საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 28 თებერვალი 2020 16:11

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იტალიიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა.

გამყრელიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ეჭვი არსებობს კიდევ ერთ მოქალაქეზე, რომლის შესახებ პასუხი საღამოსთვის გახდება ცნობილი.

„29 პაციენტია ინფექციურ საავადმყოფოში. დღეს აღებულია 24 სინჯი. მიმდინარეობს მათი კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში. დიდი ალბათობით, არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს დადებითი შემთხვევა. ჩვენ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის კარანტინში 87 ადამიანი იმყოფება.

„დღევანდელი რიცხვით, საქართველოში კარანტინში იმყოფება 87 პირი. აქედან საჩხერეში – 31, აბასთუმანში – 21. ასევე, გამოიყო ბავშვთა განყოფილება ტუბცენტრში, რომელიც იზოლირებულია ძირითადი შენობიდან, სადაც დღეს იმყოფება 35 ადამიანი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა ორი დღის წინ დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეზობელ აზერბაიჯანში ასევე გამოვლინდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალი კორონავირუსი ირანიდან ჩასულ რუსეთის მოქალაქეს დაუდგინდა. ის ინფექციური საავადმყოფოს სპეციალურ ბლოკში განათავსეს. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, აზერბაიჯანის მთავრობა შესაბამის ზომებს იღებს. მათ შორისაა, იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებთანაც რუსეთის მოქალაქეს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებულების რიცხვი საერთაშორისო მასშტაბით 79 ათასს აღწევს. დაღუპულია 2 778 ადამიანი. ვირუსისგან 36 ათასზე მეტი პირი განიკურნა.

წაკითხულია 386 ჯერ

Related items

  • ჩინეთი გააგრძელებს საქართველოს დახმარებას და ჩინეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო განამტკიცებს-აცხადებს ჩინეთის ელჩი

    კოვიდ-19-ის ეპიდემიის ფონზე სულ უფრო წარმატებით ვითარდება ჩინურ-ქართული ურთიერთობები. ამ საქმეში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას, ქალბატონ ელჩს ლი იენს. ჩვენ ვთხოვეთ მას ესაუბრა ჩინეთის პოლიტიკური ცხოვრების და ქართულ-ჩინური ურთიერთობების შესახებ, რაზეც  ქალბატონი ლი იენი სიამოვნებით დაგვთანხმდა. გთავაზობთ ჩინეთის ელჩთან ექსკლუზიურ ინტერვიუს.

     

    ქალბატონო ელჩო, ბოლო პერიოდში ჩინეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება. არის თუ არა ეპიდემიის განმეორების საშიშროება? რა საწინააღმდეგო ზომებს მიმართა ჩინეთის ხელისუფლებამ?

    მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ეპიდსიტუაცია ზოგადად ეფექტურად კონტროლდება, მძიმე გლობალური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, იმპორტირებული და სპორადული შემთხვევები გაიზარდა, ბოლო პერიოდში ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში ნაწილობრივ ისევ იჩინა ეპიდემიამ თავი, რაც ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის საჭირო სამუშაოების გრძელვადიან ხასიათსა და სირთულეებს ცხადყოფს. ჩინეთის მთავრობამ სწრაფი რეაგირება მოახდინა, მყისიერად გაზარდა საინსპექციო და ტესტირების მასშტაბები და პრევენციისა და კონტროლის სხვადასხვა ზომები გააძლიერა, რითაც ეპიდემიის გავრცელების შეჩერება მოკლე დროში მოხერხდა.

    ჩინეთი პრაქტიკაში ამტკიცებს, რომ თანადგომითა და ძალების გაერთიანებით, მეცნიერული ღონისძიებების გატარებით, ეპიდემია კონტროლირებადი და განკურნებადია. ეს გლობალური პანდემიის პრევენციისა და კონტროლის საქმეში ნდობასა და სტიმულს აჩენს. ჩინეთი მტკიცედ განახორციელებს ეპიდემიის ნორმალიზებულ პრევენციასა და კონტროლს, გააგრძელებს  "საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" კონცეფციის მხარდაჭერას, მსოფლიოს ხალხებთან ერთად იბრძოლებს ეპიდემიის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში საბოლოო გამარჯვების მალე მოპოვებას შეეცდება.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა ჩინეთში ახალი კორონავირუსის წარმოშობის წყაროსთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად. როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, მათი კვლევა შეფერხებულია, ჩინური მხარე როგორ ახსნის ამ ფაქტს?

    14 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცამეტკაციანი ექსპერტთა ჯგუფი ქალაქ უხანში ჩავიდა, სადაც ისინი თოთხმეტდღიან კარანტინს გადიან. ჯანმოს ექსპერტები ჩინელ მეცნიერებთან კოვიდ-19-ის წყაროს საპოვნელად ერთობლივ სამეცნიერო კვლევას ჩაატარებენ, რათა მომავალში უკეთ მოხდეს რეაგირება და შესაძლო საზოგადოებრივი კრიზისის თავიდან აცილება. ჯანმოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების თქმით, ეს ექსპერტთა ჯგუფი სხვადასხვა ქვეყნის დარგის საუკეთესო ექსპერტებს აერთიანებს. მათი კვლევის მიზანს ვირუსის წარმოშობის გასაგებად მეცნიერული პასუხების მოძიება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და მომავალ შესაძლო პანდემიებზე რეაგირება წარმოადგენს.

    კოვიდ 19-ის წარმოშობის წყაროს რაც შეეხება, ამ საკითხზე ჩინეთი ყოველთვის ღიად, გამჭვირვალედ და მაღალი პასუხისმგებლობით ახორციელებდა სამეცნიერო თანამშრომლობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. გასული წლის თებერვალსა და ივლისში, როდესაც ჩინეთი ქვეყნის შიგნით ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის მძიმე ამოცანის წინაშე იდგა, ჩინეთმა ორჯერ მიიწვია ჯანმოს ექსპერტები და მხარეებმა კოვიდ 19-ის გლობალური სამეცნიერო თანამშრომლობის გეგმის ჩინურ ნაწილზე ერთად იმუშავეს. ჩინელი ექსპერტები ხშირ კონტაქტში იყვნენ ჯანმოსა და საერთაშორისო ექსპერტებთან ვიდეო შეხვედრების, სემინარებისა და სხვა საშუალებებით, სადაც მეცნიერული სულისკვეთებით, ღიად აცნობდნენ ჩინური მხარის მიერ წარმოშობის წყაროს მოკვლევასთან დაკავშირებულ შედეგებს. ჩინეთი პატივს სცემს მეცნიერებას, პატივს სცემს ფაქტებს, მხარს უჭერს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, მეცნიერებმა და ეპიდემიოლოგებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩაატარონ სამეცნიერო კვლევა წყაროს მისაკვლევად, რათა რაც შეიძლება მალე გაირკვეს სიმართლე და მომავალში შესაძლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მსგავს კრიზისს უკეთ ვუპასუხოთ.

    როგორ შეაფასებთ ამ ეტაპზე საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს?

    ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის გატარებულმა მეცნიერულმა და ეფექტურმა  ზომებმა დადებითი შედეგები გამოიღო და ბოლო დროს კოვიდ 19-ის გავრცელებამ სტაბილურად იკლო. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობის ძლიერი ხელმძღვანელობითა და საზოგადოების ფართო ჩართულობითა და ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო ეპიდემიას მალე დაამარცხებს, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აღდგება და ხალხი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.

    ჩინეთი ქართულ მხარეს აქტიურად უზიარებს პრევენციისა და კონტროლის გამოცდილებას. ჩინეთმა საქართველოს სამედიცინო ნივთები და აღჭურვილობა არაერთხელ აჩუქა. ჩინეთი "საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" კონცეფციის მიხედვით მოქმედებს. შემდეგ ეტაპზე, ჩინეთი ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვადასხვა საშუალებით საქართველოს დახმარებას გააგრძელებს და ჩინეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

    ესაუბრა გიორგი ოთინაშვილი

     

  • თურქეთის პრეზიდენტი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

    თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) ბოლო 24 საათში 170 ადამიანი გარდაიცვალა და ამით დაღუპულთა მთლიანი რიცხვი 23 ათას 495 გახდა.  ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    იმავე პერიოდში ჩატარებული იქნა 169 ათას 847 ტესტირება. დღიური მთლიანი შემთხვევების რაოდენობა 8 ათას 962 არის და აქედან სიმპტომები აღენიშნება და ავად არის 958 ადამიანი.

    საავადმყოფოებიდან გაწერილი იქნა 9 ათას 11 ადამიანი, რითაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 2 მილიონ 236 ათას 938-მდე გაიზარდა.

    მეორეს მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარის საქალაქო საავადმყოფოში კოვიდ -19-ის ვაქცინა ტელე-კამერების წინ გაიკეთა.

    რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სოციალურ ქსელ Telegram–ით გაკეთებულ გზავნილში აღნიშნა: ”ვაქცინა მეც გავიკეთე.“

    ვაქცინაციის პირველ დღეს, პრიორიტეტულ ჯგუფში შემავალი სამედიცინო პერსონალიდან 285 ათას ადამიანს გაუკეთდა ვაქცინა. ჯანდაცვის მუშაკების შემდეგ სხვა პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია მოხდება.

     

  • კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩინეთის მოსახლეობისთვის უფასო იქნება

    კორონავირუსის /COVID-19/ საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩინეთის ყველა მაცხოვრებლისთვის უფასო იქნება, განაცხადა ოთხშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჩინეთის ჯანმრთელობის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ ცზენ ისინმა.

    შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ ადგილობრივი წარმოების  COVID-19-ის საწინააღმდეგო ერთ-ერთმა ვაქცინამ პირობითი დადასტურება მიიღო ბაზარზე გასასვლელად.

    ეს ინაქტივირებული ვაქცინა, რომელიც დამტკიცებულია ჩინეთის სახელმწიფო  ადმინისტრაციის წამლის მართვის სააგენტოს მიერ, შეიქმნა პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტის /Beijing Biological Products Institute/ შვილობილი კომპანიის ჩინეთის ეროვნული ბიოტექ კორპორაციის /China National Biotec/ მიერ, რომელიც თავის მხრივ გაერთიანებულია სინოფარმის /Sinopharm/ შემადგენლობაში.

    ზემოთ მოცემული ვაქცინის კლინიკური გამოკვლევების მესამე ფაზის შუალედური შედეგები მიუთითებს, რომ მისი ეფექტურობა კორონავირუსისგან დაცვაში არის 79,34 პროცენტი, რაც სრულად შეესაბამება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებს.

  • მომავალ წელს სამოგზაუროდ შესაძლოა COVID-19–ის ვაქცინაციის დამადასტურებელი პასპორტი დაგჭირდეთ

    მომავალ წელს სამოგზაუროდ წასასვლელად, შესაძლოა, კორონავირუსის ვაქცინაციის დამადასტურებელი პასპორტი დაგვჭირდეს. ამის შესახებ ნიუსი ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" დაწერა.

    თავის მხრივ, ამის შესახებ ინფორმაციას, CNN ავრცელებს და ტელეკომპანიაც მის ინფორმაციას ციტირებს.

    როგორც CNN წერს, რამდენიმე კომპანიამ და ტექნოლოგიურმა ჯგუფმა, უკვე დაიწყო სმარტფონებისთვის ისეთი აპლიკაციების შემუშვება, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს ატვირთონ თავიანთი სამედიცინო ისტორია, კორონავირუსის ტესტის და ვაქცინის გაკეთების შესახებ დეტალებით, რაც შემდგომ შესაძლოა საზღვრების გადალახვისას, სტადიონზე, კონცერტზე ან ოფისში შესასვლელად დასჭირდეთ.

    გარდა ამისა, საერთო ნდობის ქსელმა [Common Trust Network] და მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა უკვე შეთანხმება დადეს ავია–კომპანიებთან, მათ შორის ლუფტჰანზასთან, რომ მგზავრებმა, გამგზავრების წინ, ჯანმრთელობის ისტორია წარმოადგინონ.

    "საზღვრის გადაკვეთისას კორონავირუსზე ტესტირება ყოველ ჯერზე შეიძლება, მაგრამ ვაქცინაცია არა" – ასე ხსნის  საერთო ნდობის ქსელის წარმომადგენელი ტომას კრამპტონი, ვაქცინის გაკეთების დამადასტურებელი დოკუმენტის გამგზავრებისას წარმოდგენის აუცილებლობას.

    თავის მხრივ, სტენფორდის ინფექციური დაავადებების სპეციალისტი, ჯული პარსონეტი, ამბობს, რომ მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა საკმარისი არ არის, რადგან ვაქცინის გაკეთების მიუხედავად, შესაძლოა ადამიანი ვირუსის მატარებელი იყოს.

    წყარო: https://mtavari.tv/news/27617-momaval-cels-samogzaurod-shesadzloa-covid-19

  • ჯანმო კოვიდ-19-ის ახალი შტამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ახალი შტამი, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება, ჯერ-ჯერობით არ არის იმის მტკიცებულება, რომ იგი უფრო სერიოზული დაავადების ან სიკვდილიანობის გამომწვევია. ამის თაობაზე სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

    ტედროს ადჰანო გებრეიესუსმა ამის შესახებ,  შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ჯანმო-ს  შტაბ-ბინაში, ვიდეო კონფერენციის მეთოდით ტრადიციული ყოველკვირეული პრეს-კონფერენციის დროს განაცხადა.

    „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელდა ინფორმაცია, დიდ ბრიტანეთში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი სახეობის შესახებ. დროთა განმავლობაში ხდება ვირუსების მუტაცია. ეს ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო. დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კოვიდ-19-ის შტამი უფრო სწრაფად გავრცელებადია, მაგრამ, ამ დროისათვის არ დაფიქსირებულა იმის რეალური საფრთხე, რომ იგი უფრო სერიოზული დაავადების ან სიკვდილიანობის გამომწვევია“, - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

    შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადრე, დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი ვერსია, ახლა უკვე ნიდერლანდებში, დანიასა და ავსტრალიაშიც დაფიქსირდა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური