ევროსაბჭო პოლონეთს „დემოკრატიის მონიტორინგს“ უწესებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 30 იანვარი 2020 12:11

დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე პოლონეთის საკითხის განხილვას. პრინციპში, ეს მოსალოდნელიც იყო და საპარლამენტო ასამბლეის სესიის მთავარ სადავო თემას წარმოადგენდა. საქმე იმაშია, რომ პოლონეთის მთავრობა, რომელსაც ძმები კაჩინსკების მიერ დაფუძნებული კონსერვატიული „კანონისა და სამართლიანობის" პარტია უდგას სათავეში, უკვე მრავალი წელია ევროპელი ლიბერალების კრიტიკის ობიექტია.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განიხილა რა მოხსენება პოლონეთში არსებულ სიტუაციაზე, ოფიციალური ვარშავისთვის ძალიან უსიამოვნო გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიმართ მონიტორინგის პროცედურა დაიწყო, რასაც დამწყები დემოკრატიის ანდაც არადემოკრატიული წევრების მიმართ აკეთებს ხოლმე. პრინციპში, პოლონეთი ევროკავშირის წევრი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც მონიტორინგი დაუწესეს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთის მიმართ ხმათა უმრავლესობით გადაწყდა მონიტორინგის პროცედურის დაწყება „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის" პრინციპის ფუნქციონირების კუთხით, რადგან „ბოლოდრიონდელმა რეფორმებმა მძიმედ დააზიანა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა".

მონიტორინგი გულისხმობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლების რეგულარულ ვიზიტებს ქვეყანაში და მიმდინარე პროცესების პერიოდულ შეფასებას იმ კუთხით, რამდენად ითვალისწინებს და ასრულებს ესა თუ ის სახელმწიფო ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

ამჟამად მონიტორინგის ქვეშ, პოლონეთის გარდა, კიდევ ათი ქვეყანაა - საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, მოლდოვა, რუსეთი, უკრაინა, ბოსნია-ჰერცეგოვინა და სერბეთი.

წაკითხულია 179 ჯერ

Related items

  • საპარლამენტო ასამბლეის წევრები არ აპირებენ ჩაერიონ დებატებში, რომლებიც არჩევნების გარშემო იმართება საქართველოში-რიკ დემსი

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარე ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობს.

    შეხვედრაზე, რომლის სახელწოდებაცაა „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“, რიკ დემსმა თავდაპირველად საქართველოს პარლამენტს მიულოცა, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციების მუშაობა გაუმჯობესდა.

    „მინდა, მადლობა გადავუხადო იურდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, კოლეგებს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ამ შეხვედრის გამართვისთვის. მიხარია, რომ ამ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით. ჩვენ იმ მოდალურობაზე ვსაუბრობთ, რომელიც შეიტანა ჩვენს საქმიანობაში „კოვიდ-19“-ის პანდემიამ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

    მინდა, საქართველოს პარლამენტს მივულოცო არა მხოლოდ რეფორმების გამო, რომელიც ახლახან ჩაატარეთ, რომელიც ჩატარდა ფართო კონსენსუსის საფუძველზე, არამედ იმისთვის, რომ გაუმჯობესდა დემოკრატიული ინსტიტუციების მუშაობა. მინდა, აგრეთვე საქართველოს პარლამენტს მივულოცო, თქვენ ხართ პირველი, რომლებსაც ჰყავთ საპარლამენტო ასამბლეის ექსპერტები.

    ვცდილობთ, ევროსაბჭოში ჩვენ წევრ ქვეყნებს მივაწოდოთ ინსტრუმენტები, რომელშიც შედის გარკვეული, ასევე ვთქვათ, გემოვნებები გამომდინარე ადამიანის უფლებათა დაცვის პოზიციებიდან, სტამბოლის კონვენციიდან.

    ეს გახლავთ სწორედ ჩვენი საპარლამენტო ასამბლეის სახელმძღვანელო დოკუმენტი, თუ შეიძლება ასე ითქვას და ე.წ. კონვენცია, ხელშეკრულება – ერთი, რომელიც არის საერთაშორისო კონვენცია და მასში შედის სწორედ მონაცემთა მართვის ინსტრუმენტები. ამათი არ იზღუდება ჩვენი თანამშრომლობა. არის კიდევ უამრავი სხვა საკითხი, რომელთა თაობაზეც ჩვენ ვთანამშრომლობთ, რაც მთლიანად შეადგენს ექსპერტულ გამოცდილებას მთელ ევროსაბჭოში“, – განაცხადა რიკ დემსმა.

    ამასთან, მან აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეის წევრები ნამდვილად არ აპირებენ, ჩაერიონ იმ დებატებში, რომლებიც არჩევნების გარშემო იმართება საქართველოში.

    „მინდა, ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენი საპარლამენტო ასამბლეის წევრები ნამდვილად არ აპირებენ, რომ ჩაერიონ იმ დებატებში, რომლებიც არჩევნების გარშემო იმართება საქართველოში, არამედ ჩვენი მიზანი და დანიშნულებაა, მოგაწოდოთ საექსპერტო გამოცდილება, რომელიც ამ მიმართულებით გაგვაჩნია.

    ჩვენ ვართ გარკვეულად მომსახურების მომწოდებელი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. დიდი მადლობა, რომ ჩაგვრთეთ ამ საქმიანობაში.

    რაც შეეხება ვენეციის კომისიას, რა თქმა უნდა, ცნობილია, რომ ის გახლავთ მაღალი დონის იურისტებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც დიდ პატივს ვცემთ და ფაქტობრივად, სწორედ ამ კომისიამ დაადგინა საარჩევნო ტანდარტები მთელ ევროპულ სივრცეში და ძალიან მადლიერები ვართ“, – განაცხადა რიკ დემსმა.

    წყარო: https://1tv.ge/news/rik-demsi-chveni-saparlamento-asambleis-wevrebi-ar-apireben-chaerion-debatebshi-romlebic-archevnebis-garshemo-imarteba-saqartveloshi-chveni-mizania-saeqsperto-gamocdileba-mogawodot/

  • საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობამ ორგანიზება გაუწია მთელ რიგ ღონისძიებებს-მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი

    მინდა, მივულოცო საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის წარმატებით დასრულება. ეს თავმჯდომარეობა დაემთხვა ჩვენს ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების მე-20 წლისთავს, რაც მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა განაცხადა.

    როგორც მარია ბურიჩმა აღნიშნა, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს თავმჯდომარეობამ ორგანიზება გაუწია ღონისძიებათა ფართო სპექტრს მთელ რიგ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება, განათლება და ახალგაზრდობა.

    „განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვის საკითხებზე ჩატარებულ კონფერენციას, რადგან მან საფუძველი მოუმზადა ამ უაღრესად მნიშვნელოვან სფეროში გადაწყვეტილებების მისაღებად დებატების დაწყებას. „კოვიდ-19“-ის პანდემია ყველა ჩვენგანისათვის მთავარ გამოწვევად რჩება. საქართველოს თავმჯდომარეობამ ამ გამოწვევას ძალიან ეფექტიანად გაართვა თავი და ორგანიზაციისთვის ახალი სამუშაო მეთოდები დანერგა. მინისტრთა კომიტეტის სხდომები იმართებოდა ვიდეოკონფერენციების ფორმატში, რაც უზრუნველყოფდა ჩვენი საქმიანობის უწყვეტობას“, – განაცხადა მარია ბურიჩმა.

    მარია ბურიჩის განცხადების თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

  • ევროსაბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ რეჟიმში სთავაზობს

    ახალი კორონავირუსის /COVID-19/ პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების ონლაინ-კვირეულს სთავაზობს. ამ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

    „2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით სტრასბურგმა არაერთ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა. მათ შორის იყო ქართული ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც მარტის თვეში კინოთეატრ „ოდისეში“ გაიმართა.

    ამჯერად, COVID-19-ის პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ რეჟიმში სთავაზობს“, – აცხადებენ ეროვნულ კინოცენტრში.

    მათივე ინფორმაციით, 15 მაისის ჩათვლით მოცემულ ვებგვერდზე კინომოყვარულები შემდეგი ქართული ფილმების ნახვას შესძლებენ:

    ლანა ღოღობერიძის „ოქროს ძაფი“
    ზაზა ხალვაშის „ნამე
    ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“
    ნინო ჟვანიას „აღლუმი“
    ლევან თუთბერიძის „მოირა
    ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“
    დიმიტრი ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე
    სალომე ჯაშის „დაისის მიზიდულობა“
    რატი ონელის „მზის ქალაქი“

  • პოლონეთში მყოფი საქართველოს 71 მოქალაქე სამშობლოში ბრუნდება

    მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს.
     
    პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევითა და ხელშეწყობით, პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები - 71 ადამიანი, ავტობუსებისა და სპეციალურად მოწყობილი დერეფნის მეშვეობით, ორგანიზებულად გადაიყვანეს პოლონეთიდან ბელარუსში, საიდანაც ისინი, ბელარუსში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, მინსკი-ერევნის რეისით ისარგებლებენ; ხოლო ერევნიდან, ასევე საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ავტობუსებით გამოემგზავრებიან სამშობლოში. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოქალაქეებს ჩაუტარდებათ სამედიცინო შემოწმება და გადაყვანილ იქნებიან კარანტინში.
     
    12 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 3,809  მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 5,319 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღწევას მიესალმებიან

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოში 2020 წელს დაგეგმილი არჩევნების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

    „საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ტიტუს კორლეციანი და კლოდ კერნი მიესალმნენ. მმართველი უმრავლესობისა და ოპოზიციის მიერ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების, საარჩევნო სისტემის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას და საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულების პოლიტიზაციისგან თავის შეკავების შესახებ დადებულ ვალდებულებას.

    „ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც ქვეყენაში პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას და დემოკრატიულ კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება სრულად შევიდეს ძალაში. ჩვენ ველოდებით შეთანხმების და მისი იმპლემენტაციის განხილავს ყველა მხარესთან, ამ კვირაში დაგეგმილი ვიზიტის დროს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური