'მთავრობის მიერ შემუშავებული წესი ზრდის რეფორმების განხორციელების ეფექტიანობას"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 28 თებერვალი 2020 12:57

მთავრობამ შეიმუშავა და გასული წლის ბოლოს დაამტკიცა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესი და სახელმძღვანელო, რომელიც თვისობრივად ცვლის სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის  განახლებული სისტემის პრეზენტაციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ხაზი გაუსვა ეფექტური კოორდინაციისა და სწორი სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობას რეფორმების წარმატებით განხორციელების პროცესში.

„მთავრობის და საჯარო უწყებების ეფექტური და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობა და ამ კონკრეტული საკითხების პრიორიტეტულობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ არაერთხელ ხაზგასმით აღინიშნა. იმისთვის, რომ ჩვენი რეფორმები იყოს შედეგებზე ორიენტირებული და მივაღწიოთ კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს, საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური კოორდინაცია და სწორი სტრატეგიული დაგეგმვა. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესი და სახელმძღვანელო, რომელიც, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან ინსტიტუციურ ცვლილებებს გამოიწვევს,"- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა,  რომ პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია საჯარო მმართველობის რეფორმის ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა 2015 წლიდან ახორციელებს და რომელიც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.  

ნათია მეზვრიშვილმა იმ პოზიტიურ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ახლად შექმნილ სახელმძღვანელოში გაწერილი წესების პრაქტიკაში დანერგვა მოიტანს და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედდი გამოთქვა.

„ვფიქრობთ, ამ წესების პრაქტიკაში აღსრულების შედეგად, მთავრობის საქმიანობა გახდება უფრო მეტად შედეგებზე ორიენტირებული და გაზომვადი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გაიზრდება კოორდინაციის ხარისხი და ამ პროცესს მთავრობის ადმინისტრაცია გაუძღვება. ადმინისტრაციაში ჩვენ გვაქვს პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი. გაიზრდება ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, როგორც სამოქალაქო სექტორთან, ისე ჩვენს სხვა პარტნიორებთან. სავალდებულო გახდება პოლიტიკის დოკუმენტებზე საჯარო კონსულტაციების ჩატარება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მტკიცებულებებს და შესაბამისი მონაცემების არსებობას, რაც პოლიტიკის სწორად დაგეგმვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინებით, მთავრობის ეფექტიანობა რეფორმების განხორციელების პროცესში, საბოლოო ჯამში გაიზრდება,"- აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

სიტყვით გამოსვლისას, ნათია მეზვრიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საჯარო მოხელეთა გადამზადების პროცესის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ამ ეტაპზე, უკვე 300-მდე საჯარო მოხელე გადამზადდა. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბრიტანეთის მთავრობასა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) ამ პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ნათია მეზვრიშვილმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა სამოქალაქო საზოგადოების როლი და არასამთავრობო სექტორის გაზრდილი ჩართულობა რეფორმების განხორციელების პროცესში.

 „ძალიან მალე გვექნება ელექტრონული სისტემა, რომლის მეშვეობითაც პოლიტიკის დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესის სრული ავტომატიზაცია მოხდება, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაამარტივებს კომუნიკაციას საჯარო უწყებებს შორის. ჩვენ  გავზარდეთ ამ პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა, რაც მნიშვნელოვანია როგორც რეფორმების შექმნის, ისე შეფასების ნაწილში და ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ღია. ჩვენ ვისაუბრებთ არა მარტო მიღწევებზე, არამედ გამოწვევებზეც, რათა ისინი ერთობლივად დავძლიოთ,"- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საჯარო უწყებებსა და მოხელეებს აქტიური თანამშრომლობისთვის, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, ბრიტანეთის მთავრობას, UNDP-ს და USAID-ს, რეფორმების განხორციელების პროცესში ფასდაუდებელი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

აუდიტორიას გახსნითი სიტყვით ასევე მიმართეს გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში და ევროკავშირის წარმომადგენლობიდან მოწვეულმა სპიკერმა.  

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბრიტანეთის მთავრობის მზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი რეფორმების გატარებაში.

ჯასტინ მაქქენზი სმიტის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში, საჯარო მომსახურების რეფორმის კუთხით, საქართველომ ძალიან შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია.

„საქართველოში ინტენსიური წინასაარჩევნო პერიოდია. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ადმინისტრაციის ურყევმა გადაწყვეტილებამ  - საჯარო ადმინისტრირების რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით, ასევე, ღიაობამ ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვასთან დაკავშირებით. ამ რეფორმების განხორციელებაში საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას. ასევე აღვნიშნავ საჯარო მოხელეების ღვაწლს. თქვენ უნდა ამაყობდეთ უკვე მიღწეულით. თქვენ ხართ ამ რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ ბევრი ადამიანის და ქვეყნის შთაგონების წყარო. ეს გზა გრძელდება და ამ გზაზე შეგიძლიათ თქვენს გვერდით იგულოთ ბრიტანეთის მთავრობა,"- აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში.

UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა კი ხაზი გაუსვა, რომ საჯარო მომსახურების, ადმინისტრირების რეფორმა საკვანძო ნაწილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გატარებული ბევრად უფრო ფართო რეფორმისა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული დოკუმენტების, მონიტორინგის და კოორდინირების ახალი მიდგომის სპეციფიკა არის უნიკალური მიღწევა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

„UNDP-ისთვის დიდი პატივია მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის  განახლებული სისტემის შექმნის პროცესში მონაწილეობა, არა მხოლოდ საქართველოში ადგილობრივ დონეზე, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით, რადგან ყოველივე ეს საქართველოსთვის წარმოადგენს კიდევ ერთ ოქროს ვარსკვლავს დემოკრატიული რეფორმების გზაზე. სტრატეგიული დოკუმენტების, მონიტორინგის და კოორდინირების ახალი მიდგომის სპეციფიკა უნიკალური მიღწევაა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ეს კონკრეტული რეფორმა, როგორც ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი რეფორმის შემადგენელი ნაწილი. საჯარო მომსახურების, ადმინისტრირების რეფორმა საკვანძო ნაწილია პრემიერ-მინისტრის მიერ გატარებული ბევრად უფრო ფართო რეფორმისა. ეს საკვანძო ელემენტი მორგებულია კომპლექსურობაზე,"- აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით, პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის  განახლებული სისტემის პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა პანელური დისკუსიები, სადაც დარგის საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, დონორებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა განიხილეს ცვლილებები, მიღწეული პროგრესი და შესაძლო გამოწვევები პრაქტიკაში.

პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემის დანერგვის მიზანია მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის, კოორდინაციისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა, იმგვარად, რომ რეფორმები და პროექტები, რომლებიც იგეგმება და ხორციელდება საჯარო უწყებების მიერ, იყოს მეტად შედეგებზე ორიენტირებული და მეტი საზოგადოებრივი სიკეთის მომტანი მოქალაქეებისთვის.

წაკითხულია 61 ჯერ

Related items

  • საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დაეხმაროს მოქალაქეებს
    საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ყველას, ვინც ერთი თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს კომუნალურ გადასახადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც. „ამაში შედის როგორც დასუფთავების, ასევე, მოხმარებული წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“ – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
  • საქართველოს მთავრობა „ლიბერთი ბანკს" მადლობას უხდის ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიღებული დროული გადაწყვეტილებისთვის

    საქართველოს მთავრობა „ლიბერთი ბანკს" მადლობას უხდის ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიღებული ძალიან დროული და სწორი გადაწყვეტილებისთვის.

    საქართველოს მთავრობის დადგენილებით და „ლიბერთი ბანკთან" აქტიური თანამშრომლობით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში უკლებლივ ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხება, - შესაბამისი თანხა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყო.

    ასევე ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოხდება პენსიების განსხვავებული წესით გაცემა. კერძოდ, პენსიის თანხის ნაღდი ფულით მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ლიბერთი ბანკის" მიერ წინასწარ გაცხადებული გრაფიკით. ხოლო, თანხის ჩარიცხვისთანავე, ანუ 28 მარტიდან, ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენებას პენსიონერები შეძლებენ სავაჭრო ობიექტებში - აფთიაქში, მაღაზიაში ან კომუნალური გადასახადების გადახდისას.

    პენსიის ნაღდი ფულით მიღებაზე დადგენილი გრაფიკის სანახავად მოქალაქეებმა უნდა შეამოწმონ ვებ-გვერდი www.myliberty.ge, ან დარეკონ მობილური ტელეფონიდან ნომერზე - 032 208; ხოლო ქალაქის ნომრიდან - 208.

    საქართველოს მთავრობა მიმართავს თხოვნით პენსიონერებს, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და მაქსიმალურად მოერიდონ ფულის გამოსატანად ბანკის რიგში დგომას, რამდენადაც პლასტიკური ბარათით გადახდა დღეს ფაქტობრივად ყველა მომსახურების მიღებისას შესაძლებელია. იმ შემთხვევაში კი, თუ მათ პენსიის თანხის ნაღდი ფულის სახით მიღების სურვილი აქვთ, რიგში დგომისას აუცილებლად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია.

    რამდენიმე დღის წინ „ლიბერთი" ბანკმა, საკუთარი ინიციატივითა და რესურსით, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის აპრილის თვის პენსიების წინასწარ გასაცემად 100 მილიონი ლარი გამოყო. ამ ინიციატივის მიზანი იყო, ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი, 70 წელს გადაცილებული ადამიანების დაცვა ვირუსით გამოწვეული მომატებული საფრთხეებისგან, კერძოდ, მათთვის ბანკში მისვლის საჭიროების შემცირება და პენსიის აღებისას მოქალაქეების ნაკადების მაქსიმალურად გადანაწილება.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური 

  • "მთავრობის ადმინისტრაცია გაეროს კონვენციით განსაზღვრული საკოორდინაციო მექანიზმის შექმნაზე მუშაობს

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.

    ნათია მეზვრიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რაც შშმ პირთა უფლებების დაცვას და მათთვის ღირსეული გარემოს შექმნას უკავშირდება.

    როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს გაეროს კონვენციით განსაზღვრული საკოორდინაციო მექანიზმის შექმნაზე და საკითხზე მუშაობა დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.

    „ჩვენ კარგად ვიაზრებთ ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს და იმას, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში თემის წევრები აწყდებიან. მე არ ვისაუბრებ იმ პროგრესზე, რომლის მისაღწევადაც უწყებები და საქართველოს მთავრობა, ცალკეული სამინისტროების სახით მათ შორის და პარლამენტი ყოველდღიურად მუშაობდნენ. პროგრესის პარალელურად გვაქვს გამოწვევები, რომელიც დასაძლევია. კარგად ვაცნობიერებთ, რომ საკითხი იმდენად კომპლექსურია, ბუნებრივია, ამ ყველაფერს სჭირდება დრო, თუმცა, იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ეს დრო უნდა იყოს გონივრული და ძალიან დიდხანს ამ მიმართულებით ვერ დავიცდით. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს, ახლა, ამ ეტაპზე გაეროს კონვენციით განსაზღვრული საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის საკითხზე. ჩვენ, ალბათ უკვე წლის ბოლომდე, დეკემბრის ბოლომდე დავასრულებთ ამ საკითხზე მუშაობას. არსებობს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, სად უნდა იყოს მექანიზმი სტრუქტურულად, როგორი უნდა იყოს მისი ფუნქცია, როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი მოწყობილი იმისთვის, რომ კოორდინაცია იყოს ეფექტური, თუმცა, გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბუნებრივია კონსესუსის შედეგად და ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველა მხარისთვის და ამ პროცესში ჩართული პირებისთვის იქნება მისაღები და რაც მთავარია, ეს მექანიზმი იქნება შედეგზე ორიენტირებული. ეს იქნება მთავრობის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი. 

    ასევე აქტიურად ვმუშაობთ დამატებითი ოქმის რატიფიცირების საკითხზე და მთავრობის პრიორიტეტი გახლავთ ესეც, რომ ამ საკითხზე მუშაობა დროულად დავასრულოთ. გვესმის, რომ ეს ვალდებულებაა, თუმცა, გარკვეულ ლოგიკურ დასასრულამდე ეს პროცესი უნდა მივიყვანოთ, რა თქმა უნდა, თქვენთან თანამშრომლობით", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა 

    მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას და პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებს ამ მიმართულებით მთავრობისთვის წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისა და ძალისხმევისთვის. 

    კონფერენცია სახელწოდებით „დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი" გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით გაიმართა. კონფერენციაზე იმსჯელეს შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებისათვის აუცილებელ ცვლილებებზე, ასევე შშმ პირების უფლებების დაცვისთვის კონკრეტული მექანიზმების შექმნაზე.

    სასტუმრო „რედისონში" გამართულ კონფერენციას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ლელა აქიაშვილი, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

  • საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს დელეგაციის ფორმირებისკენ და ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევრო შენატანის გადახდისკენ მოუწოდა. შესაბამისი რეზოლუცია 10 აპრილს პლენარულ სესიაზე მიიღეს.

    დოკუმენტში ასამბლეის წევრები მოუწოდებენ რუსეთს, „თავიდან აიცილოს სიტუაცია, როდესაც ამ ორგანიზაციის ყველაზე დიდ წევრ ქვეყანას ევროსაბჭოს დატოვებას შესთავაზებენ, ან ამის გაკეთება მოსკოვს საკუთარი ნებით მოუწევს, რასაც გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის.“

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს ხმის მიცემის უფლება 2014 წელს, ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ჩამოართვა. მოსკოვს არ აქვს უფლება ასამბლეის მმართველ ორგანოში იმუშაოს და ასამბლეის სახელით არჩევნებზე დამკვირვებლები გაგზავნოს. 2017 წლის ივნისში რუსეთმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოში საწევრო შენატანს არ გადაიხდის, ვიდრე მისი დელეგაციის წევრებს ყველა უფლება არ აღუდგება. რუსეთის ყოველწლიურ შენატანი 33 მილიონი ევროა, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მთლიანი ბიუჯეტის 10%-ია.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, რომ მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში.

    „რაც შეეხება რუსეთის საწევროს გადაუხდელობის საკითხს, მტკიცედ გვწამს, რომ წევრ სახელმწიფოებს არ უნდა შეეძლოთ ევროსაბჭოს სტანდარტების დაწევა ან საერთო ღირებულებების დაკნინება იმისთვის, რომ დაძლეული იქნეს გამოწვევები, მათ შორის ფინანსური კრიზისი. საქართველო მხარს უჭერს არსებული ფინანსური სირთულეების გადაჭრისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა საქართველოს პოზიცია უცვლელია რუსეთის მიერ საწევროს გადაუხდელობასთან დაკავშირებით – ეს არ უნდა გახდეს საპარლამენტო ასამბლეის პროცედურული წესების ან ევროსაბჭოს წესდების ცვლილების გამომწვევი ფაქტორი ან პირობა. საქართველო ბოლო 20 წელია, სარგებელს იღებს ორგანიზაციის სხვადასხვა უწყების დახმარებით და მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში 500 000 ევროს ოდენობით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს. 

    საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. დელეგაციის წევრები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

  • კორეის რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოს პარლამენტს, საბეჭდი მოწყობილობისთვის შესაბამის აპარატურას გადასცემს

    კორეის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტს საბეჭდი მოწყობილობის-სტამბის შესაქმნელად, 50 ათასი აშშ-ის დოლარის შესაბამისი აპარატურა გადაეცემა. აღნიშნული ინფორმაცია კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კიმ სე ვუნგმა პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობას დღევანდელ შეხვედრაზე აცნობა.

    პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ კორეელ დიპლომატს და კორეის რესპუბლიკის მთავრობას მხარდაჭერისთვის და აღნიშნული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე პარლამენტში სტამბის განთავსების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ, აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც მოწმობს უკვე განხორციელებული აქტივობები, რომელთა შედეგების პრეზენტაცია, ცოტა ხნის წინ, ახალი რეგლამენტის ამოქმედებიდან 100 დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა. მისივე განცხადებით, პარლამენტის გაზრდილი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი საბეჭდი მოწყობილობა შესაბამისი დოკუმენტების, ბუკლეტების, საცნობარო ინფორმაციის დაბეჭდვაში, მნიშვნელოვნად დაეხმარება.

    შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, კორეის მთავრობა, გამოყოფილი თანხის ფარგლებში, პარლამენტის მიერ მიწოდებული სპეციფიკების საფუძველზე, სტამბის მოსაწყობ აპარატურას შეიძენს და საკანონმდებლო ორგანოს საჩუქრად გადასცემს, რომელიც სტამბისთვის განკუთვნილ სივრცეში განთავსდება.

    საქართველოს პარლამენტისთვის საბეჭდი მოწყობილობების აპარატურის გამოყოფა კორეის წარმომადგენლობასთან პარლამენტის აპარატის უფროსის მოლაპარაკებების და კორეაში პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგად განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები და შეხვედრები ქართველი და კორეელი დიპლომატების ორგანიზებით წარიმართა.

    კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გამართულ შეხვედრას საელჩოს კულტურის ატაშე, ბიაუნ სეუნგვუ და პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე, შოთა გოშაძედა პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, დავით ჭურაძეესწრებოდნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური