მედიკამენტებზე დეფიციტი არ შეიქმნება - GM Pharma-ს მიმართვა მოსახლეობისადმი კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 24 მარტი 2020 11:14

საქართველოში მედიკამენტების დეფიციტი არ არის მოსალოდნელი, რადგან ფარმაცევტული კორპორაცია GM Pharma (ჯი-ემ-პი) 2020 წლის დასაწყისიდან კორონავირუსული ინფექციის ფართოდ გავრცელების რისკთან დაკავშირებით გადავიდა წარმოების საგანგებო რეჟიმზე ჩვენი ქვეყნისათვის მედიკამენტების სტრატეგიული მარაგების შესაქმნელად. ფოკუსირება მოხდა განსაკუთრებით სიცხის დამწევ, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებსა და ანტიბიოტიკებზე. კომპანიას გააჩნია მზა პროდუქტების, საჭირო ნედლეულისა და მასალების საკმარისი მარაგი, რომ უწყვეტ რეჟიმში მომარაგდეს ჩვენი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები და მოსახლეობა ესენციური მედიკამენტებით, გაზრდილი მოთხოვნის პირობებშიც კი.

გვინდა ასევე განვაცხადოთ, რომ ჩვენს არცერთ უცხოელ მომწოდებელს (ნედლეულის, სხვა სახარჯი მასალების, მზა პროდუქტების) უარი არ უთქვამს ჩვენთვის საქონლის მოწოდებაზე და, შესაბამისად, არც სამომავლოდ ველოდებით წარმოების შეფერხებას.

GM Pharma-ში დანერგილია მართვის თანამედროვე სისტემები - ERP (Enterprise resource planning), MES (Manufacturing Execution System), WMS (warehouse management system) - რაც გამორიცხავს ჩვენი კომპანიის მედიკამენტებზე დეფიციტის განვითარების შესაძლებლობას, მით უმეტეს, წარმოების საგანგებო რეჟიმის დროს, რომელშიც ვიმყოფებით მიმდინარე წლის დასაწყისიდან.

შესაბამისად, გვინდა მოგმართოთ, რომ ნუ აყვებით პანიკას და ნუ დაიმარაგებთ GM Pharma-ს (ჯი-ემ-პის) წარმოებულ პრეპარატებს, განსაკუთრებით კი ანტიბიოტიკებს, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, რადგან ჩვენ შევძლებთ მათ უწყვეტად მოწოდებას და ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში საქართველოს მათი დეფიციტი არ ემუქრება.

GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma 150 ბრენდითა და 250 გამოშვების ფორმით ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში, რომელიც მოიცავს სამკურნალო საშუალებების თითქმის ყველა ჯგუფს.

წაკითხულია 323 ჯერ

Related items

  • როგორი ზეგავლენა აქვს მოწევას კოვიდ-19-ზე?

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოწევა ზრდის ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ინფექციის რისკს იმუნური სისტემის რეაქციის შემცირებით. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

    მათი ინფორმაციით, კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) მეცნიერთა მიერ ლაბორატორიულ გარემოში ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან დამზადებულ რესპირატორულ მოდელებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოწევა ხელს უშლის ძირითადი იმუნური სისტემის მოლეკულების სწორად მუშაობას, რომლებსაც ინტერფერონი ეწოდება.

    Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოწევამ გამოიწვია ვირუსით ინფიცირებული უჯრედების რაოდენობის გასამმაგება.

    „თუ ფიქრობთ, რომ სასუნთქი გზები ციხესიმაგრის მაღალი კედლებია, მოწევა ამ კედლებში ხვრელების გაკეთებას ჰგავს. მოწევა ამცირებს ბუნებრივ დაცვას და ვირუსის დამკვიდრების საშუალებას იძლევა,“ აცხადებს,  უნივერსტტეტის სამეცნიერო ჯგუფიდან  დოქტორი, ბრიჯიტ გომპერტსი.  

  • პირის ღრუს გამორეცხვა კორონავირუსს ანეიტრალებს

    უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ პირის ღრუს გამორეცხვა, ახალი ტიპის   კორონავირუსის (კოვიდ-19) ბაქტერიებს 30 წამში ანეიტრალებს. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

    უცხოელმა ექსპერტებმა დააფიქსირეს, რომ პირის ღრუს გამრეცხს, რომელიც შეიცავს 0,07% ცეტილპირიდინიუმის ქლორიდს,  კოვიდ-19-ის განეიტრალება 30 წამში შეუძლია.

    აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, BBC-ს მიერ იქნა გავრცელებული. ამავე ინფორმაციით, პირის ღრუს გამორეცხვა ხელს უწყობს ნერწყვში ვირუსის მოკვლას, მაგრამ, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ იგი ეფექტური სამკურნალო საშუალებაა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ.

     

  • მეცნიერების დასკვნით კოვიდ-19-ით გარდაცვალების დონე მაღალშემოსავლიან ქვეყენბში უფრო მაღალია

    აღმოჩნდა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ -19) სიკვდილიანობა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში 1,15%-ია, ხოლო დაბალშემოსავლიან და იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ახალგაზრდაა, გაცილებით ნაკლებია. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

    ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერებმა, კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის რეალური მაჩვენებლის გამოსათვლელად 175 სამეცნიერო კვლევა და ანტისხეულების ტესტის 10 შედეგი შეისწავლეს.

    მეცნიერებმა მონაცემების გაანალიზებასთან ერთად ასევე გაითვალისწინეს "სეროვერსია", რაც ნიშნავს ანტისხეულების ეტაპობრივ შემცირებას.

    ანალიზის შედეგად დაასკვნეს, რომ მაღალშემოსავლიან ქვეყნებში სიკვდილიანობის დონე 1,15 პროცენტია, ხოლო დაბალშემოსავლიან ქვეყნებში 0,23 პროცენტი.

    კვლევაში ნათქვამია, რომ მაღალშემოსავლიან ქვეყნებში სიკვდილიანობის მაღალი დონე განპირობებულია ხალხმრავალ ასაკოვანი მოსახლეობით.

    მეორეს მხრივ, კვლევის თანახმად, კოვიდ-19-ით სიკვდილის რისკი დაახლოებით ორჯერ იზრდება დაბერების ყოველ 8 წელიწადზე.

    40 წლამდე ასაკის პაციენტებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 0,1%ია, ეს მაჩვენებელი 80 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის 5 პროცენტამდე იზრდება.

     

  • არჩევნები უსაფრთხოა! - ცესკოს თავმჯდომარემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა

    2020 წლის 31 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე მეათე მოწვევის პარლამენტს ავირჩევთ.

    განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა პანდემიის პირობებშიც კი, რადგან ჩვენ ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უპასუხა ყველა იმ გამოწვევას, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ამომრჩევლებმა არჩევანი თავისუფალ, გამჭვირვალე და უსაფრთხო გარემოში გააკეთონ.

    31 ოქტომბერს, კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას.

    ასევე აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანში ყოფნა მხოლოდ ცოტა ხნით უწევთ, რაც აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ არის რისკის მატარებელი.

    31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3657 საარჩევნო უბანი. მინდა აღვნიშნო, რომ ამ უბნებზე საარჩევნო პროცესი განხორციელდება დამოუკიდებლად და არ ექნება შეხება იმ საარჩევნო ღონისძიებებთან, რომელიც უზრუნველყოფს პანდემიის რისკ-ჯგუფის ამომრჩევლების მომსახურებას. შეგახსენებთ, რომ იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. ასეთ უბნებზე ხმის მიცემის უზრუნველყოფა და შედეგების დათვლა მოხდება ცალკე, სპეციალური ჯგუფის მიერ.

    ყველას გვახსოვდეს, რომ ამომრჩევლების ნება გადამწყვეტია და მათი არჩევანი კანონია! შესაბამისად, მინდა ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო აქტიურობისკენ და ვუთხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობა უსაფრთხოა მათი ჯანმრთელობისთვის!

     

  • თურქეთმა საქართველოს მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები გადასცა საჩუქრად

    კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით თურქეთის რესპუბლიკამ საქართველოს საჩუქრად გადასცა მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები, მათ შორის, სუნთქვის აპარატები, PCR სადიაგნოსტიკო ტესტები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.
     
    თურქეთის რესპუბლიკის დონაცია მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარებას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა პანდემიის პირობებში ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ჰუმანიტარული ტვირთის დიდი ნაწილი მოხმარდება სწორედ იმ ადამიანების საჭიროებებს, ვინც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის შედეგადაა დაზარალებული.
     
    საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის შეთანხმებას ჯანდაცვის სფეროში დონაციის შესახებ ხელი მოაწერეს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ემინე ალფ მეშემ და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ.

    წყარო: https://mfa.gov.ge/News/turqetis-respublikam-saqartvelos-mnishvnelovani-sa.aspx?CatID=5

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური