საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს საპარლემენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 28 იანვარი 2020 15:18

საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო ვიზიტი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ჰენდრიკ დემსისთან შეხვედრით დაიწყო.

მხარეებმა შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებები გააკეთეს და საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
 
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან 21 წელი გავიდა. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება უკვე იყო ქართველი ხალხისათვის ოცნების ასრულება.
 
"ის გზა, რომელიც 21 წლის წინ ავირჩიეთ, არ შეცვლილა და ამ გზაზე სვლა არ შეგვინელებია. მას შემდეგ თანმიმდევრულად მივიწევთ ევროპისაკენ და ვაშენებთ თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოს.
 
ამაში კი, დიდი წვლილი მიუძღვის ევროპის საბჭოს მხარდაჭერას და ზოგჯერ მის კრიტიკასაც კი. საქართველო ტერიტორიების ოკუპაციისა და კონფლიქტების მიუხედავად, არ აჩერებს ევროპისაკენ სვლას, აშენებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ქმნის დემოკრატიულ საზოგადოებას და იცავს ადამიანის უფლებებს, რითიც ჩვენ ძალიან ვამაყობთ.
 
შემდგომი ნაბიჯი, საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრობაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აზრი გამოვთქვათ არა მხოლოდ იმაზე, რაც ჩვენ გვეხება, არამედ მნიშვნელოვან, საერთაშორისო საკითხებზეც.
 
საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობისას ყურადღებას გაამახვილებს გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე. ეს თემები საქართველოსათვის მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნისათვის, რომელიც პარტნიორებთან ერთად გლობალურ გამოწვევებს უმკლავდება.
 
რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალურად განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები. ამ საკითხთან მიმართებაში საქართველოს მომავალი დაკავშირებულია ევროპის საბჭოს მხარდაჭერასთან, რომელიც უკვე გამოიხატა ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ მრავალ რეზოლუციაში. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება ქმედება, გვჭირდება ცვლილებები ადგილზე, (პირველ რიგში ადმინისტრაციულ ხაზთან), დეესკალაცია და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. იმისათვის, რომ გავცდეთ ოკუპაციას, განვმუხტოთ და მოვაგვაროთ ეს ვითარება, საჭიროა, საქართველოს ყველა პარტნიორის ჩართულობა დეოკუპაცია ჩვენი საერთო მიზანია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა.
 
დღესვე, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი, საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.
 
დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპის საბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან: ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან, დუნია მიატოვიჩთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან, ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსთან.

როგორც ცნობილია  სტრასბურგში, 27-31 იანვრის ჩათვლით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციაც მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები საბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან. ისინი იკრიბებიან წელიწადში ოთხჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და მოითხოვენ ევროპის ქვეყნების მთავრობებისაგან ინიციატივასა და გამოხმაურებას. ეს პარლამენტარები თავიანთი ამომრჩევლის - 800 მილიონი ევროპელის - სათქმელს ახმოვანებენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, ამრიგად ევროპული ქვეყნების მთავრობები, რომლებიც ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის სახით არიან წარმოდგენილები, ვალდებულნი არიან, გამოეხმაურონ ასამბლეას.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

 

წაკითხულია 298 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტის მთავარი გზავნილები - ვაქცინის ხელმისაწვდომობა და „მეტი ევროკავშირი საქართველოსა და რეგიონში“

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. 21 იანვარს პრეზიდენტის შეხვედრების წამყვანი თემები იყო: ვაქცინის ხელმისაწვდომობა - კოვიდსოლიდარობა და რეგიონში ევროკავშირის სტრატეგიული როლი.

    ბელგიასა და ლუქსემბურგის სამეფოში საქართველოს საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალი საბანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს, ჩვენს საგარეო წელს ბრიუსელში ვიზიტით ვიწყებთ.

    „პრეზიდენტის ყველა შეხვედრა დატვირთული იყო სხვადასხვა თემებით. კოვიდი და კოვიდსოლიდარობა პრეზიდენტის შეხვედრების ერთ-ერთი წამყვანი თემა იყო, ასევე ევროკავშირის სტრატეგიული როლი რეგიონში. 

    პრეზიდენტის გზავნილია - „მეტი ევროკავშირი საქართველოში და რეგიონში“.  

    კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი თემა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილი სამიტი. პრეზიდენტის გზავნილია, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს ევროკავშირთან სამ ასოცირებულ ქვეყანას, რომლებიც ვთანხმდებით ინტერესებსა და ღირებულებებზე. 

    სამეულის თემასთან დაკავშირებით განხილული იყო ინტეგრაციის მიმართულებით არსებული საქართველოს გეგმები. ყველა შეხვედრაზე ნახსენები იყო 2024 წელი - სურვილი, რომ გაკეთდეს განაცხადი. 

    როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანამ მოხდება ამის განხორციელება, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. ეს ეხება როგორც ფიზიკურ დაკავშირებადობას, ასევე სექტორულ ინტეგრაციას. 

    დაკავშირებადობა უფრო ფართო ცნებაა და მოიცავს არა მხოლოდ ტრანსპორტს, არამედ ადამიანებს შორის ურთიერთობასაც. 

    საუბარი შედგა ასევე, სტუდენტების უფრო აქტიურ გაცვლაზე, იმის შესაძლებლობაზე, რომ საქართველოდან სტუდენტებს მიეცეთ საშუალება ისწავლონ იგივე ტარიფებით, რა ტარიფებითაც სწავლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტები“, - განაცხადა საბანაძემ.

    ბრიუსელში პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის ლიდერებთან - ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან დავიდ სასოლისთან, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერთან და ბელგიის მეფე ფილიპესთან.

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

  • უცხოელი კოლეგები დ. ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ

    ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ასევე  რუმინეთის, უნგრეთისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრები, ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოზიციაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ.

    „მსურს პატივისცემა დავადასტურო საქართველოს მთვარობის მიერ გამოჩენილი იმ ძალისხმევის მიმართ, რომელიც გამოყენებულ იქნა ჯანდაცვის სფეროში გაჩენილი გამოწვევბის დაძლევისა და საქართველოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში წარდგენილი პრიორიტეტების გატარების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მანდატის შესაბამისად, ევროპის საბჭოში ეს შესამჩნევი წვლილი გაგრძელდება და ველი ამ ბრყინვალე თანამშრომლობის გაგრძელებას. თქვენ ყოველთვის ახდენდით იმის დემონსტრირებას, რომ ამ მიმართულებით ორგანიზაციას შეუძლია საქართველოს მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, ქვეყნის, რომლიეც განუწყვეტლივ და აქტიურად მუშაობდა ჩვენი საერთო ევროპული სტანდარტებისა და ღირებულებების განმტკიცებისთვის,“ - აღნიშნულია მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩის მიმართვაში.

    ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი მზაობას გამოთქვამს საქართველოსთან მჭიდრო დიალოგისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად. რუმინეთის პირველი დიპლომატი, ბოგდან აურესკუ კი, იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება არა მხოლოდ არსებული მიღწევების კაპიტალად ქცევის, არამედ საერთო ინტერესებისთვის ყველა სფეროში ორმხრივი დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების საშუალებასაც წარმოშობს.

    აღსანიშნავია, რომ უცხოელი დიპლომატები მიმართვებში ხაზგასმით, კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, ისევე როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

  • პარლამენტის სასახლეში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა

    11 დეკემბერს, პარასკევს, 12:00 სთ-ზე პარლამენტის სასახლეში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა.

    საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა საქართველოს პრეზიდენტma სალომე ზურაბიშვილი-მა გახსნა.

    პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს გადაეცა, რომელიც, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას გაუძღვება.

    სხდომაზე პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელ კომისიას 11 წევრის შემადგენლობით, ხოლო დროებით სამანდატო კომისიას 17 წევრის შემადგენლობით აირჩევენ.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია სხდომას წარუდგენს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას.

    პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და შედეგებს პარლამენტს მოახსენებს, რომელიც დადგენილებით ცნობს დროებითი სამანდატო კომისიის მიერ ერთიანი სიით წარმოდგენილი პარლამენტის წევრების უფლებამოსილებას.

    პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას შეიძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან, რა დროიდანაც უფლებამოსილება შეუწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.

    ამის შემდეგ, პარლამენტის წევრები დადებენ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს, რომლის ტექსტსაც წაიკითხავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

    პარლამენტის წევრები ხელს მოაწერენ ფიცის ტექსტს.

    ფიცის დადების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.

    პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პირველ სხდომას მიაწვდის ინფორმაციას საპარლამენტო ფრაქციების შექმნის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიების რეგისტრაციის შესახებ.

    დეპუტატები პირველივე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს აირჩევენ. ამავე სხდომაზე მოხდება კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა.

    ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეული არიან: საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, გენერალური პროკურორი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გენერალური აუდიტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი; ქალაქ თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და მედიის წარმომადგენლები.

     

  • საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება

    8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა განკარგულება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ.

    აღნიშნული განკარგულების თანახმად, საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

    „დღეს, 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ.

    განკარგულების მიხედვით, პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N08/12/01

     

  • PACE-ს დამკვირვებლები პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში

    სტრასბურგი, 23.11.2020 - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის /PACE/ თანამომხსენებლებმა საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი) ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდეს პარლამენტში ადგილები დაიკავონ. ამის შესახებ PACE-ს პრეს-სამსახური იუწყება სტრასბურგიდან.

    განცხადებაში კერძოდ ნათქვამია, რომ დარღვევებთან დაკავშირებით ბრალდებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად ამისა: ”ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ ჩატარებულ დასკვნებსა და შეფასებას, რომლის წევრიც იყო PACE. ამავდროულად, ჩვენ ასევე აღვნიშნეთ დარღვევების მნიშვნელოვანი რაოდენობა, მათ შორის მუდმივი ბრალდებები საარჩევნო გადაცდომის შესახებ, ადმინისტრაციული რესურსები და ზეწოლა ამომრჩევლებსა და პარტიის აქტივისტებზე. ეს ბრალდებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და პასუხისმგებლობის ორგანოებმა დამაკმაყოფილებლად და გამჭვირვალედ უნდა გამოიკვლიონ”, - აღნიშნულია PACE-ს თანამომხსენებლების განცხადებაში.

    წყარო: https://pace.coe.int/en/news/8107/georgia-pace-monitors-call-on-all-political-parties-to-take-up-their-seats-in-parliament

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური