შიში, ძალიან დიდი თვალებით თუ სპეკულაციები ჟამიანობის დროს?

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 25 მარტი 2020 11:09

SARS-CoV-2 ვირუსის სახით კაცობრიობას ახალი და დაუნდობელი „დამპყრობელი“ მოევლინა. რეალურად, დღეს ჩვენ მსოფლიო ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით ვერაგი მტრის წინააღმდეგ, რომლის თაობაზეც, ჯერჯერობით, ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს.

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მარსის კოლონიზაციის პროექტით შეპყრობილი ყოვლისშემძლე ცივილიზაცია, დღეს ხელის დაბანით და სოციალური იზოლაციით „ებრძვის“ 120 ნანომეტრიან (1 ნანომეტრი = 10-9მ) „მონსტრს“.

„ესპანური გრიპის“ (1918 წლის იანვარი - 1920 წლის დეკემბერი) პანდემიის გამოცდილების (500 მილიონამდე ინფიცირებული და 50 მილიონზე მეტი სიკვდილი) ფონზე, ახალი კორონავირუსის გავრცელების „მოკრძალებული“ მასშტაბები შეშფოთებას არც უნდა იწვევდეს, რომ არა ერთი გარემოება - განსხვავება H1N1-ის პირველი პანდემიის დროინდელ და XXI საუკუნის მედიცინას შორის. ახალმა კორონავირუსმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ფანტასტიკური მიღწევების მიუხედავად, თანამედროვე ცივილიზაცია არც თუ ისე თავდაჯერებულად გამოიყურება გლობალური საფრთხის წინაშე; რომ ამ საფრთხესთან ბრძოლა მხოლოდ მედიცინის საქმე არ არის და მოითხოვს საყოველთაო სახელმწიფოებრივ/ საზოგადოებრივ ჩართულობას.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით, ახლო მომავალში შევძლებთ ამ უდიდესი გამოწვევის გამკლავებას. მაგრამ დღეს ჩვენ ომში ვართ ჩართულები და ჩვენი მოვალეობა არა მოლოდ პანდემიაზე ფოკუსირება, არამედ მისი თანმდევი პრობლემების გადაჭრა და პრევენციაა, რომელთაგან უმთავრესი ყალბი ან დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება და არაადეკვატური ინტერპრეტაცია გახლავთ.

არაჯანსაღ აჟიოტაჟს, რომელზედაც მინდა ჩვენი მკითხველის ყურადღება გავამახვილო, სათავე დაუდო ავტორიტეტული სამედიცინო ჟურნალის “The Lancet Respiratory Medicine” 11 მარტის სტატიამ სენსაციური სათაურით: „არიან თუ არა ჰიპერტენზიით და შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები COVID-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ?“ („Are patients with hypertension and diabetes mellitus at increased risk for COVID-19 infection?“).  სტატიის ავტორთა ჰიპოთეზა ეფუძნება ახალი კორონავირუსის მიერ ადამიანის უჯრედების დაზიანების მექანიზმზე დაკვირვებას, რომლის მიხედვითაც SARS-CoV-2 ვირუსი ადამიანის უჯრედში შეღწევისთვის იყენებს სპეციფიკურ ენზიმურ (ფერმენტულ) ცილას -ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტ 2-ს (ACE 2).

აღნიშნული მექანიზმის გათვალისწინებით, Lei Fang-მა და თანაავტორებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლური დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედ მედიკამენტებს (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერები) და რომლებშიც აღნიშნული პრეპარატების მიღება განაპირობებს ზემოთ ხსენებული ცილის - ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტი 2-ის (ACE 2) დონის მატებას, შეიძლება მაღალი იყოს ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკი.

საუბედუროდ, ინფორმაცია მყისიერად ატაცებულ და ტირაჟირებულ იქნა სოციალური მედიის მიერ, შესაბამისი ფატალური რისკის შემცველი რეაქციით -  პაციენტებმა გლობალურად შეწყვიტეს ან შეაჩერეს აგფ ინჰიბიტორების/არ ბლოკერების მიღება!

ინფორმაციის წყაროს მაღალი ავტორიტეტის გამო, სკეფსისი, სამწუხაროდ, გაჩნდა პროფესიულ სამედიცინო წრეებშიც.

კატასტროფული რისკის შემცველ სიტუაციაზე, თავისი პოზიცია დროულად დააფიქსირა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ჰიპერტენზიის საბჭომ. აღნიშნული დანაყოფის თავმჯდომარემ, პროფესორმა ჯოვანი დე სიმონემ  ხაზგასმით აღნიშნა, რომ Lei Fang-სა და თანაავტორების სპეკულაციებს COVID-19-თან მიმართებაში აგფ ინჰიბიტორებით/არ ბლოკერებით მკურნალობის უსაფრთხოების შესახებ, არ გააჩნია სამეცნიერო, მტკიცებითი საფუძველი. ჰიპერტენზიის საბჭოს კონტრარგუმენტად მოჰყავს ცხოველური ექსპერიმენტების შედეგები COVID-19 ინფექციის დროს აღნიშნული მედიკამენტების პროტექტორული (დაცვითი) ეფექტების შესახებ, თუმცა იქვე დასძენს, შემდგომი კვლევების აუცილებლობის თაობაზე.  

ევროპის კარდიოლოთა საზოგადოების ჰიპერტენზიის საბჭო მკაცრად მიუთითებს ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერებით მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობაზე!!!

ამდაგვარად, კორონავირუსით ინფიცირების პრევენციის ზოგად ჰიგიენურ რეკომენდაციებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირთათვის, დაემატა კიდევ ერთი მანდატორული მითითება:

გააგრძელეთ კარდიოლოგის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება!!!     

 

პროფესორი კახაბერ ჭელიძე

თსსუ შინაგან დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი

 

საქართველოს შინაგან დაავადებათა კოლეგიის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს გულ–სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების პროფესიული წევრი

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრი

წაკითხულია 72 ჯერ

Related items

  • კორონავირუსი: ევროკავშირი მხარში უდგას საქართველოს

    დღეს ევროკომისიამ გამოაცხადა საგანგებო, მძლავრი დახმარების პაკეტის შესახებ საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონისთვის, რითაც ხელი უნდა შეუწყოს მათ კორონავირუსის კრიზისის გამოწვევებთან გამკლავებაში.

    საქართველოსთვის ეს ნიშნავს 20 მილიონზე მეტი ევროს გამოყოფას ახალი გადაუდებელი საჭიროებებისთვის, გარდა იმისა, რომ მოხდება 70 მილიონზე მეტი ევროს მიმდინარე პროგრამების გადამისამართება კრიზისის საპასუხოდ.

    ეს პაკეტი დააკმაყოფილებს საქართველოს გადაუდებელ საჭიროებებს შემდეგი საშუალებებით:

    -       საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა;

    -       იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც ყველაზე მეტად არის დაზარალებული კრიზისით, და სამოქალაქო პარტნიორების მხარდაჭერა;

    -       პაკეტის მიზანია ასევე საქართველოში პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური ზეგავლენის შემცირება ქვეყნის მცირე ბიზნესის დახმარების საშუალებით.

    გარდა ამისა, ევროკავშირი აწარმოებს მიმდინარე მაკრო-ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოსთვის, საიდანაც დაფინანსება ხელმისაწვდომია მაშინვე, როგორც კი კონკრეტული ერთობლივად შეთანხმებული საქმიანობა იქნება განხორციელებული.

  • საქართველოში COVID-19 -ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

    შაბათს საქართველოში კორონავირუსით /COVID-19/ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი თქმით, გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც ე.წ. მარნეულის კლასტერიდან იყო.

    როგორც ა. გამყრელიძემ აღნიშნა, პაციენტი კლინიკაში დღეს, 9 საათზე გარდაიცვალა. მისივე განმარტებით, პაციეტის სამკურნალოდ ჩატარებული ღონისძიებები არაეფექტური აღმოჩნდა. "თქვენ იცით, 31 მარტს ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში კრიტიკული პაციენტი, 79 წლის, რომელთანაც დადასტურებული იყო კოვიდ ინფექცია. ასევე მინდა გითხრათ ამ პაციენტის შესახებ, რომ ანამნეზში იყო ბოლო 6 თვის განმავლობაში მკვეთრი წონის დეფიციტი. ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად, გამოვლინდა ორმხრივი პნევმონია, ასევე დადასტურდა პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი ჰემოდინამიკის რღვევით. ამ კვლევების შემდეგ, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებული იქნა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა, მაგრამ ჩატარებული ღონისძიებები ამ ეტაპზე აღმოჩნდა არაეფექტური,“ - დასძინა მან.

    შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

    შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 157 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 28 პაციენტი, ასევე გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

    ამასთან, კარანტინის რეჟიმში 5526 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

     
  • პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 706 ფაქტი გამოავლინა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს.

    სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 706 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1 აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დააჯარიმეს.

    გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 75 მოქალაქე დააჯარიმა.

    1 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

    პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს განაგრძობს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

    ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს.

    კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

  • საქართველოში კორონავირუსისგან 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში ახალი კორონავირუსისგან /COVID-19/ უკვე 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

    ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული და მათ შორის გამოჯანმრთელებულია 27 მოქალაქე.

    ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.

    რაც შეეხებათ მეზობელ ქვეყნებს, სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა, რის შედეგადაც ქვეყანაში ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

    ამასთან, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 663-ს მიაღწია. ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 16 მარტის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

    აზერბაიჯანში „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებულების რიცხვი 87-მდე გაიზარდა. აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აქტიური მკურნალობის კურსი 76 ადამიანს უტარდება.

    ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

    ბაქოში აცხადებენ, რომ ვირუსისგან 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა. ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

     

  • ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    საქართველოს ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ისინი იზოლაციაში იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    „ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენისთანავე, ეცნობათ შესაბამის სამსახურებს. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა.

    ჩატარებული კვლევების შედეგად, ვირუსი დაუდასტურდა იზოლაციაში მყოფ  შვიდ თანამშრომელს. ამჟამად ისინი გადაყვანილი არიან შესაბამის სტაციონარში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, გადიან სამკურნალო პროცედურებს და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამჟამად მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევა შესაძლო ყველა შესაძლო კონტაქტების დადგენის მიზნით.

    პირები, რომლებსაც დაუდასტურდა ვირუსი, ერთი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლები არიან. ისინი სრულიად დისტანცირებული იყვნენ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ შემხებლობა არ ჰქონიათ ბანკის სხვა თანამშრომლებთან“, – აცხადებს ბანკი.

    ამასთან, უწყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომელთა 90% დისტანციურად ასრულებს მოვალეობებს, ეროვნული ბანკის ყველა შენობაში მაინც მიმდინარეობს ინტენსიური სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები.

    „იმისათვის, რომ ქვეყნისათვის ამ ურთულეს პერიოდში გამართულად ფუნქციონირებდეს საფინანსო სექტორი,  შეუფერხებლად მუშაობდეს კრიტიკული სისტემები და  ფულის ნიშნებით უწყვეტად მარაგდებოდეს ეკონომიკა, ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, ისევე როგორც სხვა არაერთი პროფესიის წარმომადგენლებს, ექსტრემალურ პირობებში უწევთ საკუთარი მოვალეობების შესრულება.

    ეროვნული ბანკი აგრძელებს, ქვეყნისათვის კრიტიკული სერვისების შეუფერხებლად მიწოდებას. როგორც ადრე განვაცხადეთ, 16 მარტიდან ეროვნული ბანკი ლარის ბანკნოტებისა და მონეტებთან მიმართებაში საკარანტინო ზომებს ახორციელებს. კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში თავსდება, ინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას როგორც მინიმუმ 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ხდება“, – ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26. კარანტინის რეჟიმშია 5550 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური