კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის ტარიფი შეუმცირა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 18 აპრილი 2020 12:31

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“, რომელიც საქართველოში ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მის ქსელში ჩართულ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის სამომხმარებლო ტარიფი 10 თეთრით შეუმცირა.

აღნიშნული უწყების ცნობით, მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში ყველა ეს ობიექტები ერთ კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრის ნაცვლად 76 თეთრს გადაიხდიან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პურის ქარხნებსა და საცხობებს მისცემს შესაძლებლობას, შეინარჩუნონ პურის ფასი, რაც დღეისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობისთვის.

ეკონომიკის მინისტრმა გულითადი მადლობა გადაუხადა კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ხელმძღვანელობას მიღებული გადაწყვეტილებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი სახის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

წაკითხულია 310 ჯერ

Related items

  • აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

    აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმზე ხელმოწერა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. 

    ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ქით ქროქი, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და აკაკი საღირაშვილი, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

    მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების (5G) განვითარების მიმართულებით. მემორანდუმის თანახმად, 5G იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, მათ შორის, რომლებიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად, რაც სარგებელს მოუტანს ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და ეკონომიკებს. 

    ამავე დროს, 5G-ის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დოკუმენტში აღნიშნულია საკომუნიკაციო ქსელების შეფერხებებისა ან მანიპულირებისგან დაცვის მნიშვნელობა. მემორანდუმში ხაზგასმულია 5G ბაზრებზე საიმედო და სანდო ქსელის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლების მხარდაჭერის აუცილებლობა ეროვნული უსაფრთხოების რისკის პროფილის შეფასების გათვალისწინებით და, ასევე, ისეთი ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის საჭიროება, რომლებიც ეფექტურად იცავს 5G ქსელებს არასანქცირებული წვდომისგან ან ჩარევისგან. დოკუმენტის თანახმად, ბაზარზე მომწოდებლების შეფასებისას მნიშვნელოვანია ისეთი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობა, როგორიცაა კანონის უზენაესობა; უსაფრთხოების გარემო; მიმწოდებლის ეთიკური  პრაქტიკა; მიმწოდებლის შესაბამისობა უსაფრთხოების სტანდარტებსა და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკასთან.

    მემორანდუმის მიხედვით, მხარეები აღიარებენ, რომ 5G მომწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ ისეთი პროდუქტები და მომსახურება, რაც საშუალებას მისცემს ინოვაციების განვითარებას და ხელს შეუწყობს ეფექტურობას. ამ პროდუქტებმა და მომსახურებებმა უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია და ხელი შეუწყონ შემდგომ განვითარებას ბაზარზე მაქსიმალური მონაწილეების ჩართულობით. 

    მემორანდუმის შესაბამისად, მომავალი თაობის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვის შექმნის ხელშესაწყობად, აშშ და საქართველო როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში ითანამშრომლებენ ინოვაციებზე, რათა უზრუნველყონ მრავალფეროვანი და ძლიერი მიწოდების ჯაჭვი უსაფრთხო და სანდო მომავალი თაობის უსადენო ტექნოლოგიების ქსელისთვის.

    მემორანდუმის საფუძველზე აშშ-ის მთავრობასთან საქართველოს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს 5G ქსელების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვას, მონაცემთა დაცვას და ადამიანის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მომავალი თაობის ინტერნეტ სანდო ეკოსისტემის, ციფრული სერვისების და მთლიანად ციფრული ეკონომიკის განვითარებაში.

    5G ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარება ახალი შესაძლებლობაა საქართველოსთვის. ეს არის ახალი თაობის ტექნოლოგია, რომელიც წარმოუდგენელი სიჩქარის კომუნიკაციას და კავშირს უზრუნველყოფს. 5G ტექნოლოგიის დანერგვა ასევე გარდაქმნის და სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს სექტორებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა და სხვ.

    5G ტექნოლოგია ადამიანებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გაიმარტივონ ცხოვრება და მიიღონ ისეთი მომსახურებები, რომლის რესურსი და შესაძლებლობაც აქამდე არ ჰქონდათ.  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ახალი თაობის ინტერნეტი განავითარებს, ჯანდაცვას ეხება. 5G ინტერნეტის მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა, დაინერგოს ახალი ტიპის სამედიცინო პროცედურები. 5G მნიშვნელოვანია განათლების სისტემისთვის, რომელიც პანდემიის შედეგად დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. ინოვაციური ტექნოლოგია განათლების სისტემას აძლევს საშუალებას, უფრო ეფექტურად შეძლონ დისტანციური სწავლება როგორც მოსწავლეებისთვის, ისე სტუდენტებისთვის.

    საქართველოსა და აშშ-ს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის ხელმოწერით, საქართველო მიუერთდა „Clean Network“ ინიციატივას, რაც თავის მხრივ ხაზს უსვამს სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გამოყენებას, მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

    ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია

  • კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯიამ" სოციალურად დაუცველ ოჯახებს 300 ათას ლარამდე ღირებულების საკვები პროდუქტები გადასცა

    Covid 19-მა განვლილ წელს ყველა ჩვენთაგანის ცხოვრება შეცვალა, თუმცა პანდემია განსაკუთრებით მძიმედ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე აისახა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია - სოკარ ენერჯი ჯორჯია ავრცელებს.
    სწორედ ამიტომ, კომპანია - სოკარ ენერჯი ჯორჯიამ, მისი გენერალური დირექტორის - მაჰირ მამედოვისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჩართულობით, გადაწყვიტა სოციალურად დაუცველ ოჯახებს 300,000 ლარამდე ღირებულების საკვები პროდუქტებით დახმარებოდა.
    სულ ბენეფიციართა სიაში მოხვდა კონფლიქტის ზონებთან მოსაზღვრე რაიონებში მცხოვრები 2 174 და კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონეში მცხოვრები 800-მდე ოჯახი.
    შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული კომპანია "სოკარი" მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც 6 ქვეყანაში ფუნქციონირებს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2006 წელს შემოვიდა. პირველი ავტოგასამართი სადგური 2008 წლის 25 აპრილს გაიხსნა. სოკარ ჯორჯია მზარდი კომპანიაა, რომელშიც 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სოკარის ავტოგასამართ სადგურთა ქსელში აღსანიშნავია ისეთი თანამედროვე და გამორჩეული ობიექტები, როგორიცაა ურბნისის მრავალფუნქციური კომპლექსი, თბილისის შემოვლით გზაზე არსებული მრავალფუნქციური კომპლექსი და სოკარისა და მაკდონალდსის ერთობლივი პროექტი ბათუმში.

  • საქართველოს ხელისუფლებას კორპორაცია „სოკართან" ბუნებრივი აირის სფეროში წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის" პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა.

    საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლურ ურთიერთობასა და პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „სოკარის" მიერ საქართველოში განხორციელებულ საინვესტიციო პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

    აღინიშნა, რომ საქართველოს კორპორაცია „სოკართან" ბუნებრივი აირის სფეროში წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს, რისი კიდევ ერთი შედეგია შეთანხმება, რომლითაც ქვეყანაში სოციალური გაზის ფასის ოპტიმიზაცია მოხდა.

    კერძოდ, საქართველოს მთავრობის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და კომპანია „სოკარის" მოლაპარაკებით, საქართველო აზერბაიჯანისგან ე.წ. სოციალურ გაზს 200 მლნ კუბური მეტრის მოცულობით შემცირებული ტარიფით მიიღებს. სოციალური გაზით მომარაგების 2016 წლიდან მოქმედ კონტრაქტში ცვლილებას ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ და „სოკარის" პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მოაწერეს.

    აღნიშნული შეთანხმების შედეგად, საქართველოს მთავრობა შეძლებს, უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნოს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის ფასის სტაბილურობა.

    ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ „სამხრეთის გაზის კორიდორის" მეოთხე ეტაპის დასრულების შემდეგ, რომელიც „შაჰ-დენიზის" გაზის ევროპის ბაზარზე მიწოდებას ითვალისწინებს, საქართველოზე მეტი მოცულობის აზერბაიჯანული გაზი გაივლის. ამასთან, ქვეყანა შეძლებს, უფრო შეღავათიან ფასად შეიძინოს აზერბაიჯანული გაზი საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

    პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი, SOCAR ENERGY GEORGIA-ის გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, SOCAR-ის პრეზიდენტი ინვესტიციებისა და მარკეტინგის მიმართულებით ელშად ნასაროვი და SOCAR-ის ინვესტიციების განყოფილების ხელმძღვანელი ვაგიფ ალიევი დაესწრნენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • ნათია თურნავამ ჩინეთის მესამე საერთაშორისო იმპორტის ექსპოს გახსნის ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

    საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის მესამე საერთაშორისო იმპორტის ექსპოს (CIIE) გახსნის ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, ნათია თურნავა ამჟამად კოვიდ-ინფიცირების გამო, თვითიზოლაციაშია და დისტანციურად ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას.

    შანხაის იმპორტის ექსპო წელს მესამედ ტარდება. 2018 – 2019 წლებში საქართველო სპეციალური პავილიონითა და რამდენიმე ათეული ქართული კომპანიის სტენდით იყო წარმოდგენილი. 2020 წელს ონლაინ-ღონისძიებას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

    „მიმდინარე პანდემიის, კოვიდ-19-ით გამოწვეული გლობალური გამოწვევების ფონზე, შანხაიში იმპორტის ექსპოს ჩატარებას განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ეკონომიკისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის. შარშან, 2019 წელს 33-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა შანხაის იმპორტის ექსპოზე, რაც უპრეცედენტოდ მაღალია სხვა ანალოგიურ საერთაშორისო გამოფენებთან შედარებით, სადაც საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ქართული კომპანიები მონაწილეობენ. ჩინეთის იმპორტის ექსპოზე ქართული კომპანიების მონაწილეობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციას, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და რაც მთავარია, ექსპორტის ზრდას ჩინეთის ბაზარზე”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

    მე-3 საერთაშორისო იმპორტის ექსპოს ოფიციალურ გახსნაში 40-ზე მეტი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი მონაწილეობდა, როგორც სახელმწიფო მეთაურების, ასევე ვიცე-პრემიერებისა და მინისტრების დონეზე.

    წლევანდელი ექსპოს მთავარი თემაა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პრინციპების დაცვა და ეკონომიკების უფრო მეტი გახსნილობა. ღონისძიებაზე ერთხმად აღინიშნა, რომ ექსპო წარმოადგენს უმთავრეს პლატფორმას საერთაშორისო შესყიდვების, ინვესტიციების ხელშეწყობის, კულტურული გაცვლისა და თანამშრომლობის თვალსაზრისით.

    ბოლო წლების მონაცემებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდი დინამიკით ხასიათდება. 2019 წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდა 12%-ით წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 223.13 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ უკვე 2020 წლის მიმდინარე მონაცემებით (9 თვე),ექსპორტი შეადგენს 355.34 მლნ. აშშ დოლარს (ზრდა 184% წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან) და ჩინეთი იკავებს პირველ ადგილს საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებს შორის საქართველოს მთლიან ექსპორტში 14.8%-იანი წილით.

  • კოვიდ-19-ის ვაქცინა შეიძლება ოქტომბრისთვის იყოს ხელმისაწვდომი

    ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ შეიძლება, კოვიდ-19-ის ვაქცინა მზად ოქტომბრის ბოლოსთვის იყოს. ამის შესახებ TRT-ქართული წერს.

    კომპანია Pfizer–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ ამერიკულ CBS-ის ტელევიზიას განუცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინა ცდების დასკვნით ეტაპზე იმყოფება.

    მისივე თქმით, ვაქცინის წარმოებაში ჩაშვება წლის ბოლომდე შეიძლება, თუ ის „უსაფრთხო და ეფექტური“ იქნება.  „თუ ყველაფერი კარგად წარიმართება და ჩვენ გვექნება საკმარისი მტკიცებულება მისი უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცინა შეიძლება ხელმისაწვდომი ოქტომბრისთვის გახდეს“, - განაცხადა ალბერტ ბურლამ.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური