საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 27 თებერვალი 2020 11:16

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ე. ტიკარაძის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

"მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ ეტაპისთვის პაციენტი მოთავსებულია ცალკე სივრცეში, და მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოში ეპიდემია არ გავრცელდეს.

„მინდა მოგახსენოთ, რომ სასაზღვრო ზოლზე მოქალაქე შემოწმებული იქნა ჩვენი მესაზღვრეების მიერ, რომლებიც სრულიად ეკიპირებულები იმყოფებოდნენ. ვინაიდან, მათი ჯანმრთელობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ასრულებენ ჩვენს მიერ მიწოდებულ ყველა დავალებას, ეს მათი დასნებოვნების რისკს ამცირებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ახლა ვახორციელებთ ამ მებაჟეების კონტროლსაც და ისინიც გადაყვანილები იქნებიან საკარანტინო სივრცეში. ამ ეტაპისთვის პაციენტი მთავსებული არის ინფექციურ საავადმყოფოში. მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე არ ემქურება არანაირი საფრთხე. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქები, ჩვენ არ გვაქვს პანიკის რისკი, ვინაიდან , ჩვენი მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია“, - განაცხადა ე. ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის კორონავირუსის შემთხვევები უკვე დაფიქსირებულია ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, იტალიაში, დანიაში.

 

 

წაკითხულია 105 ჯერ

Related items

  • საქართველოში COVID-19 -ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

    შაბათს საქართველოში კორონავირუსით /COVID-19/ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი თქმით, გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც ე.წ. მარნეულის კლასტერიდან იყო.

    როგორც ა. გამყრელიძემ აღნიშნა, პაციენტი კლინიკაში დღეს, 9 საათზე გარდაიცვალა. მისივე განმარტებით, პაციეტის სამკურნალოდ ჩატარებული ღონისძიებები არაეფექტური აღმოჩნდა. "თქვენ იცით, 31 მარტს ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში კრიტიკული პაციენტი, 79 წლის, რომელთანაც დადასტურებული იყო კოვიდ ინფექცია. ასევე მინდა გითხრათ ამ პაციენტის შესახებ, რომ ანამნეზში იყო ბოლო 6 თვის განმავლობაში მკვეთრი წონის დეფიციტი. ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად, გამოვლინდა ორმხრივი პნევმონია, ასევე დადასტურდა პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი ჰემოდინამიკის რღვევით. ამ კვლევების შემდეგ, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებული იქნა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა, მაგრამ ჩატარებული ღონისძიებები ამ ეტაპზე აღმოჩნდა არაეფექტური,“ - დასძინა მან.

    შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

    შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 157 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 28 პაციენტი, ასევე გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

    ამასთან, კარანტინის რეჟიმში 5526 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

     
  • პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 706 ფაქტი გამოავლინა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს.

    სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 706 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1 აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დააჯარიმეს.

    გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 75 მოქალაქე დააჯარიმა.

    1 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

    პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს განაგრძობს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

    ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს.

    კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

  • საქართველოში კორონავირუსისგან 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში ახალი კორონავირუსისგან /COVID-19/ უკვე 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

    ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული და მათ შორის გამოჯანმრთელებულია 27 მოქალაქე.

    ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.

    რაც შეეხებათ მეზობელ ქვეყნებს, სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა, რის შედეგადაც ქვეყანაში ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

    ამასთან, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 663-ს მიაღწია. ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 16 მარტის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

    აზერბაიჯანში „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებულების რიცხვი 87-მდე გაიზარდა. აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აქტიური მკურნალობის კურსი 76 ადამიანს უტარდება.

    ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

    ბაქოში აცხადებენ, რომ ვირუსისგან 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა. ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

     

  • ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    საქართველოს ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ისინი იზოლაციაში იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    „ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენისთანავე, ეცნობათ შესაბამის სამსახურებს. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა.

    ჩატარებული კვლევების შედეგად, ვირუსი დაუდასტურდა იზოლაციაში მყოფ  შვიდ თანამშრომელს. ამჟამად ისინი გადაყვანილი არიან შესაბამის სტაციონარში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, გადიან სამკურნალო პროცედურებს და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამჟამად მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევა შესაძლო ყველა შესაძლო კონტაქტების დადგენის მიზნით.

    პირები, რომლებსაც დაუდასტურდა ვირუსი, ერთი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლები არიან. ისინი სრულიად დისტანცირებული იყვნენ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ შემხებლობა არ ჰქონიათ ბანკის სხვა თანამშრომლებთან“, – აცხადებს ბანკი.

    ამასთან, უწყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომელთა 90% დისტანციურად ასრულებს მოვალეობებს, ეროვნული ბანკის ყველა შენობაში მაინც მიმდინარეობს ინტენსიური სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები.

    „იმისათვის, რომ ქვეყნისათვის ამ ურთულეს პერიოდში გამართულად ფუნქციონირებდეს საფინანსო სექტორი,  შეუფერხებლად მუშაობდეს კრიტიკული სისტემები და  ფულის ნიშნებით უწყვეტად მარაგდებოდეს ეკონომიკა, ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, ისევე როგორც სხვა არაერთი პროფესიის წარმომადგენლებს, ექსტრემალურ პირობებში უწევთ საკუთარი მოვალეობების შესრულება.

    ეროვნული ბანკი აგრძელებს, ქვეყნისათვის კრიტიკული სერვისების შეუფერხებლად მიწოდებას. როგორც ადრე განვაცხადეთ, 16 მარტიდან ეროვნული ბანკი ლარის ბანკნოტებისა და მონეტებთან მიმართებაში საკარანტინო ზომებს ახორციელებს. კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში თავსდება, ინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას როგორც მინიმუმ 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ხდება“, – ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26. კარანტინის რეჟიმშია 5550 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281.

  • გიორგი გახარია - მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ

    მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    სხდომა დღეს გაფართოებულ ფორმატში გაიმართა და მას საბჭოს წევრების გარდა დედაქალაქის მერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

    „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად, ხაზგასმით აღვნიშნავ - ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან დაიწყება. ეს კარანტინი ნიშნავს შემდეგს:

    • სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის.

    • დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

    • ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.

    • იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია.


    • ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული. ასევე, რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

    • აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

    • იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მიმართ ვალდებულება აქვს, რომ დაეხმაროს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.

    • ყველაზე მნიშვნელოვანი - საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.

    • პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდსა და ქ. გორში. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები.

    • ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტი - ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური