საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს პარლამენტარებს სიტყვით მიმართა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტარებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის 50-წუთიან გამოსვლაში მან მრავალ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე, სასამართლოზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და არჩევნებზე.
განსაკუთრებული ყურადღება რუსეთთან ურთიერთობებს დაეთმო, რომელიც სტრასბურგში მიმდინარე სესიაზე მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდება. ჯერ ერთი, მისი უფლებამოსილება ეჭვქვეშ დააყენეს და ამაზე გადაწყვეტილებას ორგანიზაცია ოთხშაბათს გამოიტანს, მეორეს მხრივ კი რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ პიოტრ ტოლსტოის პრობლემები შეხვდა ვიცე-პრეზიდენტად არჩევის პროცესში, არადა მისმა 18-მა კოლეგამ, მათ შორის ირაკლი კობახიძემ, ეს პროცედურა ფრიად უმტკივნეულოდ გაიარეს.
„მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ორ სახელმწიფოთა შორის დავაზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" - მიმართ სალომე ზურაბიშვილმა ასამბლეას.
„2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია - ეს საქმე საქართველომ 2014 წელს მოიგო. მაგრამ, დიდი პალატის გადაწყვეტილებით, მხოლოდ 2019 წლის 31 იანვარს დაეკისრა რუსეთს საქართველოს 1500 მოქალაქისთვის 10 მილიონი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა. რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია თავისი ვალდებულება. ამიტომ მინდა გავიმეორო ჩვენი ხელისუფლების მოწოდება ევროპის საბჭოსა და მის წევრების მიმართ, აქტიურად ჩაერთონ რუსეთის იძულებაში, რათა მან დაუყოვნებლივ შეასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება. ორმაგი სტანდარტი არა მარტო მიუღებელია, არამედ აზიანებს ორგანიზაციას და მის პრინციპებს.
„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი - ამ საქმის საბოლოო მოსმენა 2018 წლის მაისში ჩატარდა. ჩვენ კვლავ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც განსაკუთრებით ომის მსხვერპლები განიცდიან. მთელი ქართველი საზოგადოება ელოდება სამართლიანობის მიღწევას. ეს მაგალითი იქნება სხვებისთვისაც. სტანდარტები ყველასთვის ერთნაირია. სამართალი უნდა აღსრულდეს," - განაცხადა პრეზიდენტმა.
მანვე ერთ-ერთი დელეგატის კითხვაზე პასუხოდ განაცხადა, რომ საქართველო მზადაა მაისში, თბილისში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებაზე რუსეთის დელეგაცია მიიღოს, რომლის სავარაუდო ხელმძღვანელისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის და კიდევ ზოგიერთი სხვა წევრისთვის შეიძლება გამონაკლისი დაიშვას ოკუპაციის შესახებ კანონის კონტექსტში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს გვერდის ავლით ჩასვლას კრძალავს.
რუსი დელეგატის, სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვის შეკითხვაზე, რატომ არ მოხდა გავრილოვის სათანადოდ დაცვა ივნისის მოვლენების დროს, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ რუს დეპუტატს უნდა გამოეჩინა თავშეკავება იმ ქვეყნის პარლამენტში, რომლის 20% ოკუპირებულია მისი სახელმწიფოს მიერ.
რამდენიმე დელეგატმა საკმაოდ კრიტიკული შეკითხვა დაუსვა. მას შეახსენეს როგორც ამერიკელი კონგრესმენების წერილები, ასევე კრიტიკა ევროპარლამენტში, „ფეისბუქის" მიერ გაუქმებული პრო-სახელისუფლებო გვერდები და პროფილები, მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული პრობლემები, პოლარიზაცია, და ბევრი სხვა რამ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.