ევროსაბჭოში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიხსნა

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 28 იანვარი 2020 14:29

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-გამოფენა სახელწოდებით „ზამთარი საქართველოში“ (Georgia in Winter) გახსნა. 

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტი ჰენრიკ დაემსი, ასევე საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია.

დავით ზალკალიანმა მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ვრცლად ისაუბრა საქართველოში ზამთრის ტურიზმის მზარდ პოტენციალზე.

„ზამთარი საქართველოში ვიზიტორებს დასვენების მრავალ სპექტრს სთავაზობს, იქნება ეს ულამაზესი ლანდშაფტები, ველური ბუნება, მაღალი მთები, განვითარებული სათხილამურო ინფრასტრუქტურა, ქართული სტუმართმოყვარეობა თუ სხვა”,- განაცხადა მინისტრმა.

გამოფენა, რომელიც ორგანიზებულია ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ, ევროპის საბჭოს შენობაში რამდენიმე თვეს გასტანს.

გარდა ამისა, დღეს გაიმართება ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

როგორც ცნობილია  სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციაც მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას სწორედ ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები საბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან. ისინი იკრიბებიან წელიწადში ოთხჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და მოითხოვენ ევროპის ქვეყნების მთავრობებისაგან ინიციატივასა და გამოხმაურებას. ეს პარლამენტარები თავიანთი ამომრჩევლის - 800 მილიონი ევროპელის - სათქმელს ახმოვანებენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, ამრიგად ევროპული ქვეყნების მთავრობები, რომლებიც ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის სახით არიან წარმოდგენილები, ვალდებულნი არიან, გამოეხმაურონ ასამბლეას.

 

წაკითხულია 486 ჯერ

Related items

  • მხატვარ დიმიტრი ხახუტაშვილის ნამუშევრები ილუსტრირებულ წიგნად გამოიცა

    5 აგვისტოს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წიგნის „დიმიტრი ხახუტაშვილი“ პრეზენტაცია გაიმართა.

    წიგნი ცნობილი ქართველი მხატვრის 95-ე იუბილეს მიეძღვნა და მისი შემოქმედების სხვადასხვა ეტაპზე შექმნილი, კერძო კოლექციებში დაცული ნამუშევრების 300-ზე მეტი ილუსტრაციაა წარმოდგენილი.

    "დღეს ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო, გაგვემართა წიგნის პრეზენტაცია, რომელშიც შესულია არა მხოლოდ ის ნამუშევრები, რაც წარმოდგენილია გამოფენაზე, არამედ 300-ზე მეტი სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ნამუშევარი. წიგნში შესულია აგრეთვე მისი ოჯახის წევრების, კოლეგების, სტუდენტებისა და მეგობრების მოგონებები." - განაცხადა პრეზენტაციაზე წიგნის ავტორმა, ლელა წიწუაშვილმა.

    50-იანელთა თაობის მხატვრის შემოქმედების სრული სპექტრის ერთად წარმოჩენა, პროფესიონალებისთვისაც კი მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა - ათეულობით ფერწერული, გრაფიკული ნამუშევარი, წიგნის ილუსტრაციები და ესკიზები, რომელიც აქამდე თითქმის უცნობი იყო საზოგადოებისთვის.

    აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ხახუტაშვილს, შემოქმედს, რომლის ნამუშევრებიც თითქმის ყველა ქართველისთვის ნაცნობია, არასდროს ქონია პერსონალური გამოფენა და მხოლოდ ახლახანს, იუბილეზე დავით ტატულაშვილის უდიდესი ძალისხმევით მოხერხდა პირველი პერსონალური გამოფენის მოწყობა.  

    მხატვრის ნამუშევრების გამოფენა, ისევე როგორც წიგნის პუბლიკაცია, შატო ზეგაანი”-ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

    "იშვიათია ხელოვანი, რომელმაც ამდენ მიმდინარეობაში - სიურეალიზმში, აბსტრაქტიზმში, რეალიზმში ერთნაირი წარმატებით შეძლო მოღვაწეობა. მისი სტილი, მისი ტექნიკა, მისი მთელი შემოქმედება ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ იყოს მეტად დაფასებული. წიგნი-ალბომი უაღრესად პროფესიონალურად, დახვეწილი გემოვნებით არის შესრულებული და უმაღლესი ხარისხით არის დაბეჭდილი," -  აღნიშნა გოჩა ჯავახიშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა.

    სხვადასხვა ტექნიკასა და ჟანრში შესრულებული დიმიტრი ხახუტაშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მართლაც მნიშვნელოვანი განაცხადია ქართულ მხატვრობაში. მისი კომპოზიციების გრაფიკულ-სტრუქტურული თვითმყოფადობა, კომპლექსური ხედვა ბატალური სცენების შექმნისას, თამამი და ღია ემოციური ხელწერა  წარმოაჩენს დახვეწილი გემოვნებისა და საშემსრულებლო ტექნიკის მქონე, გამორჩეულად მოაზროვნე ხელოვანს, რომელიც მუდმივი ძიებითა და ექსპერიმენტებით იყო გატაცებული.

    წიგნის დიზაინი ეკუთვნის დავით ჯანიაშვილს.

  • იაპონური სამზარეულოს გამოფენა „მე მიყვარს სუში“

    იაპონიის საელჩოს ადმინისტრაციამ საქართველოში დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2022 წელს ჩვენ აღვნიშნავთ იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბელეს. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჩვენმა საელჩომ უკვე ჩაატარა მრავალი კულტურული ღონისძიება. https://www.ge.emb-japan.go.jp/itpr_ka/11_000001_00256.html

    შემდეგი ღონისძიება იქნება იაპონიის ფონდის იაპონური სამზარეულოს ვაშიოკუს გამოფენა „მე მიყვარს სუში“, რომელიც გაიმართება თბილისის ისტორიის მუზეუმში (სიონის ქ. 8) 12 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე. გახსნის ცერემონია გაიმართება 12 აგვისტოს 17:00 საათზე.

    მოგზაური გამოფენა „მე მიყვარს სუში“, როგორც  კულტურული გაცვლის ახალი პროგრამა,  ფოკუსირდება სუშიზე, და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული იაპონური სამზარეულოს ირგვლივ. 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა ვაშოკუ - იაპონური სამზარეულო, და სუში როგორც არქეტიპული მაგალითი.   სუში დახვეწილი და ჯანმრთელი საკვებია, რომელიც გამოიყურება მიმზიდველად, გემრიელია, და უკვე მსოფლიოში სხვადასხვა სამზარეულოს მენიუში  კარგად ცნობილია.

    ამ გამოფენის მიზანია უზრუნველყოს სიღრმისეული ვიზუალური სახელმძღვანელო სუშის მიმზიდველობის წარმოსაჩენად. გამოფენა გვაძლევს შესაძლებლობას ვისწავლოთ, თუ როგორ მიიღო იაპონიამ სუში თავდაპირველი ფორმით, და თუ როგორი სახის ცვლილებები განიცადა ბუნებრივ გარემოსთან, კულტურასთან და ინდივიდუალური ადგილმდებარეობის ცხოვრების წესთან შერწყმის შესაბამისად.

    აგრეთვე, გამოფენა  წარმოგვიდგენს დღევანდელ, აქტიურ სუშის კულტურას, და ბიძგს გვაძლევს ვიფიქროთ სუშის სამომავლო პოტენციალზე როგორც თანამედროვე კვებასთან დაკავშირებულ საკითხზე.

    ეს გამოფენა მოიცავს იაპონიაში სუშის რესტორანში ვიზიტის სიმულაციას. ის ადამიანები, ვისაც ცოტა რამ სმენია სუშის შესახებ ძალიან ისიამოვნებენ გამოფენით, და სუშის გულშემატკივრებიც არანაკლებ აღფრთოვანებულნი დარჩებიან. ვიმედოვნებთ, რომ სუშის საშუალებით, გამოფენა ხელს შეუწყობს სახელდობრ იაპონიის ისტორიის და წეს-ჩვეულებების მეტად გაცნობას.

    იაპონიის საელჩო დიდ მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის ისტორიის მუზეუმს თანამშრომლობისთვის", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

  • ი. დარჩიაშვილმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის კავშირების გააქტიურებას

    თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქ. სტამბოლში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წარმატებით ვითარდება მრავალი მიმართულებით და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების და რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით.
    მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის ურთიერთკავშირების  გააქტიურებას. კიდევ ერთხელ დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს თურქეთის რესპუბლიკაში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად იმუშაონ მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელების თვალსაზრისით, ამ მხრივ საუბარი შეეხო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტს საქართველოში.
    მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს, რომელიც ყოვლისმომცველი ფორმატია მრავალმხრივი მიმართულებით ურთიერთობების განსამტკიცებლად და იმედი გამოითქვა ახლო მომავალში საბჭოს ფორმატში შეხვედრის შესაძლებლობის.
    შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის სავაჭრო- ეკონომიკურ  კავშირებს და მათი შემდგომი განვითარების დიდ პოტენციალს.  აღინიშნა ამ მხრივ უკვე მიღებული წარმატებული შედეგები, მათ შორის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა.  მინისტრები შეთანხმდნენ უწყებების დონეზე იმუშაონ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ბიზნეს კავშირების გამყარებისთვის. დაიგეგმა საქართველო-თურქეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური საბჭოს მორიგი შეხვედრის ჩატარება.
    მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის ურთიერთმხარდაჭერის მაღალი დონე. ილია დარჩიაშვილმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა თურქეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც თურქეთის ხმამაღალი პოზიციისთვის საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ.
    მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ამ მხრივ ხაზი გაესვა თურქეთის ძალისხმევას რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
    რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას თავის მხრივ აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის პროცესში. ამ მხრივ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა თბილისში გამართულ პირველ შეხვედრას აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მომავალშიც პოზიტიურ როლს შეასრულებს კონკრეტულად ამ პროცესსა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში. 
    საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის ურთიერთობებს და განსაკუთრებულად აღნიშნეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი  ფორმატი და მის ფარგლებში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები, რომლებიც წარმატებით ვითარდება. 
    შეხვედრაზე საუბარი შეეხო მჭიდრო ხალხთაშორის კავშირებს და მინისტრები მიესალმნენ ამ მიმართულებით შესაბამისი უწყებების წარმატებულ თანამშრომლობას.  კმაყოფილებით აღინიშნა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 30 წლისთავი. მინისტრებს საჩუქრად გადაეცათ  თურქეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით,  სპეციალურად საიუბილეო თარიღისთვის დამზადებული სამახსოვრო მედალიონი.

  • ირლანდია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მომხრეა და ეს გულისხმობს საქართველოსაც!

    "ირლანდია გაფართოების პოლიტიკის მომხრეა და ეს გულისხმობს საქართველოსაც, რომელიც შედარებით პატარა ქვეყანაა, მაგრამ ევროპაში ძალიან სტრატეგიული მდებარეობა უკავია  და ამ ქვეყანას სჭირდება ჩვენი დახმარება, მხარდაჭერა და სოლიდარობა."- ამის შესახებ ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საიმონ კოვენმა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის სხდომის ფარგლებში გამართული მოსმენის დროს, სენატორ გარი განანის კითხვაზე პასუხად განაცხადა.
    სენატორმა შეკითხვით მიმართა ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს და დაინტერესდა, თუ რა პოზიცია აქვს ირლანდიის მთავრობას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
    ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირში არ განიხილება როგორც საქართველოსთვის კარის დახურვა, არამედ პირიქით, მინისტრის შეფასებით, ეს ნიშნავს ამ ქვეყნისთვის კარის გაღებას:
    “ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება არ განიხილება როგორც საქართველოსთვის კარის დახურვა, პირიქით, ეს ნიშნავს კარის გაღებას იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ განვმარტავთ თუ რა რეფორმების გატარებაა საჭირო კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მაგრამ, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება განსხვავდება უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით იმავდროულად მიღებული გადაწყვეტილებებისგან, ეს იწვევს გულის გატეხვას; თუმცა მე ვარწმუნებ ქართველებს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ირლანდია  ევროკავშირის გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია." - აღნიშნა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
    მინისტრის თქმით,  ირლანდიას სურს მშვიდობა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი აქვთ და საქართველო, მისი განცხადებით, ნამდვილად ერთ-ერთი მათგანია. 
    "გაწევრიანების პროცესი რთული და ხანდახან გაჭიანურებულია, მაგრამ იმედი მაქვს, ყოველ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მაინც გაირკვევა, თუ რა უნდა გააკეთონ მათ შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად." - განაცხადა ირლანდიის პირველმა დიპლომატმა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის სხდომის ფარგლებში გამართული მოსმენის დროს.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო

  • ილია დარჩიაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

    2022 წლის 17 ივნისს, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, მარგარეტა სედერფელტთან.
    შეხვედრისას მხარეები მიესალმნენ   საქართველოსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.
    მხარეებმა განიხილეს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარება. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და კონსოლიდირებული მხარდაჭერის მნიშვნელობას, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ასამბლეას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, რაც არაერთხელ გამოიხატა სხვადასხვა რეზოლუციებსა და განცხადებებში.  მხარეები შეეხნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების საკითხს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.
    შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი გავლენა უსაფრთხოების გარემოზე. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გააცნეს ინფორმაცია საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის გაწეული პოლიტიკური და ჰუმანიტარულ დახმარების შესახებ.
    საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, ხაზი გაესვა ევროკომისიის რეკომენდაციის მნიშვნელობას, რომლითაც საქართველოს გაეცა გაწევრიანების პერსპექტივა და  აღინიშნა, რომ ქვეყანა მტკიცედ გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური