად მიმზიდველია ტურისტებისთვის მისი მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის, უნიკალური ადგილობრივი ღვინოების და საკვების, აგრეთვე, სტრატეგიული მდებარეობის (საქართველოს დედაქალაქიდან მანქანით 1 საათის გზაზე) გამო. თუმცა, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, ამ რეგიონის ტურისტული პოტენციალი ჯერ კიდევ თითქმის აუთვისებელი იყო.

    ცვლილებები დაიწყო 2017 წლის ივნისში, როდესაც ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ხელმომწერი გახდა და საკუთარი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმაზე (LEDP) მუშაობა წამოიწყო. მოგვიანებით, ამავე წელს, მუნიციპალიტეტმა მონაწილეობა მიიღო “მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) პროექტების კონკურსში და 164 აპლიკანტს შორის გახდა 16 გამარჯვებულიდან ერთ-ერთი. ევროკავშირმა პროექტისთვის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ 320,000 ევრო გამოყო. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წყალობით, აღნიშნული პროექტის მთლიანმა ბიუჯეტმა 380,000 ევრო შეადგინა.

    ამასთან, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა შექმნა ორწლიანი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც მთავარ ეკონომიკურ პრიორიტეტებსა და მიზნებს განსაზღვრავს და მათი მიღწევის კონკრეტულ სამოქმედო გეგმას მოიცავს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმამ მსოფლიო ბანკის დამოუკიდებელი ექსპერტების საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

    პრობლემების იდენტიფიცირება

    2018 წლის დასაწყისში, როდესაც პროექტი დაიწყო, პროექტის გუნდმა უპირველესად შეისწავლა ადგილობრივი ბაზარი, მისი პოტენციალი და ადგილობრივი მწარმოებლებისა და მეწარმეების საჭიროებები. კვლევამ „ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროდუქციის წარმოების შესაძლებლობების და ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტებზე მოთხოვნის შესწავლა, მიწოდების წყაროები და პერიფერიული მომხმარებლების ბიზნეს ინტერესების შეფასება“ ხელი შეუწყო ეკონომიკური განვითარების მაღალი პოტენციალის სამი სფეროს იდენტიფიცირებას: სოფლის მეურნეობა, მეღვინეობა და ტურიზმი. აღნიშნულ კვლევაში ასევე დეტალურად იყო შესწავლილი მათი შედარებითი ნაკლოვანებები. 

    2019 წლის იანვარში წარდგენილმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადგილობრივი ფერმერები, როგორც წესი, ყიდიდნენ საკუთარ მზა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, რომელთა შემდგომი დამუშავება ხდებოდა მეზობელ რეგიონებში. ამის გამო, ისინი ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის საწყის ეტაპზე იდგნენ და დაბალ შემოსავალს იღებდნენ. ეს ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ არ ფლობდნენ ან არ ჰქონდათ წვდომა წარმოებისა და შენახვისთვის საჭირო აღჭურვილობაზე. ამას გარდა, ადგილობრივ მწარმოებლებს ნაკლებად ჰქონდათ პროდუქციის შესაბამისი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის, საკუთარი პროდუქტების მაღალი ხარისხის შენახვისთვის, შეფუთვისთვის, დისტრიბუციისა და მარკეტინგისთვის საჭირო ტექნიკური შესაძლებლობა. მსგავსი გამოწვევების წინაშე იდგნენ ბოლნისელი მეღვინეებიც.

    რაც შეეხება ტურიზმს, კვლევამ აჩვენა, რომ ის ადგილობრივი ბიზნესები, რომლებიც ტურისტებს სთავაზობდნენ სერვისებს (კაფე-ბარები, რესტორნები, საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები), რამდენიმე ფაქტორის გამო სრულად ვერ იყენებდნენ საკუთარ პოტენციალს. პირველი, ყველაზე მსხვილ ადგილობრივ ტურისტულ სანახაობას - კატარინენფელდის ისტორიულ სამეზობლოს - არ ჰქონდა

    საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურა და მისი მარკეტინგისა და პოპულარიზაციის ინსტრუმენტები. მეორე, ტურისტული სერვისების არსებული ობიექტები ვერ აკმაყოფილებდნენ იმდროინდელ მოთხოვნასაც კი, ვინაიდან არ იცოდნენ, როგორ ემართათ ტურისტებზე ორიენტირებული ბიზნესები.

    კვლევაზე დაფუძნებული გამოსავალი

    აგროცენტრი - ადგილობრივი ფერმერებისა და მეღვინეების წარმოების გაზრდაში დახმარება
    კვლევაში იდენტიფიცირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, პროექტის მენეჯერებმა 2020 წლის იანვარში დააფუძნეს აგროცენტრი. იგი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ იმართება და ფერმერებსა და მეღვინეებს ხელმისაწვდომ ფასებში სთავაზობს სხვადასხვა ტექნოლოგიას, უფასო კონსულტაციებსა და სამართლებრივ რჩევას, აგრეთვე, წარმოებული პროდუქტებისთვის გასაყიდ სივრცეს. 

    ბოლნისის მუნიციპალიტეტმა აგროცენტრის შენობები საკუთარი ხარჯებით ააშენა. იგი სომხეთისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ადვილად მისაწვდომ სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს. აგროცენტრის მდებარეობა გასაჩერებლად, ადგილობრივი წარმოების პროდუქტების დაგემოვნებისა და ყიდვის მიზნით მოგზაურებისთვისაც მოსახერხებელია.

    აგროცენტრი ადგილობრივ ფერმერებსა და მწარმოებლებს ხელმისაწვდომ ფასებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სთავაზობს სამაცივრე, ეტიკეტირების, შეფუთვის, ბოთლში ჩამოსხმისა და გაფილტვრის სერვისებს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისა და ღვინისთვის. „აგრეთვე, ფერმერები აგროცენტრში იღებენ საკონსულტაციო და საექსპერტო სერვისებს ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, „რაც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მრავალეთნიკური მოსახლეობისთვის“.

    „ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო ბოლნისის ეკონომიკური პოტენციალის შესწავლა. აღმოვაჩინეთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სფერო იყო მეღვინეობა“, - განაცხადა ბოლნისის საგრანტო პროექტის მენეჯერმა ნატალია კაკაბაძემ. მან განმარტა, რომ მეღვინეების დასახმარებლად აგროცენტრმა შეიძინა ისეთი აღჭურვილობა, რაც მიუწვდომელი იყო ღვინის ბევრი მწარმოებლისთვის.

    აგროცენტრმა შეისყიდა მანქანა-დანადგარები, რომლებიც მეღვინეებს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლონ საბოლოო პროდუქტის დასამზადებლად საჭირო ყველა სერვისით, მათ შორის, ბოთლში ჩამოსხმა, საცობის გაკეთება და ეტიკეტირება. ვინაიდან ქართველები ღვინოს ძირითადად ქვევრში (ფერმენტაციისა და დაძველების მიზნით მიწის ქვეშ ჩადებული თიხის ჭურჭელში) ინახავენ, აგროცენტრმა ასევე შეიძინა მობილური ხელსაწყო, რომელიც მცირე მეღვინეობებში გადასაადგილებლად არის შექმნილი. აღნიშნულის გამოყენებით ფერმერებს შეუძლიათ ადგილზევე საკუთარი ქვევრიდან ღვინის ამოღება, გაფილტვრა, ბოთლში ჩამოსხმა და ეტიკეტირება. 

    „ბოლნისის ღვინო ძალიან მაღალი ხარისხის ღვინოდ ითვლება, მისი ბევრი ჯიში მხოლოდ ამ ტერიტორიისთვის არის დამახასიათებელი. არის ბევრი ნაკლებად გამოცდილი, დამწყები მეღვინე, რომლებსაც ბოთლში ჩამოსხმის ტექნოლოგია სჭირდებოდა. აგროცენტრს უკვე აქვს ბოთლში ჩამოსხმის მობილური აღჭურვილობა, რომლის ტრანსპორტირებაც შესაძლებელია ადგილობრივ მეღვინეობებში. თავად მეღვინეებსაც შეუძლიათ ბოთლში ჩამოსასხმელად თავისი ღვინის ჩვენთან მოტანა. მყიდველები მეღვინეებისგან ითხოვენ პროდუქტის ბოთლში ჩამოსხმას. სხვაგვარად ისინი ვერ შეძლებენ ამ პროდუქტების ბაზრობებზე გამოტანას. ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისების წყალობით, მეღვინეების პროდუქტების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა“, - განაცხადა ნატალია კაკაბაძემ.

    ძმების მარანის მფლობელი გურამ არხოფაშვილი ამ პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარია. მისმა საწარმომ უკვე ისარგებლა ბოთლში ჩამოსხმის, გაფილტვრის და ღვინის წარმოებისთვის საჭირო სხვა სერვისებით.

    „აგროცენტრის დაფუძნებით ჩვენ ძალიან ვისარგებლეთ. ახლა აღარ გვჭირდება ბოთლში ჩამოსხმის თუ ღვინის საწარმოებლად საჭირო სხვა აღჭურვილობის ყიდვა. ეს სერვისი ძალიან იაფია, მე ვიტყოდი, მსოფლიოში ყველაზე იაფიც კი. აგროცენტრი გვთავაზობს სხვა ბევრ სერვისსაც, მათ შორის, ღვინის ჭურჭლის გარეცხვას და დეზინფექციას“, განმარტა არხოფაშვილმა.

    მან ასევე დაამატა, რომ ამჟამად 25 მეღვინეობა იყენებს ამ სერვისებს, თუმცა, ბოლნისს აქვს იმის პოტენციალი, რომ იქ 800-მდე მეღვინემ იმუშაოს.

    მეღვინეებისთვის ტექნოლოგიების გარდა, აგროცენტრი სხვა ბიზნესებს ასევე სთავაზობს სხვადასხვა სახის შეფუთვისა და ეტიკეტირების აღჭურვილობას. კერძოდ, აქ შესაძლებელია ვაკუუმით და ნახევრად ავტომატური შეფუთვის აღჭურვილობის გამოყენება ბოსტნეულისთვის, ხორცისა და ყველისთვის.

    ყველის მწარმოებელი საწარმოს „დისველის“ დამფუძნებელი მერი მახარაძე აგროცენტრის კიდევ ერთი ბენეფიციარია. მან ასევე ისარგებლა აგროცენტრის მიერ შეთავაზებული საკონსულტაციო სერვისებით, რაც მისი განცხადებით, ძალიან სასარგებლო იყო მისი ბიზნესისთვის.

  • 5 მნიშვნელოვანი ფაქტი შავი ზღვის შესახებ

    რამდენად სუფთაა წყალი შავ ზღვაში?

    პროექტმა „შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის გაუმჯობესება“ (ЕС EMBLAS) ჩაატარა შავი ზღვის წყლის, ფსკერის და ცოცხალი ორგანიზმების გამოკვლევა მათში ქიმიური დამაბინძურებელი ნივთიერებების არსებობის და მათი კონცენტრაციის დასადგენად. გაანალიზდა ევროკავშირის მიერ აუცილებელ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები: მდგრადი ორგანული ნივთიერებები, ფარმაცევტული პრეპარატები, პესტიციდები, ბიოციდები, ცეცხლმედეგი ნივთიერებები, სამრეწველო ქიმიკატები და მათი დაშლის პროდუქტები. 2100-ზე მეტი ცნობილი დამაბინძურებელი ნივთიერებიდან წყლის სინჯებში აღმოაჩინეს 124 ნივთიერება. მათ შორის იყო ნავთობპროდუქტები საზღვაო ტრანსპორტიდან, ქაღალდის ჭიქების და შესაფუთი მასალის წარმოებაში გამოყენებული წყალგაუმტარი ნივთიერებები, ასევე ვერცხლისწყალი და დიოქსინები. გარდა ამისა, აღმოჩენილი იქნა სარეველა მცენარეების საწინააღმდეგოდ გამოყენებული პესტიციდები, ასევე ინსექტიციდები, მაგ. ფუტკრებისთვის განსაკუთრებით საშიში ფიპრონილი. პესტიციდების ყველაზე მაღალი კონცენტრაციები დაფიქსირდა საქართველოს სანაპიროსთან.

    ზღვის წყალში აღმოაჩინეს არითმიის და ჰიპერტონიის საწინააღმდეგო ფარმაცევტული პრეპარატების კვალი, ასევე ზღვის ორგანიზმებისთვის მავნე ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც შედის პლასტმასის ბოთლების და მზისგან დამცავი კრემის შემადგენლობაში.

    მავნე ფოსფორორგანული ნივთიერებები გვხვდება ყოველდღიური სარგებლობის თითქმის ყველა პროდუქტში, მაგ. ტექსტილი, ავეჯი, კომპიუტერები და ა. შ.; ისინი აღმოჩენილი იქნა მონიტორინგის ყველა სადგურში. ჯამურად ამ ნივთიერებების უდიდესი რაოდენობა გამოვლენილია დუნაის და დნესტრის დელტაში და საქართველოს წყლებში. თუ ქიმიკატების დონე გარკვეულ ზღვარს გადააჭარბებს, ისინი დამღუპველი გახდებიან ცოცხალი ორგანიზმისთვის და დაარღვევენ ზღვის ბინადრების განვითარების და გამრავლების ციკლს. მაგალითად, დაღუპული დელფინების ქსოვილებში აღმოჩენილი იქნა ქლორის შემცველი პესტიციდების, ტოქსიკური დიოქსინების და ვერცხლისწყლის მაღალი კონცენტრაციები. ყველა ასეთი ნივთიერებისთვის დგინდება ტოქსიკურობის ზღურბლი, და მისი გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა ამ ნივთიერებების ამოღება წარმოებიდან, კანალიზაციის წყლების გაწმენდის გაუმჯობესება, ან წარმოებაში მათ გამოყენებაზე აკრძალვის კანონმდებლობით დაწესება.

    „შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის გაუმჯობესების“ (EMBLAS) პროექტის მონაცემებით, ამჟამად დაწყებულია მცენარეთა და ცხოველთა სახეობების,   მაგ. ფილოფლორის წითელი აგარშემცველი წყალმცენარის აღდგენის პროცესები, რაც კარგი ეკოლოგიური მდგომარეობის ინდიკატორებია. სანაპირო ზონაში, დამსვენებელთა სასიხარულოდ, ისევ არის შესაძლებელი კიბორჩხალების, კრევეტების და ზღვის ცხენთევზების ნახვა.

    შავი ზღვის შესახებ უფრო საინტერესო ფაქტები შეგიძლიათ იხილოთ წიგნში «შავი ზღვის საიდუმლოებები».

    კიდევ მოიპოვება თუ არა შავ ზღვაში თევზი?

    შავ ზღვაში 200-ზე მეტი სახეობის თევზი ბინადრობს, მაგთან 30 ძვირფასია სარეწაო თვალსაზრისით; ასეთი თევზებია ქაფშია, ქარსალა, შავი ზღვის სარდელი, ქაშაყი და ღორჯოსებრნი. შავი ზღვის ზომით ყველაზე დიდი თევზი - სვია შავი ზღვის ზუთხისებრთა შვიდი ოჯახიდან ერთ-ერთის წარმომადგენელია.

    თევზის ზოგიერთი სახეობის რაოდენობა კლებულობს და გადაშენების ზღვარს უახლოვდება. მაგალითად, ზღვის ცხენთევზას ეგზოტიკური გამოსახულება მისი თითქმის სრული გაქრობის მიზეზი გახდა. ათობით ათას თევზს ყოველწლიურად აშრობდნენ სუვენირებად ტურისტებისთვის, და ზღვის ცხენთევზა კურორტების მახლობლად პრაქტიკულად გაუჩინარდა. მას შემდეგ, რაც ზღვის ცხენთევზა „უკრაინის წითელ წიგნში“ შეიტანეს და მისი ჭერა აკრძალეს, ამ სახეობის რიცხოვნობამ ზრდა დაიწყო.

    გადაჭარბებულმა მოპოვებამ გავლენა ზუთხისებრთა ოჯახზეც მოახდინა. ეს მოპოვება უმთავრესად ბრაკონიერული იყო, რადგან ზუთხისებრთა ხორცი, და რაც მთავარია, შავი ხიზილალა, განსაკუთრებულად ძვირფას დელიკატესებად ითვლება. გასაკვირი არ არის, რომ შავი ზღვის ზუთხისებრთა შვიდივე სახეობას გადაშენების საფრთხე დაემუქრა და ისინი შავი ზღვისპირეთის ყველა ქვეყნის წითელ წიგნებში იქნა შეტანილი. პროექტის EMBLAS კვლევების მიმდინარეობისას ევროპული ზუთხის და სვიის დნმ მთელი შავი ზღვიდან აღებულ მრავალ სინჯში იქნა აღმოჩენილი - ეს ნიშნავს, რომ ამ უნიკალური თევზების გარკვეული რაოდენობა შავ ზღვაში ჯერ კიდევ ბინადრობს.

    ზღვაში ყოველწლიურად დიდი რაოდენობით თევზს იჭერენ, ამ რაოდენობის ნახევარი თურქეთზე მოდის. თევზჭერის საფუძველი გახდა ქაფშია, კეფალი, პელენგასი და მტაცებელი მოლუსკი რაპანა. გადაჭარბებული მოპოვების გამო შავი ზღვაში უკვე აღარ არის თინუსი და სკუმბრია, ხოლო ზუთხისებრნი გადაშენების ზღვარზე იმყოფებიან და მათი ჭერა შავი ზღვისპირეთის ყველა ქვეყანაში აკრძალულია, თუმცა ბრაკონიერები ამ აკრძალვას გამუდმებით არღვევენ. უსწრაფესად მცირდება კამბალა-კალკანის და კატრანის რაოდენობები, და ისინიც შეაქვთ შავი ზღვისპირეთის ქვეყნების წითელ წიგნებში.

    სულ შავ ზღვაში 5600 სახეობამდე ცოცხალი ორგანიზმი ბინადრობს, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე მეზობელ ზღვებში. ამის მიზეზია მცირე მარილიანობა და ცივი კლიმატი.

    შავ ზღვაში ბინადრობენ ზვიგენი კატრანი, სკატები, დელფინები და მედუზების 30 სახეობა. მსხვილ წარმომადგენლებს განეკუთვნებიან ფართოდ გავრცელებული მთვარის, ანუ მედუზა აურელია და კორნეროტი. აურელია იშვიათად იწვევს მსუბუქ დამწვრობებს, რომლებიც ერთ საათში უკუვითარდება, ხოლო უფრო დიდ კორნეროტს შეუძლია გამოიწვიოს კანის მტკივნეული, მაგრამ სიცოცხლისათვის უსაფრთხო დაზიანებები, რომლებიც რამდენიმე დღეში ქრება.

    შავი ზღვის შესახებ უფრო საინტერესო ფაქტები შეგიძლიათ იხილოთ წიგნში «შავი ზღვის საიდუმლოებები».

    რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს გლობალურმა დათბობამ ზღვაზე და ზღვისპირა ქალაქებზე?

    გლობალური დათბობის ერთ-ერთი საშიში შედეგი იქნება ზღვის დონის აწევა: უპირველეს ყოვლისა, დნება მყინვარები,  რაც  ზრდის მსოფლიო ოკეანეში არსებული წყლის მოცულობას, მეორეც - წყალი გათბობისას ფართოვდება. ამდენად, ადვილი შესაძლებელია, რომ ოდესამ და შავი ზღვისპირეთის სხვა ქალაქებმა ჩაძირული ოლბიის ბედი გაიზიარონ, თუმცა ეს შეიძლება მოხდეს არა ერთ, და თუნდაც ას წელიწადში, არამედ რამდენიმე საუკუნეში.

    შავ ზღვას წყლის დონის მერყეობის საკუთარი ციკლები აქვს. მაგალითად, 1990-იანი წლების ბოლოდან შავი ზღვის დონემ საშუალოდ 1 სმ-ით დაიწია. ეს შეიძლება გლობალურ კლიმატურ ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული - ცნობილია, რომ რაც უფრო თბილია ზღვა, მისი ზედაპირიდან მით უფრო მეტი წყალი ორთქლდება. გარდა ამისა, რაც უფრო თბილი და გვალვიანია წელიწადი, მით უფრო ნაკლები წყალი ჩადის ზღვაში ჩამდინარე მდინარეებიდან. ახლა მდინარეებიდან წყლის ჩადინება შავ ზღვაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 100 წლის წინ, რადგან დნეპრის, ბუგის, დნესტრის და დუნაის წყლების მოცულობის უდიდესი ნაწილი მინდვრების მოსარწყავად მიმართეს. ტემპერატურის მომატებასთან ერთად წყლის მოხმარება ხმელეთზე მატულობს, ხოლო მისი ნაკადი მდინარეების სათავეებიდან მცირდება. წყლის გათბობამ წყალმარჩხ სანაპირო რაიონებში შეიძლება გამოიწვიოს წყალში ჟანგბადის ხსნადობის შემცირება. წარმოიქმნება „მკვდარი წყლის“ ადგილები ლაქების სახით, სადაც ჟანგბადის შემადგენლობა ძალიან დაბალია თევზების, კიბორჩხალების და მოლუსკების სიცოცხლის გადარჩენისთვის, და ისინი მასობრივად იღუპებიან.

    სამდინარო წყლების ჩადინების შემცირებით შავ ზღვაში და ოკეანეების დონის ზრდით, შავ ზღვაში მარილიანობის მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შავი ზღვა უფრო მიმზიდველი გახდება ხმელთაშუა ზღვის ბინადრებით დასახლებისთვის. ყოველწლიურად შავ ზღვაში ხმელთაშუა ზღვის სულ უფრო მეტი სახეობა შემოდის, მაგ. ბარაკუდა და ზღვის კუები.

    შავი ზღვის შესახებ უფრო საინტერესო ფაქტები შეგიძლიათ იხილოთ წიგნში «შავი ზღვის საიდუმლოებები».

     

    მართალია, რომ ზღვაში ბევრი საყოფაცხოვრებო ნარჩენია?

    უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პლასტმასის გამოყენების მასშტაბის ზრდასთან ერთად ნაგვის რაოდენობა მსოფლიო ოკეანეში ასჯერ გაიზარდა - ყოველწლიურად ოკეანეში 8 მილიონამდე ტონა პლასტმასა იყრება. წრიული დინებები მის კონცენტრაციას განსაზღვრულ ადგილზე ახდენენ, და ქმნიან „ნაგვის კუნძულებს“. შავი ზღვა ორჯერ მეტადაა დაბინძურებული ხმელთაშუა ზღვასთან შედარებით, რაც ხდება დიდი მდინარეების ნაკადით პლასტმასის გადატანის და ზღვის შედარებითი იზოლაციის გამო. შავ ზღვაში არსებული მთელი ნარჩენების 85% პლასტმასაა. მსუბუქი პოლიეთილენის ბოთლები და პაკეტები წყლის ზედაპირზე ტივტივისას ულტრაიისფერი სხივების და ტემპერატურის გავლენით თანდათან უფრო წვრილ ფრაგმენტებად იშლება, რომლებიც დროთა განმავლობაში ფსკერზე ილექება.

    ნაგავი ზღვის ეკოსისტემებისთვის პრობლემას წარმოადგენს. უპირველეს ყოვლისა, ზღვის ბინადრები მას ხშირად საკვებად აღიქვამენ, ყლაპავენ და ნარჩენები ავსებს მათ საჭმლის მომნელებელ სისტემას. შავ ზღვაზე ამისგან განსაკუთრებით თოლიები ზიანდებიან. მეორეც, ხშირად პლასტმასი ახდენს ორგანული დამაბინძურებელი ნივთიერებების აბსორბირებას, რომლებიც მერე ხვდება ზღვის ბინადრების საჭმლის მომნელებელ სისტემაში და წამლავს მათ. მესამე - ცხოველები შეიძლება გაიხლართონ , ჩაიკარგონ და დაიღუპონ კიდეც ნარჩენებში.

    ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დიდი ზომის ნარჩენების გარდა, არსებობს კიდევ უხილავი - მიკროპლასტმასი. მიკროპლასტმასის ორ მესამედზე მეტი წარმოიქმნება საბურავების ცვეთისგან და საავტომობილო გზებიდან ჩამოირეცხება, კიდევ დაახლოებით ერთი მეოთხედი კანალიზაციაში ხვდება სინთეტური ქსოვილების რეცხვისას, საიდანაც ხდება მიკრობოჭკოების აშრევება. წვრილი პლატმასის გრანულებს ასევე ხშირად ამატებენ საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებებში, კრემებში, სკრაბებში და კბილის პასტებში, და შემდეგ ისინიც კანალიზაციაში ხვდება. პროექტის EMBLAS კვლევის დროს შავი ზღვის ფსკერზე მეცნიერებმა უკვე აღმოაჩინეს მიკროპლასტმასის მნიშვნელოვანი ნალექები.

    ზღვის ბინადრები ასევე ზიანდებიან ხმაურით დაბინძურების გამო - კონტეინერმზიდების, ტანკერების და ტრაულერების ხმაურისგან. ინტენსიური ნაოსნობის რაიონებში წყალქვეშა გუგუნი გაუჩერებლად ისმის, ისევე, როგორც საავტომობილო მაგისტრალებზე.

    ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ე. წ. იმპულსური ბგერები, როდესაც იქმნება უზარმაზარი სიძლიერის ხანმოკლე სიგნალი - გამაყრუებელი და კონტუზიის გამომწვევი. მაგალითად, სასარგებლო წიაღისეულის წყალქვეშა სეისმური დაზვერვის დროს გამოყენებულ პნევმატურ ქვემეხებს შეუძლია წარმოშვას ბგერის იმპულსები, რომელთა სიძლიერე კოსმოსური რაკეტის გაშვების დროს წარმოქმნილ ხმას აჭარბებს. ამიტომ შუა ყურის აკუსტიკური ტრავმები, მიღებული ვეშაპისნაირთა მიერ სამხედრო სწავლებების ან სეისმური დაზვერვის დროს, შიძლება მათი ნაპირზე გარიყვის ერთ-ერთი მიზეზი იყოს; ისინი კარგავენ ექო-ლოკაციის დროს ორიენტირების, და ზღვისა და ნაპირის ერთმანეთისგან გარჩევის უნარს.

    შავი ზღვის შესახებ უფრო საინტერესო ფაქტები შეგიძლიათ იხილოთ წიგნში «შავი ზღვის საიდუმლოებები».

    როგორ შეიძლება შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვა?

    ევროკავშირი აფინანსებს რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას, რომლებიც ხელს უწყობს შავი ზღვის ეკოსისტემის შენარჩუნებას. მათ შორის არის ევროკომისიის და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი „შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის გაძლიერება“ (EMBLAS), რომელიც სწავლობს ზღვას, აფასებს მის „ჯანმრთელობას“ და ხელს უწყობს პლასტმასის ნარჩენებთან ბრძოლას, ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად ატარებს ეკოლოგიურ აქციებს, მაგალითად პლაჟების დასუფთავებას, ასევე აწარმოებს ზღვის ნარჩენების გადამუშავებას ტროტუარის ფილებად. პროექტის ზოგადი მიზანია შავი ზღვის გარემოს დაცვის გაძლიერება უკრაინასა და საქართველოში.

    ევროკავშირის წყლის ინიციატივაეს პროექტი ხელს უწყობს წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებას, მდინარეების წყლის სისუფთავის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.  პროგრამა თანამშრომლობს მთავრობებთან თანამედროვე საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შესაქმნელად, ატარებს წყლის რესურსების მონიტორინგს, მათ შორის წყლის ხარისხის ანალიზის თანამედროვე ლაბორატორიების შექმნას, აღჭურვილობის შეძენას, ტექნიკურ მხარდაჭერას და პერსონალის ტრენინგს.

    ევროკავშირის სასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

    მიმართულია რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე, გარემოს დაცვაზე, კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებასა და სანაპირო რაიონების პლასტმასის ნარჩენებით დანაგვიანებასთან ბრძოლაზე.

    საერთაშორისო დახმარება და თანამშრომლობა უდავოდ ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ  საკუთარი წვლილის შეტანა შავი ზღვის ეკოლოგიის შენარჩუნებაში ყველა ჩვენგანსაც შეუძლია. მაგალითად, პლასტიკის შესაფუთი მასალის ნაკლებად გამოყენება, ნაგვის გადაყრა მხოლოდ სპეციალურად გათვალისწინებულ ადგილებზე, ნაპირების დასუფთავებაში მონაწილეობა, ასევე უარის თქმა ფოსფატების და ფოსფიტების შემცველ სარეცხ და კოსმეტიკურ საშუალებებზე, რომლებიც წყლის „აყვავებას“ იწვევს.

     

  • საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის.

    მისივე თქმით, 30 ივნისს ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, მთავრობა საზღვრების გახსნის თაობაზე, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან.

    ● საგულისხმოა, რომ მსოფლიოსა და თავად ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ამ ეტაპზე, საერთოდ არ გახსნეს საზღვრები უცხო ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. რიგ ქვეყნებში ჩასვლისას კი, სავალდებულოა 14 დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით.

    ● საქართველოც აკვირდება არსებულ გლობალურ სურათს და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის, სიფრთხილით დგამს შესაბამის ნაბიჯებს.

    ● დღეისათვის, იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო საზღვრებს ასევე უპირობოდ გახსნის შემდეგ 5 ქვეყანასთან:

    1. გერმანია
    2. საფრანგეთი
    3. ლატვია
    4. ლიეტუვა
    5. ესტონეთი

    ● ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ რამდენიმე ქვეყანამ, საზღვრები გაუხსნა მათ შორის, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული უსაფრთხო ქვეყნების სიაში არმყოფ სახელმწიფოებს.

    ● ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.

    ● საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.

    ● მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.

    ● ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.

    ● საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, მთელი აქ ყოფნის პერიოდში, პროაქტიურ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი.

    ● რაც შეეხება ევროკავშირის წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს - ქვეყნებთან მიმართებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი. ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.

    ● ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის გარდა, ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის, გრძელდება შემდგომი მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით.

    ● ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე.

    ● ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი.

    ● ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება.

    ● აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. ეს რა თქმა უნდა, არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

    ● შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ როგორც ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე, ნებისმიერი საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელ პირებს, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge.

    ● რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14 დღიან კარანტინს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე გაითვალისწინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით.

    ● ამასთან, ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. მათ შორის, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში 2 რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ AirBaltic-სა და AirFrance-თან.

    ● აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizzair-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ შემდეგ ავიარეისებს:

    13 ივლისი - ვარშავა,
    15 ივლისი - ბარსელონა,
    17 ივლისი - რომი,
    22 ივლისი - პარიზი,
    28 ივლისი - ათენი.

    ● აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.

    ● ასევე, როგორც მოგეხსენებათ, კომერციულ ჩარტერულ რეისებს ახორციელებს ქართული ავიახაზები (აირზენა) შემდეგ დედაქალაქებში: ვენაში, ამსტერდამსა და თელავივში.

    ● აქვე, გაცნობებთ, რომ უახლოეს დღეებში, ერთჯერად შესრულდება კატარის ავიახაზების კომერციული ჩარტერული რეისი, დედაქალაქ დოჰადან, საიდანაც სამშობლოში საქართველოს 105 მოქალაქე დაბრუნდება.

    ● აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე შენარჩუნდება დღეს მოქმედი რეგულაციები.

    ●საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე ჩვენი მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.

    ● ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შესაბამისად, თითოეული გადაწყვეტილება სწორედ აქედან გამომდინარე მიიღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოში როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ჩვენი ქვეყნის სტუმრების, ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული.

     

    მთავრობის ადმინისტრაცის პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური