საქართველოს მთავრობა „ლიბერთი ბანკს" მადლობას უხდის ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიღებული დროული გადაწყვეტილებისთვის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 28 მარტი 2020 10:46

საქართველოს მთავრობა „ლიბერთი ბანკს" მადლობას უხდის ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიღებული ძალიან დროული და სწორი გადაწყვეტილებისთვის.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით და „ლიბერთი ბანკთან" აქტიური თანამშრომლობით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში უკლებლივ ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხება, - შესაბამისი თანხა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყო.

ასევე ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოხდება პენსიების განსხვავებული წესით გაცემა. კერძოდ, პენსიის თანხის ნაღდი ფულით მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ლიბერთი ბანკის" მიერ წინასწარ გაცხადებული გრაფიკით. ხოლო, თანხის ჩარიცხვისთანავე, ანუ 28 მარტიდან, ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენებას პენსიონერები შეძლებენ სავაჭრო ობიექტებში - აფთიაქში, მაღაზიაში ან კომუნალური გადასახადების გადახდისას.

პენსიის ნაღდი ფულით მიღებაზე დადგენილი გრაფიკის სანახავად მოქალაქეებმა უნდა შეამოწმონ ვებ-გვერდი www.myliberty.ge, ან დარეკონ მობილური ტელეფონიდან ნომერზე - 032 208; ხოლო ქალაქის ნომრიდან - 208.

საქართველოს მთავრობა მიმართავს თხოვნით პენსიონერებს, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და მაქსიმალურად მოერიდონ ფულის გამოსატანად ბანკის რიგში დგომას, რამდენადაც პლასტიკური ბარათით გადახდა დღეს ფაქტობრივად ყველა მომსახურების მიღებისას შესაძლებელია. იმ შემთხვევაში კი, თუ მათ პენსიის თანხის ნაღდი ფულის სახით მიღების სურვილი აქვთ, რიგში დგომისას აუცილებლად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია.

რამდენიმე დღის წინ „ლიბერთი" ბანკმა, საკუთარი ინიციატივითა და რესურსით, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის აპრილის თვის პენსიების წინასწარ გასაცემად 100 მილიონი ლარი გამოყო. ამ ინიციატივის მიზანი იყო, ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი, 70 წელს გადაცილებული ადამიანების დაცვა ვირუსით გამოწვეული მომატებული საფრთხეებისგან, კერძოდ, მათთვის ბანკში მისვლის საჭიროების შემცირება და პენსიის აღებისას მოქალაქეების ნაკადების მაქსიმალურად გადანაწილება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური 

წაკითხულია 333 ჯერ

Related items

  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის ინტერვიუ ქართულ-ჩინური ურთიერთობების და ჩინეთის პოლიტიკური ცხოვრების შესახებ

    უკანასკნელ ხანს ჩინურ-ქართული ურთიერთობები ძალიან წარმატებით ვითარდება და COVID-19-ის ეპიდემიის ფონზე, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა. ამ ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას, ქალბატონ ელჩს ლი იენს. ჩვენ ვთხოვეთ მას ესაუბრა ქართულ-ჩინური ურთიერთობების და ჩინეთის პოლიტიკური ცხოვრების შესახებ, რაზეც  ქალბატონი ლი იენი სიამოვნებით დაგვთანხმდა. გთავაზობთ მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს.

     

    ქალბატონო ელჩო, ცოტა ხნის წინ ჩინეთში ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის მადლიერების გამოსახატად კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. შეგიძლიათ მოკლედ გაგვაცნოთ ამ კონფერენციის დეტალები?

    8 სექტემბერს, პეკინში ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლისადმი მიძღვნილი კონფერენცია საზეიმოდ გაიხსნა, სადაც ბრძოლაში გაღებული ღვაწლისათვის ცალკეული პირებისა და ჯგუფების მიმართ მადლიერება გამოიხატა. პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ორდენოსნებსა და საპატიო წოდების მფლობელებს მედლები და წარჩინების ნიშნები გადასცა. გარდა ამისა, იგი ღონისძიებაზე მნიშვნელოვანი სიტყვით გამოვიდა.

    პრეზიდენტმა ჩინეთის კომპარტიის ძლიერი ხელმძღვანელობით, ჩინელი ხალხის მიერ ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში მიღებული მწარე გამოცდილება გაიხსენა.  მან აღნიშნა, რომ ეპიდემიასთან მძიმე ბრძოლაში, სიცოცხლის უზენაესობის უზრუნველყოფით, ეროვნული ერთსულოვნებით, ადამიანების მხრიდან საკუთარი სიცოცხლის არდაზოგვით, მეცნიერებისადმი პატივისცემით და საერთო ბედის გაზიარებით, ჩინეთმა მობილიზაციისა და შესრულების ძლიერი უნარი აჩვენა. ჩინეთი „მთელი მსოფლიო ერთი ოჯახიას“ პრინციპზე დაყრდნობით, საერთაშორისო ვალდებულებებს აქტიურად ასრულებს, ვირუსის პრევენციის, კონტროლის და მკურნალობის გამოცდილობას უპირობოდ აზიარებს და გლობალურად ეპიდემიის კონტროლის მისაღწევად რეალურ ქმედებებს ახორციელებს.

    ჩინეთის მიერ ეპიდემიასთან ბრძოლაში მიღწეული სტრატეგიული შედეგებით, ჩინეთის კომპარტიის მმართველობის ძლიერი უნარი და ჩინელი ხალხის უდრეკი ნებისყოფა კიდევ ერთხელ დადასტურდა. ჩინეთის კომპარტიის ძირითადი მიზანი, რომ მთელი გულით ხალხს ემსახუროს და ჩინური სპეციფიკის სოციალისტური წყობის აშკარა უპირატესობა ნათლად აჩვენებს, რომ ჩინეთი, როგორც პასუხისმგებლიანი დიდი სახელმწიფო მზადაა შეგნებულად იკისროს ვალდებულება, რაც „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ მსოფლიო მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

    კორონავირუსთან ბრძოლაში ჩინეთის გამოცდილების გათვალისწინებით, რა მოსაზრება და რჩევები გაქვთ საქართველოში ეპიდემიის მცირე მასშტაბით განმეორებით აფეთქების შესახებ?

    ჩვენ მუდამ თვალს ვადევნებთ საქართველოში ეპიდსიტუაციის განვითარებას. ეპიდემიის დაწყებიდან, საქართველოს მთავრობა გადამჭრელ და ეფექტურ ზომებს ატარებს, სამედიცინო პერსონალი მეცნიერულად ცდილობს ეპიდემიის შეჩერებას, მოსახლეობაც აქტიურად თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. ყოველივე ამის შედეგად, საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი მუდამ შედარებით დაბალია.  საქართველო თავისი შედეგებით რეგიონის სხვა ქვეყნებისგან გამოირჩევა. ბოლო პერიოდში, ეპიდემიის ხელახალი აფეთქება, საქართველოს ჯანდაცვის სპეციალისტების მოსაზრებას თუ დავეყრდნობით, უმეტესწილად ტურისტული ბაზრის გახსნით, სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის და ხალხის თავშეყრის აღდგენით არის განპირობებული. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალი კორონავირუსი ძლიერ გადამდები, ხოლო მისი გავრცელების გზები კომპლექსურია, იგი საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო, „ცბიერი“ მტერია.

    მიმდინარე წლის ივნისში, პეკინშიც ყველასთვის მოულოდნელად ეპიდემიამ ხელახლა იფეთქა. ჩინურმა მხარემ მყისიერი რეაგირება მოახდინა, ინფიცირებულთა დადგენის, ტესტირების, პრევენციისა და კონტროლის ზომები გაფართოვდა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო ვითარებაზე რეაგირების დონე აიწია. შედეგად, ეპიდემიის გავრცელება მალევე შეჩერდა. ეპიდემიასთან ბრძოლაში მიღებული გამოცდილებით, ჩვენ დავადგინეთ, რომ ახალი კორონავირუსი პრევენციას, კონტროლსა და განკურნებას ექვემდებარება. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ძალების გაერთიანება და მეცნიერული მიდგომა. ასე ეპიდემიას აუცილებლად შევაჩერებთ.

    ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება და ჯანდაცვასა და დაავადებათა კონტროლზე პასუხისმგებელი ორგანოები ძალ-ღონეს არ იშურებენ და აქტიურად უწყობენ ხელს იდენტიფიცირებას, შემოწმებას, იზოლაციასა და მკურნალობას. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის მხრიდან გაგებითა და თანამშრომლობით, საქართველო ეპიდემიის ხელახალ აფეთქებას ძალიან მალე შეაჩერებს. ჩინური მხარე მზადაა, კვლავაც გაუზიაროს საქართველოს პრევენციის, კონტროლისა და მკურნალობის კუთხით დაგროვილი გამოცდილება, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში სამედიცინო მატერიალური დახმარების აღმოსაჩენად, განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხის გვერდში დასადგომად და ეპიდემიასთან ბრძოლაში ერთობლივი გამარჯვების მისაღწევად.

    3 სექტემბერს ჩინეთში იაპონურ აგრესიასა და მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ ძალებზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. როგორ შეხვდა ჩინეთი ამ დღეს? თქვენი აზრით, რა უნდა ვისწავლოთ მეორე მსოფლიო ომში მიღებული გამოცდილებიდან?

    მიმდინარე წლის 3 სექტემბერს ჩინელი ხალხის მიერ მილიტარისტულ იაპონიასა და მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით, ჩინეთში კონფერენცია, სამოქალაქო პანაშვიდი და სხვა ღონისძიებები გაიმართა. პრეზიდენტმა სი ძინფინგმა კონფერენციის მონაწილეებს მნიშვნელოვანი სატყვით მიმართა. მან იაპონია-ჩინეთის მეორე ომის ხანგრძლივი ისტორია დაწვრილებით გაიხსენა, ჩინელი ხალხისა და კაცობრიობის განვითარებისათვის ამ ომში გამარჯვების მნიშვნელობა განმარტა, ამ ომის შედეგად აღმოცენებულ ჩინელი ხალხის დიად სულისკვეთებაზე ისაუბრა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი მომავალში უდრეკად განაგრძობს მის მიერ, დამოუკიდებლად არჩეული განვითარების გზაზე სვლას, მტკიცედ დაიცავს საკუთარ კანონიერ ინტერესებს და არ დაუშვებს მათ ხელყოფას, მან ჩინეთის არჩევანი და განვითარების კონცეფცია გასაგებად ახსნა.

    მეორე მსოფლიო ომის ცეცხლმა აზია, ევროპა, აფრიკა, ოკეანეთი მოიცვა. მთელს მსოფლიოში დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვმა ას მილიონს გადააჭარბა. უამრავი ქვეყანა კაცობრიობიობის ისტორიაში მანამდე არნახული კატასტროფისა და საშინელი უბედურების წინაშე აღმოჩნდა. მეორე მსოფლიო ომში ჩინეთი და საქართველო, ორივე ქვეყანა, მონაწილეობდა. ორივე ერმა ამ სამართლიანობის წინააღმდეგ მიმართულ, საშინელ ომში გამარჯვების მოსაპოვებლად გაუსაძლისი განსაცდელი გამოიარა და უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო. ჩინეთის ომი მილიტარისტულ იაპონიასთან გაცილებით ადრე დაიწყო და ყველაზე დიდხანს გაგრძელდა. ამ ომში დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობამ 35 მილიონი კაცი შეადგინა. იაპონური სამხედრო აგრესიის შეკავება ჩინეთს უზარმაზარი მსხვერპლის ფასად დაუჯდა. ჩინეთმა აღმოსავლეთის ფრონტზე ფაშიზმის წინააღმდეგ ომში გასამარჯვებლად გადამწყვეტი როლი შეასრულა და მსოფლიო ფაშიზმზე საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად მარადიული ღვაწლი გაიღო.

    ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ისტორიული გამოცდილება და გაკვეთილი კარგად უნდა გვახსოვდეს. ეს შუღლის გაგრძელებას კი არ ნიშნავს, არამედ ჩვენი მიზანია, ისტორიიდან გაკვეთილის მიღებით მომავალზე ორიენტირება, მშვიდობაზე ერთობლივად ზრუნვა, მშვიდობის დაცვა, რათა მსოფლიოს ერებმა მუდამ მშვიდობით იცხოვრონ. ისტორია გვასწავლის, რომ მიკერძოებას, დისკრიმინაციას, შუღლს და ომს მხოლოდ უბედურება და ტკივილი მოაქვს, მტრის დამარცხება და გამარჯვების მოპოვება მხოლოდ გაერთიანებითა და თანამშრომლობით არის შესაძლებელი. დღეს საერთაშორისო მდგომარეობა ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ იცვლება. ახალი კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაცობრიობისთვის ყველაზე დიდ კატასტროფად და გამოწვევად იქცა. აქამდე არნახული სერიოზული გამოცდის წინაშე, ჩინური მხარე მზადაა ეპიდემიის წინააღმდეგ ძლიერი შემართებით საბრძოლველად, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად გაეროს წესდების ძირითად მიზნებსა და პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო სისტემის დასაცავად, „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ ერთობლივად ჩამოსაყალიბებლად და კაცობრიობისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

    წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 75 წლისთავი აღინიშნება. ჩინეთი და საქართველო აქტიურად არიან ჩართული გაეროს შესაბამის აქტივობებში. რას ფიქრობს ჩინური მხარე გაეროს მიერ საკუთარი პოტენციალის სრულად გამომჟღავნებასა და მულტილატერალიზმის აქტიურ მხარდაჭერაზე?

    საერთაშორისო სისტემა, რომლის არსებით ნაწილს გაერო წარმოადგენს, მეორე მსოფლიო ომის შედეგებსა და კაცობრიობის მიერ საერთაშორისო სამართლიანობისადმი მისწრაფებას ასახავს. წელს გაეროს დაარსების 75 წლის იუბილეა. ჩინეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც გაეროს წესდებას ხელი მოაწერა. იგი გაეროს დამფუძნებელი სახელმწიფოა და უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებს შორის ერთადერთი განვითარებადი ქვეყანაცაა. ჩინური მხარე მომავალში ისევ დაიცავს მულტილატერალიზმს; გლობალური მართვის სისტემის რეფორმასა და მშენებლობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს; საერთაშორისო სისტემას, რომლის ბირთვსაც გაერო წარმოადგენს, ისევ მტკიცედ დაიცავს; საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგსა და საერთაშორისო საკითხებში გაეროს ცენტრალურ როლს მტკიცედ დაიცავს.

    რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა სიძინფინგმა გაეროს დაარსების 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმსა და გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში გამართულ დებატებზე ვიდეო ჩართვით მიიღო მონაწილეობა. ამასთანავე, მან გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან, შეხვედრა გამართა, სადაც მიმდინარე საერთაშორისო საკითხებზე ჩინეთის შეხედულებები და პოზიცია დაწვრილებით განმარტა. მან აღნიშნა, რომ კაცობრიობის განვითარების ისტორია - სხვადასხვა გამოწვევებისა და სირთულეების დაძლევის უწყვეტი ისტორიაა. ახალი კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემია და ბოლო ასი წლის განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარე უპრეცედენტო ცვლილებები ერთმანეთზე ზეგავლენას ახდენს. თუმცა მშვიდობა და განვითარება - ჩვენი ეპოქის ეს ორი მთავარი მოტივი, უცვლელი რჩება და მსოფლიო ხალხების მოლოდინი მშვიდობის, განვითარებისა და თანამშრომლობის მიმართ კიდევ უფრო იზრდება. კოვიდ-19 კაცობრიობის უკანასკნელი კრიზისი ვერ იქნება, ამიტომ ერთმანეთს მხარში უნდა დავუდგეთ და გლობალური გამოწვევებისთვის ერთად მოვემზადოთ. მან აღნიშნა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ ცნობიერება, სადაც „შენ ჩემში ხარ და მე - შენში“, უარი უნდა ვთქვათ დაჯგუფებებსა და ნულოვანი ჯამის თამაშზე, უნდა დაინერგოს „დიდი ოჯახისა“ და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის კოცენფცია, უნდა დავივიწყოთ იდეოლოგიური პაექრობა, უნდა გადავლახოთ კულტურათშორისი კონფლიქტების მახე, პატივი უნდა ვცეთ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს და მათი განვითარების გზასა და მოდელს, დაე მსოფლიოს მრავალფეროვნება ადამიანთა საზოგადოების პროგრესის უშრეტ ძალად იქცეს; მხარი დავუჭიროთ გახსნილობასა და ტოლერანტობას, მტკიცედ ვაშენოთ ღია მსოფლიო ეკონომიკა, დავიცვათ მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა და მისი ქვაკუთხედი - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია; გადაჭრით უარი ვთქავთ უნილატერალიზმსა და პროტექციონიზმზე და გლობალური წარმოებისა და მიწოდების ჯაჭის სტაბილურობა დავიცვათ; არ უნდა გადავუხვიოთ მულტილატერალიზმის გზას, უნდა დავიცვათ საერთაშორისო სისტემა, რომლის ბირთვსაც გაერო წარმოადგენს, დავიცვათ „ერთობლივი მსჯელობის, ერთობლივი მშნებებლობისა და ერთობლივი სარგებლის“ პრინციპი, მხარი დავუჭიროთ ქვეყნებს შორის უფლებების თანასწორობას, შესაძლებლობების თანასწორობას, რეგულაციების თანასწორობას, გლობალური მმართველობის სისტემის მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც გლობალური გამოწვევების მოთხოვნებს დამაკმაყოფილებლად უპასუხებს და მშვიდობიანი განვითარების და თანამშრომლობის ისტორიული განვითარების ტენდენციასთან შესაბამისობაში მოვა.

    ესაუბრა ავთანდილ ოთინაშვილი

  • საზოგადოებრივი ცენტრის პროექტის ფარგლებში იუსტიციის სახლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    იუსტიციის სახლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო გიორგაძემ და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა მოაწერეს.

    მემორანდუმის მიზანი „ლიბერთი ბანკსა“ და საზოგადოებრივ ცენტრებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა, რაც საზოგადოებრივი ცენტრების მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მიიღონ ახალი და გაუმჯობესებული სერვისები.

    საზოგადოებრივი ცენტრების სივრცე − საკონფერენციო დარბაზები, ელექტრონული ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ტექნიკა, იუსტიციის სახლისა და „ლიბერთი ბანკის“ ერთობლივი პროექტების ფარგლებში, გამოყენებული იქნება კულტურული და სოციალური ღონისძიებებისათვის როგორც პირისპირ შეხვედრების, ისე დისტანციურ ფორმატში. ცენტრების საკადრო რესურსის გამოყენებით მოსახლეობა დეტალურ ინფორმაციას მიიღებს არა მხოლოდ საჯარო სერვისების, არამედ საბანკო პროდუქტების შესახებაც.

    „ლიბერთი ბანკი“ რაიონების მცხოვრებთ, კონკრეტულად, მათი რაიონის სპეციფიკის გათვალისწინებით, მოდიფიცირებულ ახალ მომსახურებებს შესთავაზებს, რომელთა დანერგვაც ამა თუ იმ ქალაქის, დაბისა და სოფლის მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. ეს სერვისები, ისევე როგორც სხვა კერძო და საჯარო სექრტორის 250-ზე მეტი სერვისი, საზოგადოებრივ ცენტრებში იქნება ხელმისაწვდომი.

    საზოგადოებრივი ცენტრები საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, სადაც მომხმარებელი ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით იღებს პასპორტს, პირადობის მოწმობას, არეგისტრირებს უძრავ ქონებას და სარგებლობს კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალებით. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო ხდება; საზოგადოებრივ ცენტრებში იზრდება „ლიბერთი ბანკის“ სერვისების მრავალფეროვნება და ფართოვდება სოციალური და კულტურული ღონისძიებების მასშტაბები, რომელთაც საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობას „ლიბერთი ბანკთან“ თანამშრომლობით შესთავაზებს.

    საზოგადოებრივი ცენტრები მომავალშიც გააგრძელებს მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული ინოვაციური სერვისების დანერგვას.

  • ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

    ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთვის, ახალი სასწავლო წლის შესამსუბუქებლად და პანდემიის მიერ გამოწვეულ რთულ პერიოდში თანადგომის გამოსახატად: დღეიდან პედაგოგები, რომლებიც აიღებენ ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ყოველთვიური გადასახდელისგან გათავისუფლებას.
    აქცია გაგრძელდება 1 ნოემბრამდე.
    ‘ლიბერთისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო და იქნება სკოლების, პედაგოგებისა და განათლების ხელშეწყობა. ლიბერთი უკვე მრავალი წელია, აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო სექტორთან და არაერთ მნიშვნელოვან სოციალური პასუხისმგებლობის პროექტშია ჩართული, რაც უდიდესი პატივია ჩვენი ბრენდისთვის.
    დღესაც, მათ გვერდით ვართ და გვინდა ჩვენი მხარდაჭერა ვაგრძნობინოთ. ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად, პედაგოგებს, სამომხმარებლო სესხებზე ვთავაზობთ განსაკუთრებულ აქციას. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პედაგოგებისთვის ლიბერთის სამომხმარებლო სესხის პირობები, ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ამ აქციის პირობებში კი, საშუალება ეძლევათ 3 თვემდე ვადით განთავისუფლდნენ ყოველთვიური გადასახადებისგან იმ შემთხვევაში თუ აიღებენ ახალ სესხს ან გადმოიტანენ სხვა ბანკებიდან.’- გიორგი მაკარიძე, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი.
    ლიბერთი უკვე არაერთი წელია ემსახურება სკოლების უმრავლესობას საქართველოში და 60 000-მდე პედაგოგს. აქციით სარგებლობისთვის მასწავლებლებმა უნდა შეავსონ სასესხო განაცხადი ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან ან მიმართონ ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრს. (R)

     

  • საქართველოში კორონავირუსის /COVID-19/ დიაგნოზით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსის /COVID-19/ დიაგნოზით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. მათი მონაცემებით, ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 21-ე და 22-ე  შემთხვევაა.

    კორონავირუსით გარდაცვლილი 21-ე პაციენტი ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა. არსებული ინფორმაციით, ის ბათუმიდან იყო. ასაკოვან ქალს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.

    რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, 67 წლის მამაკაცი მკურნალობას ბათუმში გადიოდა. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

    დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 3913 -ს მიაღწია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 40 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1574-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

     

  • საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსის /COVID-19/ დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. მათი მონაცემებით, ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-20 შემთხვევაა.

    კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა. 60 წლის პაციენტი ქალი ქუთაისში კორონავირუსის დიაგნოზით აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღევანდელი კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში დადასტურდა, 31 კი თბილისში.

    მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 16 კრიტიკულად მძიმე და 80 მძიმე პაციენტია.

    „ბოლო 24 საათში, 193 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. 193 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა-92, იმერეთი-53, თბილისი-31, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 8, გურია - 7, რაჭა-ლეჩხუმი - 1, მცხეთა მთიანეთი -1.

    ჩვენ გვაყავდა 19 გარდაცვლილი პაციენტი, დაგვემატა 1 და გახდა 20. ეს პაციენტი აფხაზეთიდან გადმოყვანილია, ასევე მასთან ერთად გადმოყვანილი იყო 3 პაციენტი. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, სამწუხაროდ, ერთ-ერთი, 60 წლის ქალბატონი გარდაიცვალა“, - განაცხადა მ. ეზუგბაიამ.

     

     

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური