სტრასბურგში ცხრა ქვეყნის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 30 იანვარი 2020 12:24

სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე ცხრა ქვეყნის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს. როგორც მოსალოდნელი იყო, კრიტიკის მთავარი სამიზნე რუსეთის დელეგაცია წარმოადგენდა, რომელსაც ყირიმის ანექსიის გამო შეწყვეტილი უფლებამოსილება შარშან ზაფხულის სესიაზე დიდი ძალისხმევის შედეგად აღუდგინეს.

რუსეთის დელეგაციის საკითხი ორჯერ დადგა დღის წესრიგში - როგორც არსებით, ასევე პროცედურულ საფუძველზე. ამ მხრივ ლატვიელი და ლიეტუველი დელეგატები აქტიურობდნენ, რომელთაც სხვა ქვეყნებმაც დაუჭირეს მხარი, მათ შორის საქართველომაც.

არსებით საკითხში ფიგურირებდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული სიტუაცია და, ასევე, ახალი საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმადაც სამართლებრივი ბალანსი საერთაშორისო და შიდა სამართალს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ შეიცვალა. რაც შეეხება პროცედურულ საკითხს, აქ  საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ რუსეთის დელეგაციის წევრებში ოკუპირებული ყირიმის წარმომადგენლებიც ფიგურირებენ.

საბოლოოდ, ამ საკითხზე მსჯელობა გადაიდო.

საპასუხოდ, რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი პიოტრ ტოლსტოი იმუქრება, რომ თუ საბოლოოდ მათ უფლებამოსილებას მაინც შეუჩერებენ, მისი ქვეყანა ევროსაბჭოს საერთოდ დატოვებს. სხვათაშორის, თავის დროზე ამ მუქარამ გაჭრა, გარკვეულწილად იმის გამო, რომ რუსეთი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური კონტრიბუტორია, ნაწილობრივ კი აქ თავისი როლი ლობისტურმა სამუშაომაც შეასრულა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მათ უმრავლესობას კრიტიკა გენდერული ბალანსის დარღვევისთვის დაატყდათ. რაოდენ უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ ქვეყნების სიაში შვედეთიც მოხვდა, ამ მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა. სხვა ქვეყნების სია კი ასე გამოიყურება: ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, პორტუგალია, სან მარინო და შვეიცარია.

კიდევ ორი ქვეყნის - მოლდოვისა და ესპანეთის - საკითხი პოლიტიკური ბალანსის დარღვევისთვის დააყენეს.

 

წაკითხულია 242 ჯერ

Related items

  • PACE-ს დამკვირვებლები პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში

    სტრასბურგი, 23.11.2020 - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის /PACE/ თანამომხსენებლებმა საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი) ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდეს პარლამენტში ადგილები დაიკავონ. ამის შესახებ PACE-ს პრეს-სამსახური იუწყება სტრასბურგიდან.

    განცხადებაში კერძოდ ნათქვამია, რომ დარღვევებთან დაკავშირებით ბრალდებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად ამისა: ”ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ ჩატარებულ დასკვნებსა და შეფასებას, რომლის წევრიც იყო PACE. ამავდროულად, ჩვენ ასევე აღვნიშნეთ დარღვევების მნიშვნელოვანი რაოდენობა, მათ შორის მუდმივი ბრალდებები საარჩევნო გადაცდომის შესახებ, ადმინისტრაციული რესურსები და ზეწოლა ამომრჩევლებსა და პარტიის აქტივისტებზე. ეს ბრალდებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და პასუხისმგებლობის ორგანოებმა დამაკმაყოფილებლად და გამჭვირვალედ უნდა გამოიკვლიონ”, - აღნიშნულია PACE-ს თანამომხსენებლების განცხადებაში.

    წყარო: https://pace.coe.int/en/news/8107/georgia-pace-monitors-call-on-all-political-parties-to-take-up-their-seats-in-parliament

  • ინფორმაცია ევროპის საბჭოს 130-ე მინისტერიალის შესახებ

    4 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საბერძნეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა ევროპის საბჭოს 130-ე მინისტერიალი. კოვიდ-19 პანდემიის გათვალისწინებით, მინისტერიალი ჩატარდა ვიდეო-კონფერენციის ფორმატში. მინისტერიალს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. მინისტერიალს ასევე ესწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია. 

    მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა, მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის დაცვის საკითხების განხილვა. მინისტერიალზე ასევე განხილულ იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წლიური ანგარიში - „მულტილატერალიზმი 2020“, ევროპის საბჭოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან და კოვიდ-19 პანდემიასთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ იქნა საბერძნეთის თავმჯდომარეობის დეკლარაცია, რომელიც ეხება არსებულ კრიზისთან გამკლავების გზების მნიშვნელობას,  ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის სრული დაცვით.  

    ამასთანავე, მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ–ერთ საკითხს წარმოადგენდა ევროპის საბჭოს როლი ევროპაში არსებულ კრიზისებთან და კონფლიქტებთან დაკავშირებით. 
    აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების შესახებ, რომლებიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. ასევე, მინისტერიალის დღის წესრიგში ხაზგასმულია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, რომლის მიხედვით რუსეთს ეკისრება საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები, როგორც ქვეყანას, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

    მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ევროპის საბჭოს ფარგლებში არსებული აქტუალური საკითხების შესახებ, განსაკუთრებით ეპიდემიოლოგიური კრიზისის კონტექსტში. მინისტრმა ხაზი გაუსვა კოვიდ-19-ის პანდემიის საპასუხოდ საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი მოქმედების მნიშვნელობას ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის დაცვის სფეროში. 

    ამასთანავე, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში, მინისტრთა კომიტეტში საქართველოს პირველმა თავმჯდომარეობამ წარმატებით შეძლო პრიორიტეტების განხორციელება და საამაყოა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობის მემკვიდრეობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპის საბჭოს საქმიანობაში.
    სიტყვით გამოსვლისას დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. მინისტრის განცხადებით, იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის შემთხვევების მიმართ მართლმსაჯულების აღუსრულებლობა კიდევ უფრო ახალისებს დაუსჯელობას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ საოკუპაციო ხაზის უკანონო დაკეტვისა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმის შედეგად გაზრდილია დაღუპულთა რიცხვი.
    დავით ზალკალიანმა გამოყო ევროპის საბჭოს აქტიური როლი ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ამ კუთხით, ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშებისა და მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობას. ამასთანავე, მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში.

    სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაესვა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ გააქტიურებულ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებსა  და დეზინფორმაციის კამპანიას, რასაც რუსეთი ავრცელებს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მიმართ, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.

    აღსანიშნავია, რომ წელს აღინიშნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 70 წლისთავი. ამასთან დაკავშირებით, თავის გამოსვლაში მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კონვენცია არის მთავარი საყრდენი ადამიანის უფლებების დაცვის, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცებაში.

     

    საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 9 წევრისაგან შემდგარი დელეგაცია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება. ამის შესახებ ასამბლეის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ნათქვამი.

    „ცხრა წევრისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც ჰოლანდიელი დეპუტატი ტინი კოქსი ხელმძღვანელობს საქართველოში 29 ოქტომბერს ჩავა და პირველ ნოემბრამდე დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებს. ისინი არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის წევრებთან ერთად დააკვირდებიან.

    31 ოქტომბრამდე დაგეგმილია ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების შეხვედრა პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

    მათივე ინფორმაციით, პრესკონფერენციას დამკვირვებლები პირველ ნოემბერს გამართავენ.

     

  • ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ვაჰაგ მურადიანმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა გოჩა ლორთქიფანიძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერეს ხელი.

    მემორანდუმის მიზანია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსებისა და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის არამართლზომიერად გამოყენების, ასევე, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისა და მასში მონაწილეობის წესების დარღვევის პრევენციის  უზრუნველსაყოფად, ხელი შეეწყოს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირების ცნობიერების ამაღლებას.

    მემორანდუმი ითვალისწინებს ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერად გამოყენების პრევენციისათვის შექმნილი დისტანციური სასწავლო კურსის განხორციელების ხელშეწყობას, რომელიც ცესკოსა და ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ, ევროპის საბჭოს საარჩევნო მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შემუშავდა. სასწავლო კურსი განკუთვნილია საჯარო მოსამსახურეებისთვის, აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა დონეზე.

    ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა და მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მემორანდუმი ეხება ვებპლატფორმას, იმ სასწავლო კურსს, რომელიც გახლავთ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციის და კამპანიის წესების შესახებ. ამ კურსის გათვითცნობიერებით საჯარო მოსამსახურეები მიიღებენ იმ ცოდნას, გამოცდილებასა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი და სანდო არჩევნები“,- აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

    ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს ვაჰაგ მურადიანმა, გოჩა ლორთქიფანიძემ და ეკატერინე ქარდავამ. სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა კი საინფორმაციო-სასწავლო პროგრამის „საარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსი - საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერად გამოყენების პრევენცია და რეაგირება დარღვევებზე“  პრეზენტაცია წარადგინა.

    ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელშეწყობით გაიმართა.

    მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიას სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე დაცული იყო პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია.

  • არჩილ თალაკვაძემ ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

    შეხვედრაზე პარლამენტსა და ევროპის საბჭოს შორის არსებული ურთიერთობისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

    არჩილ თალაკვაძემ კრისტიან ურსეს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი პერსონალური წვლილისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური