"ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ კამპანიას, რამაც საშიშროების წინაშე დააყენა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება და ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა", - სუს-ი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 16 აპრილი 2020 14:22

გასულ წელს დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ძალები, მათ შორის, ეროვნული ფასეულობების დაცვის ზურგს ამოფარებული ცალკეული პირები და ჯგუფები, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის /სუს/ 2019 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის ინფორმაციის მიხედვით, ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ კამპანიას, რამაც საშიშროების წინაშე დააყენა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარება და ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა.

„რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მიუხედავად ამისა, მუდმივად არის მიმდინარე ორმხრივ ურთიერთობებში პირდაპირი თუ ირიბი ჩარევისა და მათი მიზანმიმართული დაზიანების მცდელობები. გასულ წელს დაფიქსირდა ტენდენცია, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფები ცდილობდნენ, აღნიშნულ ქვეყნებთან ურთიერთობების დესტაბილიზაციის მცდელობებით გადაეფარათ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. ცალკეული ჯგუფების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მიმდინარე პროცესების რუსულ ოკუპაციასთან გაიგივების მცდელობას.

აღნიშნულ კონტექსტში განსახილველია 2019 წელს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც. ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ კამპანიას, რამაც საფრთხის წინაშე დააყენა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარება, ასევე, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა. აღნიშნულ პროცესებში ჩართული იყვნენ სხვადასხვა ძალები, მათ შორის, ეროვნული ფასეულობების დაცვის საფარს ამოფარებული ცალკეული პირები და პირთა ჯგუფები. საკითხის გასამწვავებლად აქტიურად იყო გამოყენებული ე.წ. საინფორმაციო ომის მეთოდები. მიმდინარეობდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების დამაზიანებელი განწყობების წახალისება, ასევე, პროვოკაციული მოწოდებებით, შექმნილი ვითარების „ოკუპაციის სიბრტყეში“ გადატანის მცდელობა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, პროვოკაციების თავიდან აცილებისა და ვითარების დასტაბილურების მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.

„უწყება ჩართულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის მუშაობაში, რომელიც ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის აღნიშნული საკითხის დარეგულირების ლეგიტიმურ ფორმატს წარმოადგენს. საფრთხეების მინიმიზაციის მიმართულებით, შესაბამისი რეკომენდაციები ეძლევა მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ უწყებებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონალური დანაყოფები, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებდნენ სასაზღვრო ზონის მიმდებარედ არსებული ოპერატიული ვითარების მონიტორინგსა და შესაბამის ოპერატიულ უზრუნველყოფას“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, საქართველოზე გავლენის მოპოვებით დაინტერესებული სახელმწიფოები ასევე ცდილობდნენ ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას და საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. მნიშვნელოვან პროცესებზე უარყოფითი გავლენის მოხდენის მიზნით მიმდინარეობდა საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2019 წელს გარკვეული ძალების მიერ ადგილი ჰქონდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხის თაობაზე მოსახლეობის პოლარიზაციის მცდელობას. დაფიქსირდა მოსახლეობის მხრიდან სახელმწიფოსთან ძალისმიერი დაპირისპირების ფაქტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, მიმდინარეობდა ვითარების მონიტორინგი და ხორციელდებოდა დეესკალაციის ღონისძიებები.

„გასულ წელს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა დესტრუქციული ძალების მხრიდან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების გარკვეულ ნაწილზე იდეოლოგიური ზეგავლენის და სეპარატისტული განწყობების სხვადასხვა ფორმით წახალისების მცდელობებს. აღნიშნულის ფარგლებში, სხვადასხვა სოციალური, კულტურული, საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული თუ ბიზნეს პროექტებისა და აქტივობების საფარქვეშ, სამიზნე ჯგუფებში ხორციელდებოდა ანტიქართული განწყობების გაღვივებისა და საქართველოს სახელმწიფოსგან მათი დისტანცირების მცდელობა. ამავე დროს, პერიოდულად ვრცელდებოდა გაყალბებული ფაქტები და მიმდინარეობდა მითების შექმნა, რათა ყოფით ნიადაგზე წამოჭრილი საერთო პრობლემები ეთნიკური ნიშნით წარმოჩენილიყო.

საანგარიშო პერიოდში კონტროლზე იყო აყვანილი საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება. აღკვეთილი იქნა გარკვეული აქტივობები, სადაც იგეგმებოდა საქართველოს მოქალაქეებში დესტრუქციული განწყობების გაღვივება. თავიდან იქნა აცილებული ცალკეული პირების ჩართვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ მსგავს პროექტებში. ხორციელდებოდა შესაბამისი სასაზღვრო კონტროლი და განეიტრალდა ეთნიკური დაპირისპირებების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის მცდელობები“, - ხაზგასმულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშში.

წაკითხულია 318 ჯერ

Related items

  • აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვაში ნახშირწყალბადის საბადოს ერთობლივ კვლევასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

    აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვაში ნახშირწყალბადის საბადოს ერთობლივ კვლევასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. წინასწარი ვარაუდით, საბადო ენერგიის მომგებიან რეზერვებს შეიცავს.

    აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ზედამხედველობით, ონლაინ რეჟიმში გაფორმდა მემორანდუმი ორმხრივი განზრახვის შესახებ, რომლითაც წყალქვეშა საბადოს ერთობლივად შეისწავლიან და განავითარებენ. წყალქვეშა საბადო საბჭოთა მკვლევარებმა 1986 წელს აღმოაჩინეს.

    ექსპერტების შეფასებით, ნახშირწყალბადების საბადო შეიცავს ბუნებრივ გაზს და მინიმუმ 50 მილიონ ტონა ნავთობს.

    ცნობისთვის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში წყალქვეშა საბადოს საკუთრებასთან დაკავშირებით ბაქოს და აშხაბადს შორის დავა იყო. საკითხის მოგვარება ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური მილსადენის განვითარებას. ესაა მრავალმილიარდიანი გეგმა, რომელიც ევროპასთან თურქმენეთის გიგანტური გაზის საბადოების დაკავშირებას ითვალისწინებს.

    წყარო: https://1tv.ge/news/azerbaijanma-da-turqmenetma-kaspiis-zghvashi-nakhshirwyalbadis-sabados-ertobliv-kvlevastan-dakavshirebit-shetankhmebas-miaghwies/

  • აშშ-ის საელჩოს განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" სახელმწიფოთაშორის სარჩელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო და რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში პასუხისმგებლად ცნო, მათ შორის ცალკეული პიროვნებების დაკავებასა და წამებაში და საქართველოს მოქალაქეებისთვის სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევაში. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ არ ჩაატარა სრული ან შესაბამისი გამოძიება იმ მოვლენებისა, რომელიც მოხდა საომარ მოქმედებამდე და მას შემდეგ.
    სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები. განსაკუთრებით საგანგაშო და მიუღებელია რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ბორდერიზაციის გზით, თვითნებური დაკავებებით, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გადაკვეთის შეზღუდვითა და სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო „ხელშეკრულებების" დადებით საქართველოს ორ რეგიონთან. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის სიცოცხლეს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს და არ აძლევს მათ იმ უფლებებით სარგებლობისა და შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი", - ნათქვამია განცხადებაში.
  • აზერბაიჯანში COVID-19 -ის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

    18 იანვარს აზერბაიჯანში COVID-19 -ის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო „სინხუა“ იუწყება.

    მათი ინფორმაციით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

    აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრი ოქტაი შირალიევი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ორშაბათს აიცრა და ეს მან ყველას თვალწინ გააკეთა.

    როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს,  აზერბაიჯანმა 2 მილიონი ადამიანისთვის 4 მილიონი დოზა ჩინური წარმოების ვაქცინა Sinovac Biotech-ი შეიძინა. ერთი ადამიანი მიიღებს ვაქცინის ორ დოზას. ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება მოხდება პირველი დოზის მიღებიდან 21 დღის შემდეგ.

  • აზერბაიჯანის, რუსეთის და სომხეთის ერთობლივი დეკლარაცია

    აზერბაიჯანის, რუსეთის და სომხეთის ერთობლივი დეკლარაცია მთიან ყარაბაღში ეკონომიკური კავშირებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დამყარების შესახებ.  ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტნმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კრემლის სასახლეში გამართული 4 საათიანი პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

    პუტინმა განაცხადა, რომ ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას მთიანი ყარაბაღის ეკონომიკური კავშირებისა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების შესახებ.

    პუტინი: „ამ მიზნით რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების თავმჯდომარეობით  სპეციალური სამმხრვი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.“

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინთან გამართული პირისპრი შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „აზერბაიჯანი, 30 წლის შემდეგ სომხეთის გავლით სატრანსპორტო გზით დაუკავშირდება ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას. სომხეთს ასევე ექნება სარკინიგზო კავშირები აზერბაიჯანის ტერიტორიების გავლით,  რუსეთთან და ირანთან. აზერბაიჯანს ასევე ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკის გავლით თურქულ ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა და ამით ასევე, თურქეთ-რუსეთს შორის სარკინიგზო კავშირის დამყარების საშუალებაც იქნება.“

    შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა. ეს პირველი ერთობლივი შეხვედრა იყო მას შემდეგ რაც, 9 ნოემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას მთიანი ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის პირობებისა და სამშვიდობო მისიით რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალის განლაგების შესახებ.

    სამმხრივი შეხვედრის პარალელურად სომხეთში მოქალაქეები და ოპოზიცია კვლავ აპროტესტებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ შეთანხმებაზე ხელისმოწერას და მის გადადგომას ითხოვს.

  • ილჰამ ალიევმა ქ. შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მდებარე ქალაქი შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა. ამის შესახებ მან კულტურის მინისტრად ანარ ქარიმოვის დანიშვნასთან დაკავშირებული ვიდეო-კონფერენციის მსვლელობის დროს განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს.

    პრეზიდენტმა ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ შუშაში დაიწყო სამუშაოები ქალაქის სრულმასშტაბიანად აღსადგენად. „მე ვაცხადებ ქალაქ შუშას აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად. ქალაქი შუშა ამას იმსახურებს. მივიჩნევ, რომ ქალაქი შუშა შეიძლება ჩაითვალოს არ მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ რეგიონის კულტურულ დედაქალაქად. შუშას აღდგენაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ჩემი დავალებით, იქ ბევრი თანამშრომელი გააგზავნეს. უნდა ჩატარდეს ისტორიული ძეგლების აღწერა, ზუსტად უნდა დაითვალონ მიყენებული ზიანი და უნდა დავიწყოთ ქალაქ შუშას რესტავრაცია“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

    პრეზიდენტმა ალიევმა ასევე განაცხადა, რომ შუშაში უნდა ჩატარდეს ვაგიფის პოეზიის დღეები და "ჰარა ბულბულის" ფესტივალი". "დაგეგმეთ, რომ ეს ორი ღონისძიება - ვაგიფის პოეზიის დღეები და "ჰარა ბულბულის" ფესტივალი წელს შუშაში ჩატარდება”, - დასძინა ქვეყნის მეთაურმა.

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მან დაავალა საერთაშორისო აეროპორტის აშენება აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქ ფიზულიში.

    შეგახსენებთ, კონფლიქტის ზონაში მდებარე ქალაქი შუშა აზერბაიჯანის მხარემ 8 ნოემბერს დაიკავა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური