საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 27 იანვარი 2020 12:53

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა.

გამოსვლა დღეს 15 საათზე დაიწყება საფრანგეთის დროით.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ასამბლეას საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. მინისტრი ასევე ისაუბრებს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე, შეეხება ევროპის საბჭოში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს და საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს უპასუხებს.

ამასთან, 30 იანვარს ვენაში, ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში, საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე წარსდგება. დავით ზალკალიანი თავის გამოსვლაში ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს წარადგენს.

ვენაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეროვნულ დონეზე შეხვედრას გამართავს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ასევე ეუთო-ს ხელმძღვანელობასთან.

ასევე, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ზამთარი საქართველოში“ (Georgia in Winter). გარდა ამისა, გაიმართება ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

ამასთან, სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტიც ჩადის. 28 იანვარს სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართავს. პრეზიდენტითავის გამოსვლაში ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე სიტუაციაზე.

წაკითხულია 141 ჯერ

Related items

  • საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობამ ორგანიზება გაუწია მთელ რიგ ღონისძიებებს-მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი

    მინდა, მივულოცო საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის წარმატებით დასრულება. ეს თავმჯდომარეობა დაემთხვა ჩვენს ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების მე-20 წლისთავს, რაც მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა განაცხადა.

    როგორც მარია ბურიჩმა აღნიშნა, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს თავმჯდომარეობამ ორგანიზება გაუწია ღონისძიებათა ფართო სპექტრს მთელ რიგ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება, განათლება და ახალგაზრდობა.

    „განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვის საკითხებზე ჩატარებულ კონფერენციას, რადგან მან საფუძველი მოუმზადა ამ უაღრესად მნიშვნელოვან სფეროში გადაწყვეტილებების მისაღებად დებატების დაწყებას. „კოვიდ-19“-ის პანდემია ყველა ჩვენგანისათვის მთავარ გამოწვევად რჩება. საქართველოს თავმჯდომარეობამ ამ გამოწვევას ძალიან ეფექტიანად გაართვა თავი და ორგანიზაციისთვის ახალი სამუშაო მეთოდები დანერგა. მინისტრთა კომიტეტის სხდომები იმართებოდა ვიდეოკონფერენციების ფორმატში, რაც უზრუნველყოფდა ჩვენი საქმიანობის უწყვეტობას“, – განაცხადა მარია ბურიჩმა.

    მარია ბურიჩის განცხადების თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

  • ევროსაბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ რეჟიმში სთავაზობს

    ახალი კორონავირუსის /COVID-19/ პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების ონლაინ-კვირეულს სთავაზობს. ამ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

    „2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით სტრასბურგმა არაერთ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა. მათ შორის იყო ქართული ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც მარტის თვეში კინოთეატრ „ოდისეში“ გაიმართა.

    ამჯერად, COVID-19-ის პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ რეჟიმში სთავაზობს“, – აცხადებენ ეროვნულ კინოცენტრში.

    მათივე ინფორმაციით, 15 მაისის ჩათვლით მოცემულ ვებგვერდზე კინომოყვარულები შემდეგი ქართული ფილმების ნახვას შესძლებენ:

    ლანა ღოღობერიძის „ოქროს ძაფი“
    ზაზა ხალვაშის „ნამე
    ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“
    ნინო ჟვანიას „აღლუმი“
    ლევან თუთბერიძის „მოირა
    ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“
    დიმიტრი ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე
    სალომე ჯაშის „დაისის მიზიდულობა“
    რატი ონელის „მზის ქალაქი“

  • ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტის განცხადება ევროპის საბჭოს დაფუძნების 71–ე წლისთავთან დაკავშირებით

    5 მაისს, აღინიშნა ევროპის საბჭოს ათი წევრი ქვეყნის მიერ, ქ. ლონდონში ევროპის საბჭოს დამფუძნებელი წესდების ხელმოწერის 71–ე წლისთავი.
     
    ეს ისტორიული მოვლენა წარმოადგენს პირველ საერთო ევროპულ მცდელობას, მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობის, კონფლიქტების თავიდან აცილების და ევროპის მკვიდრი უკლებლივ ყველა ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. 
     
    ევროპის საბჭო, 47 წევრ ქვეყანასთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის საერთო სტანდარტების დამკვიდრებაში შვიდი ათწლეულის მანძილზე. ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფუნდამენტურ როლს, რომელიც 70 წლის წინ, 1950 წელს, ახლად შექმნილი ევროპის საბჭოს მიერ შემუშავდა და რამაც საშუალება მისცა ადამიანის უფლებათა დაცვის უნიკალური სისტემის შექმნას, რაც, თავის მხრივ, ევროპული თანამშრომლობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. იმედი მაქვს, რომ ახალი ათწლეული მოგვიტანს ადამიანის უფლებების დასაცავად ისეთივე სიმტკიცეს, როგორიც 70 წლის წინ კონვენციის ავტორებს გააჩნდათ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს საერთო ევროპულ სივრცეში 800 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს უფლება მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.    
     
    ეს მნიშვნელოვანი წლისთავი დაემთხვა COVID-19-ის პანდემიის მიერ გამოწვეულ უპრეცედენტო გლობალურ კრიზისს. გულწრფელ მწუხარებას ვუცხადებთ მათ, ვინც დაკარგა ახლობლები, ოჯახის წევრები და მეგობრები. ამ კრიტიკულ გზაჯვარედინზე, ჩვენ, ყველანი უნდა გავერთიანდეთ და გავაკეთოთ რაც შეიძლება მეტი იმისთვის, რომ მალე დავძლიოთ ეს კრიზისი.

    70 წელზე მეტია ევროპის საბჭო ემსახურება მშვიდობის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვას, ამ ხნის მანძილზე მან არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის განსახორციელებელი. ისე როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წლებში, გაორმაგდეს ჩვენი ძალისხმევა ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის გასაძლიერებლად.

  • ინფორმაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ მომზადებული დოკუმენტის: “დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემა COVID-19-ის სანიტარული კრიზისის პირობებში“ შესახებ

    ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივნმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა მოამზადა საინფორმაციო დოკუმენტი – “დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემა COVID-19-ის სანიტარული კრიზისის პირობებში, ინსტრუმენტების წყება წევრი სახელმწიფოებისთვის“, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს დაეხმაროს წევრი სახელმწიფოების მთავრობებს, რათა ახალი კორონავირუსით წარმოქმნილი კრიზისის მართვისას მოხდეს დემოკრატიის ფუნდამენტური ფასეულობების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა.   

    ამასთანავე, დოკუმენტი, უპრეცედენტო და მასობრივი მასშტაბის მიმდინარე კრიზისთან გასამკლავებლად, მთავრობებს უზრუნველყოფს ინსტრუმენტებით, რომლებიც ითვალისწინებენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა ძირითადი ღირებულებების პატივისცემას.

    https://rm.coe.int/sg-covid-crisis-toolkit-geo-/16809e380e

  • გრძელდება ინტენისური მუშობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნების საკითხზე - დავით ზალკალიანი

    საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გრძელდება ინტენსიური მუშობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნების საკითხზე და შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნიდან ინიშნება ავიარეისები საქართველოს მიმართულებით.
     
    „სპეცრეისებთან დაკავშირებით უკვე გაცხადებული გრაფიკი არსებობს. გუშინ, 7 აპრილს განხორციელდა რეისი ათენიდან, საიდანაც დაბრუნდა საქართველოს 130-მდე მოქალაქე. 10 აპრილს განხორციელდება თბილისი-ლარნაკას რეისი და 130-მდე მოქალაქე დარუნდება სამშობლოში. ასევე, 12 და 14 აპრილს ბერლინიდან და ამსტერდამიდან განხორციელდება რეისები. 16 აპრილს - პარიზიდან, 18 აპრილს - თელ-ავივიდან, 21 აპრილს - რომიდან, 24 აპრილს - ბარსელონიდან, 27 აპრილს - ვარშავიდან. ჩვენ კიდევ ვმუშაობთ დამატებით რეისებზე და რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას ამის შესახებ.“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.
     
    მინისტრის თქმით, მიუხედავად გაცხადებული საყვედურებისა, რომ თითქოს, ბილეთები არ არის ხელმისაწვდომი, 7 აპრილს, 10 მოქალაქე, რომლებსაც შეძენილი ჰქონდათ ბილეთი, არ გამოცხადდა ათენი-თბილისის რეისზე და ამის გამო, საჭირო გახდა მათი სწრაფ რეჟიმში ჩანაცვლება. „აღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა საზოგადებას და ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ მუდმივად იყვნენ კავშირზე საელჩოებთან და საკონსულოებთან.“ - აღნიშნა ზალკალიანმა.
     
    მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება ხორციელდება არა მხოლოდ საჰარეო, არამედ სახმელეთო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებითაც.
     
    დავით ზალკალიანის განცხადებით, სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდია, მაგრამ სახელმწიფო მაქსიმალურად მოქმედებს არსებული რესურსის ფარგლებში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროცედურებითა და კრიტერიუმებით.
     
    „უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და ინფრასტრუქტურა მომზადებული შეხვდეს საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულ, ეტაპობრივ დაბრუნებას. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შესაძლებელია ინფიცირებული იყოს, საჭიროებდეს მკურნალობას და სტაციონარში გადაყვანას. იმის გამო, რომ მგზავრებს არ შეექმნათ პრობლემა, გათვალისწინებულია მათი ჭადრაკისებრი განთავსების პრინციპი. ეს არის რეკომენდაცია, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან გვაქვს. ასევე, შესაძლებლობები ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, კარანტინში არსებულ სივრცეში ოთახების რაოდენობის თვალსაზრისით, უნდა იყოს სრულ თავსებადობაში. ბუნებრივია, ყველა რეისის დაგეგმვას ვახორციელებთ სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისად. გვესმის, რომ რაოდენობა დიდია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ ეტაპობრივად და ამ ყველა კრიტერიუმის და მოთხოვნის შესაბამისად ვიმოქმედოთ. ასე გაგრძელდება მომავალშიც, რომ  მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ჩვენი მოქალაქეები, ვისაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვს“- აღნიშნა ზალკალიანმა.
     
    მინისტრი ასევე გამოეხმაურა სპეკულაციებს ავიაბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მავნებლობაა, როდესაც მსგავსი სახის სიცრუის ტირაჟირება ხდება მედიის და სოციალური ქსელების საშუალებით.
     
    „ვისაც ერთხელ მაინც უმოგზაურია და ვისაც ერთხელ მაინც შეუძენია ავიაბილეთი, მან ძალიან კარგად იცის, რომ გადაყიდვა სხვა ფასში, ან ერთი პირის შეცვლა მეორეთი წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ ყველა ბილეთს აქვს თავისი მონაცემები და ძალიან მკაცრად კონტროლდება შესაბამისი ავიაკომპანიის მხრიდან; დაუშვებელია, რომ ერთი პირიდან მეორეზე მოხდეს ბილეთის გადაყიდვა. რაც შეეხება გაზრდილ ფასებს, თუ წარმოადგენთ ერთ მაგალითს, ერთ პიროვნებას, ერთ მგზავრს, რომელიც აღნიშნული სპეც-რეისებით უკვე დაბრუნდა საქართველოში და ბილეთში 200 ევროზე მეტი გადაიხადა, პირადად, მზად ვარ პასუხი ვაგო ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მაქვს ის ბილეთები, რომლებიც ადრეა გაყიდული განსხვავებულ ფასად, იმ კომერციულ რეისებთან ბმაში, რომელიც „აირზენას“ ადრე ჰქონდა გამოცხადებული. ამიტომ, ამის შესახებ, ჩვენ საზოგადოებას მუდმივად ვაწვდით  ინფორმაციას, რომ უამრავი ადამიანია, ვისაც ადრე, გაცილებით განსხვავებულ, კომერციულ ფასში ჰქონდა ბილეთები შეძენილი. რასაკვირველია, კომპანიის ვალდებულებაა, რომ ეს მგზავრები დააბრუნოს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად თავისუფალ გაყიდვაში იძენენ ამ ბილეთებს. ძალიან მკაცრად არის გაკონტროლებული როგორც კომპანიის, ისე საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან, რომ ბილეთების ზედა ზღვარი არ იყოს 199 ევროზე მეტი.“ - განაცხადა ზალკალიანმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური