"USAID-ის 7 მილიონიანი დოლარის საგანმანათლებლო პროგრამა განათლების რეფორმის მხარდამჭერი იქნება"

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 27 იანვარი 2020 16:30

ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის (P2P) მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. აშშ-ის მხარეს კი წარმოადგენდნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე განათლებისა და კულტურის საქმეთა მიმართულებით ალიშა ვუდვარდი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილის თანაშემწე ალექსანდერ სოკოლოვსკი.

სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროგრესი და ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა განათლების, კულტურის, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით. მათ ასევე ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების საჭიროებებსა და შესაბამის გეგმებზე.

საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში, USAID 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კიდევ ერთ მასშტაბურ 5-წლიან პროექტს განახორციელებს. “Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT)” – პროექტი გულისხმობს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, ასევე, საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პროგრამების ხელშეწყობას, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ USAID საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს მთავრობის მიერ პრიორიტეტად გაცხადებული საგანმანათლებლო კომპლექსური რეფორმების პროცესში, რათა უზრუნველყოფილ იქნას მდგრადი, ინკლუზიური და მოსწავლეზე ორიენტირებული განათლება საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე.

პროექტს “Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT)” ორგანიზაცია Research Triangle Institutes (RTI) სხვა ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად განახორციელებს. ამ პროცესში კი USAID აქტიურად ითანამშრომლებს საერთაშორისო განათლების პოლიტიკის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტთა ჯგუფთან.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო Fulbright-ის პროგრამის გაფართოებას. ამერიკული მხარის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პროექტი „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA) განხორციელდება, რომლის მიზანია რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა. პროექტი გულისხმობს ინგლისური ენის სწავლებისა და პრაქტიკის საათებში დახმარებას, თანამასწავლებლის – კოლეგის პროფესიულ განვითარებას, ინგლისურის სწავლების კურიკულუმის/პროგრამის შექმნას უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის და ინტერნაციონალიზაციის გზაზე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური პრაქტიკის გაუმჯობესებას. შეთანხმებას ხელი გაზაფხულზე მოეწერება, რომლის ფარგლებში Fulbright-ის ახალ პროექტს სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრი განახორცილებს. შედეგად, 2020 წლის გაზაფხულიდან საქართველოს ამერიკიდან Fulbright-ის 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან.

ვაშინგტონში გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობისათვის განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი და ის პროგრამები, რასაც სახელმწიფო ახორციელებს ამ მიმართულებით. განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ ირინა აბულაძემ ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების შესახებ განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით.

 

წაკითხულია 167 ჯერ

Related items

  • მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი განათლების კომპლექსური რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშით გაიხსნა

    თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია და მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა.

    განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სისტემის ყველა საფეხურზე (სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი, პროფესიული, მეცნიერება) განხორციელებული საქმიანობის ანგარიში გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მთელ სისტემაში განათლების ევროპული მოდელისა და ხარისხის პრინციპების დანერგვის მნიშვნელობაზე, ახალი სკოლის მოდელზე, სკოლის უსაფრთხოებაზე, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურაზე, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობასა და მის მნიშვნელობაზე, სწავლების პროცესში ინოვაციური მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაზე, ასევე, პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკასა და უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილებაზე. უკანასკნელი ერთ წლის განმავლობაში განათლების სისტემაში უპრეცედენტო ცვლილებები განხორციელდა და პროცესი გრძელდება.

    ღონისძიების ფარგლებში ასევე საზეიმოდ გაიხსნა „მეცნიერებისა და ინოვაციების   ფესტივალი-2019“, სადაც  „ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებელი“ კონკურსის 7 ნომინაციაში გამარჯვებული საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი დააჯილდოვეს.

    „მეცნიერებისა და ინოვაციების   ფესტივალი – 2019“ 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში  მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა  სამეცნიერო და შემეცნებითი აქტივობა, 300-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდება.

    ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი გახარია, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი, უცხოელი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

  • USAID განათლების მიმართულებით ორ ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე USAID-ის მისიის დირექტორს პიტერ ვიბლერსა და დემოკრატიისა და სოციალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელს ადამ შმიდტს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ამერიკის მთავრობის მხარდაჭერის პროგრამა განათლების სექტორში, კონკრეტულად კი USAID-ის წარმატებული თანამშრომლობა დაწყებითი და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. სტუმრებმა სრული მზაობა გამოხატეს ახალი ინიციატივების ფარგლებში ხელი შეუწყონ განათლების რეფორმის მასშტაბის გაზრდას. ამ მიზნით 2019 წლის განმავლობაში აშშ-ის საგრანტო დაფინანსებით დამატებით ორი ახალი მასშტაბური პროექტი დაიწყება.

    ახალი პროექტი ზოგადი განათლების სექტორში, კერძოდ, დაწყებითი განათლების საფეხურზე მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნაზე იქნება ფოკუსირებული, ასევე, მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკის, ინოვაციურობისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისკენ იქნება მიმართული; შემუშავდება პროფესიული განვითარების მოდულები, დამხმარე რესურსები; ასევე, ყურადღება დაეთმობა მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას. USAID საგრანტო დაფინანსების მეშვეობით პროფესიული განათლების სექტორში იზრუნებს არა მხოლოდ სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, არამედ, კერძო სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის გააქტიურებაზეც.

    შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განათლების სხვადასხვა მიმართულებით. სტუმრებმა განსაკუთრებულად დადებითად შეაფასეს მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკა, საპენსიო ასაკის მასწავლებელთათვის ჯილდოს შეთავაზება და პედაგოგთა მხრიდან ამ გადაწყვეტილების პოზიტიური გამოხმაურება.

    „რეფორმის განხორციელების პროცესში სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია უცხოელ და საერთაშორისო პატრნიორებთან თანამშრომლობა, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ უფრო მეტად საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით,“- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

  • აშშ საქართველოს დამატებით დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს

    აშშ საქართველოს დამატებით დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება. არსებულ საგრანტო შეთანხმებებში შესული შესაბამისი ცვლილებები განიხილეს დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა დუგლას ბოლმა შეხვედრაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა. 

    შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობასა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებისთვის. მისი თქმით, ის დახმარება, რომელიც საქართველომ 1992 წლიდან მიიღო უშუალოდ USAID-ის გავლით, 1,5 მლრდ აშშ დოლარზე მეტია, ხოლო აშშ-დან - 4 მლრდ აშშ დოლარზე მეტი. 

    განახლებული შეთანხმებები მოიცავს საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“, „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“ და მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“. 

    შეთანხმებების ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები, რომლებიც მიმართული იქნება ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვისა და სხვადასხვა სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვისა და ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნისათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციისა და ჩართულობის და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის.

  • USAID-ის პროექტი Zrda პანკისის ხეობაში მცირე გრანტების პროგრამის განხორციელებას იწყებს

    USAID-ის პროექტი Zrda პანკისის ხეობაში მცირე გრანტების პროგრამის განხორციელებას იწყებს. სოფელ დუისში USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილე,  თომას მორისი ადგილობრივ თემებს  შეხვდეა და მცირე გრანტების პროგრამის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პროგრამა Zrda პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

    პროექტის წარმომადგენლებიეწვივნენ ფერმერებს, საოჯახო სასტუმროების მფლობელებსა და სოფლის მოსახლეობას, რომლებსაც პროექტი Zrda დახმარებას უწევს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობების განხორციელების გზით. მცირე გრანტების პროგრამა დაეხმარება პანკისში მოქმედ ოცდაათ მცირე ბიზნესს - ათი მათგანის დახმარება უკვე 2017 წელს განხორციელდება. მცირე გრანტების პროგრამა წარმოადგენს იმ პროგრამების გაგრძელებას, რომლებსაც პროექტი Zrda უკვე ახორციელებს პანკისის თემებში და იგი ხელს შეუწყობს პროექტის საქმიანობების დივერსიფიცირებას.  პროექტის განხორციელების შედეგად პანკისის ხეობაში დაგეგმილია დაახლოებით 200 სამუშაო ადგილის შექმნა, გაყიდვების გაზრდა 30 მცირე ბიზნესისთვის და 2 000 შინამეურნეობის შემოსავლის ზრდა მომავალი სამი წლის განმავლობაში.

  • თურქეთის საგანმანათლებლო პროგრამის “Türkiye Scholarships”-ის შესახებ

    თურქეთი, სასწავლო პროგრამის  “Türkiye Scholarships“-ის მეშეობით, თავისი  უნივერსიტეტების კარს უღებს სტუდენტებს, როგორც მთელის მსოფლიოდან ასევე, საქართველოდანაც.
    “Türkiye Scholarships“ არის განათლების მიღების შესაძლებლობა წარმატებული უცხოელი სტუდენტებისათვის როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის პროგრამებში, თურქეთის 55 ქალაქის 105 უნივერსიტეტში.
    აბიტურიენტები მშობლიურ ქვეყანაში გაივლიან გასაუბრებას, რა დროსაც განისაზღვრება მათ მიერ სასურველი უნივერსიტეტი და ფაკულტეტი, ხოლო პროგრამა “Türkiye Scholarships“ -ი უზრუნველყოფს სტუდენტს სტიპენდითა და საერთო საცხოვრებლით. ანუ, “Türkiye Scholarships“ -ის პროგრამა ითვალისწინებს:  
    •    ყოველთვიურ სტიპენდიას (600 თურქული ლირა ბაკალავრიატის, 850 თურქული ლირა მაგისტრატურისა და 1200 თურქული ლირა დოქტორანტურის სტუდენტებისათვის)
    •    სრულ სწავლების საფასურს
    •    ერთწლიან უფასო თურქული ენის შემსწავლელ კურსს
    •    უფასო საცხოვრებელს
    •    თვითმფრინავის ორგზის ბილეთს
    •    ჯანმრთელობის დაზღვევას
    “Türkiye Scholarships“-ის პროგრამა თავისი ხასიათით, ერთ-ერთი ყველაზე საყოველთაო პროგრამაა მთელს მსოფლიოში. პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია არა მარტო მაღალი ხარისხის განათლების მიღება, ახალი პერსპექტივებისა და შესაძლებლობების დაუფლება, არამედ იგი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ათასობით სტუდენტს ეხმარება ერთმანეთის უკეთ გაცნობაში.
    მართლაც, მხოლოდ 2015 წლის განმავლობაში, ამ პროგრამის სტიპენდია მიიღო 15.000 სტუდენტმა 182 ქვეყნიდან, მათ შორის 60-მა საქართველოდან. მთლიანობაში 402 ქართველმა სტუდენტმა ისარგებლა   “Türkiye Scholarships“-ის პროგრამით და 142 სტუდენტი ამჟამადაც განაგრძობს სწავლას თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში.
    წელს, “Türkiye Scholarships“-ის პროგრამისათვის განაცხადების მიღება დაიწყო ა.წ. 29 თებერვალს და გასტანს 31 მარტამდე. პროგრამის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია, მსურველებს შეუძლიათ იხილონ და აგრეთვე უფასოდ დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე: www.turkiyeburslari.gov.tr

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური