საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სექტორის 2030 წლის სტრატეგია დამტკიცდა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 24 იანვარი 2020 10:18

2020 წლის 22 იანვარს,  ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა 1365-ე სხდომაზე, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში  ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სექტორის 2030 წლის სტრატეგია დაამტკიცა.
 
აღნიშნული სტრატეგიის  ოთხი თემატური პრიორიტეტია:

  • ახალგაზრდობის  მიერ პლურალისტური დემოკრატიის აღორძინება;
  • ახალგაზრდების წვდომა უფლებებზე;
  • მშვიდობიან და ინკლუზიურ საზოგადოებებში თანაცხოვრება;
  • ახალგაზრდობის  მუშაობა.

„ახალგაზრდობის სექტორის სტრატეგია 2030“, რომელიც მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში (2019 წლის ნოემბერი - 2020 წლის მაისი) ამოქმედდა, მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართვას ევროპის საბჭოს ღირებულებების განვითარებაში.
 
2020 წლის 23 იანვარს, სტრასბურგში შედგება ახალგაზრდობის საკითხზე მინისტრთა მოადგილეების შეხვედრა, რომლის დასრულებისთანავე მინისტრთა კომიტეტის ფოიეში  „ახალგაზრდობის სექტორის სტრატეგია 2030“-ის ოფიციალური პრეზენტაცია და მიღება გაიმართება. ასევე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტთან დაკავშირებით გაიმართება შეხვედრა - „ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერება ევროპის საბჭოში და მის წევრ ქვეყნებში“.

წაკითხულია 84 ჯერ

Related items

  • უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, მეტი ეფექტურობის მიზნით, დაიყო ჯანდაცვის, ეკონომიკურ და სამართალდაცვით თემატურ ჯგუფებად და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით რეგულარულად შეიკრიბება.

    ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე კლინიკების მზადყოფნისა და დამატებით მოძიებული სიმძლავრეების შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 38 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

    საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში  იმყოფება 1261  ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 216 პირი.

    პრემიერ-მინისტრმა ასევე მიიღო ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით კლინიკების მდგომარეობის, ქვეყანაში სწრაფი ტესტების არსებული რაოდენობის და დამატებით შემოტანის შესახებ.

    საბჭოს სხდომაში ჯანდაცვის მინისტრი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები და თბილისის მერი მონაწილეობდნენ.

    საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი.

     

    კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი - www.stopcov.ge  შექმნა

    #StopCoV

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღწევას მიესალმებიან

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოში 2020 წელს დაგეგმილი არჩევნების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

    „საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ტიტუს კორლეციანი და კლოდ კერნი მიესალმნენ. მმართველი უმრავლესობისა და ოპოზიციის მიერ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების, საარჩევნო სისტემის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას და საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულების პოლიტიზაციისგან თავის შეკავების შესახებ დადებულ ვალდებულებას.

    „ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც ქვეყენაში პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას და დემოკრატიულ კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება სრულად შევიდეს ძალაში. ჩვენ ველოდებით შეთანხმების და მისი იმპლემენტაციის განხილავს ყველა მხარესთან, ამ კვირაში დაგეგმილი ვიზიტის დროს“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის დელეგაციის ვიზიტი

    ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე 22-25 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს.

    კონგრესის გენერალური მდივნის, ანდრეას კიფერის თანხლებით, კონგრესის პრეზიდენტი თბილისში შეხვდება ქალაქის მერს კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს კახაბერ კუჭავას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს და სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას.

    ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქალაქ გორში, მერთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან, გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს ვიცე-პრეზიდენტთან და კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრებთან.

  • რეზოლუცია, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო, მძიმე დარტყმაა „ქართული ოცნებისთვის“

    რეზოლუციის დოკუმენტი, რომელიც დღეს მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა, არის კიდევ ერთი მძიმე საერთაშორისო დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    როგორც დ. ბაქრაძემ აღნიშნა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში პირდაპირ არის დაგმობილი პროპორციული სისტემის ჩაგდება და საპრეზიდენტო არჩევნების დარღვევების გამოუძიებლობა.

    „მაგრამ რაც ყველაზე მთავარი და მძიმეა ხელისუფლებისთვის, ეს დოკუმენტი იმპერატიულად მოითხოვს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს ოპოზიციასთან შეთანხმებული და მისთვის მისაღები საარჩევნო სისტემით. ეს არის ძალიან მძიმე ჩანაწერი ხელისუფლების წარმომადგენლისთვის, რომელიც დღემდე თავს არიდებს ოპოზიციასთან შეთანხმებას და რომელიც დღემდე ცდილობს არჩევნები მხოლოდ მისთვის მისაღები სისტემით ჩაატაროს. ეს იქნება კიდევ ერთი მძიმე საერთაშორისო დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში კრიტიკას იღებს ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორისგან. დოკუმენტი, რომელიც მიიღო უკვე კომიტეტმა და რომელსაც ძალიან მაღალი ალბათობით იგივე შეუცვლელი სახით მიიღებს პლენარული სხდომაც, იქნება ძალიან მძიმე და სერიოზული განაცხადი ევროსაბჭოს მხრიდან თუ რა მოლოდინები აქვს 2020 არჩევნებთან დაკავშირებით და რა ვალდებულებები ეკისრება ხელისუფლებას ამ არჩევნების ჩასატარებლად“, - დასძინა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააგრძელოს კონსულტაციები

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გააგრძელოს კონსულტაციები და მიაღწიოს შეთანხმებას საარჩევნო სისტემის საკითხზე, - ამის შესახებ სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

    ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ კონსულტაციების საფუძველზე შეთანხმება მიღწეული იქნება.

    „პირდაპირი ტექსტით ეწერა პროექტში, რომ უნდა შეთანხმებულიყვნენ პოლიტიკური პარტიები 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. სიტყვა“პროპორციული“ იქნა ამოღებული, გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება. მოგვიწოდებენ, რომ გავაგრძელოთ ჩვენ კონსულტაციები და მივაღწიოთ შეთანხმებას საარჩევნო სისტემის საკითხზე. იმედი გვაქვს, რომ კონსულტაციების საფუძველზე შევთანხმდებით“, - აღნიშნა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა.

    შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.

    რეზოლუციაში, რომელიც ასამბლეამ მიიღო, ევროსაბჭო მმართველ პარტიას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობითა და მხარდაჭერით ისარგებლებს.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური