მიხეილ ჩხენკელმა ესტონეთის ელჩთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა განიხილა

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 12 თებერვალი 2020 14:41

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, კაი კაარელსონთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. მინისტრმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა განათლების კომპლექსური რეფორმისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეგა-პროექტის შესახებ, რომლის დასაარსებლად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელა. მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად განხორციელდება თანამედროვე კვლევები სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში.

შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს 2020-21 სასწავლო წლიდან სამ საგანმანათლებლო პროგრამაზე (მათემატიკა, მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღებს. საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ქართველებთან ერთად უცხოელი პროფესორებიც ჩაერთვებიან და ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს განახორციელებენ. მინისტრი ასევე მიესალმება ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით პროცესში ტარტუსა და ტალინის უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორების ჩართულობას. ესტონეთის ელჩმა კაი კაარელსონმა, თავის მხრივ, ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ფოტოგამოფენის საორგანიზაციო საკითხებს, რომელიც ესტონური დიასპორის აფხაზეთის რეგიონში ცხოვრების 130 წლისთავს მიეძღვნება და მათი ისტორია იქნება მოთხრობილი. გამოფენა, რომელიც მაისში გაიმართება, ემსახურება არა მხოლოდ ესტონური დიასპორის, არამედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

მხარეებმა განიხილეს როგორც საჯარო სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგების გადამზადების, ასევე, სტუდენტების ახალი გაცვლითი პროგრამები.

ესტონეთის ელჩმა მინისტრი მიხეილ ჩხენკელი 24 თებერვალს ესტონეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე მიიწვია, რომელიც პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ჩატარდება.

წაკითხულია 44 ჯერ

Related items

  • მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილა

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტს უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა. შეხვედრას საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს გენერალური დირექტორი ზაზა ფურცელაძე ესწრებოდა.

    შეხვედრის დროს მიხეილ ჩხენკელმა შეაჯამა ლონდონში, „განათლების მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში გამართული ის უმნიშვნელოვანესი შეხვედრები, რომლებიც ბრიტანულ საგანმანათლებლო და საგამომცემლო ორგანიზაციებთან შედგა. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განათლების სივრცეში მოხდეს ბრიტანული მსხვილი საგამომცემლო ორგანიზაციების ინტეგრირება. მიხეილ ჩხენკელმა ჯასტინ მაკენზი სმიტს გააცნო ხედვა ელექტრონული წიგნების შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გადაიყვანს თვისობრივად ახალ ეტაპზე. ციფრული სახელმძღვანელოების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეებს მასალის წაკითხვასთან ერთად წვდომა ექნებათ მულტიმედიურ ინტერაქტიულ რესურსებზე, როგორიც არის თვითშეფასების ტესტები, ვირტუალური ლაბორატორიები და სხვა აპლიკაციები. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ იდეის განხორციელების პროცესში წამყვანი ბრიტანული საგანმანათლებლო და საგამომცემლო ორგანიზაციები აქტიურად ჩაერთვებიან.

    მიხეილ ჩხენკელმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ლონდონში მის ნაყოფიერ ვიზიტს შედეგი უკვე მოჰყვა. კერძოდ, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო პროფესიული სასწავლებელის "Portsmouth College"-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და აღნიშნულ კოლეჯს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთობლივ პროექტებზე იმუშავებენ და სხვადასხვა გაცვლით პროგრამას განახორციელებენ.

    შეხვედრის დროს მიხეილ ჩხენკელმა სურვილი გამოთქვა, რომ ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით საქართველოს საჯარო სკოლებში, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ინგლისური ენის სწავლების კომპონენტი კიდევ უფრო გაძლიერდეს.

    მინისტრმა ბრიტანეთის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისათვის და ამ პროცესში განსაკუთრებულად გამოყო ბრიტანეთის საბჭოს წვლილი. თავის მხრივ, ჯასტინ მაკენზი სმიტმა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

     

  • მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის საბჭოს ხელმძღვანელობასთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახა

    ლონდონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა გამართა ბრიტანეთის საბჭოს რეგიონულ დირექტორთან ჯოანა ბურკთან და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის სავაჭრო დესპან, ვინტერბორნის ბარონესა ემა ჰარიეტ ნიკოლსონთან, რომლებთანაც სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

    საუბარი შეეხო საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამას „შემოქმედებითი ნაპერწკალი“. მხარეებმა ამ პროგრამის განვითარების ახალი  პერსპექტივები განიხილეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების სფეროში ინგლისური ენის სწავლების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის შესწავლის ციფრული სასწავლო  პლატფორმის გამოყენება გახდება შესაძლებელი.

    ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ წარმოადგენს სამეწარმეო განათლების პროგრამას უმაღლესი სასწავლებლებისთვის. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო  საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობას სამეწარმეო უნარებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების  განვითარებაში.

    პროგრამის განხორციელება 2018 წელს დაიწყო და მასში  უკვე ჩართულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისი სახელმწიფო კონსერვატორია, ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, „შემოქმედებითი საქართველო“, და სხვა ორგანიზაციები.

    აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი "Big Idea Challenge", რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტების, კურსდამთავრებულთა და ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესიდეების განვითარებასა და წახალისებას. კონკურსი ორი ეტაპად წარიმართა. ადგილობრივ დონეზე გამარჯვებულმა ქართველი სტუდენტების პროექტმა „საპო“ საერთაშორისო ეტაპზეც გამარჯვება მოიპოვა, კატეგორიაში „კრეატივი“.

  • მიხეილ ჩხენკელი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში იმართება. ფორუმზე 95 ქვეყნის 1200-ზე მეტი დელეგატი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს, ახალ მიდგომებსა და სტრატეგიებს განიხილავს. ფორუმის ძირითადი თემაა - სწრაფად ცვალებად სამყაროში განათლების გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება.

    ფორუმის ფარგლებში მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მსოფლიო ბრენდების - HP-ისა და Microsoft-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმის განხორციელებისას უმნიშვნელოვანესია განათლების ყველა საფეხურზე სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრაცია. მიხეილ ჩხენკელმა და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს სკოლებში, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებში თანამედროვე ტექნოლოგიების, როგორც დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის დანერგვაზე და ამ მიმართულებით მომავალი ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

    საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით განხორციელდა.

  • მიხეილ ბატიაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა დატოვა

    მიხეილ ბატიაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    პრემიერ-მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.  

    „ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით. 

    ის პრინციპი, რომლსაც ჩვენ ერთხმად ვეთანხმებით, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები გახლავთ სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება, ამ სამ მიმართულებას ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ. განსაკუთრებით განათლების სისტემური რეფორმას, რომელიც მოითხოვს უფრო სწრაფ, ეფექტიან განვითარებას და დარწმუნებული ვარ, რომ კოლეგები, გუნდი, რომელიც განათლების სამინისტროს ამ მიმართულებით ხელმძღვანელობს, გააგრძელებს ეფექტიან შრომას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • „ქართული მეცნიერება ევროპული სამეცნიერო ოჯახის წევრი ხდება“

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება.

    საქართველოს განათლების სისტემაში ევროპული ხარისხის დანერგვისა და ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ბატიაშვილი ევროკომისარს კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში კარლოს მოედაშს შეხვდა, რომელსაც საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმის დეტალების გააცნო.

    „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ევროკომისარ კარლოს მოედიშთან. ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის თაობაზე. ძალიან პოზიტიური და დადებითი შეფასება მიიღო იმ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი ნაბიჯებია, რაც გულისხმობს განათლების კუთხით ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციასა და მათგან მეტი ბენეფიტის მიღებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და მათ შორის სამეცნიერო პროექტების განხორციელებით. ევროკავშირისგან დიდი მხარდაჭერა საქართველოს „ევრაქსესში“ გაწევრიანების დოკუმენტზე ხელის მოწერით კიდევ ერთხელ დადასტურდება. ეს ყველაფერი შესაძლებლობას მისცემს საქართველოში მოღვაწე ყველა მეცნიერსა და სამეცნიერო ინსტიტუციას ისარგებლონ იმავე შეღავათებით, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სარგებლობენ. ეს არის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა - ხვალიდან უკვე ოფიციალურად ქართველი მეცნიერებისთვის თითქმის ყველა ევროპული სამეცნიერო ფონდი და რესურსი ხელმისაწვდომი გახდება. ფაქტობრივად, ქართული მეცნიერება ევროპული სამეცნიერო ოჯახის წევრი ხდება“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური