ქართველი სინოლოგების კომენტარები კორონავირუსთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 20 თებერვალი 2020 14:32

საქართველოში დაიწყო ჩინეთის მხარდამჭერი აქცია, რომლის ფარგლებშიც ქართველი სინოლოგები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებულ კორონავირუს COVID-19-ის ეპიდემიას ეხმაურებიან.

ქვემოთ გთავაზობთ ქართველი სინოლოგის, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორის ელისო ელისაშვილის მოსაზრებას:

მინდა გამოვეხმაურო ბოლო ხანებში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას - კორონა ვირუსის გავრცელებას და თანმდევ პროცესებს. პირველ რიგში კი მინდა თანაგრძნობა გამოვხატო უხანისა და სრულიად ჩინეთისადმი, იმის გამო რისი გადატანაც ახლა უწევთ. ამ ვირუსის გამოვლენაც ისეთივე შემთხვევითობაა, როგორც სხვადასხვა დროს ბევრი სხვა უბედურება, მათ შორის მწვავე დაავადებები, დასტყდომია მსოფლიოს. მთვარია ხალხმა სწორად გავიაზროთ რა რეაქცია შეიძლება გვქონდეს, რა როლი შეიძლება შევასრულოთ პრობლების გადაჭრის პროცესში, რა უნდა, ან რა არ უნდა გავაკეთოთ.
მსოფლიოს უდიდესი ნაწილი დიდი ყურადღებით მოეკიდა საკითხს და აქტიურად ჩაერთო შველის პროცესში. ახლა რაც შეეხება უშუალოდ ჩინეთს: წარმოუდგენელია და ენითაუწერელია ის ერთსულოვნება, თავგამოდება, გმირობა და სიძლიერე, რაც ამ სახელმწიფომ და ხალხმა ამ დღეეში დაგვანახა. ჩინეთისთვის, როგორც ერთერთი ყველაზე მჭიდროდდასახლებული ქვეყნისთვის, ალბათ ასმაგად დიდი გამოწვევაა მსგავსი დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ამის მიუხედავად, შედეგი გასაოცარია. სულ მეფიქრება, თუ სამყაროს ეს ვირუსი უნდა მოვლენოდა, ალბათ ჩინეთში იმიტომ მოხდა, რომ ეს ქვეყანა მას ყველაზე დიდი შეგნებით და მზაობით დახვდებოდა და პირველ დარტყმას გმირულად მიიღებდა თავის თავზეთქო. წარმოდგენაც არ მინდა რა სავალალო შედეგი შეიძლება მოყოლოდა ამ ვირუსის გავრცელებას საქართველოში, სადაც არც ტექნოლოგიურად ვართ სათანადოდ მზად და მსგავს პრობლემებზე პირველი რეაქცია, როგორც წესი, პანიკა და ქაოსია, არ გვიყვარს წესების დაცვა, არ გვჯერა, რომ ნიღბის ტარებამ შეიძლება დაგვიცვას და ასე შემდეგ.
ჩემი დასკვნები არ ეფუძნება მხოლოდ ჩინურ მედიას ან ჩემს პირად დამოკიდებულებას ჩინეთისა და ჩინელი ხალხის მიმართ: ვეცნობი უცხოური მედიის უამრავ სიახლეებს, ასევე ყოველდღიურად პირადი კომუნიკაცია მაქვს ჩინეთში მცხოვრებ ბევრ უბრალო ხალხთან, იქ მყოფ ქართველებთან, რომელთა შორის დიდი ნაწილი ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიით დაჯილდოებული ქართველი სტუდენტია. საოცარია ის, რომ მათგან არ მიგვრძნია იმ შიშისა და პანიკის ნახევარიც კი, რაც საქართველოში და ქართულ სოციალურ მედიაში გავრცელდა. შიშს კიდევ რა უშავს, აი ჩინელების და აღმოსავლეთაზიელების მიმართ გამოვლენილი დიდი აგრესია და ცინიზმი კი საერთოდ არ ჯდება საღი აზროვნების ფარგლებში. რას ვერჩით, რატომ ვერჩით, რა დაგვიშავა ამ ქვეყანამ და ხალხმა? პირიქით, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩინეთი საქართველოსთვის პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით სერიოზული სტრატეგიული პარტნიორია, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ახორციელებს სერიოზულ ინვესტიციებს, საქართველოსთან აამოქმედა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და კიდევ უამრავი დამსახურება აქვს, რომელთა ჩამოთვლამ შეიძლება შორს წაგვიყვანოს. ვფიქრობ, კორონა ვირუსზე უფრო საგანგაშო საქართველოსთვის არის ქსენოფობიისადმი დიდი მიდრეკილება და პირველ რიგში მას უნდა გამოვუცხადოთ ბრძოლა. ეს ის დაავადებაა, რომელიც საზიანოა პიროვნულ და სახელმწიფოებრივ დონეზე და ხელს შეუშლის ჩვენი ქვეყნის პროგრესსა და განვითარებას. საქართველოს ბევრი რამ შეუძლია ისწავლოს ჩინეთისგან და მასთან მეგობრობით, იმედი მაქვს ამ შანსს გამოიყენებს. ეს ის ქვეყანაა, რომელიც მყარად დგას თავის დიდებულ ისტორიულ წარსულზე და თანამედროვე განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია. მსოფლიომ ჯერ ის საოცრება ვერ ამოხსნა, ათასწლეულების წინ თუ როგორ ააგო ჩინეთმა მთის მწვერვალზე გიგანტური დამცავი ნაგებობა - ჩინეთის კედელი, რომ ახლა მეორე საოცრება მიიღო: 10 დღეში აშენებული და სრულად აღჭურვილი 1000 კაცზე გათვლილი ჰოსპიტალი. შექმნილი ვითარების მიუხედავად, ჩინეთი ყველა ღონეს მიმართავს რომ სწავლა-განათლება არ შეფერხდეს. მართალია სასწავლებლები დაკეტილია, მაგრამ უსწრაფესად აამუშავეს ონლაინ სასწავლო პლატფორმები და მოსწავლეებსა და სტუდენტებს დისტანციურად სახლის პირობებში შეუძლიათ გააგრძელონ მეცადიოება, ეს ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. უფრო მეტიც, ჩინეთს არც უცხოელ სტუდენტებზე ზრუნვა დავიწყებია: 6 თებერვლიდან ჩინური ენის დონის გამოცდის ოფიციალურმა საიტმა ხელმისაწვდომი გახადა დიდი რაოდენობით სავარჯიშო ტესტები, რეგისტრაციის გავლის შემდეგ ნებისიერ მსურველს შეუძლია გაიაროს შესაბამისი დონის ტესტირება, ნახოს შეფასება და ასევე შეცდომების ანალიზი, რაც მათ დაეხმარებათ ოფიციალური გამოცდისთვის მზადებაში. ასეთია ჩინეთი, მუდამ მზრუნველი, აქტიური და მომავლისკენ მიმართული, ქედს არ უხრის დროებით კრიზისებს. იმედი მაქვს საზოგადოება მაქსიმალურად გაამხნევებს და მორალურ მხარდაჭერას გამოუცხადებს ვირუსით დაზარალებულებს, ხოლო ჩინეთის მთავრობის და სამედიცინო პერსონალის გმირული ბრძოლა სულ მალე წარმატებით დასრულდება!

წაკითხულია 412 ჯერ

Related items

  • ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი იმართება

    2020 წლის 7 აპრილიდან 9 აპრილის ჩათვლით ქ. ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ვიზიტი იმართება. აღნიშნული შენაერთის შემადგენლობაში შედის 5 ნატო-ს წევრი ქვეყნის - ბულგარეთის, კანადის, იტალიის, თურქეთის და რუმინეთის საზღვაო ხომალდი.
     
    ვიზიტის ფარგლებში SNMG2-ის წარმომადგენლები საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარებენ ერთობლივ სწავლებას დისტანციურ რეჟიმში. მსგავსი ტიპის სწავლებები მიზნად ისახავს საქართველოს და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერებას.
     
    მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე,  ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ნატო-ს ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია და ნათლად ადასტურებს ალიანსის ერთგულებას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კურსისადმი. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს შავი ზღვის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს რეგიონში სტაბილურობის   განმტკიცებას.
     
    მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია.

  • კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 195 გახდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7-ით გაიზარდა და 195 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

    დღეის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4735 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383 პირი იმყოფება.

    აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროისათვის 195 ადამიანიდან 39 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ორი გარდაიცვალა.

     

  • კორონავირუსი: ევროკავშირი მხარში უდგას საქართველოს

    დღეს ევროკომისიამ გამოაცხადა საგანგებო, მძლავრი დახმარების პაკეტის შესახებ საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონისთვის, რითაც ხელი უნდა შეუწყოს მათ კორონავირუსის კრიზისის გამოწვევებთან გამკლავებაში.

    საქართველოსთვის ეს ნიშნავს 20 მილიონზე მეტი ევროს გამოყოფას ახალი გადაუდებელი საჭიროებებისთვის, გარდა იმისა, რომ მოხდება 70 მილიონზე მეტი ევროს მიმდინარე პროგრამების გადამისამართება კრიზისის საპასუხოდ.

    ეს პაკეტი დააკმაყოფილებს საქართველოს გადაუდებელ საჭიროებებს შემდეგი საშუალებებით:

    -       საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა;

    -       იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც ყველაზე მეტად არის დაზარალებული კრიზისით, და სამოქალაქო პარტნიორების მხარდაჭერა;

    -       პაკეტის მიზანია ასევე საქართველოში პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური ზეგავლენის შემცირება ქვეყნის მცირე ბიზნესის დახმარების საშუალებით.

    გარდა ამისა, ევროკავშირი აწარმოებს მიმდინარე მაკრო-ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოსთვის, საიდანაც დაფინანსება ხელმისაწვდომია მაშინვე, როგორც კი კონკრეტული ერთობლივად შეთანხმებული საქმიანობა იქნება განხორციელებული.

  • საქართველოში COVID-19 -ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

    შაბათს საქართველოში კორონავირუსით /COVID-19/ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი თქმით, გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც ე.წ. მარნეულის კლასტერიდან იყო.

    როგორც ა. გამყრელიძემ აღნიშნა, პაციენტი კლინიკაში დღეს, 9 საათზე გარდაიცვალა. მისივე განმარტებით, პაციეტის სამკურნალოდ ჩატარებული ღონისძიებები არაეფექტური აღმოჩნდა. "თქვენ იცით, 31 მარტს ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში კრიტიკული პაციენტი, 79 წლის, რომელთანაც დადასტურებული იყო კოვიდ ინფექცია. ასევე მინდა გითხრათ ამ პაციენტის შესახებ, რომ ანამნეზში იყო ბოლო 6 თვის განმავლობაში მკვეთრი წონის დეფიციტი. ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად, გამოვლინდა ორმხრივი პნევმონია, ასევე დადასტურდა პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი ჰემოდინამიკის რღვევით. ამ კვლევების შემდეგ, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებული იქნა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა, მაგრამ ჩატარებული ღონისძიებები ამ ეტაპზე აღმოჩნდა არაეფექტური,“ - დასძინა მან.

    შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

    შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 157 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 28 პაციენტი, ასევე გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

    ამასთან, კარანტინის რეჟიმში 5526 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

     
  • პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 706 ფაქტი გამოავლინა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს.

    სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 706 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1 აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დააჯარიმეს.

    გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 75 მოქალაქე დააჯარიმა.

    1 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

    პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს განაგრძობს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

    ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს.

    კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დი...

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური