ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 თებერვალი 2020 15:23

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან,  ლი იენთან.

შეხვედრაზე ელჩმა მინისტრის მოადგილეს კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე და ჩინეთის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა, რომ სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან.

ლი იენმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების გამო. აღინიშნა, რომ ასეთ მძიმე წუთებში მხარდაჭერის გამოხატვა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველომ პარტნიორების დახმარებით, ჩინეთიდან რამდენიმე მოქალაქის ევაკუირება მოახდინა და მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს ამ პროცესში თანამშრომლობისთვის.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისთვის, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი საკითხის არასწორი ინტერპრეტირება და თავიდან იქნას აცილებული ზედმეტი მღელვარება.
მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი უმოკლეს ვადებში შეძლებს ვირუსის გავრცელების შეჩერებას და აღნიშნულ პროცესში ჩინეთის სამთავრობო წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხს.
 

წაკითხულია 198 ჯერ

Related items

  • ჩინეთმა საქართველოს, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, პირადი დაცვის საშუალებები გადასცა

    დღეს ჩინეთმა საქართველოს, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, პირადი დაცვის საშუალებები გადასცა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.

    მათი ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალს ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლი იანი პირადად დაესწრო. 

    „ჩინეთი და საქართველო მეგობარი ქვეყნები არიან. ისეთი გამოწვევის დროს, როგორიც არის ეპიდემია ქვეყნებს შორის  ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩინეთში მძიმე ეპიდსიტუაცია გვქონდა, საქართველოსგან, პრეზიდენტისგან, პრემიერ-მინისტრისგან, სამინისტროებიდან ჩვენ დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით. ახლა მზად ვართ ჩვენ დავეხმაროთ საქართველოს, თუ ამის საჭიროება იქნება. იმედი მაქვს ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება და განმტკიცდება“, - განაცხადა დიპლომატმა.

    შეხვედრაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპიდან ჩინეთის მთავრობის მხრიდან, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო. 

    შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილიც ესწრებოდა.

    საერთო ჯამში საქართველოს ჩინეთისგან 5 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი აქვს მიღებული. ამას გარდა 1000-ზე მეტი PCR ტესტი და 21 000 ცალი სწრაფი ტესტი.

  • ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი მიიღო

    2020 წლის 7 ივლისს, ყაზახეთის მხარის ინიციატივით, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეხვედრა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბაურჟან მუხამეჯანოვთან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.
     
    მხარეებმა განიხილეს COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო ყაზახეთის მხარის თხოვნას, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, ყაზახეთის სხვადასხვა კლინიკებში ქართველი რეანიმატოლოგების, თერაპევტებისა და პულმონოლოგების მივლინების შესაძლებლობის თაობაზე.
     
    მხარეებმა ასევე განიხილეს ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს და საქართველოში მყოფი ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეების თავიანთ სამშობლოში დაბრუნების საკითხები.
     
    საქართველოს მხარემ მადლიერება გამოთქვა ყაზახეთიდან ქართველი დიპლომატების რეპატრიაციის საკითხში ყაზახეთის მხარის მიერ გაწეული დახმარების გამო.

  • „ტრადიციული მეგობრობის განმტკიცებით ერთად უკეთეს მომავალს შევქმნით“- აცხადებს ჩინეთის ელჩი

    „ტრადიციული მეგობრობის განმტკიცებით ერთად უკეთეს მომავალს შევქმნით", - აცხადებს ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი ლი იენი.

    დღეს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 28 წელი შესრულდა. ჩინეთ-საქართველოს შორის მეგობრობის ტრადიციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. უძველესი აბრეშუმის გზა ჩინელი და ქართველი ხალხის მეგობრული კავშირის მოწმეა. ჩინეთი მე-12 საუკუნის ცნობილი ქართველი პოეტის შედევრში - „ვეფხისტყაოსანშიც“ არის ნახსენები. 1992 წლის 9 ივნისს, ორი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებმა თბილისში „ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეს“ ხელი მოაწერეს. ამ მომენტიდან ჩინეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაიშალა. 28 წლის მანძილზე, ორი ქვეყნის მთავრობების ყურადღებიანი ხელმძღვანელობისა და ორი ერის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად განვითარდა, ხოლო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები გამოიღო.

    ჩინეთი და საქართველო მუდამ თანასწორუფლებიანი და ერთმანეთის მიმართ ნდობით გამსჭვალული, მეგობარი სახელმწიფოები იყვნენ. ჩინეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ კი, მუდამ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს ვცემთ ერთმანეთის მიერ არჩეულ საზოგადოებრივ წყობილებასა და განვითარების გზას, თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთსარგებლობის პრინციპზე დაყრდნობით ვავითარებთ საერთაშორისო თანამშრომლობას, ერთად ვქმნით დიდ და პატარა სახელმწიფოებს შორის თანასწორუფლებიანი მოპყრობისა და ჰარმონიული თანაცხოვრების ბრწყინვალე მაგალითს.

    ჩინეთი და საქართველო კარგი პარტნიორები არიან, რასაც სარგებელი ორივე მხარისთვის მოაქვს. ჩვენი ქვეყნები ენერგიულად თანამშრომლობენ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშენებლობაში. ჩინური კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ელექტროენერგიის, ინდუსტრიული ზონების, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროების მშენებლობაში. მათ საქართველოში არა ერთი მაღალხარისხოვანი პროექტი განახორციელეს რკინიგზის, საავტოობილო გზების, გვირაბების, ხიდების მშენებელობის მიმართულებით და დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილები შექმნეს. ჩინეთი მზად არის საქართველოს საჭიროებებს უპასუხოს. განხორციელდა უსასყიდლო დახმარების პროექტები, მაგალითად საბაჟო კონტროლის დანადგარების, ბოსტნეულის სათბურების, ფაროსანას საწინააღმდეგო აღჭურვილობის და სხვა პროექტები. ქართული მხარის ორგანიზებით სამჯერ წარმატებით ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი, სადაც მთელი მსოფლიოს მოაზროვნეებმა მოიყარეს თავი და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ თანამშრომლობის განვითარებისთვის რჩევები და გეგმები შეიმუშავეს. ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ამ სახის პირველი შეთანხმებაა ჩინეთსა და ევრაზიის რეგიონის სხვა ქვეყანას შორის. მან ორმხრივი ვაჭრობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისას ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა თუ სულ რაღაც 3.68 მილიონი აშშ დოლარი იყო, ამ მაჩვენებელმა დღეს უკვე 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ჩინელი მომხმარებელი სულ უფრო მეტ ხარისხიან ქართულ ნაწარმს ეცნობა და იძენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წელს ეპიდემიის გამო საქართველოს საგარეო ვაჭრობის კლების ფონზე, ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა პირველი ოთხი თვის მონაცემებით 8.9%-ით გაიზარდა და ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა.

    ჩინეთი და საქართველო ერთმანეთისგან ბევრს სწავლობენ. ჩინეთი და საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ბრწყინვალე ცივილიზაციის მქონე უძველესი ქვეყნებია. ჩვენს ხალხებს ერთმანეთის ცივილიზაციისა და ისტორიის მიმართ დიდი ინტერესი აქვთ. დღეს ჩინეთსა და საქართველოს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს. ლიტერატურული და სამხატვრო დასები ხშირად ახორციელებენ ურთიერთვიზიტებს. თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, სპორტის, კინოსა და ტელევიზიის, ახალი ამბების, გამომცემლობის და სხვა სფეროებში უწყვეტად ღრმავდება. ჩინეთის მიერ დაარსებული ორი კონფუცის ინსტიტუტი საქართველოში ჩინური ენის ბრწყინვალე სპეციალისტებს ამზადებს. ყოველწლიურად ათობით ქართველ სტუდენტს ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიის და კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდიის მოპოვებისა და ჩინეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევა. საქართველოს მთავრობა ჩინური ენის ეროვნულ სასწავლო პროგრამაში შეტანას აპირებს, რაც ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას უზრუნველყოფს. „ღვთის მიერ ნაბოძები მიწა“, „ღვინის სამშობლო“ - ეს მეტსახელები უფრო და უფრო მეტ ჩინელ ტურისტს იზიდავს. 2019 წელს საქართველოში თითქმის 50 ათასმა ჩინელმა ტურისტმა იმოგზაურა, რაც წინა წელთან შედარებით 50.9%-ით მეტია.

    წელს, ჩინეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობები და ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობა ახალი კორონავირუსული ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო უკეთ წარმოჩინდა და გაიზარდა. ჩინეთმა ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართული საზოგადოების მხარდაჭერა და თანაგრძნობა მოიპოვა. საქართველოში ეპიდემიის დაწყების მომენტიდან, „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციაზე დაყრდნობით, ჩინეთმა საქართველოსთან ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობა აქტიურად დაიწყო, ეპიდემიის პრევენციის, კონტროლისა და მკურნალობის გამოცდილება ქართულ მხარეს უანგაროდ გაუზიარა; ქართული მხარისთვის ექსპერტთა ვიდეო კონფერენცია სამჯერ მოაწყო; ნიღბები, რეაქტივების ნაკრებები, ხელთათმანები, დამცავი სამოსი და სხვა აუცილებელი სამედიცინო ნივთები საჩუქრად გადასცა. საქართველოში ჩინეთის მოქალაქის მხრიდან ვირუსის გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჩინეთის მოქალაქეებს თავიანთი წვლილი შეაქვთ საქართველოში ეპიდემიის წარმატებულ პრევენციასა და კონტროლში. ამავდროულად, ორ ქვეყანას შორის საქმიანი თანამშრომლობის ხელშეწყობით ვცდილობთ ეპიდემიით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას. ჩინურ კომპანიებს, რომლებიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაში არიან ჩართულნი, გაძლიერებული დამცავი ღონისძიებების პირობებშიც კი, ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა, ისინი რეალური მოქმედებებით ხელს უწყობენ საქართველოს ეკონომიკის აღდგენას. ჩვენ გვაქვს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ეპიდემიის წინააღმდეგ მხარდამხარ ბრძოლაში შედუღებული ჩინეთ-საქართველოს მეგობრობა, ეპიდემიის დასრულების შემდეგ უფრო დიდი ძალით გამოთავისუფლდება და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში საქმიანი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ ნაყოფიერ შედეგს მოიტანს.

    „ორ ნაპირს შორის წყალუხვი სივრცე გაშლილა, აფრების ასაშვებად სწორედაც, რომ საუკეთესო დროა“. გასული წლის მაისში, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს წევრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ განაცხადა, რომ ჩინეთი და საქართველო ყოველმხრივ ღია სავაჭრო პარტნიორები, თანასწორუფლებიანი და ურთიერთსარგებლიანი საინვესტიციო პარტნიორები და ურთიერთდაკავშირებული სატრანსპორტო პარტნიორები უნდა იყვნენ, რასაც საქართველოს მეთაურებმა მხარი დაუჭირეს. ჩინეთი მზადაა, ქართულ მხარესთან ერთად სისრულეში მოიყვანოს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმება და თანასწორუფლებიანობის, ურთიერთსარგებლობისა და თანამშრომლობის საფუძველზე გააგრძელოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარება; მზადაა მტკიცედ გამოიყენოს "ერთი სარტყელი, ერთი გზის" პროექტის ისტორიული შესაძლებლობები და „ერთობლივი მსჯელობის, ერთობლივი მშენებლობისა და ერთობლივი სარგებლის“ პრინციპზე დაყრდნობით უფრო მეტად განამტკიცოს პოლიტიკური ურთიერთნდობა, სრულად გამოიყენოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ბოლომდე აითვისოს საქმიანი თანამშრომლობის პოტენციალი, გააფართოვოს თანამშრომლობის წყაროები, გააღრმავოს კულტურული ურთიერთობები, გააძლიეროს საერთაშორისო თანამშრომლობა, ყველაფერი იღონოს ორი ქვეყნის ხალხებისათვის უფრო მეტი კეთილდღეობისა და ჩინურ-ქართულ ურთიერთობებში უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

  • სომხეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

    სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ფეისბუქ-ლაივში თავად განაცხადა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული არიან პრემიერის ოჯახის წევრებიც.

    ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მას ვირუსის არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნება. ”ოფიციანტმა, რომელმაც ჭიქები დააწყო მაგიდაზე, ეს გააკეთა ხელთათმანების გარეშე. მე ვთხოვე მას, რომ შეეცვალა ეს ჭიქები, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ოფიციანტი ამას ხელთათმანების გარეშე ადრეც აკეთებდა. გარკვეული დროის შემდეგ, ოფიციანტს ასევე დაადასტურა კოროვირუსი”, - აღნიშნა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.

    ფაშინიანის თქმით, ვიდრე ამის შესაძლებლობა ექნება, იგი მუშაობას რეზიდენციიდან გააგრძელებს.

    ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 9282-ია. COVID-19– ით დაღუპული პაციენტების რიცხვი ვირუსის აღმოჩენის შემდეგ 131-მდე გაიზარდა. ამ დროის განმავლობაში, სხვა მიზეზით კიდევ 50 პაციენტი გარდაიცვალა.

  • კორონავირუსის კრიზისის დროს უკრაინის კულტურა საფრთხის ქვეშ დგას

    ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას, უკრაინის მთავრობას შეუძლია შესწიროს უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება „ევრომაიდანის“ შემდეგ - მისი კულტურა. 2020 წელს ფინანსთა სამინისტრო გეგმავს კულტურისთვის დაფინანსების შემცირებას 7 მილიარდი გრივნით. UkraineWorld- მა შეისწავლა ეს საკითხი და გაიგო თუ რატომ მიიჩნევს ზოგიერთი შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენელი, რომ ამან შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს.

    27 მარტს ათასობით უკრაინელი შეუერთდა ონლაინ პროტესტს სახელწოდებით "არა კულტურის განადგურებას!". ეს ინიციატივა იყო სასოწარკვეთილი პასუხი მთავრობის გეგმასთან დაკავშირებით, რომ შეამციროს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები და გადანაწილდეს ეს თანხები უკრაინაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად.

    მაგრამ ქვეყნის კულტურული სექტორის ექსპერტები აფრთხილებენ ყველას: სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სფეროების დაფინანსების შემცირება, კერძოდ, კინო, წიგნები და ტურიზმის განვითარება, დიდ დანაკარგებს გამოიწვევს, როგორც პირად გეგმებში, ისე ეროვნული მასშტაბით. აქ მოცემულია უკრაინული კულტურის წარმომადგენლების რამდენიმე ძირითადი არგუმენტი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გადაწყვეტილებას კულტურის ბიუჯეტის დაფინანსების შემცირების შესახებ. 

    იულია სინკევიჩი, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური პროდიუსერი:

    ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო განვითარებულ ქვეყნებში და, თუნდაც ნაკლებად განვითარებულში, მთავრობები არ ამცირებენ კულტურის სფეროს ბიუჯეტს, არამედ ქმნიან დამხმარე ფონდებს. ისინი კი გაცილებით აღემატება დაგეგმილ ბიუჯეტს, მსოფლიოში არსებული კორონავირუსული ვითარების მიუხედავად.

    დიდმა ბრიტანეთმა შემოიტანა 160 მილიონი ფუნტის სწრაფი დახმარების რეაგირების პაკეტი თავისი კულტურული სექტორისთვის, გერმანიამ გამოყო 50 მილიარდი ევროს დახმარება კრეატიული ინდუსტრიის მხარდასაჭერად, ხოლო იტალიამ - 130 მილიონი ევრო თეატრსა და კინემატოგრაფიაში არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად.

    ნიკოლაი კნიაჟიტსკი, პარლამენტის ჰუმანიტარული და ინფორმაციული პოლიტიკის კომიტეტის წევრი:

    ჩვენი კომიტეტი ერთხმად ეწინააღმდეგებოდა უკრაინული კულტურისთვის ბიუჯეტის შემცირების საკითხს, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა. საკარანტინო რეჟიმის დროს ადამიანებს უნდა ჰქონდეთ წიგნების წაკითხვისა და ფილმების ყურების შესაძლებლობა, თუმცა სხვა მნიშვნელოვან სექტორებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა. უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსული ომის გარდა, ჩვენ კიდევ ერთი ომი გვაქვს უკრაინის აღმოსავლეთში.

    ”აშკარაა, რომ თუ ჩვენ საკუთარ კულტურულ პროდუქტებს არ წარვადგენთ, ამ ნიშას რუსული კულტურული პროდუქტი დაიკავებს”.

    ჩვენ გვესმის, რომ უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ საკარანტინო რეჟიმის გამო, არაერთი კულტურული ღონისძიება აღარ გაიმართება. ეს ხარჯები შეიძლება შემცირდეს და გადაეცეს ჯანდაცვის მუშაკებს ან სხვა სოციალურ მუშაკებს საჭიროებებისთვის. ამასთან, აუცილებელია ეროვნული კინოს სხვაგვარად მხარდაჭერა. მაგალითად, უკრაინის კულტურულმა ფონდმა ან უკრაინის სახელმწიფო ცენტრმა შეიძლება გამოაცხადოს სცენარის კონკურსი, რათა ხალხს მისცეს შესაძლებლობა დაგეგმოს და მოამზადოს მომავალი გადაღებები.

    გასულ წელს, უკრაინის წიგნების ინსტიტუტმა გამოყო 100 მილიონი გრივნა ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შესაძენად. წელს, თანხა 20 მილიონამდე შემცირდა და არავის აინტერესებს გამომცემლობების და წიგნების მაღაზიების შემდგომი ბედი.

    თქვენ ასევე უნდა იფიქროთ რეგიონებზეც. უკრაინამ შეამცირა დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტებისთვის და პირველი, რასაც ისინი აკეთებენ, არის კულტურაზე ხარჯვითი ნაწილის შემცირება.

    ანნა მაჩუხი, უკრაინის კინოაკადემიის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი:

    ჩვენი აკადემიის ამოცანაა უკრაინული კულტურის პოპულარიზაცია, მაგრამ ამჟამად საერთოდ მის გადარჩენაზე ვსაუბრობთ.

    ”კულტურული ცხოვრების ხანმოკლე შეფერხებაც კი საფრთხეს უქმნის ერის გადარჩენის საკითხს. წლის განმავლობაში დაპაუზებამ კი, სულ მცირე, რამოდენიმე წლით შიძლება უკან დაგვხიოს“.

    2006-დან 2010 წლამდე მაქსიმუმ 1-2 ფილმი გვქონდა გადაღებული. 2011 წელს კინოთეატრებში არცერთი უკრაინული ფილმი არ გადიოდა. უკრაინული კინოს ეგრეთ წოდებული რენესანსის დროს, 2009-2019 წლებში გამოვიდა 100-ზე მეტი უკრაინული ფილმი. ახლა ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ ფილმების რაოდენობაზე, არამედ ვსაუბრობთ მის ხარისხზე. ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ უკრაინას თავისი ადგილი აქვს მსოფლიო კინოში.

    10 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული ამჟამად კინოინდუსტრიაში, და არის საფრთხე, რომ აღნიშნული სექტორი შეიძლება სახელმწიფო დახმარების და საარსებო წყაროს გარეშე დარჩეს.

    პაველ სუშკო, პარტია "ხალხის მსახურის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე:

    როგორც უკრაინის პარლამენტის დეპუტატს და უკრაინაში კინემატოგრაფიისა და რეკლამირების სფეროში შემავალი ქვეკომიტეტის ხელმძღვანელს, მიუღებლად მიმაჩნია კულტურის სფეროს დაფინანსების შემცირება.

    როგორც კი გავიგეთ შესაძლო სეკვესტრის შესახებ, კომიტეტში ყველანი ერთ მუშტად შევიკარით. აქვე ჩვენ წარმოვადგინეთ მონაცემები თუ რა ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს მოიტანს ამ გადაწყვეტილების აღსრულება:

     

    1. საწარმოთა დაშლა ეკონომიკის კრეატიულ სექტორში;

    2. კრეატიული ეკონომიკის პროდუქციის ექსპორტის შემცირება;

    3. უმუშევრობის ზრდა კინოწარმოების, ტურიზმისა და ბეჭდვის სფეროში;

    4. ადამიანური რესურსის და პოტენციალის დაკარგვა;

    5. უკრაინის მოსახლეობის კულტურის ზოგადი დონის დაქვეითება, ასევე დანაშაულის და „სოციალური“ დაავადებების ზრდა;

    6. უკრაინული საზოგადოების მულტიკულტურული ბუნების გაცნობიერების არარსებობა და პატრიოტიზმის დონის ზოგადი ვარდნა;

    7. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების განვითარების პროცესების შენელება და ა.შ.

     

    ირმა ვიტოვსკაია, უკრაინელი მსახიობი:

    ეს 90-იანი წლების კოშმარს მაგონებს. მე ვარ უკრაინის კულტურული ფონდის ერთ-ერთი ექსპერტი, რომლის მრავალი პროექტი ახლა გაურკვევლად არის შეჩერებული. მაგრამ კინემატოგრაფია ტექნიკურად რთული სფეროა, რომელიც ახლახან შევქმენით.

    ჩვენ უნდა ვეძიოთ კომპრომისული შესაძლებლობები. კულტურა ქმნის ეთიკის კოდექსს, რომელიც მნიშვნელოვანია იმ სირთულეების ფონზე, როგორიცაა კორონავირუსული პანდემია. ეს არის როგორც გამოწვევა, ისე „მარკერი“, რომელიც საზოგადოებაში ბევრ რამეს აღნიშნავს.

    ”ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება საგარეო ატმოსფერო, ასე რომ, მორალური კოდექსი, რომელსაც კულტურა გვაძლევს, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები სასოწარკვეთილებაში არ ჩაცვივდნენ”.

     მათთვის, ვინც ფილმებზე მუშაობს, დაპაუზების ერთი წელი შეიძლება ათი წელი გახდეს. ეს არის ინფორმაციის უსაფრთხოების, კრეატიულობის და კონკურენტუნარიანობის საკითხი. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ამ სფეროს გაჩერება მეტად კრიტიკულია. ჩვენ შეგვიძლია დავკარგოთ ყველაფერი ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში შევქმენით.

     

    აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა საიტზე «UkraineWorld».

    ავტორი: ირინა მატვიიშინ

    ჟურნალისტი და ანალიტიკოსი UkraineWorld- ში «Интерньюз-Украина»- ში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური